ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

კლინიკა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება

ჯანდაცვის მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კლინიკა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება.

ახალი ინფექციური საავადმყოფო 82 საწოლზე იქნება გათვლილი და შენობაში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი გადავა. ადგილზევე განთავსდება ბავშვთა ინფექციური განყოფილებაც, რის შედეგადაც, ნებისმიერ პაციენტს თანამედროვე სტანდარტების მომსახურების მიღება შეეძლება.

ასევე, ახალ შენობაში თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების მქონე ლაბორატორია, მიმღები და სტაციონარული განყოფილებებიც მოეწყობა. მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფო ახალი მისამართზე ლუბლიანის 70-ში განთავსდება.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

პირველი პრეცედენტი საქართველოში – შეიქმნა პლატფორმა სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა უფლებების შესახებ

„შენი პულსი”  ქმნის  ახალ პლატფორმას „შენი უფლებები”,  რომელიც სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

უკვე არაერთი წელია, ექიმთა უფლებებს  იცავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრი, დოქტორანტი, ნინო ენდელაძე.

ის ჩვენთან რეგულარულად ითანამშრომლებს და ექიმთა უფლებების შესახებ  არაერთ საინტერესო “ქეისსა” თუ ინფორმაციას გააცნობს საზოგადოებას:

 “ეს საკითხი აქტუალური და მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებას დღემდე არ აქვს  სრული  ინფორმაცია, თუ რას აკეთებს  მედპერსონალი სამედიცინო დაწესებულებებში; რამხელა  შრომა და პროფესიონალიზმი დგას  თითოეული გამოჯანმრთელებული პაციენტის უკან.

ამ მიმართულების შექმნის ძირითადი  მიზანია, მედპერსონალის საქმიანობისა და მათი უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამ სფეროში   2013 წლიდან ვარ და დამერწმუნეთ, ხშირად მედპერსონალის საქმიანობაზე პაციენტებს და საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია აქვთ. ამიტომ, ამ პლატფორმაზე განვიხილავთ  მხოლოდ რეალურ, კონკრეტულ ამბებს ექიმების სამედიცინო საქმიანობის  ყოველდღიური პრაქტიკიდან.

2025 წლიდან სამედიცინო სფერო გადადის საერთაშორისო აკრედიტაციაზე, ამიტომ დროა, რეალურად დავიწყოთ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. 

როდესაც ვითხოვთ სამედიცინო მომსახურების მაღალ სტანდარტს, უნდა გავითვალისწინოთ  სხვა ქვეყნების გამოცდილება და ეს პროცესი დავიწყოთ ექიმების უფლებების დაცვით.

ხშირად ექიმმა არ იცის საკუთარი უფლებები, რის გამოც ის დაუცველია. ჩვენი მიზანია, პრაქტიკული სტატიებითა და ბლოგებით  სამედიცინო პერსონალს საკუთარი უფლებების დაცვაში დავეხმაროთ.   

„შენი უფლებების” ძირითადი  წყარო სამედიცინო სექტორის  წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობა და მათი  ყოველდღიური კითხვები იქნება. ამიტომ, მოგვწერე სამედიცინო სფეროში 《შენი》 პრობლემის ან საქმიანობის შესახებ და ჩვენ გეტყვით,  თუ რისი უფლება გაქვს 《შენ》…

მიგვაჩნია, რომ მედპერსონალისთვის საკუთარი უფლებების გაცნობა და მათი  დაცვა პირდაპირ პროპორციულიად აისახება   პაციენტებისთვის ხარისხიანი და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე.”- აცხადებს ნინო ენდელაძე.

გარდამავალი ასაკი ქალის ცხოვრებაში – პრობლემები და გამოწვევები…

გარდამავალი ასაკი ქალის ცხოვრებაში – პრობლემები და გამოწვევები…
საურობს არჩილ ხომასურიძე:
„ჩვენი მიზანია, რომ შევუნარჩუნოთ ქალს რეპროდუქციული დუნქცია მაქსიმალურად ხანგრძლივად…“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

კოვიდ-19-ის ვაქცინის მწარმოებელი კომპანია კიბოს სამკურნალო წამალს გამოუშვებს

გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech იმედებს ამყარებს კიბოს სამკურნალო წამლის გამოშვებაზე. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

კომპანიამ Pfizer-თან თანამშრომლობით კოვიდ-19-ის ვაქცინა შექმნა. კომპანიამ 20 მარტს განაცხადა, რომ კომპანიის სრული ძალისხმევა ამიერიდან კიბოს საწინააღმდეგო წამლის შემუშავებაზე გადავა.

კომპანიის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, BioNTech-ის შემოსავალმა 4 მილიარდამდე ევრო შეადგინა 2023 წელს, რაც სამი მეოთხედით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. სუფთა მოგება აქედან 930.3 მილიონი ევროა, რაც 90%-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლით ადრე ჰქონდა კომპანიას.

