მიღებული საკვების მონელების შეფერხების შეგრძნება, გულისრევა ან ნაადრევი დანაყრება – ეს ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს კუჭის კიბოზე.
თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ამასთან, შესაბამისი სიმპტომები, შესაძლოა ასოცირებული იყოს არა კიბოსთან, არამედ კუჭ-ნაწლავის სხვა პათოლოგიასთან, მაგრამ ჯერ ყველაზე საშიში ვარიანტები უნდა გამოირიცხოს.
კუჭის კიბოს დიაგნოსტიკისთვის ექიმები მიმართავენ ფიბროგასტროდუოდენოსკოპიის მეთოდს (FGDS). ეს პროცედურა ტარდება 45 წლიდან, ხოლო 60 წელს გადაცილებულებს ყოველწლიურად ესაჭიროებათ მისი ჩატარება.
კუჭის კიბოს რისკ-ფაქტორებია: Helicobacter pylori ბაქტერიით ინფექცია, ჭარბი წონა და უმოძრაო ცხოვრების წესი, ცოცხალი ბოსტნეულის და ხილის არასაკმარისად მოხმარება და ნიტრატებით გაჯერებული საკვების მიღება.
საქართველოს სამედიცინო სექტორში მნიშვნელოვანი სიახლეა – ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის ინივიატივით, “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი”, კლინიკებში პაციენტთა ჩართულობის მიზნით, მათი გამოკითხვის პროცესს იწყებს. “შენი აზრი” – ჰქვია სისტემას, რომლის ფარგლებშიც QR კოდის მეშვეობით შეძლებთ, საკუთარი აზრი დააფიქსიროთ კონკრეტულ კლინიკაში მიღებული მომსახურების შესახებ.
Sheniekimi.ge აღნიშნული საკითხის დეტალების გასარკვევად პროფესორგიორგი ფხაკაძეს ესაუბრა:
“გვაქვს ძალიან სასიხარულო ამბავი, ვინაიდან “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი”, რომელიც არის „აკრედიტაცია კანადის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ახორციელებს 24 სამედიცინო დაწესებულების საერთაშორისო აკრედიტაციას, დღეიდან იწყებს პაციენტის გამოკითხვის სისტემას, რომელსაც ჰქვია „შენი აზრი“.
ეს უპრეცედენტო კამპანიაა და პირველად ჩვენ ვთავაზობთ არა მარტო იმ საავადმყოფოებს, რომლებიც “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით გადიან აკრედიტაციის პროცესს, არამედ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას საქართველოში.
მათ შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ და ჩაერთონ პაციენტის კმაყოფილების ერთიან კვლევაში.
ძირითადი დებულება პაციენტის კმაყოფილებისა არის ის, რომ ეს არის დამოუკიდებელი გამოკითხვა და არის 100%-ით კონფიდენციალური.
პაციენტებს შეუძლიათ ეს კითხვარი შეავსონ ტელეფონის მეშვეობით სახლში, საავადმყოფოში ან იმ ადგილას, სადაც მათთვის უფრო კომფორტულია. პაციენტს აბსოლუტურად ყველანაირად დამოუკიდებელ გარემოში, ყველანაირი ზეწოლის გარეშე, შეუძლია შეავსოს ეს კითხვარი.
ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყოველთვიურად მიღებულ ინფორმაციას მივაწვდით ამ კვლევაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს და ისინი თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გამოიყენონ აღნიშნული კვლევის შედეგები.
შეიძლება ეს გამოიყენონ შიდა ხარისხის გაუმჯობესებისათვის ან თუ გადაწყვეტენ, ეს ანგარიში გაასაჯაროონ და ჩართონ პაციენტები ამ საკითხების განხილვაში – ეს მხოლოდ ამ კლნიკების გადასაწყვეტი იქნება.
აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ აპრილში უკვე ავამოქმედეთ პაციენტთა საბჭოების სამდივნო, პროექტს ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს. მისი ძირითადი ფუნქციაა საავადმყოფოებში პაციენტთა საბჭოების მართვა და იმის გამო, რომ ამის გამოცდილება საქართველოში ჯერ არ არის, ნამდვილად რთულია…
„აკრედიტაცია კანადაში“ ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებსა და სხვა საავადმყოფოებს, სურვილისამებრ, ვთავაზობთ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი გამოკითხვის სისტემაში ან დავეხმაროთ მათ პაციენტთა საბჭოების მართვაში.
ჩვენვიყენებთუმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს, რასაც ჰქვია ინფორმაციის დაცულობა დაგადამუშავება.
ჩვენ მზად ვართ, კლინიკებს დავეხმაროთ გამოკითხვების ჩატარებაში, გამოკითხვების ანალიზების მომზადებასა და ყოველთვიურად საავადმყოფოსთვის მიწოდებაში. თუ საავადმყოფოს სურვილი ექნება, ვმართოთ პაციენტთა საბჭოები. შესაბამისად, ძალიან მოხარული ვართ, რომ ორშაბათიდან უკვე ვიწყებთ ამ პროექტს.”
პირველმა ფიტნეს აკადემიამ დაიწყო ფიტნეს ინსტრუქტორების გადამზადების ინტენსიური ტრენინგი რეგიონებში არსებულ ახალ და მოქმედ ფიტნეს კლუბებში.
ბოლო პერიოდში რეგიონებში სწრაფად ვითარდება ფიტნესის ინდუსტრია და ახალ კადრებზე მოთხოვნაც იზრდება!
პირველმა ფიტნეს აკადემიამ შეიმუშავა 60-საათიანი ინტენსიური ტრენინგი და მოიპოვა “ევროპა აქტივის“ აღიარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატები!
გარდა ამისა, კლუბები, რომლებიც თავიანთ კადრებს ამ ტრენინგზე გადაამზადებენ, საერთაშორისო პარტნიორებისა და ჩვენი აკადემიის მხრიდან მიიღებენ ხარისხის ნიშანს, რაც მათ დაეხმარებათ მომავალში ლიცენზიის მიღებაში.
დეპრესია (ძირითადი დეპრესიული აშლილობა) არის გავრცელებული და სერიოზული სამედიცინო დაავადება, რომელიც უარყოფითად აისახება იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს, როგორ ფიქრობთ და როგორ მოქმედებთ.
საბედნიეროდ, ის ასევე განკურნებადია. დეპრესია იწვევს სევდის განცდას და/ან ინტერესის დაკარგვას იმ აქტივობების მიმართ, რომლებიც ადრე გსიამოვნებდათ. ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ემოციური და ფიზიკური პრობლემები და შეამციროს თქვენი მუშაობის უნარი სამსახურში და სახლში.
საწუხაროდ დეპრესია იმ რთული დაავადებების რიცხვშია, რომელთა მკურნალობის უგულებელყოფამ შეიძლება ადამიანი სუიციდამდე ან სუიციდის მცდელობამდე მიიყვანოს.
დეპრესიის ზუსტი გამომწვევი მიზეზები დღემდე უცნობია. იგი შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანმა უარყოფითმა ცხოვრებისეულმა ცვლილებებმაც, მაგალითად, სამსახურის დაკარგვამ, განქორწინებამ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის აღმოჩენამ — განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებიც გენეტიკურად თუ სხვა მიზეზებით უკვე იყვნენ დეპრესიის მაღალი რისკის ქვეშ.
განგრძობითი სირთულეები, მაგალითად, ხანგრძლივი უმუშევრობა, ძალადობრივ ან ცივ ურთიერთობაში ყოფნა, მარტოობა ან სამსახურებრივი სტრესი ზრდის დეპრესიის რისკს. არსებობს ორი ტიპის დეპრესია:
ეგზოგენური დეპრესია – გარე ფაქტორებით გამოწვეული სტრესი, არასასიამოვნო მოვლენა და ა.შ.
ენდოგენური – ბიოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე;
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თვითმკურნალობით არ იკურნება და ასევე არაფერი სამარცხვინო არ არის თუ ამ დაავადებით ხართ დაავადებული. დეპრესია ზუსტად ისეთი დაავადებაა, როგორიცაა კუჭის წყლული, შაქრიანი დიაბეტი ან სხვა დაავადებები. შემთხვევების 70% იკურნება და ქრონიკული დეპრესიის შემთხვევაში შეიძლება მისი მართვა ისე, რომ ამ დაავადებამ იქონიოს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე ნეგატიური ზეგავლენა.
როგორ ამოვიცნოთ დეპრესია?
დეპრესიის დასადგენად არსებობს 3 ძირითადი სიმპტომი და 7 დამატებითი სიმპტომი. თუ ადამიანს ძირითადი სიმპტომებიდან და დამატებითი ორ-ორი სიმპტომი ახასიათებს და ეს სიმპტომები 2 კვირის განმავლობაში სისტემური ხასიათისაა, მაშინ სავარაუდოდ ამ ადამიანს აქვს დეპრესია.
დეპრესიის 10 სიმპტომი:
ძირითადი სიმპტომები:
სტაბილურად დაქვეითებული ხასიათი;
ანჰედონია – სიამოვნების და სიხარულის მიღების დაქვეითება;
ენერგიის დაქვეითება, ნაკლებობა, გადაწვის შეგრძნება;
დამატებითი სიმპტომები:
კონცენტრაციის უნარის დარღევა, დაქვეითება;
დაქვეითებული, დაბალი თვითშეფასება. ამ დროს ადამიანი საკუთარ მნიშვნელობას, ფასეულობას ვეღარ ხედავს, განიცდის;
დანაშაულის გადაჭარბებით აღქმა. ადამიანი ვეღარ ასხვავებს შეცდომებსა და დანაშაულს. უმნიშვნელო შეცდომასაც დანაშაულად მიიჩნევს;
მომავლის პესიმისტური ხედვა;
მადის დაქვეითება, თუმცა ატიპიური დეპრესიის დროს პირიქით მადის მომატება ხდება;
ძილის დარღვევა. უფრო ხშირად ქრონიკული ძილიანობა, თუმცა ატიპიური დეპრესიის დროს შეიძლება პირიქითაც იყოს ანუ უძილობას ჰქონდეს ადგილი;
სუიციდის ტენდენციები;
დეპრესიისთვის დამახასიათებელი გრძნობები და განცდები:
სევდა, ნაღველი;
უბედურება;
უხალისობა;
ადვილად გაღიზიანებადობა, დაძაბულობა, შფოთვა;
ემოციური გადატვირთულობა;
დანაშაულის გრძნობა;
იმედგაცრუება;
სასოწარკვეთა;
თავდაჯერების ნაკლებობა, საკუთარი მნიშვნელობის/ფასეულობის დაქვეითება;
ორჭოფობა, ეჭვი;
ყურადღების გაფანტულობა;
დეპრესიისათვის დამახასიათებელი ფიქრები:
„ვერაფერს მივაღწიე”
„უსარგებლო ვარ”
„არაფერი გამომდის”
„ჩემი ბრალია”
„უარესის ღირსიც ვარ”
„ჩემს თავს არაფერი კარგი არ ხდება”
„უაზრო, მომაბეზრებელი და უშინაარსოა სამყარო”
„არაფერი არ მაბედნიერებს”
„ეს არასდროს შეიცვლება”
„სიცოცხლეს აზრი არ აქვს”
„უჩემოდ ყველა უკეთ იქნება”
დეპრესიის ქცევითი სიმპტომები
ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან ჩამოშორება;
მუდმივად სახლში დარჩენა (სოციალური იზოლაცია);
საყვარელი აქტივობების შეწყვეტა;
სამსახურის საქმეების ან სკოლის დავალებების შეუსრულებლობა;
ალკოჰოლისა და დამამშვიდებლების იმედად ყოფნა;
დეპრესიის ფიზიკური სიმპტომები
მუდმივი დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა, გადაწვის შეგრძნება;
შეუძლოდ, ცუდად ყოფნა;
მუცლის, თავის ან კუნთების ხშირი ტკივილი
გულისრევის შეგრძნება;
ძილის პრობლემები;
მადის დაკარგვა ან ცვლილება;
წონის მნიშვნელოვანი მატება ან კლება;
როგორ გავუმკლავდეთ დეპრესიას?
აუცილებლად მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს (ფსიქიატრს, ფსიქოთერაპევტს);
დაისახეთ რეალისტური მიზნები დეპრესიის ფონზე. ძალიან ბევრს ნუ აიღებთ საკუთარ თავზე. დიდი ამოცანები დაყავით პატარა მიზნებად, დაადგინეთ პრიორიტეტები და ყურადღება გაამახვილეთ პირველხარისხოვან ამოცანებზე;
დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად, გაუზიარეთ თქვენი ემოციები და ენდეთ მათ;
აუცილებლად აკეთეთ ისეთი აქტივობები რაც სიამოვნებას განიჭებთ;
იყავით ფიზიკურად აქტიური,- ისეირნეთ, ივარჯიშეთ;
იკვებეთ ჯანსაღად და შეეცადეთ მიიღოთ მეტი ცილა და მინიმუმამდე დაიყვანოთ ნახშირწყლები;
შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ფოკუსირება მოახდინოთ სასიამოვნო, პოზიტიურ შინაარსებზე;
დეპრესია არის დაავადება, რომელიც თვითმკურნალობით არ იკურნება და შესაძლებელია თვითმკურნალობის მცდელობამ დაამძიმოს თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა. ამიტომ აუცილებელია მიმართოთ კვალიფიციურ სპეციალისტს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
უწყების ხელმძღვანელმა საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო გეგმები გააცნო.
ასევე, ისაუბრეს ელიმინაციის სტრატეგიის ასპექტებზე, გადაცემის პრევენციის გზებზე, ინფიცირებული პირების გამოვლენაზე, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებასა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე.
როგორც შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა. ინფიცირებულთა რაოდენობა, ისევე როგორც ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი, მკვეთრად არის შემცირებული.
აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები მოიწონა და საქართველოს წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება.
თავის მხრივ, მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროს სახელით ცენტრის წარმომადგენლებს, ვირუსული ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
როდის არის კვება მკურნალობის მთავარი საშუალება, რომელ პროდუქტებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად…
საუბრობს ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში”პირადი ექიმი”:
„არის განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც კვებას სამკურნალო დატვირთვა აქვს. ხშირად ვამბობთ, რომ სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში საკვები პროდუქტები პროფილაქტიკურ როლს ასრულებს. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია, ბალანსირებული კვებით ონკოლოგიური პრობლემები, ანთება, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები თავიდან ავიცილოთ. არის მდგომარეობები, როდესაც კვება დამხმარე ფუნქციას ასრულებს. შაქრიანი დიაბეტის მართვის დროს, მედიკამენტებთან ერთად, კვებას ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს.
არის შემთხვევები, როდესაც კვება პაციენტის მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთადერთი ინსტრუმენტია. მაგალითად, ბავშვების შემთხვევაში ფენილკეტონურია. კვება თუ არ გამოვასწორეთ, ბავშვის მდგომარეობაში არაფერი შეიცვლება. ნებისმიერი პროცედურა, ნებისმიერი სამკურნალო მეთოდი, დიაგნოზი შეიძლება, ადამიანის ჩვეული კვების მოდელის ცვლილების წინაპირობა გახდეს. კვება განსაზღვრავს, გვექნება თუ არა ესა თუ ის დიაგნოზი და პირიქითაც, დიაგნოზი განსაზღვრავს, როგორი იქნება ჩვენი კვების მოდელი.
თუ ადამიანს საკუთარი დაავადების გამო დისკომფორტი აქვს, უნებურად კვებას ზღუდავს. თუ პაციენტს კონკრეტული კვლევებისთვის კვების კონტროლი სჭირდება, საკვების მიღებას უნებურად ზღუდავს.
ფაქტორები შეიძლება ოპერაციული ჩარევა ან ხანგრძლივი მკურნალობა იყოს. შესაძლოა, ამან კვებაში გარკვეული შეზღუდვები გამოიწვიოს. პაციენტის კვება დიდ ყურადღებას მოითხოვს, თუ რამდენიმე სხვადასხვა ნიშანია გამოხატული. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ნიშანი მოკლე დროში შეცვლილი სხეულის მასაა. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ბოლო 3 თვის განმავლობაში ადამიანს წონა მკვეთრად შეეცვალა. ასევე თუ უკანასკნელი დღეების მანძილზე წონაში კლება თვალშისაცემია. საყურადღებოა ულუფასთან დაკავშირებული მინიშნებაც. თუ ადამიანმა მკვეთრად გაზარდა ან მკვეთრად შეამცირა მისი ჩვეული ულუფა, ან საკვების მიღების დრო შეცვალა, ყურადღება უნდა მივაქციოთ.
მარილმგრძნობიარე ჰიპერტენზიის დროს მარილით დატვირთვა ძალიან სახიფათო გადაწყვეტილებაა. ისევე, როგორც შეშუპების დროს სითხის დამატებით შეკავება. ტკბილი პროდუქტების გამოყენება, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების ხარჯზე, ეს ერთ-ერთი ყველაზე არაგონივრული გადაწყვეტილებაა, რადგანაც ფუჭი კალორიებით და არასაკმარისი საკვები ნივთიერებებით ვიტვირთებით. აღარაფერს ვამბობ თვითნებურად ცხიმით ან სხვა დანამატით დატვირთვაზე.
წყლით შევსება ეს არის ის უნივერსალური და მარტივი რეკომენდაცია, რომელიც მეტ-ნაკლებად უმრავლეს შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ, არის გამონაკლისებიც. მაგალითად, თირკმლის მდგომარეობა. ან ზოგიერთი პათოლოგია, როდესაც წყლის რაოდენობა მკაცრად უნდა ვაკონტროლოთ.
პაციენტის როლში, ადამიანისათვის ხანგრძლივად შეზღუდული კვება, როგორი დასაბუთებულიც არ უნდა იყოს, როგორი მკაცრი არჩევანითაც არ უნდა იყოს განპირობებული, არ შეიძლება, სასარგებლო იყოს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეზღუდული კვება კრიტიკულად უნდა გადაიხედოს და ეტაპობრივად ან ერთბაშად გადაიხედოს. ეს შეიძლება საფეხურებრივი შემცირება ან მკვეთრი ზიგზაგების სახით იყოს. ორგანიზმისათვის გაცილებით დამზოგავი საფეხურებრივი გაფართოებაა. შეზღუდული კვება თუნდაც სხეულის კორექციისათვის, თუნდაც სეზონურად, თუნდაც გუნება-განწყობის, რიტუალური კვების შესაბამისად, აუცილებლად კრიტიკულ შეფასებას მოითხოვს.“
ბავშვის შესაძლებლობების დაახლოებით 70% დედისგან არის გადაცემული და ისინი დიდწილად განისაზღვრება ქალის სისხლის ჯგუფის მიხედვით.
კვლევა აშშ-ს სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსებმა გამოაქვეყნეს. მათმა ნაშრომმა აჩვენა, რომ დედები, რომლებსაც აქვთ პირველი სისხლის ჯგუფი, უფრო მაღალი IQ-ის მქონე შვილებს აჩენენ.
პირველი სისხლის ჯგუფის ქალების ბავშვებს აქვთ ინტელექტის მაღალი დონე. ეს გამოწვეულია იმით, რომ ასეთი დედებისთვის უფრო რთულია დაორსულება, რაც განაპირობებს უკეთესი ხარისხის ემბრიონების ბუნებრივ შერჩევას. მათი შვილები არა მხოლოდ უფრო ჭკვიანები არიან, არამედ აქვთ უფრო ძლიერი იმუნური სისტემა და ხშირად აჩვენებენ მოტორული კოორდინაციის მაღალ დონეს და აქვთ სხვადასხვა ნიჭი, მათ შორის კრეატიულობა და ინტელექტუალური შესაძლებლობები.
მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ქალები ყველაზე ხშირად აჩენენ სპორტსმენებს, ამ ჯგუფის სისხლი ითვლება “ყველაზე ახალგაზრდა” და უიშვიათესად. სისხლის მესამე ჯგუფის მქონე დედების შთამომავლები უფრო შემოქმედებითად არიან განვითარებულნი, მათი შვილები ხშირად ხდებიან მხატვრები და პოეტები.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, 2025 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა მოეწყო. მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მომდევნო წლის პროგრამების პროექტები და სიახლეები, სამედიცინო დაწესებულებების და სერვისების განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.
გეგმის თანახმად, 2025 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 34 პროგრამას განახორციელებს. ცვლილებები იგეგმება როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით, კერძოდ:
მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში
– გენეტიკური დაავადების მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვების გენურ პროფილირებასთან (მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა) დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.
– 30 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე პირებს, პროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით, დაუფინანსდებათ სტომატოლოგიური (თერაპიული, ქირურგიული) სამედიცინო მომსახურება.
– შეიცვლება პროგრამით განსაზღვრული დაფინანსების სქემა და მოიხსნება გარკვეული შეზღუდვები.
გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში
– მოიმატებს იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ტარიფი, რომლის ღირებულება არ არის განსაზღვრული DRG მეთოდით.
ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში
– გაიზრდება იმ მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი 70 000 ლარამდე, რომელიც არ ფინანსდება მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით.
– გაიზრდება დაფინანსების წლიური თანხა 70 000 ლარამდე, ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის მოსარგებლეებისთვის, რომელთაც ამოეწურებათ შესაბამისი ლიმიტი.
მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში
– იგეგმება მოზრდილი მოსახლეობისათვის მიწოდებული სამედიცინო რეაბილიტაციის სერვისებისა და დაფინანსების მოცულობის გაზრდა.
უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის ფარგლებში
– ისარგებლებს ასევე ის წყვილი, რომელთაგან ერთ-ერთი უწყვეტად რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, ხოლო მეორე კი ვაუჩერის გაცემის მომენტისათვის მაინც.
ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამის ფარგლებში
– სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულება 3000 ლარზე მეტია წლიური შემოსავალით 40 000 ლარი და მეტი, პაციენტებს დაუფინანსდებათ პროგრამით განსაზღვრული ტარიფის 70%. ხოლო, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებს, პროგრამით განსაზღვრული ნებისმიერი მომსახურება დაუფინანსდებათ ტარიფის 100% -ით.
ცვლილებებია დაგეგმილი სახსრების ენდოპროტეზირების და ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამებშიც
– პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არის 40 000 ლარი და მეტი, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაუფინანსდებათ მოთხოვნილი თანხის 70%-ით.
გაიზრდება 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების და ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 1500 ლარამდე.
შშმ სტატუსის მქონე მშობელთა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამით
– თანხა 2000 ლარის ოდენობით გაიცემა 3 წლამდე ასაკის ბავშვის (ნაცვლად ერთ წლამდე ასაკის ბავშვისა) შშმ სტატუსის მქონე მშობელზე.
დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გაიზრდება დღიური დაფინანსების ოდენობა.
ახალი კვლევის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1974 წელს გლობალური იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამა დაიწყო, ამ თარიღიდან დღემდე, ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
პროგრამის მიზანი იყო, რომ ვაქცინები ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყველა ბავშვისთვის; მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე მუდმივად არის გამოწვევები, შედეგი აშკარად ნათელია — ბოლო 50 წელიწადში თავიდან აცილებული მილიონობით ადამიანის სიკვდილი. მათი უმეტესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია.
„აღმოვაჩინეთ, რომ ამ 50-წლიან პერიოდში, სრული სარგებლის 60 პროცენტი წითელას ვაქცინაციაზე მოდის, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა სიცოცხლეთა გადარჩენაში“, — ამბობს კვლევის ავტორი, ავსტრალიის ტელეთონის ბავშვთა ინსტიტუტის ინფექციონისტი ენდრიუ შატოკი.
შედეგები დროული შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად კარგად მუშაობს ვაქცინაცია, რაც არა მხოლოდ ვაქცინირებულებს იცავს ინფექციური დაავადებებისგან, არამედ ჩვენი საზოგადოებების ყველაზე მოწყვლად წევრებს, მათ შორის ბავშვებს, მოხუცებს და იმუნიტეტშეზღუდულ პირებს.
რამდენიმე თვის წინ, ექსპერტები იუწყებოდნენ, რომ აშშ ახლოს იყო სახიფათო გარდამტეხ წერტილთან, რომლის იქითაც ვაქცინაციის მაჩვენებელი იმდენად დაბალ ნიშნულზე ჩამოდის, რომ არავაქცინირებული ადამიანები აღარ არიან დაცული ვაქცინირებული საზოგადოების მიერ; ამან შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიანობა, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო.
ასეთივე შემაშფოთებელია გლობალური ტენდენციაც. 2021 წელს, წითელას წინააღმდეგ არ აიცრა რეკორდული რაოდენობის ბავშვი, რამაც მომდევნო წელს მთელ მსოფლიოში გამოიწვია ამ ინფექციური დაავადების მრავალი აფეთქება; მათ შორის აშშ-ში — ქვეყანაში, სადაც 2000 წელს წითელა ამოძირკვულად გამოცხადდა.
ექსპერტთა ვარაუდით, ვაქცინაციის მაჩვენებლის ასეთი მკვეთრი შემცირების მიზეზი უფრო ვაქცინებით კმაყოფილება და აპათიაა, ვიდრე ყოყმანი.
ამ პრობლემის ნაწილი შეიძლება ის იყოს, რომ როდესაც ვაქცინა დაავადების პრევენციაში მუშაობს, სულ უფრო ცოტა შემთხვევებსა და გავრცელებას ვხედავთ, რაც გვავიწყებს იმ რისკებს, რაც ვაქცინაციის ჩავარდნას აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინები საკუთარი წარმატების მსხვერპლია.
ყვავილი პირველი და ერთადერთი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ვაქცინებმა გლობალურად ამოძირკვა. ამ დაავადების ბოლო შემთხვევა მსოფლიოში 1977 წელს დაფიქსირდა.
2023 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროგრამები გარეული პოლიოვირუსის ამოძირკვის კიდეზეა ავღანეთსა და პაკისტანში — ორ ქვეყანაში, სადაც პოლიომიელიტი ჯერ კიდევ ენდემურია, მაგრამ რჩება გამოწვევები.
წლის დასაწყისში, კვლევით დადგინდა, რომ შოტლანდიაში საშვილოსნოს ყელის კიბოს არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა იმ ადამიანებში, რომლებმაც თინეიჯერობისას ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინა გაიკეთეს. შედეგად, ეს ქვეყანა ახალგაზრდა ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს ამოძირკვის გზას ადგას.
მკვლევართა დასკვნით, გლობალურად ჩვილთა სიკვდილიანობის შემცირებაში 40 პროცენტი ვაქცინაციის დამსახურებაა. წვლილის შემტან სხვა ფაქტორებს შორის არის სანიტარიის გაუმჯობესება, ჯანდაცვა და სუფთა სასმელ წყალზე წვდომა.
„გასული 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციის მიმართულებით გაწეული ძალისხმევის წყალობით, 2024 წელს, ათ წელს ქვემოთ ნებისმიერი ასაკის ბავშვს 40 პროცენტით მეტი აქვს შანსი, რომ თავის შემდეგ დაბადების დღეს შეხვდეს“, —ამბობს კვლევის ავტორი ენდრიუ შატოკი.
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები ყველა ინფექციის პრევენციას ვერ ახდენს, ისინი დრამატულად ამცირებს დაავადების სიმწვავეს და საავადმყოფოში მოხვედრის შანსებს.
ამასობაში, მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ვაქცინების შექმნის მეთოდთა გაუმჯობესებაზე; ცდიან ვაქცინების ახალ ტექნოლოგიებს, რათა დაგვიცვან კიდევ უფრო მეტი ინფექციური დაავადებისგან და კიბოსგანაც კი.