New York Times იუწყება, რომ სტარტაპმა დიდი რაოდენობით ბიოლოგიური მონაცემები მიაწოდა მსხვილ ენობრივ მოდელს (LLM). ამით მკვლევრებს CRISPR-ზე დაფუძნებული გენის რედაქტირების ახალი ტექნოლოგიის შექმნა სურდათ.
მკვლევრების მიზანია შექმნან გენების რედაქტირების ახალი მიდგომები, რომლებიც უფრო ეფექტური და ქმედუნარიანია, ვიდრე არსებული ბიოლოგიური მექანიზმები. ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ დაავადებები და სხვა პათოგენები.
სტარტაპი სახელად Profluent აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ერთი ასეთი ტექნოლოგია ადამიანის დნმ-ის რედაქტირებისთვის უკვე გამოიყენა. საუბარია OpenCRISPR-1-ზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შემუშავებული პირველი მსგავსი ტექნოლოგიაა.
სტარტაპში ამბობენ, რომ “ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ნულიდან შეიქმნა”.
„ეს ნიშნავს, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტი ასეთ ტექნოლოგიებსაც შეიმუშავებს, რაც მედიცინის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია”, — თქვა სტარტაპის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ალი მადანმა.
ექსპერტების თქმით, ის, რაც ნამდვილად აფერხებს გენის რედაქტირების სფეროს, არის პრეკლინიკური კვლევების სიმცირე. სწორედ უშუალო კვლევებით უნდა დადასტურდეს საბოლოოდ, არის თუ არა დნმ-ის ეს ცვლილებები უსაფრთხო და ეფექტური. მიუხედავად უამრავი ოპტიმიზმისა, მეცნიერები კვლავ ფრთხილობენ და ჯერ კიდევ საუბრობენ ადამიანის დნმ-ის რედაქტირების შესაძლო გვერდით ეფექტებზე.
სწორედ ამიტომ, ამ დარგში ხელოვნური ინტელექტის გამოჩენა მნიშვნელოვანია და ამან შეიძლება კვლევების პროცესი დააჩქაროს. Profluent-ში სურთ თავიანთი მოდელი სხვა მკვლევრებსაც მიაწოდონ, რითაც სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება მოხდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 აპრილიდან თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში, ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს ფიქსირდება.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე – https://www.air.gov.ge “, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თანამედროვე მედიცინა ამ სახელწოდებით ისეთ პათოლოგიურ მდგომარეობას მოიხსენიებს, რომელსაც ნერვული სისტემის ამა თუ იმ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, თუმცა ლაბორატორიულ– ინსტრუმენტული კვლევები ცენტრალური და პერიფერიული ორგანოების დაზიანებას გამორიცხავს.
ფუნქციური ნერვული აშლილობა იშვიათი დაავადებების ნუსხაშია შეტანილი, თუმცა საერთაშორისო მონაცემებით ირკვევა, რომ ნევროლოგთან ამბულატორიული ვიზიტის მიზეზთა ტოპათეულში შედის, რაც მას ისეთივე აქტუალურს ხდის როგორიც, მაგალითად, პარკინსონის დაავადება ან გაფანტული სკლეროზია. ფუნქციური ნერვული აშლილობის სინონიმებია:
• კონვერტაციის დარღვევა;
• ფსიქოგენური კრუნჩხვა ` მოძრაობის დარღვევა;
• დისოციაციური კრუნჩხვა ` მოტორული აშლილობა;
• არაეპილეფსიური კრუნჩხვა.
დაავადება ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევით არის გამოწვეული და არა ორგანული დაზიანებით. დარღვეულია თავის ტვინსა და პერიფერიულ ნერვებს შორის საინფორმაციო სიგნალების გაგზავნა და მიღება.
სხვა იშვიათი დაავადებების მსგავსად, ფუნქციური ნევროლოგიური აშლილობის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია. ფროიდი და მისი თანამოაზრეები მას ნევროლოგიური სიმპტომების მქონე ფსიქიკურ აშლილობად მიიჩნევდნენ, თუმცა 2000-იანი წლების შემდეგ ჩატარებულმა ნეირომეცნიერულმა კვლევებმა დარღვევის სპეციფიკური ნიშნები გამოავლინა და ის ცალკე ნოზოლოგიად გამოყვეს.
არასაკმარისი ცოდნის გამო ფუნქციურ ნერვულ აშლილობას დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდნენ ექიმები და მკვლევრები, მაგრამ დღეს მას უკვე სათანადო ყურადღება ექცევა, რადგან უნარშეზღუდულობისა და სიცოცხლის ხარისხის დაქვეითების ერთ-ერთი მიზეზია და შესაძლოა, ქრონიკული დაღლილობისა და ტკივილის სინდრომების განვითარება მოჰყვეს.
ვის და რატომ ემართება
დაავადების გავრცელების ზუსტი სტატისტიკა უცნობია. საერთაშორისო მონაცემებით, ყოველწლიურად 100 000-დან 2-5 შემთხვევა ფუნქციური ნერვული აშლილობის წილად მოდის. დაავადებამ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა იშვიათად გვხვდება ათ წლამდე. განსაკუთრებით ხშირია მოზარდ ასაკში და უმეტესად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს აღენიშნებათ.
ფუნქციური ნერვული დარღვევის უშუალო მიზეზი, როგორც ვთქვით, უცნობია. მის განვითარებაში წვლილი შეაქვთ განსაზღვრულ ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს, რომელთაგან ზოგიერთი ტვინს ავადმყოფობის მიმართ მეტად მოწყვლადს ხდის, ზოგი გამშვები მექანიზმის როლს ასრულებს, ზოგი კი მდგომარეობის გაუმჯობესებას უშლის ხელს. ბიოლოგიური ფაქტორი (ფიზიკური ტრავმა, ტკივილი, ინფექცია) ნერვული აშლილობის ყველაზე ცნობილი გამშვები მექანიზმია, შფოთვის პანიკური შეტევა, დეპრესია და ბავშვობის ტრავმა კი ფსიქოლოგიურ რისკფაქტორებს განეკუთვნება. რაც შეეხება სოციალურ ფაქტორებს, არასრულფასოვანი ოჯახური ცხოვრება და სამსახურის სიძულვილი პათოლოგიურ მდგომარეობის უფრო მეტად ამძიმებს. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რისკფაქტორების მქონე ყველა ადამიანს ფუნქციური ნერვული აშლილობა არ უვითარდება, ისევე როგორც არავინაა მისგან დაზღვეული.
როგორ ვლინდება
მეცნიერები თავის ტვინს ხშირად კომპიუტერს ადარებენ, რათა უკეთ აგვიხსნან ამ ორგანოს მუშაობასთან დაკავშირებული ესა თუ ის საკითხი. კომპიუტერის მსგავსად, თავის ტვინსაც აქვს ისეთი “ნაწილები”, რომელთა საშუალებითაც ის საკუთარ სტრუქტურებთან, გარე სამყაროსა და სხეულის სხვა ნაწილებთან ამყარებს კავშირს. ნერვული სისტემის ფუნქციური აშლილობის დროს ტვინის “პროგრამულ” ნაწილში ხარვეზებია, რომლებიც განსაზღვრული სიმპტომებით ვლინდება. ეს სიმპტომები სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვა სიხშირითა და ინტენსივობით იჩენს თავს. უმეტესობა უჩივის ე.წ. დისოციაციურ შეტევებს (დისსოციატივე ატტაცკ) – უეცარ უნებლიე ხანმოკლე მოძრაობებს, რომლებიც ხშირად ეპილეფსიურ გულყრას ჰგავს, თუმცა, მისგან განსხვავებით, თავის ტვინის ანომალიური ელექტრული აქტივობა არ უდევს საფუძვლად. ამ ტიპის შეტევები უმეტესად ახალგაზრდა ქალებთან გვხვდება და მკურნალობას მეტ-ნაკლებად ემორჩილება.
მოძრაობის ფუნქციურმა აშლილობამ შესაძლოა გამოიწვიოს სიარულის სირთულე, ტრემორი (კიდურების უკინტროლო კანკალი ან სისუსტე), დისტონია (კუნთების უნებლიე შეკუმშვა, რომელიც ვლინდება ნელი განმეორებითი მოძრაობებით ან უჩვეულო პოზით), ზოგჯერ – მთელი სხეულის პარალიზი. არსებობს ფუნქციური აშლილობის გამომხატველი სხვა სახის სიმპტომებიც, რომლებიც მოიცავს თავბრუხვევას, სენსორულ პრობლემებს (მხედველობის, მგრძნობელობისა და სმენის დაქვეითება), მეტყველების დარღვევას და კოგნიტიურ პრობლემებს (დაბნეულობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ხანმოკლე ან ხანგრძლივი მეხსიერების დაქვეითება, განსჯის უნარისა და იდენტობის დაკარგვა). ფაქტობრივად, ტვინის მიერ კონტროლირებადი ნებისმიერი ფუნქცია შეიძლება დაირღვეს. ზოგჯერ ირღვევა შინაგანი ორგანოების (შარდის ბუშტის) მუშაობაც.
თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ფუნქციური ნერვული აშლილობა რეალური პათოლოგიური მდგომარეობაა ჭეშმარიტი სიმპტომებით, რომელთა მართვა და პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.
როგორ ისმება დიაგნოზი თანამედროვე მიდგომით, ფუნქციური ნერვული აშლილობის დიაგნოზს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე სვამენ:
• ერთი ან მეტი სიმპტომი, რომლებიც ვლინდება ნებაყოფლობითი მოტორული (კუნთების მოძრაობას) ან სენსორული (მხედველობა, სმენა, შეხება, გემო, ყნოსვა) ფუნქციის მოშლით და აქვეითებს სიცოცხლის ხარისხს;
• სათანადო კვლევებით ორგანული ნერვული დაავადების გამორიცხვა.
მომდევნო ნაბიჯი იმ (ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური) რისკფაქტორების გამოვლენაა, რომლებსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს აშლილობის განვითარებას ან დაამძიმოს ის.
როგორ მკურნალობენ
ფუნქციური ნერვული დაავადების მკურნალობა კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია. მისი ძირითადი მიზანი ტვინის “გადამზადებაა”. ვინაიდან პრობლემა ისაა, რომ ტვინსა და ნერვებს შორის ინფორმაციის მიმოცვლაა დარღვეული, მკურნალობა ნორმალური ფუნქციების ხელახლა დასწავლას ისახავს მიზნად. ამ აშლილობის სამკურნალო ჯადოსნური წამალი არ არსებობს. უფრო მეტიც: ფარმაკოთერაპია მხოლოდ გამოხატული დეპრესიისა და შფოთვის დროს ერთვება საქმეში. უმეტესად საჭიროა მულტიდისციპლინური გუნდის (ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტი) შექმნა და თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება.
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამის თაობაზე.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა.
ბანკის მიერ, ჯამში, გამოყოფილი იქნება ფინანსური რესურსი 46,275,000 ევროს ოდენობით. სასესხო შეთანხმებით 2024 წელს გათვალისწინებულია პირველი ტრანშის – 23,137,500 ევროს ჩამორიცხვა, ხოლო მეორე ტრანშის მიღება იგეგმება 2025 წელს.
პროგრამით გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული ამბულატორიული მოვლისა და დიაგნოსტიკური სერვისებისთვის მოსახლეობისთვის შეთავაზებული შეღავათების გაზრდა და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შემცირება, მომსახურების მიწოდების გაუმჯობესება მომსახურების ყველა დონეზე, ციფრული საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესება, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის პროგრამებისა და ჯანდაცვის სექტორზე სახელმწიფო ხარჯების უფრო ეფექტურად მართვისთვის, მმართველობის გაუმჯობესებასა და გაწეული მომსახურების ხარისხის ანგარიშვალდებულება.
19 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სტუმრობდა, რომელმაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებულობის მნიშვნელოვნებაზე ისაუბრა.
– ბატონო გიორგი, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების განათლება და ინფორმირებულობა ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებისთვის, რა საფრთხეს უქმნის ინფოდემია ზოგადად მსოფლიოს და კონკრეტულად საქართველოს?
– როცა საუბარია სწორ ინფორმაციაზე, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მისი წყარო – ვინ ამბობს, ვინაა ის ადამიანი და რა დგას მის უკან, ანუ ყოველთვის უნდა ვეძებოთ ინფორმაციის პირველწყარო. სამწუხაროდ, პანდემიის დროს, ინფოდემიამ უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე თვითონ ვირუსმა, რაშიც ექიმების დანაშაულიცაა, რადგან არ გვქონდა სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. საუბედუროდ, ჩვენთვის არავის უსწავლებია მოქალაქეებთან საუბარი და მათთვის საინტერესო თემების მარტივ ენაზე ახსნა.
სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ 18-20 აპრილს ჯანდაცვის სამინისტროსა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველომ ORPHEUS-ისყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა. ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეებში თბილისი უმაღლესი სამედიცინო განათლების სადოქტორო პროგრამების დედაქალაქად იქცა, რადგან პროფესორები და სამედიცინო უნივერსიტეტების წარმომადგენლები თითქმის მთელი მსოფლიოდან გვეწვივნენ. სწორედ კომუნიკაციის, ინფორმაციის მარტივ და გასაგებ ენაზე მიწოდების პრობლემები განვიხილეთ კონფერენციაზე.
– ბრწყინვალედ შეძელით პანდემიის დროს მოსახლეობის ინფორმირება. რა არის მთავარი ადამიანებთან ურთიერთობისას?
– სოციალურ მედიაში საქმიანობის სოლიდური გამოცდილება მაქვს და სავარაუდოდ, სწორედ ეს გამოცდილება დამეხმარა, მოსახლეობას ყოველთვის მისთვის მისაღებ, გასაგებ ენაზე ვესაუბრებოდი და როგორც ჩანს, ეს აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური. ზოგჯერ პუბლიკის ყურადღების მისაქცევად უხეშობის გამოყენებაც ამართლებს. მაგალითად, უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა ჩემმა გამოთქმამ, როცა გაბრაზებულმა ვთქვი, „ყველას თავში ქვა გიხლიათ-მეთქი“.
– ადრე ინფორმაციის დეფიციტს ვუჩიოდით, ახლა კი, პირიქით, მისი სიჭარბე აღმოჩნდა პრობლემური, რადგან ზღვარი წაიშალა სანდო და ე.წ. ყვითელ ინფორმაციას შორის. როგორ უნდა დავიცვათ მოსახლეობა არასწორი ინფორმაციისგან და როგორ მივაწოდოთ სწორი, კვალიფიციური ინფორმაცია?
– ძალიან მალე შეიქმნება მედიაჰოლდინგი, რომელიც სისტემატურად მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას ჯანდაცვაზე სხვადასხვა პლატფორმიდან. რა თქმა უნდა, Google-ს ჩვენ ვერ შევცვლით, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით თანამედროვე ტექნოლოგიების ჩვენს სასარგებლოდ გამოყენებას და სწორი ინფორმაციის გავრცელებას. ყველა ექიმი ვერ იქნება კარგი კომუნიკატორი. მეტიც, ხშირად კარგ ექიმს საერთოდ არ გამოსდის პაციენტთან ურთიერთობა და პირიქით, საოცრად კომუნიკაბელურ, თუმცა ცუდ ექიმებს თავგამოდებით აწყდებიან პაციენტები.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საერთო ჯამში საქართველოში 123 სამედიცინო დაწესებულებაა ქირურგიისა და რეანიმაციის ლიცენზიით. სწორედ ახლა ვახორციელებთ კანადელებთან ერთად 24 სამედიცინო დაწესებულების საერთაშორისო აკრედიტაციას, რაც ავტომატურად გამოავლენს საუკეთესოს მათ შორის. რა თქმა უნდა, ზოგ კლინიკაში მომსახურება ძვირია, ზოგში კი, შედარებით იაფი, თუმცა სწორედ სიძვირე განსაზღვრავს ხარისხს, რადგან წარმოუდგენელია ჯანდაცვა იყოს იაფი.
– ტექნოლოგიების ეპოქაში, თითქოს გაქრა ექიმის პაციენტთან პირადი ურთიერთობის აუცილებლობა. თქვენი აზრით, რამდენად საჭოროა ექიმისა და პაციენტის ინტენსიური კომუნიკაცია?
– ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის არ არსებობა – გლობალური პრობლემაა, რისი მთავარი მიზეზი ბიუროკრატიაა, რადგან კომპიუტერის ეკრანს მიჩერებული ექიმი, რომელსაც უამრავი ანკეტის შევსება უწევს, უბრალოდ დრო არ რჩება პაციენტთან საუბრისთვის, არადა სწორედ ადამიანური ურთიერთობა, ექიმის თბილი სიტყვა და პაციენტის ნდობაა მთავარი და ყველაზე ფასეული, რასაც ვერანაირი ტექნოლოგია ვერ ჩაანაცვლებს.
– რა გამოსავალს ხედავთ არსებული სიტუაციიდან, რამდენად შესაძლებელია ექიმისა და პაციენტის დაახლოება?
– კარგი ექიმების სიმცირეს მთელი მსოფლიო განიცდის, თუმცა საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა, რადგან სულ უფრო მცირდება კვალიფიციური ექიმების რაოდენობა, მაშინ როცა იზრდება მოსახლეობის რიცხვი. მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიები, ვაქცინები და ახალი თაობის მედიკამენტები მაქსიმალურად უწყობენ ხელს სიცოცხლის გახანგრძლივებას, მაგრამ ნაკლებად კვალიფიციური მედიკოსების ფონზე ყველა მიღწევა უფასურდება. ჩემი აზრით, ექიმს არა მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილება, არამედ აკადემიური განათლებაც უნდა ჰქონდეს, რადგან სხვანაირად შეუძლებელია პაციენტთან სრულფასოვანი კომუნიკაცია.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა რონგ ჰაიმ სწორედ ასეთ ვაქცინაზე ისაუბრა.
„რაც ამ ვაქცინაზე შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ის ფართოა და ეფექტურია ვირუსის ნებისმიერი ტიპის წინააღმდეგ. ასევე ის უსაფრთხოა და ეფექტისთვის მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი. ეს შეიძლება იყოს ის უნივერსალური ვაქცინა, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით”, – განაცხადა ჰაიმ, ვირუსოლოგმა და ახალი ნაშრომის ავტორმა.
კლასიკური ვაქცინებისგან განსხვავებით, ახალი ვაქცინა არ იყენებს ტრადიციულ იმუნურ რეაქციას ან იმუნურად აქტიურ ცილებს. ამის ნაცვლად, ის რნმ-ის პატარა მოლეკულებს იყენებს, რომელსაც ჩვენი სხეული ვაქცინის დახმარებით ბუნებრივად ქმნის.
„თუ ჩვენ შევქმნით მუტანტ ვირუსს, რომელსაც RNAi-ს დასათრგუნად ცილების წარმოება არ შეუძლია, ამით ვირუსს დავასუსტებთ. ამ გზით დასუსტებული ვირუსის ვაქცინის სახით გამოყენება შეგვიძლია და ასე იმუნურ სისტემასაც გავაძლიერებთ”, – ამბობენ მკვლევრები.
მკვლევრებმა ექსპერიმენტისთვის გენმოდიფიცირებული თაგვები გამოიყენეს, რომლებსაც B და T უჯრედების ნაკლებობა ჰქონდათ. შემდეგ თაგვებს გაუკეთეს ახალი ვაქცინა და ნოდამურას ვირუსის დოზა შეუყვანეს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თაგვები ვირუსისგან 90 დღის განმავლობაში დაცულები იყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსები მუტაციას განიცდიან, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ პათოგენები უნივერსალურ ვაქცინებს გვერდს ვერ აუვლიან.
„ვირუსმა შეიძლება განიცადოს მუტაცია, რის შედეგადაც კლასიკური ვაქცინა მას ვეღარ შეაჩერებს, მაგრამ უნივერსალური ვაქცინის შემთხვევაში ეს ასე არ მოხდება”, — აღნიშნულია ნაშრომში.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ისინი ვაქცინის ყველა ვირუსის წინააღმდეგ გამოყენებას შეძლებენ. ეს მოიცავს გრიპს, COVID-19-ს, SARS-სა და თითქმის ყველა სხვა ვირუსს.
„ვირუსებს გააჩნია მსგავსება და ჩვენ მათ ყველას მოვიცავთ”, – თქვა ჰაიმ.
ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯადაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სხდომაზე აქონდროლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივაზე იმსჯელეს.
„მინისტრის განცხადებით, მთავრობასთან კოორდინაციით და პაციენტების უსაფრთხოებისა და მათი სხვა ინტერესების გათვალისწინებით, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება, რომლის თანახმად პაციენტები მედიკამენტის მიღებას, სახლთან მაქსიმალურად ახლოს, ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ პაციენტები აღნიშნულ სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ და გამონაკლისის სახით დასაშვები იქნება პრეპარატის საზღვარგარეთ გატანა კვალიფიციური მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ პროცედურების განხორციელების პირობით.
იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომას აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები,საკოორდინაციო საბჭოს წევრები და მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და ირინე წაქაძე ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხუთმა სკოლამდელი ასაკის ბავშვმა, რომლებიც თანდაყოლილი სიყრუით დაიბადნენ, გენური ინჟინერიის დახმარებით, სმენის საშუალება მიიღო და პირველი სიტყვებიც წარმოთქვა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თანდაყოლილი სიყრუის განკურნების რევოლუციური მეთოდი ჰარვარდის მედიცინის სკოლისა და ფუდანის უნივერსიტეტის (ჩინეთი) მეცნიერებმა შეიმუშავეს. უკვე ჩატარდა კლინიკური ცდები, რომელთა შედეგებიც ჟურნალში Science Advances გამოქვეყნდა.
თანდაყოლილი სიყრუე შესაძლოა 1500-მდე სხვადასხვა მუტაციამ გამოიწვიოს, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია იმ გენეტიკურ ხარვეზზე, რომელიც შიდა ყურსა და თავის ტვინს შორის ნერვულ კავშირს აზიანებს – მუტაცია DFNB9. შედეგად, ორგანიზმის კარგავს იმ ცილის წარმოების უნარს, რომელიც აუცილებელია ნერვული იმპულსების სმენის რეცეპტორებიდან ტვინში გადასაცემად. აქამდე ასეთ ბავშვებს მხოლოდ პროთეზირებით ეხმარებოდნენ – მათ თავში იმპლანტს უნერგავდნენ, თუმცა ეს პრობლემას ბოლომდე არ წყვეტდა. „ხელოვნური ყური“ ბავშვებს ტონის განსხვავებისა და ინტონაციის დაჭერის საშუალებას არ აძლევდა. მაგალითად, მათ მუსიკის აღქმა უჭირდათ.
ახლა კი მეცნიერებმა უსაფრთხო ვირუსის გენომში დაზიანებული გენის ჯანსაღი ასლი ჩანერგეს და პაციენტების შიდა ყურში ინიექციის მეშვეობით მოათავსეს. ისინი განმარტავენ, რომ უჯრედში მოხვედრისთანავე ვირუსი დნმ-ის დაზიანებული ნაწილის „რემონტს“ იწყებს და გენის „დეფექტურ“ ასლს ჯანსაღით ცვლის, რომელიც უჯრედის ყოველი დაყოფის შემთხვევაში ნორმალურ გამრავლებას იწყებს. შესაბამისად, იწყება აუცილებელი ცილის წარმოება და ყურში წარმოქმნილი ნერვული სიგნალების ტვინში გადაცემა.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბავშვებმა ხმებზე რეაგირება ოპერაციიდან რამდენიმე თვეში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა 6 ასეთი ოპერაცია ჩაატარეს, თუმცა ერთ შემთხვევაში მკურნალობა წარუმატებელი იყო. სპეციალისტები ამის რამდენიმე ვერსიას განიხილავენ და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა განმეორებითი პროცედურა მეექვსე პაციენტის შემთხვევაშიც წარმატებით დასრულდეს.
მეთოდის ავტორები აცხადებენ, რომ შესაძლოა მათი მეთოდი აშშ-ში უკვე უახლოეს წლებში დაამტკიცონ.
მოწევა რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ამას პატარა ბავშვიც გეტყვით. ჩვენი გარემო სავსეა სიგარეტისა და ნიკოტინის შემცველი საშუალებების ანტიპროპაგანდით. რეკლამები, ბანერები, სიგარეტის კოლოფზე დატანილი სურათები თუ უბრალოდ მშობლების გაფრთხილებები – მოწევის მავნებლობაზე, ბევრი გზით შეიძლება გაგეგოთ. თუმცა, დაინტერესებულხართ ამის მიზეზით?
დღეს ჩვენს ბაზარზე ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მრავალსახეობაა, როგორიცაა “ელექტრონული სიგარეტი, აიქოსი, კლასიკური სიგარეტები”.
თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ სხვადასხვა სეგმენტისა და ასაკის ადამიანები გახადონ დამოკიდებული ნიკოტინზე და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ასაკის ან როგორი ჯანმრთელობის მქონე იქნება მათი მომხმარებელი, მთავარია მათი ყულაბა სისტემატურად გამდიდრდეს კიდევ რამდენიმე ლარით, რადგან მწეველი ადამიანი ყოველთვის იყიდის სიგარეტს.
მოკლედ რომ აგიხსნათ, თუ რა არის ნიკოტინი და რა ზიანი მოაქვს მას.