კომპანია პირველ ონკოლოგიურ პრეპარატს 2026 წელს გამოუშვებს, ხოლო 2030 წლისთვის სიმსივნის 10 სახეობა იქნება დაზუსტებული, რა შემთხვევაშიც ეს პრეპარატები დაენიშნებათ პაციენტებს.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

პანდემიამ მკვეთრად შეცვალა სიცოცხლის ხანგრძლივობა – სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეამცირა

კოვიდ-19-მა გამოიწვია მსოფლიოში ადამიანთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირება 1,6 წლით პანდემიის პირველი ორი წლის განმავლობაში.

მასშტაბური კვლევის თანახმად, Covid-19-ის პანდემიამ სიცოცხლის საშუალო სავარაუდო ხანგრძლივობა 1.6 წლით შეამცირა. მაჩვენებელმა პირველი ორი წლის განმავლობაში გლობალურად დაიკლო. ცვლილება მეცნიერთათვის მოსალოდნელზე მასშტაბური აღმოჩნდა.

„მსოფლიოში მოზარდებისთვის, Covid-19-ის პანდემიამ უფრო ღრმა გავლენა მოახდინა, ვიდრე ნახევარ საუკუნეში დაფიქსირებულ ნებისმიერ მოვლენას, მათ შორის კონფლიქტებსა და სტიქიურ უბედურებებს“, – თქვა ოსტინ შუმახერმა, IHME-ის მკვლევარმა და The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის წამყვანი ავტორი. .

IHME-ს მონაცემებით, სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა ათწლეულების განმავლობაში მატულობდა. შესაბამისად, პანდემიის პერიოდი ამ მხრივ გარდამტეხი აღმოჩნდა.

ნაშრომი ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.

„Covid-19-ის პანდემიამ მსოფლიოს ზრდასრულ მოსახლეობაზე იმაზე დიდი გავლენა იქონია, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მოვლენამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში, იქნება ეს კონფლიქტები თუ ბუნებრივი კატასტროფები”, — განაცხადა ოსტინ შუმახერმა, IHME-ს მეცნიერმა და ნაშრომის მთავარმა ავტორმა.

კვლევის ფარგლებში 204 ქვეყანა და ტერიტორია გააანალიზეს. 2020-2021 წლებში სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა მათ 84%-ში შემცირდა. მკვლევრების თქმით, ეს თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რაოდენ გამანადგურებელი გავლენა შეიძლება იქონიოს ხალხზე ახალმა ვირუსმა.

ამ დროის განმავლობაში 15 წელს ზემოთ ადამიანთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 22%-ით გაიზარდა კაცების შემთხვევაში, ქალებში კი — 17%-ით.

მეხიკო, პერუ და ბოლივია იმ ადგილებს შორისაა, სადაც სიცოცხლის საშუალო სავარაუდო ხანგრძლივობა ყველაზე მეტად შემცირდა.

საგულისხმოა, რომ IHME-ს გლობალური ავადობის ტვირთის კვლევის მონაცემებით დადებითი ტენდენციაც გამოვლინდა: ხუთ წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში 2021 წელს იმაზე ნახევარი მილიონით ნაკლები ბავშვი დაიხოცა, ვიდრე 2019-ში. გამოდის, ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებას განაგრძობს.

ამასთანავე, პანდემიამ სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა შეამცირა, თუმცა, მკვლევრების თქმით, ხალხი მაინც იმაზე ბევრად დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე უწინ. ცნობილია, რომ 1950-2021 წლების შუალედში დაბადებისას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 23 წლით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი, კერძოდ, 49 წლიდან 72 წლამდე ავიდა.

მკვლევართა შეფასებით, კოვიდის შედეგად 2020-2021 წლებში იმაზე 15.9 მილიონით მეტი ადამიანი დაიხოცა, ვიდრე ეს პანდემიის გარეშე მოხდებოდა. სიკვდილის შემთხვევები ან თავად ვირუსმა გამოიწვია, ანდაც პანდემიასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა.

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ დაბერებული, მდიდარი ერების მოსახლეობამ შემცირება დაიწყო, ნაკლებად შეძლებულ სახელმწიფოებში კი ეს რიცხვი ზრდას განაგრძობს.

„ეს დინამიკა უპრეცედენტო სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გამოწვევებს მოიტანს, თუნდაც მუშახელის შემცირებას ისეთ ადგილებში, სადაც ახალგაზრდა პოპულაცია მცირდება; ასევე რესურსების ნაკლებობას ისეთ ადგილებში, სადაც პოპულაციის ზომა სწრაფად განაგრძობს ზრდას”, — განაცხადა ოსტინ შუმახერმა – „მსოფლიოს ერებს ერთმანეთთან თანამშრომლობა დასჭირდებათ ნებაყოფლობითი ემიგრაციის კუთხით”.

2021 წელს 2019 წელთან შედარებით ხუთ წლამდე ნახევარი მილიონით ნაკლები ბავშვი გარდაიცვალა, რაც განაგრძობს ბავშვთა სიკვდილიანობის გრძელვადიან კლებას.

რა ტიპის ახალწარმონაქმნები ჩნდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე? – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პოლიპები და ახალწარმონაქმნები

ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ჩატარებული სკრინინგული კვლევების დროს არც თუ იშვიათია პოლიპებისა და სხვა ტიპის ახალწარმონაქმნების აღმოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საწყის ეტაპზე პაციენტს არ უქმნის დისკომფორტს, მათი გამოკვლევა და დიფერენცირება მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე ისაა, რომ ზოგიერთ წარმონაქმნს სიმსივნედ გადაგვარება ახასიათებს, ამიტომ მათი დროული მკურნალობა, სიცოცხლისთვის საშიში დაავადების პრევენციას ნიშნავს.

რა ტიპის ახალწარმონაქმნები ჩნდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე?

როგორია მისი მკურნალობის გზები და რატომ არის მნიშვნელოვანი სკრინინგული კვლევები?

– ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ენდოსკოპისტს აკაკი რეხვიაშვილს მივმართეთ.

რა ტიპის ახალწარმონაქმნებია გავრცელებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტში?

პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ პოლიპი, რომელიც ეწოდება ნებისმიერ წანაზარდს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ის შეიძლება გაჩნდეს ორგანოს ყველა ნაწილში – საყლაპავში, კუჭში, თორმეტგოჯა, მსხვილ თუ წვრილ ნაწლავში. ახალწარმონაქმნები შეიძლება გამოვლინდეს მცირე ზომის ლორწოვანი გარსის დეფექტის წყლულების ან ეროზიული დაზიანების სახით.

პოლიპები ერთმანეთისგან განსხვავდება პათანატომიური ბუნებით, ჰისტოლოგიური შენებითა და იმით, თუ რა კავშირი აქვს მას კუჭ-ნაწლავის კედელთან. მათ შორის გამოვყოფთ ორ ძირითად ტიპს – არანეოპლაზიურსა და ნეოპლაზიურ პოლიპს. პირველი მათგანი კეთილთვისებიანია და თუ განსაკუთრებით არ გაიზარდა ზომაში, არ ახასიათებს სიმსივნედ გადაგვარება. ნეოპლაზიურ პოლიპების ავთვისებიანად გადაგვარება კი ხშირადაა მოსალოდნელი. მათ შორის ყველაზე საყურადღებო ადენომური პოლიპებია.

რა ზრდის პოლიპების განვითარების რისკს?

ზოგადად, მიჩნეულია, რომ პოლიპებისა თუ სხვა ტიპის ახალწარმონაქმნების განვითარების ალბათობა ასაკის მატებასთან ერთად მატულობს, განსაკუთრებით კი, 45-50 წლის ასაკიდან. წარმონაქმნების განვითარებას ხელს უწყობს ზოგჯერ კუჭ-ნაწლავში მიმდინარე ანთებითი პროცესები და დაავადებები, ნაკლები უჯრედისის შემცველი საკვების მიღება, ჭარბწონიანობა, მცირე ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება. ასევე, არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.

რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება პოლიპები?

სამწუხაროდ, პოლიპების უმრავლესობა ასიმპტომურია, განსაკუთრებით საწყის ფორმებში. თუმცა დიდი ზომისა და ადენომურ პოლიპებს შეიძლება ახასიათებდეს სისხლდენა და ლორწოვანი მინარევები ნაწლავიდან. ასეთ დროს, შეიძლება პაციენტმა დაკარგოს სხვადასხვა ნივთიერება და განვითარდეს ჰიპოკალიემია, ჰიპონატრემია და რკინადეფიციტური ანემია. დიდი ზომის ნაწლავის პოლიპს ზოგჯერ ახასიათებს პერიოდული ტკივილიც. კუჭ-ნაწლავის წარმონაქმნებზე შეიძლება მიანიშნებდეს კუჭის მოქმედების რიტმის დარღვევა, მეტეორიზმი და გულძმარვაც.

როგორ ხდება პოლიპებისა და სხვა ტიპის წარმონაქმნების დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

სადიაგნოსტიკოდ აუცილებელია, ჩატარდეს ტესტი ფარულ სისხლდენაზე და ისეთი ენდოსკოპიური კვლევები, როგორებიცაა გასტროსკოპია და კოლონოსკოპია. მათი მეშვეობით არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დათვალიერება ხდება, არამედ საჭიროების შემთხვევაში ჰისტოლოგიური მასალის აღებაც პათომორფოლოგიური შესწავლისთვის. მკურნალობისთვის კი უმეტესად ქირურგიული და ენდოსკოპიური მიდგომა გამოიყენება. თუ პოლიპის  ზედაპირის დაზიანება არ არ ჩაზრდილი ლორწქვეშა შრეში, მათი ამოკვეთა ენდოსკოპიური მიდგომით ხდება. იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება გასცდა ლორწოვანს და ჩაიზარდა სხვა შრეებში, მაშინ მათი ამოკვეთისთვის უფრო რთულ ქირურგიულ ოპერაციას მივმართავთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წარმონაქმნების სკრინინგი?

სკრინინგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც პოლიპები და სხვა ტიპის წარმონაქმნები ასიმპტომურია და მხოლოდ რთული ფორმების დროს ახასიათებს მანიფესტაცია. ამ ტიპის გამოკვლევები კი საშუალებას გვაძლევს საწყის ეტაპზევე აღმოვაჩინოთ, შევისწავლოთ ისინი და მივიღოთ შესაბამისი ზომები რთული ფორმების თავიდან აცილების მიზნით.

სასურველია, 45-50 წლის პირებმა ტესტი ფარულ სისხლდენაზე და ენდოსკოპია სკრინინგულად ყოველწლიურად ჩაიტარონ. სკრინინგული ზომები შეიძლება გამკაცრდეს და დაინიშნოს უფრო ადრეულ ასაკში, თუ პაციენტს აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობა ისეთი დაავადებების მიმართ, როგორებიცაა კუჭ-ნაწლავის კიბო და ოჯახური ადენომური პოლიპოზი. ჩექაფი თოდუაში უახლესი აპარატურით ტარდება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს სრულფასოვნად შევისწავლოთ წარმონაქმნები და სწორად მოვახდინოთ მათი დიფერენცირება.

პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის დაავადებების რისკ-ფაქტორების თავიდან აცილებაც. სასურველია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, მეტი ფიზიკური აქტივობა, უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება და ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარის თქმა.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

სასკოლო ინფექციები

სასკოლო ინფექციები

ბუნებრივია, დედის გულს ურჩევნია, თვალისჩინი თვალწინ, ყოველგვარ საფრთხეს მოცილებული ჰყავდეს, მაგრამ ადრეულ კოლექტივიზაციას უამრავი დადებითი მხარე აქვს, 6-7 წლიდან კი, რომ იტყვიან, გარდაუვალი ხდება. ახალი სამყარო, ახალი მეგობრები, ქცევის ახალი წესები, ერთი სიტყვით, მშვენიერი გარემო გამოცდილებისა და ცოდნის შესაძენად. ოღონდ ეს გარემო ხილულთან ერთად უხილავ ნაცნობობასაც უწყობს ხელს, ამ მიკროსკოპული ნაცნობებიდან კი ყველა როდია ადამიანის მეგობარი…

რას ვიზამთ, შეხვედრას თუ ვერ ავიცილებთ თავიდან, მის შედეგებთან გამკლავების სტრატეგია მაინც შევიმუშაოთ.

გაციება

გამომწვევი: ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევი ორასამდე ვირუსი. გრიპის ვირუსიც ამ ჯგუფში შედის, მაგრამ გართულებათა გამოწვევისადმი მისი მიდრეკილების გამო ცალკე გამოყოფენ.

გადაცემის გზა: ჰაერწვეთოვანი. ბუნებრივია, წვეთს წონა აქვს და გრავიტაციის კანონს ემორჩილება. მით უმეტეს, რომ ამ ჯგუფის ვირუსები საკმაოდ დიდი ზომის წვეთებად ვრცელდება (მიკროსკოპულ მასშტაბს ვგულისხმობთ). შესაბამისად, ჰაერში დიდხანს შეწონილი არ რჩება და ჰაერიც უმთავრესად მაშინ არის საშიში, როცა დაავადებულს ცხვირწინ ვუდგავართ, ის კი აცემინებს ან ახველებს. სამაგიეროდ, დალექილი წვეთები ჩვენს კანსა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე  საკმაოდ დიდხანს ძლებს. ვირუსის ორგანიზმში მოსახვედრად მაინცდამაინც დაბინძურებული ხელის პირში ჩადება არ არის აუცილებელი, თვალების ან ცხვირის მოსრესაც საკმარისია.

საყვარელი ასაკი: მთელი ბავშვობა, ზოგჯერ – წელიწადში რამდენიმეჯერაც.

საინკუბაციო პერიოდი (დრო გამომწვევთან შეხვედრიდან დაავადების გამოვლენამდე): რამდენიმე საათიდან 2-3 დღემდე.

სიმპტომები: სიცხის აწევა, უგუნებობა, ჩახეხვის შეგრძნება ყელში, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სურდო, ხველა.

სახლში ჯდომის ვადა: ტემპერატურის ნორმალიზებიდან (სიცხის დამწევი პრეპარატებით დაგდებული სიცხე არ ითვლება) მინიმუმ 24 საათი.

დამალვის მეთოდიკა: მოსთხოვეთ სკოლის (თუ ბავშვი ჯერ კიდევ ბაღში დადის – ბაღის) დირექციას, დაავადებული (მით უფრო სიცხიანი) ბავშვები სახლში გააბრუნონ. თუ სიცხემ ბავშვს დღის განმავლობაში აუწია, მშობლის მოსვლამდე სხვებს გამოარიდონ (ვთქვათ, ექიმის ან ექთნის კაბინეტში, ანდა კარანტინის ოთახში), ოთახი სასწრაფოდ სველი წესით დაალაგონ, ჯგუფელებს კი ხელები საპნით დააბანინონ. საერთოდ, ხელების ხშირი და სრულყოფილი ბანა ძალიან ბევრი დაავადებისგან თავის დასაცავი უნივერსალური საშუალებაა, ამიტომ რაც უფრო ადრე ჩაუნერგავთ პატარას, მით უკეთესი. ასევე უნდა ვასწავლოთ ხველებისა და ცემინებისას ქცევის წესები: ცხვირ-პირზე აუცილებლად ხელსაწმენდი (უმჯობესია ქაღალდის) უნდა მიიფაროს, მაშინვე გადააგდოს და ხელები დაიბანოს. თუ ამას ვერ ახერხებს, პირზე ხელის მაგივრად სჯობს სახელო აიფაროს.

მოქმედების გეგმა: რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამოიძახეთ ექიმი, საშიშროების ნიშნების შემჩნევისას კი ვიძახებთ განმეორებით.

თუ ცხელება აქვს, აიძულეთ, ტემპერატურის ნორმალიზებამდე საწოლში იწვეს. სიცხის დამწევი პრეპარატები მხოლოდ მაშინ დაგჭირდებათ, თუ სიცხემ 38.5ºC-ს  გადააჭარბა. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ პარაცეტამოლი, იბუპროფენი.

ასვით ბევრი სითხე, თუნდაც თაფლიანი რძე ან ჟოლოსმურაბიანი ჩაი, ქათმის ბულიონი, თუნდაც უბრალო წყალი, ოღონდ დღეში 2 ლიტრამდე. ორგანიზმისთვის ვირუსების მოცილებასთან ერთად ეს ცხვირისა და ყელის ლორწოვანს   გამოშრობისგანაც დაიცავს და ლორწოს მოშორებასაც გააადვილებს.

ხველას, სურდოს, თავის, ყელის ტკივილს ამ ასაკისთვის რეკომენდებული სიმპტომური საშუალებებით ებრძოლეთ.

აკრძალული მედიკამენტები:

  1. ანტიბიოტიკები, დადგენილია რომ ისინი ვირუსებზე არ მოქმედებს, არ ამცირებს გართულების ალბათობას და მათი უმიზნოდ ხმარება მხოლოდ და მხოლოდ წამალგამძლე ბაქტერიების გამოყვანას უწყობს ხელს. მათი გამოყენება მხოლოდ ბაქტერიული გართულების დროს არის საჭირო და აუცილებლად ექიმის დანიშნულებით.
  2. ასპირინი სიცხის დასაწევად (12 წლამდე ასაკის ბავშვებში). შეიძლება განვითარდეს იშვიათი, მაგრამ უმძიმესი გართულება ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით.

წითელა

გამომწვევი: ვირუსი. 

გადაცემის გზა: ჰაერწვეთოვანი, ოღონდ წვეთები გაცილებით უფრო პატარაა, ვრცელდება საკმაოდ დიდ მანძილზე, კორიდორებით და კიბის უჯრედებით შესაძლოა სხვა ოთახებსა და ბინებშიც მოხვდეს, სავენტილაციო და გათბობის სისტემებისთვის დატანებული ხვრელებით კი ზედა სართულებზეც.

საყვარელი ასაკი: 1-დან 5 წლამდე.

ინკუბაციის პერიოდი: 9-10 დღე, იშვიათად – 21 დღემდე.

სიმპტომები: წითელა იწყება ტემპერატურის მომატებით, კონიუნქტივიტით (თვალის ლორწოვანი გარსის ანთებით), მშრალი შემაწუხებელი ხველით, ცხვირცემინებით, სურდოთი, გულმკერდის არეში ფხაჭნის შეგრძნებით. გარდა ამისა, ძირითადი კბილების დონეზე ღრძილებისა და ლოყის შიგნითა ზედაპირის ლორწოვანზე მონაცრისფრო-მოთეთრო ფერის წარმონაქმნები ჩნდება, ქუთუთოს კიდის გასწვრივ კი შემოფარგლული კონიუქტივიტი ყალიბდება.

მოწითალო ფერის ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი დაავადების მე-4-5 დღეს ვლინდება. პირველი ელემენტები ყურებს უკან, ცხვირზე, ლოყებზე ჩნდება, 24 საათში მოედება მთელ სახეს, კისერს, გულმკერდის ზედა ნაწილს, ხელებს. შემდეგ გამონაყარი ჩნდება ზურგზე, მუცელსა და ფეხებზე, მესამე დღეს კი ტერფებზეც. გამონაყარი იმავე თანმიმდევრობით ფერმკრთალდება და ქრება, რომლითაც გაჩნდა.

სახლში ჯდომის ვადა: არანაკლებ 4 დღისა პირველი გამონაყარის გაჩენიდან, პნევმონიით გართულების შემთხვევაში – არანაკლებ 10 დღისა.

დამალვის მეთოდიკა: დაავადებულებთან კონტაქტის თავიდან არიდება.

მოქმედების გეგმა: იგივეა, რაც გაციების დროს.

წითურა

გამომწვევი: ვირუსი. 

გადაცემის გზა: ჰაერწვეთოვანი. ინფექციის წყაროდ, გარდა დაავადებულისა, შესაძლოა ვირუსმატარებელიც იქცეს.

საყვარელი ასაკი: 5-14 წელი.

საინკუბაციო პერიოდი: 15-24 დღე.

სიმპტომები: წითელასგან განსხვავებით, გაციებიმაგვარი ნიშნები თითქმის არ ახასიათებს (ზოგჯერ საერთოდ არ იჩენს თავს, ზოგჯერ კი ძალზე უმნიშვნელოდ გამოიხატება). პირველივე ნიშანი, რომელსაც ვამჩნევთ, ჩვეულებრივ, გამონაყარია. ეს უკანასკნელიც წითელასას ჰგავს, ოღონდ, მისგან განსხვავებით, კანიდან ნაკლებად არის წამოწეული და არც შერწყმის ტენდენციას ამჟღავნებს.

დამახასიათებელი ნიშანია კისრის უკანა კვანძების გადიდება.

სახლში ჯდომის ვადა: პირველი გამონაყარის გაჩენიდან 5 დღე.

დამალვის მეთოდიკა: დაავადებულებთან კონტაქტის თავიდან აცილება, ვაქცინაციის ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ყველა აცრის დროული ჩატარება.

მოქმედების გეგმა: ჩვეულებრივ, იმდენად მსუბუქად მიმდინარეობს, რომ სათვალავში ჩასაგდებიც არ იქნებოდა, რომ არა საფრთხე, რომელსაც ორსულს, უფრო სწორად, მის ნაყოფს უქმნის, ამიტომაც ყველა გოგონა აუცილებლად უნდა ავცრათ, დაავადებული კი ორსულებს შეძლებისდაგვარად მოვარიდოთ.

ჩუტყვავილა

გამომწვევი: ჩუტყვავილასა და ჰერპეს ზოსტერის ვირუსი ჰერპესვირუსების ჯგუფიდან.

გადაცემის გზა: ჰაერწვეთოვანი, კონტაქტური. გადადების პოტენციალი დაახლოებით წითელასას უტოლდება.

საყვარელი ასაკი: 1-10 წელი.

საინკუბაციო პერიოდი: 10-21 დღე (საშუალოდ ორი კვირა).

სიმპტომები: ჩუტყვავილას დროს გამონაყარი თავდაპირველად ღია ვარდისფერ, 2-4 მმ დიამეტრის ლაქებს წარმოადგენს, რომლებიც მოგვიანებით სითხით სავსე ბუშტუკებად გადაიქცევა. პირველსავე დღეს შიგთავსი იმღვრევა, სკდება, ზედაპირი იჭმუხნება და ფუფხით იფარება. ფუფხი მხოლოდ 1-3 კვირის შემდეგ სცილდება. ეს ელემენტები ერთდროულად კი არა, რამდენიმე ეტაპად ჩნდება (ამასთანავე, თითოეულ ეტაპს მდგომარეობის გაუარესება, სხეულის ტემპერატურის მომატება ახლავს თან), ამიტომაც ბავშვის კანზე ერთდროულად შეიძლება იყოს ახალი ლაქოვან-პაპულური გამონაყარიც, ბუშტუკებიც და ფუფხიც.

გამონაყარი უპირატესად სახეზე, თავის თმიან ნაწილზე, გულმკერდზე, ზურგზე, თვალის რქოვანაზე, ხახასა და სასქესო ორგანოების ლორწოვანზე ჩნდება და, ჩვეულებრივ, ძლიერი ქავილი ახლავს თან. თუ არ დაინფიცირდა, ნაკვალევს არ ტოვებს, თუმცა ძლიერი ქავილი ჭრილობაში ინფექციის შეჭრის წინაპირობას ქმნის.

სახლში ჯდომის ვადა: ბოლო ქერქის გაჩენიდან 5 დღე.

დამალვის მეთოდიკა: დაავადებულებთან კონტაქტის თავიდან აცილება, ხელების ხშირი და სრულყოფილი ბანა.

მოქმედების გეგმა: გარდა ზემოთქმულისა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ჰიგიენას, დააჭერით ფრჩხილები, ხშირად დაბანეთ ხელები, გამონაყარის ელემენტები კი ბრილიანტის მწვანის 1%-იანი სპირტხსნარით დამუშავეთ. ქავილის შესამცირებლად შეგიძლიათ რომელიმე ანტიჰისტამინი (ფენკაროლი, ცეტეკი, ალერფასტი) მისცეთ.

ქუნთრუშა

გამომწვევი: ბაქტერია – A ჯგუფის B-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი

გადაცემის გზა: ჰაერწვეთოვანი, თუმცა ინფექცის გამომწვევი იოლად იჭრება ორგანიზმში სათამაშოების, წიგნების საშუალებითაც.

საყვარელი ასაკი: სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკი.

საინკუბაციო პერიოდი: 1-12, უფრო ხშირად – 2-7 დღე.

სიმპტომები: ქუნთრუშა მწვავედ იწყება: სხეულის ტემპერატურა მკვეთრად – 38-39 გრადუსამდე იმატებს, ბავშვს ამცივნებს, სუსტადაა, თავი სტკივა, შესაძლოა, ღებინებაც დაეწყოს. ერთი დღის შემდეგ კანზე უკვე შეიძლება წვრილწინწკლოვანი გამონაყარი გაჩნდეს, რომელიც უპირატესად ჯერ ხელის მომხრელ ზედაპირებზე, საზარდულის მიდამოში, გულმკერდზე, კისერზეა გამოხატული, მერე კი მთელ სხეულს მოედება. ბავშვს ლოყები შეწითლებული, ცხვირი და ტუჩები კი ფერმკრთალი აქვს, ყლაპვისას გრძნობს ტკივილს, ენა თავიდან თეთრი ნადებით არის დაფარული, შემდეგ თანდათანობით იწმინდება და ალისფერს იღებს.

დაავადების გამოვლენიდან რამდენიმე დღეში კანი იქერცლება, ხელისგულებზე აქეცვლა ისეთი ინტენსიურია, რომ ბავშვი კანს ხელთათმანივით “იხდის”.

სახლში ჯდომის ვადა: 21 დღე. ყველა, თანატოლები თუ აღმზრდელები, ვისთანაც ავადმყოფს დაავადების პირველი 7 დღის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა, ყურადღებით უნდა მოეპყროს საკუთარ ჯანმრთელობას. თუ ჯგუფში ქუნთრუშის მეორე შემთხვევაც აღინიშნა, 21 დღით კარანტინი უნდა შემოიღონ.

დამალვის მეთოდიკა: დაავადებულებთან კონტაქტის თავიდან აცილება, ხელების ხშირი და სრულყოფილი ბანა.

მოქმედების გეგმა: ზემოხსენებული ინფექციებისგან განსხვავებით, ანტიბიოტიკები აუცილებელია, მაგრამ მათი შერჩევა ექიმის კომპეტენციაა!

A ჰეპატიტი (ბოტკინის დაავადება)

გამომწვევი: ვირუსი.

გადაცემის გზა: ფეკალურ-ორალური ან საყოფაცხოვრებო-კონტაქტური. პირველი იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ინფიცირდება საკვების ან წყლის მეშვეობით, სადაც მანამდე ავადმყოფის ფეკალური მასა მოხვდა.

საყვარელი ასაკი: 1-14 წელი

საინკუბაციო პერიოდი: 15-50 დღე.

სიმპტომები: ბავშვს სიცხე 38-39 გრადუსამდე, ზოგჯერ მეტადაც უწევს. გარდა ამისა, უჩივის უმადობას, ძილიანობას, თავის ტკივილს, გულისრევასა და ღებინებას, ყრუ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშ. სიყვითლის გამოვლენამდე 1-2 დღით ადრე შარდი მუქდება. უკვე ამის შემდეგ ბავშვს უყვითლდება სასა, სახე, სხეული, მოგვიანებით – კიდურები.

სიყვითლის გამოვლენისას განავალი ბაცდება, ბავშვის საერთო მდგომარეობა კი უმჯობესდება – უბრუნდება მადა და ხალისი.

A ჰეპატიტს ყოველთვის თან ახლავს ღვიძლის გადიდება, რასაც ექიმი ხელით გასინჯვისას იოლად გამოავლენს. დიდდება ელენთაც.

აღდგენის ანუ გამოჯანმრთელების პერიოდი 5-6 თვე გრძელდება. ამ დროს აღდგება დაზიანებულ ორგანოთა ფუნქციები, პირველ რიგში – ღვიძლისა.

სახლში ჯდომის ვადა: ვირუსის გამოყოფას დაავადებული, ჩვეულებრივ, სიყვითლის პერიოდის დასაწყისისთვის წყვეტს და გადამდები აღარ არის, ამიტომ ამ ვადას ექიმი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით დაადგენს.

დამალვის მეთოდიკა: დაავადებულებთან კონტაქტის თავიდან აცილება, ჰიგიენის წესების სრულყოფილი დაცვა.

მოქმედების გეგმა: წოლითი რეჟიმი, დიეტა, სიმპტომური საშუალებები.

საშიშროების ზოგადი ნიშნები

– აღებინებს ყოველი კვების ან სითხის მიღების შემდეგ;

– უარს ამბობს საკვებისა და სითხის მიღებაზე;

– აქვს კრუნჩხვა;

– სუნთქვა გახშირებული აქვს ან უჭირს (ბაღის ასაკის ბავშვებისთვის სუნთქვის გახშირებად ითვლება წუთში 40-ზე მეტი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, სკოლის ასაკის ბავშვებსთვის – 30-ზე მეტი);

– ძნელად იღვიძებს ან კონტაქტში არ შემოდის.

წყარო: ჟურნალი “ავერსი”

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

გენური ინჟინერიის მეშვეობით თანდაყოლილი სიყრუით დაბადებულ ბავშვებს სმენა აღუდგინეს

ხუთმა სკოლამდელი ასაკის ბავშვმა, რომლებიც თანდაყოლილი სიყრუით დაიბადნენ, გენური ინჟინერიის დახმარებით, სმენის საშუალება მიიღო და პირველი სიტყვებიც წარმოთქვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თანდაყოლილი სიყრუის განკურნების რევოლუციური მეთოდი ჰარვარდის მედიცინის სკოლისა და ფუდანის უნივერსიტეტის (ჩინეთი) მეცნიერებმა შეიმუშავეს. უკვე ჩატარდა კლინიკური ცდები, რომელთა შედეგებიც ჟურნალში Science Advances გამოქვეყნდა.

თანდაყოლილი სიყრუე შესაძლოა 1500-მდე სხვადასხვა მუტაციამ გამოიწვიოს, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია იმ გენეტიკურ ხარვეზზე, რომელიც შიდა ყურსა და თავის ტვინს შორის ნერვულ კავშირს აზიანებს – მუტაცია DFNB9. შედეგად, ორგანიზმის კარგავს იმ ცილის წარმოების უნარს, რომელიც აუცილებელია ნერვული იმპულსების სმენის რეცეპტორებიდან ტვინში გადასაცემად. აქამდე ასეთ ბავშვებს მხოლოდ პროთეზირებით ეხმარებოდნენ – მათ თავში იმპლანტს უნერგავდნენ, თუმცა ეს პრობლემას ბოლომდე არ წყვეტდა. „ხელოვნური ყური“ ბავშვებს ტონის განსხვავებისა და ინტონაციის დაჭერის საშუალებას არ აძლევდა. მაგალითად, მათ მუსიკის აღქმა უჭირდათ.

ახლა კი მეცნიერებმა უსაფრთხო ვირუსის გენომში დაზიანებული გენის ჯანსაღი ასლი ჩანერგეს და პაციენტების შიდა ყურში ინიექციის მეშვეობით მოათავსეს. ისინი განმარტავენ, რომ უჯრედში მოხვედრისთანავე ვირუსი დნმ-ის დაზიანებული ნაწილის „რემონტს“ იწყებს და გენის „დეფექტურ“ ასლს ჯანსაღით ცვლის, რომელიც უჯრედის ყოველი დაყოფის შემთხვევაში ნორმალურ გამრავლებას იწყებს. შესაბამისად, იწყება აუცილებელი ცილის წარმოება და ყურში წარმოქმნილი ნერვული სიგნალების ტვინში გადაცემა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბავშვებმა ხმებზე რეაგირება ოპერაციიდან რამდენიმე თვეში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა 6 ასეთი ოპერაცია ჩაატარეს, თუმცა ერთ შემთხვევაში მკურნალობა წარუმატებელი იყო. სპეციალისტები ამის რამდენიმე ვერსიას განიხილავენ და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა განმეორებითი პროცედურა მეექვსე პაციენტის შემთხვევაშიც წარმატებით დასრულდეს.

მეთოდის ავტორები აცხადებენ, რომ შესაძლოა მათი მეთოდი აშშ-ში უკვე უახლოეს წლებში დაამტკიცონ.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

„კბილების სწორ წყობასთან ერთად მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს სახის სიმეტრიას…“

„კბილების სწორ წყობასთან ერთად მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს სახის სიმეტრიას…“
საუბრობს პლასტიკური ქირურგი, კლინიკა “როგოს” პლასტიკური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი თეონა მოსიძე გადაცემა იმუნიტეტში:

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

შაქრის შემცველი პროდუქტების გავლენა ბავშვის ჯანმრთელობაზე

შაქრის შემცველი პროდუქტები ბავშვის ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს.

ამერიკის გულის ასოციაციის (American Heart Association) რეკომენდაციის თანახმად, ორ წლამდე ასაკის ბავშვი საერთოდ არ უნდა იღებდეს შაქრის შემცველ პროდუქტებს, ხოლო ორიდან 18 წლამდე ასაკის ადამიანისთვის დღე-ღამის განმავლობაში მიღებული შაქრის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 გრამს (6 ჩაის კოვზი).

კვლევების საფუძველზე დადასტურებულია, რომ მცირე ასაკში შაქრის დიდი რაოდენობით მიღება მომავალში ხელს უწყობს სხეულის მასის ინდექსის ზრდას და ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილების ჩამოყალიბებას.

მიჩნეულია, რომ შაქარი იწვევს მიჩვევას, ხოლო მისი ჭარბი მიღება, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ჯანმრთელობის დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული.

ჭარბი წონა – შაქრით სავსე საკვებს აკლია ზრდა-განვითარებისთვის საჭირო კომპონენტები, ის ბავშვის ორგანიზმს არაჯანსაღ ნივთიერებებს აწვდის, რაც ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილებას იწვევს.

დიაბეტის მომატებული რისკი – შაქრის ჭარბი მიღებისას ორგანიზმში ინსულინის დონე იმატებს, რაც ტიპი 2 დიაბეტის განვითარების წინაპირობაა.

იმუნური სისტემის დასუსტება – ბავშვის განვითარების ფაზაში მყოფი ორგანიზმისთვის შაქრისა და რაფინირებული ნახშირწყლების ნორმაზე დიდი რაოდენობით მიღება ასუსტებს იმუნურ სისტემას. ის ვეღარ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა, შესაბამისად ბავშვის ორგანიზმი უფრო მოწყვლადი ხდება ინფექციების მიმართ.

კუჭ-ნაწლავის პრობლემები – ორგანიზმში შაქრის დონის მატებისას იკლებს სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა საჭმლის მომნელებელ სისტემაში. შედეგად ვითარდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

დაზიანებული კბილები – როდესაც ბავშვი ბევრ ტკბილეულს ჭამს, მისი პირის ღრუს ბინადარი ბაქტერიები შაქარს მჟავად გარდაქმნიან, რომელიც კბილის მინანქარს არბილებს. შედეგად კბილები ცვდება.

რეკომენდაციები

ორ წლამდე ასაკის ბავშვისთვის საერთოდ არ არის რეკომენდებული შაქრის შემცველი პროდუქტები. ბავშვს ნელ-ნელა შესთავაზეთ ჯანსაღი ტკბილეული, უმჯობესია მიაწოდოთ ხილი. თუ ბავშვი უკვე მიჩვეულია ტკბილეულს, თანდათან უნდა გადააჩვიოთ.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights