გადეცმა „იმუნიტეტი“
„მაქვს ძილის დამბლა. ვიღვიძებ და ვარ სრულად პარალიზებული… არ შემიძლია საუბარი, არ შემიძლია მოძრაობა“
ქოშინი (დისპნოე) არის სუნთქვის გაძნელების შეგრძნება – გამომწვევი მიზეზები
ქოშინი
ქოშინი (დისპნოე) არის სუნთქვის გაძნელების შეგრძნება.
გამომწვევი მიზეზები
ქოშინი შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა დაავადებამ, რომელიც არღვევს ბალანსს ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებასა და ჟანგბადზე მოთხოვნილებას შორის. ქოშინი ხშირია ფილტვების დაავადებების, როგორიცაა ინფექციები, ასთმა, ალერგია, აგრეთვე, სასუნთქი კუნთების და ნერვული სისტემის დაავადებების, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირების დროს.
ზემოხსენებულის გარდა, ქოშინი გულის უკმარისობისა და კორონარული არტერიების დაავადების ჩვეული სიმპტომია.
გულის უკმარისობის დროს ქოშინი გამოწვეულია ფილტვებში სითხის დაგროვებით; ამ მდგომარეობას ფილტვებში შეგუბება ან ფილტვის შეშუპება ეწოდება. ის მოხრჩობის შეგრძნებას იწვევს. გულის უკმარისობის ადრეულ სტადიაზე ქოშინი მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის დროს იჩენს თავს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ქოშინი ვითარდება უფრო და უფრო მცირე ფიზიკური დატვირთვისას და, საბოლოოდ, მოსვენებულ მდგომარეობაშიც.
მოსვენებულ მდგომარეობაში ჰაერის უკმარისობა უმეტესწილად პაციენტის წოლით მდგომარეობაში ყოფნისას ვითარდება, ამ დროს სითხე გრავიტაციით გადაადგილდება ფილტვის ქსოვილში. ეს სიმპტომი ხშირად ღამით ვითარდება და მას ღამის დისპნოე ეწოდება. წამოჯდომისას, როცა პაციენტი საწოლიდან ფეხებს ჩამოუშვებს, გრავიტაციით სითხე ფილტვების ქვედა წილებში გადაინაცვლებს, ზედა წილები თავისუფლდება და ქოშინის ინტენსიურობა მცირდება. ამიტომაც ღამის დისპნოეს მქონე ადამიანებს ძილის დროს სასთუმალი ამაღლებული აქვთ, ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში სძინავთ.
კორონარული არტერიების დაავადების დროს, ქოშინი, ჩვეულებრივ, ფიზიკური დატვირთვისას ვითარდება; დაავადების მძიმე ფორმის დროს – უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვის დროს ან მოსვენებულ მდგომარეობაში.
შეფასება
ზოგჯერ სიმპტომები ექიმს ეხმარება დაავადების დიაგნოზის განსაზღვრაში. მაგალითად, ღამის ქოშინი (დისპნოე), რომელიც იხსნება წამოჯდომისა და ფეხების ქვემოთ ჩამოშვების შემდეგ, გულის უკმარისობაზე მიუთითებს. გულმკერდის არეში ტკივილით თანხლებული ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას კორონარული არტერიების დაავადებისთვის არის დამახასიათებელი. ჰაერის უკმარისობა ხველასთან და ტემპერატურის მომატებასთან ერთად ფილტვების ინფექციის ნიშანია. ჰაერის უკმარისობა რომელიც იწყება გარემოში არსებულ რომელიმე ფაქტორთან, მაგალითად, კვამლთან ან ცხოველის ბეწვთან კონტაქტისას, ასთმაზე ან ალერგიულ დაავადებაზე მიუთითებს.
თუ გამომწვევი მიზეზი არ არის ნათელი, გამოკვლევები ტარდება. მათი არჩევისას ითვალისწინებენ პაციენტის სიმპტომებს, ფიზიკური გასინჯვის მონაცემებს და სხვა ფაქტორებს. ყველაზე ხშირად გულმკერდის რენტგენოგრაფია და მცირე ზომის სენსორის თითზე მოთავსებით სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრა (პულსოქსიმეტრია) გამოიყენება. მოზრდილებს ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) უტარდებათ, განსაკუთრებით თუ სახეზეა გულის დაავადების განვითარების სარისკო ფაქტორები.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ტკივილი კიდურებში აღმოცენდება ქსოვილების სისხლით მომარაგების დაქვეითებისას (ამ მდგომარეობას იშემია ეწოდება)
ტკივილი კიდურებში
ტკივილი კიდურებში აღმოცენდება ქსოვილების სისხლით მომარაგების დაქვეითებისას (ამ მდგომარეობას იშემია ეწოდება). სისხლით მომარაგების შემცირების გამო ქსოვილი ვერ იღებს ჟანგბადის საკმარის რაოდენობას, ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების ქსოვილიდან გატანის პროცესი. ეს უკანასკნელი ტკივილს იწვევს.
სისხლით მომარაგების სრული შეწყვეტის დროს, მაგალითად, არტერიის სანათურის თრომბით სრული დახშობისას, სხეულის შესაბამის ნაწილში (მაგალითად, ქვედა კიდურში) აღმოცენდება ძლიერი, მუდმივი ტკივილი, სიფერმკრთალე, გაცივება.
თუ სისხლძარღვი მხოლოდ ნაწილობრივაა დახშული, რაც, მაგალითად, ათეროსკლეროზის დროს შეიძლება მოხდეს (ხშირად ქვედა კიდურებში ვითარდება), ადამიანი, ჩვეულებრივ, ფიზიკური დატვირთვის დროს წვივის კუნთებში მოჭერას და ტკივილს გრძნობს. ტკივილი დატვირთვის შეწყვეტისთანავე გაყუჩდება და იმავე სახის ფიზიკური დატვირთვისას ისევ აღდგება ხოლმე. ამ სიმპტომს ხანგამოშვებითი კოჭლობა ეწოდება.
ტკივილი კუნთებში შეიძლება შეპირობებული იყოს კუნთების დაჭიმულობით, ნერვის დაზიანებით, ვენების სანათურის თრომბით დახშობით (ვენური თრომბოზი), აგრეთვე, კანის ან კუნთების ინფექციებით. თუ ექიმი ვარაუდობს, რომ ტკივილი სისხლძარღვების პათოლოგიითაა გამოწვეული, ნაჩვენებია ულტრაბგერითი გამოკვლევა და სისხლის ნაკადის შეფასება შესაბამის სისხლძარღვში.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ტკივილი გულმკერდის არეში შეიძლება იყოს გულის, ფილტვების, საყლაპავის ან დიდი კალიბრის სისხლძარღვების დაავადების სიმპტომი
ტკივილი გულმკერდის არეში
ტკივილი გულმკერდის არეში შეიძლება იყოს გულის, ფილტვების, საყლაპავის ან დიდი კალიბრის სისხლძარღვების დაავადების სიმპტომი. ტკივილი ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება გავრცელდეს (ირადიაცია) – მუცლის ზედა ნაწილიდან მოყოლებული ქვედა ყბამდე, მათ შორის ბეჭებსა და ზედა კიდურებში.
აღნიშნული სიმპტომი პაციენტმა შეიძლება აღწეროს როგორც ზეწოლა, წვა, ჩხვლეტა.
მიზეზები
გულმკერდის არეში ტკივილს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. სიცოცხლისთვის საშიშ მიზეზებს განეკუთვნება: გულის კუნთის ინფარქტი, აორტის კედლის განშრევება, საყლაპავის გასკდომა, ფილტვის ემბოლია, ფილტვის კოლაფსით (ჩაფუშვა) გამოწვეული პნევმოთორაქსი.
სიცოცხლისთვის ნაკლებად საშიში მიზეზებია: გულის კუნთის არაადეკვატური მომარაგება სისხლით (იშემია), გულის პერანგის ანთება, (პერიკარდიტი), პნევმონია, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი) და ზოგიერთი სახის სიმსივნე.
ტკივილის გამომწვევ, სიცოცხლისათვის ნაკლებად სახიფათო მიზეზებს ასევე მიეკუთვნება: საყლაპავის რეფლუქსი, პეპტიკური წყლული, ნეკნის ხრტილის ანთება (კოსტოქონდრიტი), პლევრის ანთება (პლევრიტი), გულმკერდის კუნთების დაჭიმვა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები.
ზოგჯერ, მარცხენა პარკუჭის შეკუმშვის დროს, მარცხენა წინაგულსა და პარკუჭს შორის არსებული მიტრალური სარქველი უკან იდრიკება მარცხენა წინაგულში. ამ პათოლოგიას მიტრალური სარქვლის პროლაფსი ეწოდება და შეიძლება გახდეს ხანმოკლე, ნემსის ჩხვლეტის მაგვარი ტკივილის აღმოცენების მიზეზი.
შეფასება
ზოგიერთი სიმპტომის თავისებურებები ექიმს ეხმარება მისი გამომწვევი მიზეზის დადგენაში. მაგალითად, ფიზიკური დატვირთვის დროს მოჭერითი ხასიათის ტკივილი, რომელიც მცირდება მოსვენებულ მდგომარეობაში გადასვლისას, გულის იშემიურ დაავადებაზე მიუთითებს.
მკვეთრი ტკივილი, რომელიც არ არის დაკავშირებული ფიზიკურ დატვირთვასთან, ძლიერდება დაწოლისას ან ღრმა სუნთქვისას, მცირდება წამოჯდომისას და წინ გადახრის დროს, პერიკარდიტის არსებობას ადასტურებს. ღრმა ჩასუნთქვისას ტკივილის გაძლიერება შეიძლება პლევრიტით იყოს გამოწვეული.
უეცრად აღმოცენებული, ძალიან ძლიერი ტკივილი კისრის უკანა მხარეს, ბეჭებში, ზურგის ქვედა ნაწილში ან მუცელში, შეიძლება აორტის ანევრიზმის განშრევებით იყოს განპირობებული.
გულმკერდის საშიში და ნაკლებად საშიში დაავადებების სიმპტომები ხშირად ერთმანეთის მსგავსია. ამიტომაც, გულმკერდის არეში ტკივილის დროს, პაციენტს უტარდება გამოკვლევები, რომლებიც სიმპტომების გამომწვევი მიზეზის ზუსტი განსაზღვრის საშუალებას იძლევა. ეს გამოკვლევები, ჩვეულებრივ, საავადმყოფოში ან გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ტარდება.
კვლევის მეთოდები შეირჩევა პაციენტის ფიზიკური გასინჯვის შედეგების, ასაკის, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის, სხვა სიმპტომებისა და რისკფაქტორების გათვალისწინებით.
კვლევის ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდებია: ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ), გულმკერდის რენტგენოსკოპია, ჟანგბადის კონცენტრაციის განსაზღვრა ხელის თითზე დამაგრებული პატარა მოწყობილობით (პულსოქსიმეტრია). მიოკარდიუმის ინფარქტზე ეჭვის შემთხვევაში, დიაგნოზის დასადასტურებლად ექიმი სისხლში გულის კუნთის ფერმენტებსა და ცილებს რამდენჯერმე განსაზღვრავს. ფერმენტების შემცველობის მაღალი დონე გულის კუნთის დაზიანებაზე მიუთითებს. სტენოკარდიის დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება სტრეს-ტესტი ფიზიკური დატვირთვით.
გულისა და სისხლძარღვების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გულისა და სისხლძარღვების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი დიაგნოზი
გულისა და სისხლძარღვების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებად იწოდება დაავადებები, რომლებიც აზიანებენ გულსა და სისხლძარღვებს.
განარჩევენ გულის (კარდიალური) და პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებებს. გულის დაავადებები აზიანებს გულსა და კორონარულ სისხლმილებს. პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები აზიანებს არტერიებსა და ვენებს სხეულის სხვადასხვა ნაწილში (მაგალითად, ზედა და ქვედა კიდურის სისხლძარღვებს). დაავადებებს, რომლებიც აზიანებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ცერებროვასკულური დაავადებები ეწოდება.
სიმპტომები
არც ერთი ცალკე აღებული სიმპტომი არ მიუთითებს უშეცდომოდ გულის დაავადების დიაგნოზზე; ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ვარაუდის საფუძველს იძლევა, რამდენიმე სხვადასხვა სიმპტომის ერთობლიობა კი ხშირად მაღალი ალბათობით მიგვანიშნებს გულის ამა თუ იმ დაავადების არსებობაზე. დაავადების სიმპტომების იდენტიფირება ხდება ანამნეზის შეკრებისას, პაციენტის ფიზიკური გამოკვლევისას. დიაგნოზის დასაზუსტებლად კვლევები ტარდება. ზოგჯერ გულის დაავადების მძიმე ფორმაც კი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სანამ შორს წასულ სტადიას არ მიაღწევს. უსიმპტომო მიმდინარეობისას ავადმყოფობის გამოვლენა ზოგჯერ შემთხვევით ხდება, რუტინული შემოწმების ან სხვა დაავადების გამო ექიმთან ვიზიტის დროს. ზოგჯერ ექიმები უტარებენ პაციენტებს სკრინინგულ კვლევებს გულის დაავადების გამოსავლენად, მაშინაც კი, როცა გულის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღინიშნება.
გულის დაავადებების სიმპტომებია: გარკვეული ხასიათის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, გულის ფრიალის შეგრძნება (შენელებული, აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა), დაღლილობა, გულის წასვლა, ქვედა კიდურების (კოჭის, წვივის) შეშუპება. ეს სიმპტომები უტყუარად არ მიუთითებს გულის დაავადების არსებობაზე. მაგალითად, ტკივილი გულმკერდის არეში შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა მიზეზებითაც, როგორიცაა სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგია, ნევრალგია, მიალგია და ა.შ.
პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების სიმპტომები პროცესის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. დამახასიათებელია ტკივილი, ჰაერის უკმარისობა, კუნთების სპაზმი და სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა, შეშუპება, დაბუჟება და კანის ფერის ცვლილება დაზიანებულ ადგილზე.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
როგორ გავარჩიოთ ალერგიული რინიტი ვირუსულისგან
როგორ გავარჩიოთ ალერგიული რინიტი ვირუსულისგან
საუბრობს ნატა ხარაშვილის ალერგოლოგ-იმუნოლოგი მადონა დევიძე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“:
„ალერგიული რინიტი ქრონიკული დაავადებაა, სიმპტომები ხანგრძლივი და ძალიან ხშირად განმეორებადია. ვირუსული თუ ნებისმიერი სხვა ინფექცია ხანმოკლეა და როგორც წესი, სიმპტომები 3-5 დღეში ლაგდება.
თუ რინიტის სიმპტომები 10 დღეზე მეტხანს, კვირების განმავლობაში გაგვიხანგრძლივდა, შეიძლება, რომ ეჭვი ალერგიული რინიტის არსებობაზე მივიტანოთ. ალერგიული რინიტი არასდროს გვხვდება ტემპერატურის მატებასთან ერთად. თუ რინიტს თან ახლავს ტემპერატურის მატება, შესაძლოა, საქმე ინფექციასთან გვქონდეს, ასევე ალერგიულ რინიტს თან რაიმე სახის ვირუსული ან ინფექციური გართულება ერთოდეს. ალერგიულ რინიტს ახასიათებს მრავალჯერადი ცემინება, ერთმანეთზე მიყოლებით, გადაბმულად, მას ასევე ახასიათებს უხვი წყლისებრი გამონადენი ცხვირიდან. ინფექციური რინიტის დროს გამონადენი უფრო ბლანტია, ამ დროს, შესაძლოა გამონადენმა ფერიც შეიცვალოს, უფრო ყვითელი ან მომწვანო გახდეს. ინფექციური და ალერგიული რინიტის ძირითადი განსხვავებები ასეთი გახლავთ.
ცხვირის გამხსნელი საშუალებები არ შეიძლება, რომ 5-7 დღეზე მეტხანს იყოს დანიშნული, ისინი შემდგომ თავად იწვევენ ცხვირის გაჭედილობას. ცოტა ხანში ცხვირი გაიხსნება, შემდეგ, რამდენიმე საათში ისევ ჩაიკეტება და ამის გამო მას ისევ სჭირდება ცხვირის გამხსნელი საშუალების გამოყენება და პაციენტი ექიმის დახმარების გარეშე ვეღარ ახერხებს ამ წრიდან გამოსვლას. ცხვირის გამხსნელი საშუალებების 5-7 დღეზე მეტხანს გამოყენება საშიშია, რადგან ისინი იწვევენ დამოკიდებულებას, ცხვირის ლორწოვანის ატროფიას, ყნოსვის დაკარგვას, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, იწვევენ გარკვეულ დარღვევებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.
ერთადერთი, რაც პაციენტს შეგვიძლია ვურჩიოთ, ეს არის ცხვირის გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით. ეს გამორეცხვა პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს იმისთვის, რომ შვება იგრძნოს, ხშირი გამორეცხვაც უკვე იწვევს გართულებას, მან შეიძლება, ყურის მხრივ, ოტიტი გამოიწვიოს…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.
მთავრობის წევრებმა განიხილეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს.
ცვლილების მიზანი გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, მათ შესახებ მონაცემებისა და კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობაა. დღეის მდგომარეობით დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს.
სიახლე ძალაში 2024 წლის იანვრიდან შედის. აღსანიშნავია, რომ რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება შეესაბამება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ნარკოდამოკიდებულება – სტატისტიკა და საქართველოში არსებული სერვისები
„მდგომარეობა არის მძიმე წინა წლებთან შედარებით იმიტომ, რომ გაჩნდა სხვა ტიპის ნარკობაზარი და ნარკოტიკი, რომელიც არის ძალიან მძიმე და ძალიან რთულ შედეგებს იძლევა. ჯერჯერობით, გამოსავალსაც ვერავინ ხედავს. ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა.
ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ვართ ცუდ რეგიონში, ცუდი მდგომარეობაა გარშემო, არის ნარკოტიკების ახალი გზები და ა.შ.
ბოლო კვლევებით, სტატისტიკურად, რაოდენობა არის 51 000. ამაში არ შედის ის ნარკოტიკი, რაზეც ვისაუბრე. ეს არის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც ძალიან მძიმე შედეგს იძლევა და ძალიან რთულია, მოწყვლადი ჯგუფი, რომელზეც ეს ნარკოტიკი ვრცელდება, არიან თინეიჯერები, რომლებსაც შესაძლოა, პრაქტიკულად არც ჰქონიათ ნარკოტიკთან შეხება. ერთჯერადი მოხმარება, შეიძლება დასრულდეს ტრაგიკულად ან ფსიქიატირიულ საავადმყოფოში…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რატომ იმატებს ტრავმების რაოდენობა სადღესასწაულო დღეებში?
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
რატომ იმატებს ტრავმების რაოდენობა სადღესასწაულო დღეებში?
საუბრობს ნევროლოგი, ნეირორეაბილიტოლოგი თემურ მარღანია:
გამოძიება დაიწყო – მიუსაფარი ძაღლის ასაფეთქებელი ნივთიერებით მძიმედ დაზიანების ფაქტი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიუსაფარი ძაღლის ასაფეთქებელი ნივთიერებით მძიმედ დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შემთხვევა წყალტუბოში მოხდა. სავარაუდოდ, არასრულწლოვანებმა მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს. ცხოველს პირის ღრუ ძლიერად აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. ის სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400-ს საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ძაღლს, რომელსაც ბაღდათში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მძიმე დაზიანება მიაყენეს, ოპერაცია ჩაუტარეს. ოპერაცია ვეტერინარებთან ერთად, სპეციალურად მოწვეულმა ნეიროქირურგმა ჩაუტარეს. მიუსაფარი ცხოველი მოხალისეებმა გუშინ თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში გადმოიყვანეს.
თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ძაღლს პირში პიროტექნიკა აუფეთქეს, თუმცა რენდგენოლოგიური კვლევით დადასტურდა, რომ ცხოველს მძიმე დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi










