სადილის დროს ყველა ტელეფონში იყურებს, ცალი ხელით ჭამენ, ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ამას მოჰყვება სოციალიზაციის სერიოზული პრობლემა…“
ბავშვების 30%-ს მეტყველების პრობლემა აქვს! – გაჯეტების ზემოქმედება ტვინზე
ტელევიზორთან ჯდომის დროს ბავშვი ჰიპნოზშია, ცივი ლურჯი შუქის ჰიპნოზში, ასეთი ჰიპნოზური მდგომარეობა ბავშვს ართმევს სულიერ სიმდიდრეს
ბავშვი და კომპიუტერი
სტატიის ავტორი:ლია ბუღაძე, ექიმი-პედიატრი
როგორ ფიქრობთ ვისი სისუსტეა, თუ გნებავთ უფრო კატეგორიული ვიქნები და ვიტყვი: ვისი ბრალია, როდესაც ბავშვი თავისი დღის უმეტეს ნაწილს ტელევიზორთან და კომპიუტერთან ატარებს?! ან კი ფიქრობთ, რომ ეს რაიმე დანაშაულია?! ბევრი მშობელი ფიქრობს რომ ტექნიკის ადრეულ ასაკში ათვისება ბავშვის ადრეულ განვითარებას უწყობს ხელს. უფროსებს ყოველთვის აქვთ დროის დეფიციტი, მათ ეჩქარებათ რომ მათი პატარა სწრაფად დაეუფლოს სხვადასხვა ცოდნებს და მალე გაიზარდოს, არადა თითოეულ ბავშვს თავისი განვითარების ინდივიდუალური ტემპი აქვს. მათ არ ჭირდებათ დაჩქარება, მათ მხარდაჭერა ჭირდებათ. მათ წინ კი არ არის საჭირო სიარული, არამედ უკან, რათა წაბორძიკების შემთხვევაში სწრაფად შევაშველოთ ხელი(როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მნიშვნელობით). მოუსმინეთ მათ და ნუ ეცდებით უხეშად თავს მოახვიოთ თქვენი აზრი. ჩვენ დავემსგავსოთ მათ და არა ისინი დავიმსგავსოთ ჩვენ. ცოცხალი კავშირები მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ვერანაირი ტექნიკა ვერ შეცვლის იმ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს მშობლებსა და შვილებს შორის. არანაირი ტელევიზორი და კომპიუტერი ვერ დაინახავს ბავშვის ღიმილს, სიხარულს, ტკივილს, ცრემლებს, შიშს და ვერ გახდება მისი განცდების თანაზიარი.
ეს მხოლოდ დედას და მამას შეუძლია! უფროსებისთვის ცხოვრების ტემპი დაჩქარებულია, მას სულ ეჩქარება, გადაღლილია, სამსახურშია, სახლია დასალაგებელი, სადილი მოსამზადებელი, ხშირად მსმენია დედისგან: სად მაქვს მაგის ნერვები დავუჯდე და ავუხსნა ან რაიმე ვუამბოო. არადა ასეთი მცირედი ინვესტიცია გაღებული საკუთარი ბავშვისთვის მომავალში ძალიან დიდ მოგებას მოუტანს ყველას, არა მარტო კონკრეტულ ოჯახს, არამედ ქვეყანასაც. განიცადეთ, შვილებთან ურთიერთობის უდიდესი სიამოვნება და ამით ისინიც გააძლიერეთ!!!
რა უნდა ვიცოდეთ ინფორმირებული თანხმობის მიღებაზე გადაუდებელი აუცილებლობის დროს – თქვენს სამედიცინო უფლებებს სამართლის დოქტორი, ნინო ლიპარტია გაგაცნობთ

《შენი უფლებების》ფარგლებში გთავაზობთ ნინო ლიპარტიას სტატიას, რომელიც გახლავთ ადვოკატი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” თავმჯდომარე.
წინა სტატიაში ნინო ლიპარტია განმარტავდა, რას ნიშნავს ინფორმირებული თანხმობა მედიცინაში.
ახლა კი განგიმარტავთ იმას, თუ რა უნდა ვიცოდეთ ინფორმირებული თანხმობის მიღებაზე გადაუდებელი აუცილებლობის დროს:

“პაციენტის ნების გათვალისწინება სამედიცინო მომსახურების გამწევის ვალდებულებაა. ექიმი ვალდებულია, აუხსნას პაციენტს ჩარევის ყველა ასპექტი, ოპერაციის განმავლობაში მოსალოდნელი ყველა, მათ შორის წინასწარ განჭვრეტადი გართულება. პაციენტის ჯანმრთელოობის მდგომაროების გათვალისწინებით, შესაძლოა, ვერ მოხდეს ინფორმაციის მიწოდება და მისგან თანხმობის მიღება.
გადაუდებელი სამედიცინო ჩარევისას არ არის აუცილებელი ინფორმირებული თანხმობის არსებობა. ასეთ შემთხვევაში, ექიმი ვალდებულია, იმოქმედოს პაციენტის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით და ივარაუდება, რომ პაციენტის მხრიდან თანხმობა გაცხადებულია.
ეს წესი გამოიყენება ყველა პაციენტის მიმართ ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად. ასეთ შემთხვევაში არსებობს „ნაგულისხმევი“ თანხმობა.
განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება საკმარისად იქნეს მიჩნეული მხოლოდ მოკლე სახის ინფორმაციის მიწოდება, ხოლო, გამონაკლის შემთხვევაში, სამედიცინო დახმარების მიღებამდე მინიმალური ინფორმაციის მიწოდება გახდეს შეუძლებელი.
ასეთ შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება წარმოიშობა შემდგომი ინტერვენციების დროს. რა მიიჩნევა გადაუდებელ აუცილებლობად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განიმარტოს. „ნაგულისხმევი“ თანხმობის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო ვერ მიიღო ინფორმირებული თანხმობა. გადაუდებელია მდგომარეობა, როდესაც არსებობს პაციენტის გარდაცვალების ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური საფრთხე.

მკურნალობის სწრაფი სურვილი არ არის იგივე, რაც გადაუდებელი დახმარება. თუ თანხმობის მიღების გამო მკურნალობის დაგვიანება პაციენტისათვის არ ზრდის საფრთხეს, ასეთი გარემოება არ განიხილება როგორც გადაუდებელი. ასეთ შემთხვევაში, თანხმობის გარეშე მკურნალობა არ იქნება გამართლებული.
ოპერაციის მიმდინარეობისას გართულების ან ახალაღმოჩენილი გარემოებების გამო შეიძლება აუცილებელი გახდეს წინასწარ დადგენილი მკურნალობის ან ჩარევის შეცვლა. ასეთ შემთხვევაში, თუ ნამდვილი გადაუდებელი შემთხვევა არ არსებობს, დაწყებული ოპერაცია უნდა დასრულდეს და პაციენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ახალი ჩარევის შესახებ.
ხშირ შემთხვევაში ჩარევის შესახებ ინფორმირებული თანხმობის ტექსტი ითვალისწინებს წინასწარ ნებართვას ოპერაციის მიმდინარეობისას აუცილებლობით გამოწვეული ჩარევის ჩატარების შესახებ. აშშ-ის ჯორჯიის შტატის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ პაციენტის თანხმობით ჩატარდა საკეისრო კვეთა. ოპერაციის მიმდინარეობის დროს მეან-გინეკოლოგმა აღმოაჩინა საკმაოდ დიდი ზომის სიმსივნე, რომლითაც დაფარული იყო მარჯვენა საკვერცხე და მიკრული იყო საშვილოსნოზე. ექიმმა ამოკვეთა სიმსივნე, მაგრამ ამან გამოიწვია სისხლდენა საშვილოსნოდან. ექიმის მოსაზრებით, სისხლდენა საშიში იყო პაციენტის სიცოცხლისათვის და საჭიროდ ჩათვალა ჰისტერექტომია. (საშვილოსნოს ამოკვეთა) პაციენტის ქმარი ინფორმირებული იყო ამ ვითარების შესახებ, თუმცა მისთვის თანხმობა არ მოუთხოვიათ.

სასამართლომ ქირურგის მოქმედება დარღვევად არ მიიჩნია, ვინაიდან პაციენტის მიერ „ნაგულისხმევი“ თანხმობის მოქმედების საფუძველზე ექიმის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება სწორი იყო.
ადამიანის ევროპული სასამართლოს პრაქტიკის (კსომა რუმინეთის წინააღმდეგ (Csoma v. Romania), 2013 წლის 15 იანვარი) შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, ჩარევა მიჩნეულია დარღვევად. სასამართლო ავალდებულებს სახელმწიფოებს, შექმნან შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტისათვის უფლების დაცვის გარანტიების დადგენას. საქმეში – კსომა რუმინეთის წინააღმდეგ (Csoma v. Romania) დადგინდა, რომ რუმინეთის კანონმდებლობით განსაზღვრული იყო ექიმის ვალდებულება ჩარევამდე წინასწარი თანხმობის მიღების აუცილებლობის შესახებ. აღმოჩნდა, რომ 16 კვირის ორსულ ქალს ნაყოფის ჰიდროცეფალიის გამო გაუკეთეს აბორტი, სადაც სისხლდენის განვითარების შედეგად აუცილებელი გახდა ჰისტეროქტომია. ექიმს პაციენტისათვის არ განუმარტავს ჩარევის აუცილებლობისა და შედეგების შესახებ, ხოლო ოპერაცია პაციენტის წერილობითი თანხმობის გარეშე ჩატარდა. სასამართლომ განმარტა, რომ „მნიშვნელოვანი ჩარევის“ დროს პაციენტის თანხმობის არარსებობით დაირღვა ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც ასეთ შემთხვევაში წერილობითი თანხმობის აუცილებლობას ითვალისწინებდა.
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნაგულისხმევ თანხმობას ითვალისწინებს პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონი.
კერძოდ, თუ მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას, რის გარეშეც გარდაუვალია მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, მაგრამ პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოძებნა ვერ ხერხდება, სამედიცინო მომსახურების გამწევი გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.
თუ პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი სამედიცინო მომსახურების გაწევის წინააღმდეგია, გადაწყვეტილებას იღებს მომსახურების გამწევი, პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დარღვევად არ იქნა მიჩნეული ინფორმირებული თანხმობის გარეშე პაციენტისათვის ფეხის ამპუტაცია. მოსარჩელე ავტოავარიაში დაზიანების შემდგომ გადაიყვანეს კლინიკაში. დადგინდა, რომ იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, იყო შოკში და თანმხლები პირები არ ჰყავდა. კლინიკამ მიიღო გადაწყვეტილება კიდურის ამპუტაციის შესახებ, პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით.
სამედიცინო დასკვნის მიხედვით, კიდურის ყველა დაზიანება, ერთად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ პაციენტმა სხეულის დაზიანება მიიღო, ან მისი ჯანმრთელობა დაზიანდა კლინიკის მიერ გაწეული არასწორი სამედიცინო მომსახურების შედეგად. ინფორმირებული თანხმობის არარსებობა სასამართლოს დარღვევად არ მიუჩნევია.
გადაუდებელი შემთხვევის დროს ინფორმირებული თანხმობის მიღება სავალდებულო არ არის. ჩარევის განმახორციელებელი პირი გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი შეხედულებისამებრ, თუმცა პაციენტის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად. დავის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას ეკისრება ნაგულისხმევი თანხმობის მიღების წინაპირობებისა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების მტკიცების ტვირთი.”
კვლევა – სისხლის მოძრავმა უჯრედებმა, რომლებიც „ნადირობენ და ანადგურებენ“ კიბოს, შეიძლება შეაჩერონ დაავადების გავრცელება
მოძრავი სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ნადირობენ კიბოს სხეულის სხვადასხვა ნაწილში, შეიძლება იყოს გასაღები სიმსივნეების გავრცელებაში.
ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმუნური სისტემის ზოგიერთ B უჯრედს ახსოვს, თუ როგორ უნდა ამოიცნოს კიბოს უჯრედები და „მოგზაურობს“ სხეულში მათი პოვნისა და განადგურების მიზნით.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათ შეუძლიათ გაამრავლონ ეს სუპერუჯრედები ლაბორატორიაში და შემდეგ გაუკეთონ ისინი პაციენტს, რათა სხეულმა შეძლოს და გამოიმუშაოს უნარი, ბუნებრივად ებრძოლოს კიბოს.
კვლევის ავტორმა კიბოს კვლევის ინსტიტუტიდან, თქვა: „როდესაც კიბო სხეულის სხვა ნაწილებზე ვრცელდება, ხშირად უფრო რთულია მისი მკურნალობა. ჩვენი კვლევა ცხადყოფს, რომ იმუნური პასუხი არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ადგილით, სადაც თავდაპირველად სიმსივნე ჩნდება.
ჩვენ მიერ შემუშავებული ინსტრუმენტი საშუალებას მოგვცემს გავადიდოთ და ამოვიცნოთ B უჯრედები, რომლებმაც ამოიცნეს კიბოს უჯრედები, ისევე როგორც ანტისხეულები, რომლებსაც ისინი აწარმოებენ. ეს საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ ანტისხეულებით მკურნალობა“.
ასევე, პროფესორმა კრისტიან ჰელინმა, ICR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თქვა: „იმუნოთერაპიამ შეცვალა პერსპექტივა სხვადასხვა სიმსივნის მიმართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი მაინც მუშაობს მხოლოდ პაციენტების უმცირესობისთვის. ჩვენ გვჭირდება მეტი გაგება, თუ როგორ იცავს იმუნური სისტემა ორგანიზმს კიბოსგან.
კვლევების უმეტესობა ფოკუსირებულია T უჯრედების როლზე, მაგრამ ეს კვლევა გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას B უჯრედების როლზე. ამით შეიძლება განვითარდეს თერაპიები, რომლებიც ბევრად მეტ ადამიანში იმუშავებს, ვიდრე არსებული იმუნოთერაპიის უმეტესობა“.
რა ემტერება ბავშვის თვალს
თუ შევამჩნიეთ, რომ პატარა ონავარს თვალები შეუწითლდა, ექავება და, თითქოს წებო ჩააწვეთესო, გახელა უჭირს, უნდა ვიფიქროთ, რომ ბრალი კონიუნქტივიტს მიუძღვის. კონიუნქტივა თვალის ლორწოვანი გარსია, რომელიც თვალის კაკალსაც ეკვრის და ქუთუთოების შიგნითა ზედაპირსაც. სწორედ მისი გაღიზიანების შედეგად ვითარდება კონიუნქტივიტი – თვალის ლორწოვანი გარსის ანთება. კონიუნქტივის მთავარი მტრები ვირუსები, ბაქტერიები და ალერგიული ნივთიერებები ანუ ალერგენები არიან.
ვირუსული კონიუნქტივიტის შესახებ
თვალის ლორწოვანი გარსის ანთებას ყველაზე ხშირად ვირუსი იწვევს. ამ დროს პაწიას თვალიდან მოთეთრო გამონადენი და გაძლიერებული ცრემლდენა აღენიშნება. თხევადი გამონადენი მალე შრება და თვალის კუთხეებში შემაწუხებელ ფირფიტებს წარმოქმნის. მათ მოსაცილებლად პაწია თვალებს ისრესს, რაც სრულებით არ არის სასურველი.
ვირუსული კონიუნქტივიტი უმეტესად მწვავედ, ერთბაშად იწყება. ბავშვს ტემპერატურა უწევს, ყურების ქვეშ ლიმფური ჯირკვლები უსივდება, ზოგჯერ ქუთუთოებიც უშუპდება, თითქმის ყოველთვის უვითარდება სინათლის შიში და ძლიერი ცრემლდენა.
ბავშვის თვალებს ყველაზე მეტად ადენოვირუსული ინფექცია ემტერება, რომლის დროსაც სიწითლე ჯერ ცალ თვალზე ჩნდება, მერე კი მეორეზეც გადადის. ხშირია ჰერპესული კონიუნქტივიტიც, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი, რომელსაც ტუჩზე ჰერპესული გამონაყარი აქვს, პაწიას ხშირად ეალერსება.
ჰერპესული გამონაყარის არსებობისას, ვიდრე ვირუსით სავსე ბუშტუკი არ გაქრება, პაწიასთან კონტაქტი დედასაც კი ეკრძალება, ხოლო თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, დედიკოს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა მოუწევს: ხელები ხშირად უნდა იბანოს, არამც და არამც არ უნდა შეეხოს გამონაყარს და პაწიას ბუშტუკის გაქრობამდე არ აკოცოს.
კონიუნქტივიტი წითელასა და ჩუტყვავილას დროსაც ვითარდება. ბავშვს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, როდესაც ჩუტყვავილასთვის დამახასიათებელი ბუშტუკოვანი გამონაყარი თვალის სიახლოვეს აქვს – შესაძლოა, პატარა ონავარმა მოქავებისას ბუშტუკი გახეთქოს და მისი შიგთავსი თვალის ლორწოვანზე მოხვდეს, რაც კონიუნქტივიტს უფრო მეტად დაამძიმებს.
თუ “ბატონების” დროს ბავშვს კონიუნქტივა შეუწითლდა და ცრემლდენამ შეაწუხა, დაუშალეთ თვალის ხელით შეხება და, მით უმეტეს, მოსრესა, ექიმის დანიშნულებით ჩააწვეთეთ ანტისეპტიკური და ადგილობრივი იმუნიტეტის გამაძლიერებელი წვეთები.
ბაქტერიები გვიტევენ
ბაქტერიული წარმოშობის კონიუნქტივიტის დროს გამონადენი მოყვითალოა, უფრო ბლანტი და მწებარე – შეწებებული ქუთუთოების გამო პაწიებს დილაობით თვალების გახელა უჭირთ. გამონადენი სწრაფად ხმება და თვალის კუთხეებში ლაგდება, რაც ძლიერ შემააწუხებელია. პათოლოგიური პროცესი, ისევე, როგორც ვირუსული (უპირატესად კი – ადენოვირუსული) კონიუნქტივიტის შემთხვევაში, ცალი თვალიდან იწყება და მეორეზე გადადის.
ხშირად ვირუსული კონიუნქტივიტი ბაქტერიულით რთულდება. ასეთი რამ უმეტესად მაშინ ხდება, როდესაც ვირუსებით დასახლებულ ლორწოვან გარსს პაწია ხელით ისრესს. ბაქტერიული გართულების თავიდან ასაცილებლად ექიმი ხშირად ანტიბიოტიკის წვეთებს ნიშნავს.
დაიხსომეთ: განურჩევლად იმისა, კონიუნქტივიტი ვირუსმა გამოიწვია თუ ბაქტერიამ, ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა მეტად მნიშვნელოვანია. ინფექციური კონიუნქტივიტი, როგორი წარმოშობისაც არ უნდა იყოს, ძლიერ გადამდებია.
სიტყვა ეძლევა ალერგიას
ალერგიის პირველი ნიშნები ხშირად თვალების შეწითლება, ქავილი და გაძლიერებული ცრემლდენაა. პათოლოგიური პროცესი ორივე თვალს ერთდროულად მოიცავს და, წესისამებრ, 5-დან 14 დღემდე გრძელდება.
ალერგიული კონიუნქტივიტის დროს აუცილებელია, გავარკვიოთ, რა უღიზიანებს პაწიას თვალებს. ყველაზე გავრცელებული ალერგენებია ნამწვით გაჯერებული ჰაერი, ზოგიერთი მცენარის მტვერი და მედიკამენტი, ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი, ბუმბული, კოსმეტიკური საშუალებანი, პარფიუმერია. თუ ვიცით, რის გამო უცრემლიანდება და უწითლდება პატარას თვალები, ამ ალერგენს უნდა მოვარიდოთ.
ალერგენთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში პათოლოგიური პროცესი ხანგრძლივდება და შესაძლოა, ქრონიკული კონიუნქტივიტიც კი ჩამოყალიბდეს. ამ შემთხვევაში ბავშვს დროდადრო აწუხებს თვალებში ქვიშის შეგრძნება, რომელიც თავისთავად გაივლის და რამდენიმე ხნის შემდეგ ხელახლა იჩენს თავს. ეს სიმპტომი უყურადღებოდ არამც და არამც არ უნდა დაგრჩეთ – “ჩვეული” დისკომფორტი დროთა განმავლობაში შესაძლოა მხედველობის პრობლემის მიზეზად იქცეს.
საშინაო ოფთალმოკაბინეტი
თვალის თანამედროვე წვეთები პიპეტიან ბოთლებში ასხია, მაგრამ შესაძლოა, ჩვეულებრივ ბოთლში ჩასხმულიც შეგხვდეთ. ასეთ შემთხვევაში თავად მოგიწევთ პიპეტის ყიდვა და წამლის დიდი სიფრთხილით ჩაწვეთება.
გამოყენებამდე პიპეტს სტერილიზაცია ჩაუტარეთ (5-10 წუთს ადუღეთ). ჩაწვეთების შემდეგ შუშის ნაწილი (და არამც და არამც – რეზინის) ბორის მჟავას სააფთიაქო ხსნარში ჩაძირეთ და თავზე დოლბანდი გადააფარეთ. ასე მოიქეცით, ვიდრე წვეთებით მკურნალობას არ დაასრულებთ. შემდეგ პიპეტი გულდასმით გარეცხეთ და კარადაში შეინახეთ.
ჩაწვეთების წინ თვალის წვეთების ბოთლი 3-5 წუთის განმავლობაში ხელში შეათბეთ. ბავშვი სკამზე დასვით და სთხოვეთ, არ გაინძრეს. თუ მეტისმეტად პატარაა, ოჯახის რომელიმე წევრს სთხოვეთ, ხელები დაუჭიროს. შემდეგ უთხარით პაწიას, ჭერში აიხედოს, მარცხენა ხელით ქვედა ქუთუთო გამოუწიეთ, მარჯვენათი კი წამალი ჩააწვეთეთ.
დაიხსომეთ: მკურნალობამ შედეგი რომ გამოიღოს, ერთი წვეთიც საკმარისია, ამიტომ მეტისმეტად ნუ გაირჯებით და რამდენიმე წვეთს ერთბაშად ნუ ჩააწვეთებთ. ასე ალერგიულ რეაქციასაც გადაურჩებით და პრეპარატის უყაირათო ხარჯვასაც. ჩაწვეთებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ და პიპეტის თავი თვალის ლორწოვანს არ მიადოთ. ასე ინფიცირებას აიცილებთ თავიდან. პროცედურის დასრულების შემდეგ სთხოვეთ ბავშვს, 1-2 წუთს თვალი არ დაახამხამოს. შემდეგ, როცა თვალს დახუჭავს, ჭარბი წამალი რბილი ერთჯერადი ხელსახოცით მოსწმინდეთ.
თუ ექიმმა ბავშვს თვალის კრემი ან საცხი გამოუწერა, ასე მოიქეცით: საგულდაგულოდ დაბანილი ხელით პაწიას ქვედა ქუთუთო ჩამოუწიეთ და მის შუა ნაწილში წამლის ძალიან მცირე ულუფა ჩაუდეთ. იგივე პროცედურა ჩაატარეთ მეორე თვალზე და შემდეგ ბავშვს თვალების დახუჭვა სთხოვეთ. ქაღალდის სუფთა ერთჯერადი ხელსახოცით მსუბუქად დააწექით ქუთუთოს და მალამო ფრთხილად შეაზილეთ დახუჭულ თვალში. ასე წამალი მაქსიმალურად გადანაწილდება თვალის ლორწოვანზე.
სასარგებლო ოფთალმორჩევები
მკურნალობაზე უკვე გესაუბრეთ. ახლა, მოდი, გავარკვიოთ, როგორ მოვუაროთ კონიუნქტივიტიან პაწიას:
– მოარიდეთ ბავშვი ძლიერ მხედველობით დატვირთვას. ტელევიზორის ყურება, კომპიუტერთან თამაში, კითხვა და, მით უმეტეს, კითხვის სწავლება, ასევე – თავსატეხების აწყობა დროებით გადადეთ.
– თუ ბავშვი სათვალეს ატარებს, ნუ მოახსნევინებთ – უსათვალოდ მხედველობა დაეძაბება, ეს კი ლორწოვანის ანთებას უფრო მეტად გაამწვავებს.
– ბავშვი მხოლოდ ჩრდილში ასეირნეთ, მზის გულზე თამაში დაუშალეთ, თავზე კი კეპი ან პანამა დაახურეთ – მზის სხივები მტკივან თვალებს მეტისმეტად გაუღიზიანებს.
– თვალების ქავილისა და ქვიშის ჩაცვენის სიმპტომისგან გასათავისუფლებლად ადგილობრივ საფენებს გირჩევთ. ცივ (ოღონდ არა ყინულოვან) სუფთა წყალში დაასველეთ ბამბის ორი ფთილა და ბავშვს დახუჭულ თვალებზე დააწყვეთ. საფენები გათბობამდე გააჩერეთ. თუ ქავილმა არ იკლო, რამდენიმეჯერ გაიმეორეთ.
– ადენოვირუსული კონიუნქტივიტის დროს ბავშვს დახუჭულ თვალებზე 15-20 წუთით დააფინეთ მწვანე ვაშლის, კიტრის ან კატროფილის ახალგამოწურულ წვენში დასველებული ბამბის ფთილა.
– ზედმიწევნით დაიცავით ჰიგიენა. პროცედურების წინ ხელები დაიბანეთ. ბავშვს პირსახოცი ყოველდღე უცვალეთ.
წყარო: ჟურნალი “ავერსი”
ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებას, რომელსაც „ევროპა აქტივის” აკრედიტაციის მიღება სურს და ამჟამად მის სტანდარტებს…
ევროპა აქტივი EQF 4 დონის პილატესის ინსტრუქტორის სტანდარტებს ანახლებს
„ევროპა აქტივმა” პილატესის მასწავლებლის პროფესიული როლის სტანდარტები განიხილა და განაახლა. განხილვა ჩაატარა ტექნიკურმა ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც „ევროპა აქტივის” პროფესიული სტანდარტების კომიტეტმა შექმნა და პილატესის ეროვნული ფედერაციების, პილატეს ასოციაციებისა და სასწავლო სკოლების ექსპერტებისგან შედგებოდა. შემდეგ, სტანდარტების შესახებ ინდუსტრიის გარე კონსულტაციები შედგა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს პროექტზე უკუკავშირის მიცემის საშუალება ჰქონდათ.
ცოდნისა და უნარების მოთხოვნების თვალსაზრისით, სტანდარტები ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩოს (EQF) მე-4 დონეზე რჩება. თუმცა, უფრო მარტივად გაგებისა და გამოყენების მიზნით, სტანდარტები ასოცირებული სწავლის შედეგებითა და შეფასების კრიტერიუმებით სასწავლო ერთეულების სერიებად არის წარმოდგენილი. ამჟამად აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ შეთავაზებული პილატესის ინსტრუქტორის კურსები ყველა ამ ერთეულსა და თითოეულის მოთხოვნას შეესაბამება. ანალოგიურად, ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებას, რომელსაც „ევროპა აქტივის” აკრედიტაციის მიღება სურს და ამჟამად მის სტანდარტებს ეწინააღმდეგება, განახლებული სტანდარტების მოთხოვნების შესრულება მოუწევს.
ახალი კვლევის თანახმად, მსხვილი ნაწლავის კიბოს დადგენა სისხლის ანალიზით იქნება შესაძლებელი
ახალი კვლევის თანახმად, 2024 წელს დაამტკიცებენ სისხლის ტესტს, რომელიც შეამოწმებს კოლორექტალურ (მსხვილი ნაწლავის) კიბოს.
დასკვნებმა, რომელიც გამოქვეყნდა New England Journal of Medicine-ში, დაადგინა, რომ სისხლის ტესტი ძალზე ეფექტური იყო კოლორექტალური კიბოს აღმოჩენაში. თუმცა ეს არ ჩაანაცვლებს კოლონოსკოპიას.
კვლევაში მონაწილეობდა 7861 ადამიანი შეერთებული შტატებიდან, რომლებსაც ჩაუტარდათ როგორც კოლონოსკოპია – სამედიცინო პროცედურა, ასევე სისხლის ტესტი.
კვლევის თანახმად, სისხლის ანალიზმა დააფიქსირა კოლონოსკოპიით აღმოჩენილი კიბოს 83%, მაგრამ გამოტოვა 17%. იმავდროულად, იმ პირთა 10%-ისთვის, რომელთა კოლონოსკოპიის შედეგებმა ვერაფერი იპოვა, სისხლის ანალიზმა დაადგინა, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს მსხვილი ნაწლავის კიბოს.
ამჟამად, Shield სისხლის ტესტი უკვე იყიდება აშშ-ში 895 დოლარად. ის ასევე არ არის დამტკიცებული სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ. Guardant Health მოელის, რომ გადაწყვეტილება მიიღება ამ წლის ბოლოს. თუ სისხლის ტესტი დამტკიცებული იქნება FDA-ს მიერ, ის ჩატარდება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, 45 წლის ასაკიდან.
აღსანიშნავია, რომ მსხვილი ნაწლავის კიბოს სიმპტომებით და რისკ-ფაქტორებით ჯერ კიდევ დასჭირდებათ კოლონოსკოპია.
კიბოს სიკვდილიანობის მიხედვით, კოლორექტალური კიბო მეორე წამყვანი მიზეზია აშშ-ში და მესამე მსოფლიოში. კოლორექტალური კიბოს სკრინინგი რეკომენდებულია 45 წლის ასაკიდან.
ჩუტყვავილას ახალი ფორმა, რომელიც შესაძლოა, უფრო საშიში იყოს, უფრო ადვილად გავრცელდეს
კონგო ცდილობს შეაჩეროს ჩუტყვავილას ეპიდემია. მეცნიერთა თქმით, დაავადების ახალი ფორმა შეიძლება უფრო ადვილად გავრცელდეს ადამიანებში. ამის შესახებ Independent წერს .
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კონგოს იანვრიდან მოყოლებული 4500-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა აქვს დაფიქსირებული, აქედან თითქმის 300 დაიღუპა. ასეთი მონაცემები სამჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კონგომ ასევე გამოაცხადა დაავადება ქვეყნის მასშტაბით ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად.
კვლევის წამყვანმა ავტორმა განაცხადა, რომ „ჩუტყვავილას განვითარების ახალ ეტაპზე ვართ“. მისივე თქმით, ამ კვლევის შედეგები მალე ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდება.
ამავდროულად, მკვლევარმა აღნიშნა, რომ პაციენტების უმეტესობის მიერ მოხსენებული დაზიანებები მსუბუქია და განლაგებულია სასქესო ორგანოებზე, რაც ართულებს დაავადების დიაგნოზს. აფრიკაში წინა ეპიდემიების დროს, დაზიანებები ჩვეულებრივ აღმოჩენილი იყო მკერდზე, ხელებსა და ფეხებზე. მან დასძინა, რომ ახალ ფორმას სავარაუდოდ აქვს უფრო დაბალი სიკვდილიანობა.
მბალა-კინგბენმა აღნიშნა, რომ კონგოში ჩუტყვავილას მქონე ადამიანების ნახევარზე ნაკლები ტესტირება ხდება.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ ადამიანების უმეტესობა ინფიცირდება სქესობრივი კონტაქტით.
ცნობილია ჩუტყვავილას ორი სახეობის არსებობა, რომლებიც დაკავშირებულია ჩუტყვავილასთან და ენდემურია ცენტრალური და დასავლეთ აფრიკაში. პირველი ტიპი უფრო მძიმეა და შეიძლება ფატალური იყოს ინფიცირებულთა დაახლოებით 10%-ში. 2022 წელს დაფიქსირდა ტიპი 2 დაავადება, სადაც ინფიცირებულთა 99% გადარჩა.
მბალა-კინგბენი და მისი კოლეგები აცხადებენ, რომ მათ აღმოაჩინეს ახალი ტიპის 1 ვარიანტი, რომელიც შეიძლება იყოს პასუხისმგებელი 240-ზე მეტი შემთხვევაზე. ესენი არიან მიგრანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც მიემგზავრებიან აფრიკის სხვა ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთ.
„ეს მიგვანიშნებს, რომ ვირუსი ადაპტირდება ადამიანებში ეფექტურად გავრცელებისთვის და შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ სერიოზული ეპიდემიები,” – გააფრთხილა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ჩუტყვავილას ეპიდემიები დასავლეთში ვაქცინებისა და მკურნალობის წყალობით იქნა შეკავებული, კონგოში ცოტა რამ იყო ხელმისაწვდომი. ოფიციალური პირები ახლა აწარმოებენ მოლაპარაკებებს დონორ ქვეყნებთან, როგორიცაა იაპონია, რათა შეიძინონ ვაქცინები.
ნაწლავის მიკრობიოტა – როგორ გავუძლიეროთ ჩვილს იმუნიტეტი
დაბადების ტიპის გავლენა ჩვილის ნაწლავის მიკრობიოტის შემადგენლობაზე
იმუნიტეტი. სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული ადამიანის ორგანიზმის ჰარმონიული ფუნქციონირება. იმუნური სისტემა დაბადების პირველივე წუთებიდან ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას – პათოგენებისგან დაცვას. ეს მისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან დაბადების მომენტში ის ჯერ კიდევ არაა სრულად მომწიფებული და ბავშვის სიცოცხლის პირველი 1000 დღის განმავლობაში ხდება იმუნიტეტის განსაკუთრებით ინტენსიური განვითარება. ნაწლავის მიკრობიოტას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმუნიტეტის ფორმირებისთვის. გაიგეთ, რა ფაქტორები მოქმედებენ მიკრობიოტის შემადგენლობაზე, როდის და როგორ ვითარდება ის და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში ბიფიდობაქტერიებს.
ნაწლავის მიკრობიოტა – რა არის ეს?
იმუნიტეტის განვითარება, რომელიც მთელი ორგანიზმის მომწიფების ძირითადი პროცესია, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ადრეულ ბავშვობაში და შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 12 წლის ასაკამდე. ნაწლავი, მიუხედავად იმისა, რომ მიეკუთვნება საჭმლის მომნელებელ სისტემას, ითვლება იმუნური სისტემის აუცილებელ კომპონენტად. ის შეიცავს სხეულის იმუნური უჯრედების 70-80%-ს, და ნაწლავის მიკრობიოტა, ანუ მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც ქმნიან საჭმლის მომნელებელ სისტემაში რთულ ეკოსისტემას, უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის განვითარების პროცესში. ნაწლავის მიკრობიოტას აქვს მრავალი ფუნქცია და მისი სასარგებლო ბაქტერიები ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას. ნაწლავის მიკრობიოტის შემადგენლობის სწორად ფორმირებას დაბადებიდან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის და ამ პროცესზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი.
როცა ახალშობილი ევლინება სამყაროს, მისი გარემო მთლიანად იცვლება – მანამდე ნაყოფი ვითარდებოდა დედის საშვილოსნოში, რომელშიც შეზღუდული იყო მიკროორგანიზმების ზემოქმედება. დაბადებისას ახალშობილი იწყებს კონტაქტს მიკროორგანიზმებთან, რომლებიც ყველგან არიან – დედის კანზე, ჰაერში, საგნებზე და ასევე გადაეცემიან სამედიცინო პერსონალისგან.
„ნაწლავის მიკრობიოტა, რომელიც გავლენას ახდენს იმუნური სისტემის მომწიფებაზე, საკვები ნივთიერებების შეწოვაზე, მეტაბოლიზმზე და პათოგენების კოლონიზაციისგან დაცვაზე, მნიშვნელოვნად მოქმედებს ორგანიზმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაზე. ახალშობილის ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირება უკიდურესად დინამიური პროცესია, რომელიც მოითხოვს გარემოს, ჰორმონული ცვლილებების, დედის ნაწლავის მიკრობიოტის, გენეტიკური ფაქტორების და იმუნური სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ფაქტორების ურთიერთქმედებას. სიცოცხლის პირველი წლები არის ყველაზე ინტენსიური ცვლილებების პერიოდი ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირებაში, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ბავშვის სიცოცხლის პირველი 1000 დღის პერიოდი (ჩასახვის მომენტიდან დათვლილი) არის მისი ჯანმრთელობის პროგრამირების დრო” – განმარტავს პროფესორი იან მაზელა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვილის ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირებაზე მიეკუთვნება:
ორსულობის ხანგრძლივობა
მშობიარობის ტიპი
დედის მიკრობიოტის შემადგენლობა
დედის და ბავშვის რაციონი
შესაძლო ჰოსპიტალიზაცია და მისი ხანგრძლივობა
გამოყენებული მედიკამენტები, მ.შ. ანტიბიოტიკთერაპია
საავადმყოფოს გარემო
დაბადების ტიპი და ჩვილის ნაწლავის მიკრობიოტა
ბუნებრივი გზით დაბადებული ჩვილი იღებს დამატებით მხარდაჭერას მისი იმუნური სისტემისთვის. ბუნებრივი მშობიარობის დროს მას პირველი უშუალო კონტაქტი აქვს დედის მიკრობიოტასთან, რის წყალობითაც მისი ნაწლავის მიკრობიოტა მდიდრდება ბაქტერიებით როგორც დედის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ასევე სამშობიარო გზებიდან. სწორედ დედის ნაწლავის მიკრობიოტა წარმოადგენს მიკროორგანიზმების ძირითად წყაროს, რომლებიც სახლდებიან ახალშობილის და ერთ ერთი პირველი სასარგებლო ბაქტერიები, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროცესში, არიან Bიფიდობაცტერიუმ-ის გვარის წარმომადგენლები. ისინი ითვლებიან ბაქტერიების ტიპად, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირებაში ადრეულ ბავშვობაში.
„კვლევამ აჩვენა, რომ დაბადების ტიპი მნიშვნელოვნად მოქმედებს როგორც ნაწლავის კოლონიზაციაზე, ასევე ახალშობილის სხეულის სხვა ეკოლოგიურ ნიშებზე.
ვაგინალურად დაბადებული ჩვილების შემთხვევაში ის შეესაბამება იმას, რაცაა დედის სასქესო გზებსა და ნაწლავში, ხოლო საკეისრო კვეთით დაბადებული ახალშობილების ნაწლავის მიკრობიოტა დედის კანზე არსებულის მსგავსია. ამიტომ, როგორც ჩანს, სწორედ პრე- და პრობიოტიკების მიღებამ შეიძლება შეცვალოს ახალშობილის ნაწლავის მიკრობიოტის პროფილი ფიზიოლოგიურად დაბადებულ ახალშობილებში დაფიქსირებულის დონემდე. შტამები, რომელთა დამატებით მიწოდებამ შეიძლება გააუმჯობესოს საკეისრო კვეთით დაბადებული ჩვილების ნაწლავის მიკრობიოტის პროფილი, არის ბიფიდობაქტერიების გვარი, მათ შორის Bიფიდობაცტერიუმ ბრევე-ს სახეობა, რომელიც გამოცდილია კლინიკურ კვლევებში,” განმარტავს პროფ. იან მაზელა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვის მხარდაჭერა
თანამედროვე მეცნიერების მიღწევებმა საშუალება მისცა საკეისრო კვეთით დაბადებული ჩვილების ნაწლავის მიკრობიოტის მხარდასაჭერი მეთოდების შემუშავებას. ერთ-ერთია ბავშვის სწორი კვება დაბადების შემდეგ. ექსპერტები გვირჩევენ ახალშობილის კვებას დედის რძით, თუმცა კვლევები აჩვენებენ, რომ საკეისრო კვეთით მშობიარობამ შეიძლება გამოიწვიოს ძუძუთი კვების შეფერხება ან გაძნელება. ასეთ სიტუაციებში შეიძლება სასარგებლო იყოს ბებიაქალის ან ლაქტაციის კონსულტანტის დახმარება. თუმცა ზოგჯერ, სპეციალისტების მხარდაჭერის მიუხედავად, გამართლებული მიზეზების გამო ლაქტაციის შენარჩუნება შეუძლებელია. ასეთ სიტუაციებში პედიატრთან ერთად უნდა აირჩიოთ რძე ბიფიდობაქტერიების დამატებით, ანუ ბაქტერიების, რომლებსაც ახალშობილი დედისგან იღებს ბუნებრივი მშობიარობის დროს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ძუძუთი კვება ჩვილთა კვების ყველაზე შესაფერისი და იაფი გზაა და რეკომენდებულია ადრეული ასაკის ბავშვებისთვის მრავალფეროვან კვებასთან ერთად. დედის რძე შეიცავს ბავშვის სწორი განვითარებისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს და იცავს მას დაავადებებისა და ინფექციებისგან. ძუძუთი კვება იძლევა საუკეთესო შედეგს, როდესაც დედა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სწორად იკვებება და როდესაც გამართლებულია ბავშვის ძუძუთი კვება. კვების წესის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, დედამ კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
რა კავშირია არტერიულ წნევასა და ინსულტის განვითარებას შორის?
რა კავშირია არტერიულ წნევასა და ინსულტის განვითარებას შორის?
გადაცემაში „პირადი ექიმი“ ნევროლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე საუბრობს:
„როდესაც რომელიმე დაავადების რისკ ფაქტორსა და მის გამოვლენაზე, მის შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რადგანაც რისკის ფაქტორების სწორი აღქმა გვაძლევს საშუალებას, ვიმოქმედოთ და მძიმე დაავადების პრევენცია შევძლოთ. ამ შემთხვევაში საუბარია ინსულტზე, რომელიც მოზრდილთა ასაკის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა.
სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით,გულის კარდიალური პათოლოგიის შემდეგ, მეორე ადგილზეა. რაც შეეხება ფუნქციური უნარშეზღუდულობის გამოწვევას, ამ შემთხვევაში, უდავო „ლიდერია“.
არტერიული ჰიპერტენზია ინსულტის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ფაქტორია.
ინსულტი ორი სახის არსებობს: იშემიური, ანუ ტვინის ინფარქტი, რომელიც ტვინის მკვებავი სისხლძარღვის დახშობითაა გამოწვეული. ჰემორაგიული ინსულტი გახლავთ, რომელიც ტვინის მკვებავი სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევით ვითარდება. ორივე ფორმა ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით ჰემორაგიული ინსულტი, რომელსაც უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახასიათებს. საშუალოდ, 80% – 20%-თან თანაფარდობაა.
ორივე შემთხვევაში გვაქვს ინსულტი, გნებავთ ჰემორაგიული, გნებავთ იშემიური, რომელიც არტერიული ჰიპერტენზიის შედეგია. თუ თავად ჰიპერტენზიის ინსულტის განვითარებაზე გავლენაზე ვისაუბრებთ, მას მხოლოდ რისკის ფაქტორის როლი არ აქვს. ის ეტიოლოგიური ფაქტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ვითარდება წინაპირობები, რომლებიც შემდგომში ინსულტს იწვევს.“








