პარასკევი, ივნისი 12, 2026

დაავადებას 2-4 წლით ადრე გამოავლენს – ახალი მიგნება

საკვერცხის კიბო

მეცნიერებმა სისხლში იმუნური უჯრედების ცვლილება დააფიქსირეს, რომელიც შესაძლოა, საკვერცხის კიბოს ადრეულ დიაგნოსტირებაში დაგვეხმაროს. მათი თქმით, ის დაავადებას 2-4 წლით ადრე გამოავლენს, ვიდრე ტრადიციული მეთოდები, რაც პაციენტებს გადარჩენის მეტ შანსს მისცემს.

საკვერცხის კიბო ყველაზე მომაკვდინებელ სიმსივნეებს შორისაა, რომელსაც 5-წლიანი გადარჩენის 51%-ზე ნაკლები მაჩვენებელი აქვს. პაციენტების დაახლოებით 70%-ში განსაკუთრებულად ანომალიური მავნე ქსოვილები გვხვდება, რომლებიც ზრდისა და გავრცელების რისკს შეიცავს. ამგვარ შემთხვევებში დიაგნოზის დროულად დასმა მნიშვნელოვანია, რადგან დაუყოვნებლივმა ქიმიოთერაპიამ და ქირურგიულმა ჩარევამ შესაძლოა, ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანებს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს. თუ ამ ტიპის სიმსივნის ლოკალიზება მოხერხდება, 5 ან მეტი წლით გადარჩენის შანსი დაახლოებით 93%-მდე იზრდება.

პრობლემა ისაა, რომ შემთხვევების უმეტესობაში საკვერცხის მაღალი რისკის შემცველი კიბო მხოლოდ გვიანდელ სტადიაზე ვლინდება, როცა ის სხვა ორგანოებზეცაა მოდებული (ამ დროს 5-წლიანი გადარჩენის შანსი 31%-დე შეიძლება ჩამოვიდეს). მიზეზი ადრეული სტადიების უსიმპტომობა და სიმსივნის მცირე ზომაა. ასევე, იმ ტრადიციული ტესტების ნაკლები მგრძნობელობა, რომლებიც მასთან დაკავშირებულ ცილებს აფიქსირებს.

არაა გამორიცხული, ახალმა კვლევამ ეს შეცვალოს.

სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ბიოლოგიური ინდიკატორი, რომელიც ადრეულ სტადიაზეც შესამჩნევია. მას ავტორებმა 466 პაციენტის სისხლის ნიმუშის შესწავლის შედეგად მიაკვლიეს. თითოეულ მათგანს ანალიზის აღებიდან 5 წლის განმავლობაში საკვერცხის კიბო აღმოაჩნდა.

მათ სისხლში, ჯანმრთელ ქალებთან შედარებით, T ლიმფოციტების რაოდენობა განსაკუთრებულად შეცვლილი იყო. ესაა იმუნური უჯრედები, რომლებიც სიმსივნურ ქსოვილებს ამოიცნობს და უტევს. შესაძლოა, ეს ინდიკატორი დიაგნოზამდე 2-4 წლით ადრე დაფიქსირდეს, რაც ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა დაავადებას ებრძვის.

ავტორები ამბობენ, რომ უკანასკნელი მიგნება ახალი ტესტის შექმნის იმედს იძლევა, რომელიც ზემოხსენებული უჯრედების მიმართ მგრძნობიარე იქნება.

“საკვერცხის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება შესაძლოა, მილიონობით ქალისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყოს”, — ამბობენ მეცნიერები, რომელთა ნაშრომიც გამოცემაში Cell Reports Medicine გამოქვეყნდა.

პირველად საქართველოში ჩატარდა ევროპის ქირურგთა ასოციაციის 26 კონგრესი

ევროპის ქირურგთა ასოციაციის კონგრესი
#image_title

ქ. ბათუმში 2024 წლის 20-23 ივნისს, პირველად საქართველოში ჩატარდა ევროპის ქირურგთა ასოციაციის 26 კონგრესი.

კონგრესში ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ და მოხსენებებით წარდგნენ, კლინიკა ვივამედის და მის ბაზაზე არსებული ქირურგიული კათედრის თანამშრომლები.
კათედრის გამგე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ზურაბ ჩხაიძე.
მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კლინიკისთვის, რათა მოხდეს მისი საუკეთესო ნაწილის, ახალგაზრდა თაობის ექიმების მეტი ჩართულობა სამეცნიერო- კვლევით საქმიანობაში და ეს რათქმაუნდა ხელს უწყობს კლინიკის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას.
მადლობა ქირურგთა ასოციაციებს და შემდგომი წარმატებები კლინიკა ვივამედს!

,,წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში” 25 ივნისს “პაციენტთა საბჭო” პირველად შეიკრიბა – კანადური სტანდარტი ქართულ კლინიკებში

#image_title

2024 წლის 25 ივნისს ,,წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში”/LLC ,,St Michael’s Hospital”/ „პაციენტთა საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა, სადაც კლინიკის წარმომადგენელმა ნინო ენდელაძემ და პაციენტთა საბჭომ განიხილეს პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შესახებ ინფორმაცია და გადაწყვიტეს, რომ საბჭოს შეხვედრა რეგულარულად – თვეში ერთხელ გაიმართება, რადგანაც ეს მნიშვნელოვანი იქნება კლინიკის განვითარებისთვის.

,,წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

აქედან გამომდინარე, აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება მოტივირებულია, გააუმჯობესოს საკუთარი მომსახურების ხარისხი. სწორედ ამ მიზნით, კლინიკის ინიციატივით, პაციენტები თვეში ერთხელ, რეგულარულად შეიკრიბებიან და ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ, რაც პაციენტთა კვლევის შედეგად იქნება გამოკვეთილი.

პაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.

ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია.

,,წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში” შეკრებილმა პაციენტებმა გამოთქვეს კმაყოფილება არსებულ სიახლესთან დაკავშირებით. ისინი მოხარულები არიან, რომ ქართულ კლინიკებში და მათშორის, ,,წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში” კანადური სტანდარტი ინერგება. ,,წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ პაციენტთა საბჭოს წევრები არიან:

#image_title

1. კაპანაძე ლერი.
2. ⁠ნადირაძე ამირანი.
3. ⁠ფეიქრიშვილი ვახტანგი.
4. ⁠მჭედლიძე ზურაბი.
5. ⁠ჩიღოშვილი კახაბერი.
6. ⁠ხაზარბეგიშვილი ვახტანგი.
7. ⁠ამირხანაშვილი მზია.

ცნობისთვის: “პაციენტთა საბჭო“  შეიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.

რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარი: საერთაშორისო “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია. კითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსება.

შევსებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზე, რაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას.

ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

,,წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის” პაციენტთა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე:

https://www.surveymonkey.com/r/mikhaeli

ან დაასკანერეთ QR კოდი:

„ჩვენი მიზანია, ნაკლები ტკივილით განვლოს ქალმა მშობიარობის პროცესი“- რა სიახლეებს გთავაზობთ კლინიკა „პინეო“

მშობიარობა
#image_title

კლინიკა „პინეო“ სრულიად მიმართულია ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობაზე; გამოცდილი პერსონალი ორიენტირებულია პაციენტის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სწორად წარმართვაზე.

„მშობიარობის დროს უპირატესობას ვანიჭებთ მშობიარობის თავისუფალ პოზას, წყალში მშობიარობას, ჯაკუზის აბაზანებს, ბურთებს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად კომოფრტულად, ნაკლები ტკივილით განვლოს ქალმა პროცესი, რასაც ჰქვია ფიზიოლოგიური მშობიარობა.“
#პინეო #სერვისები #ორსულობა #მშობიარობა #შენიექიმი #drpkhakadze

რა გავლენას ახდენს სეზონურობა დაავადების განვითარებასა თუ გამწვავებაზე?

ახალ ალგორითმი - გული

გულის იშემიურ დაავადებას გულის სისხლძარღვების – კორონარული არტერიების გამტარობის დარღვევა და, შესაბამისად, მიოკარდიუმის დაზიანება იწვევს. ის კარდიოლოგიურ პათოლოგიათა შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. ამასთან, ის გულთან დაკავშირებული პრობლემებით გამოწვეული სიკვდილიანობის პირველი მიზეზია. გულის იშემიურ დაავადებაზე გავლენას ახდენს გარემო პირობები და სეზონების ცვალებადობაც.

როგორ ვლინდება გულის იშემიური დაავადება? რა არის მისი გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები? რა გავლენას ახდენს სეზონურობა დაავადების განვითარებასა თუ გამწვავებაზე? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის კარდიოლოგ თამარ ჭიხორიას მივმართეთ.

თამარ, რა ჩივილებით ვლინდება გულის იშემიური დაავადება?

დაავადების ძირითადი ჩივილი და სიმპტომია ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც შესაძლებელია ირადირდეს მარცხენა ზედა კიდურში, ქვედა ყბაში, ბეჭში, ეპიგასტრიუმში. ასევე, პათოლოგიის დროს პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს გართულებული სუნთქვა, ჰაერის უკმარისობა, გულის ცემის გახშირება.

რა იწვევს გულის იშემიურ დაავადებას და რა ფაქტორები ზრდის მისი განვითარების რისკს?

იშემიასთან დაკავშირებული გულის დაავადება რთული მდგომარეობაა და მისი ეტიოლოგიური ფაქტორები შეიძლება ფართოდ კლასიფიცირდეს. მის გამომწვევ მიზეზთა და რისკ-ფაქტორთა შორისაა: ასაკი, ოჯახური ანამნეზი, გენეტიკა, სქესი, რასა, მწეველობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი, ცხოვრების მჯდომარე წესი, სიმსუქნე, ქოლესტერინის მაღალი დონე, მარილის ჭარბი მოხმარება, არტერიული ჰიპერტენზია, მწვავე და ქრონიკული ინფექციები და ა.შ. გულის იშემიურ დაავადებაზე გავლენას ახდენს გარემო ფაქტორებიც, როგორიცაა ტემპერატურა და ულტრაიისფერი გამოსხივება.

როგორ ხდება გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა?

გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა დეტალური ანამნეზის შეკრება, მისი სიმწვავის და ქრონიკულობის განსაზღვრა. ამისთვის ვატარებთ  კლინიკო-ლაბორატორიულ, არაინვაზიურ და ინვაზიურ კვლევებს.

გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტირების არაინვაზიურ მეთოდებს განეკუთვნება ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, დატვირთვის ტესტი, ჰოლტერის მონიტორინგი, ლაბორატორიული კვლევები. ინვაზიური კვლევები კი მოიცავს კორონარული არტერიების ტომოგრაფიას ან/და სელექტიურ კორონაროგრაფიას.

როგორ შევამციროთ დაავადების განვითარების რისკები?

გულის იშემიური დაავადების რისკის შესამცირებლად აუცილებელია ზემოთ ხსენებული რისკ-ფაქტორების თავიდან არიდება. მაგალითად, სულ მცირე, სასურველია, თამბაქოზე, ალკოჰოლისა და მარილის ჭარბად მოხმარებაზე უარის თქმა, ფიზიკური აქტივობებით დაკავება და ა.შ. ამასთანავე, უნდა მოხდეს იმ პათოლოგიების მკურნალობა, რომლებიც გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს ზრდის.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დროულად მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ საჭირო კვლევები.

როგორ მიმდინარეობს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების “ვოსორიტიდით” მკურნალობა?

#image_title

„ქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობას კარგი შედეგები აქვს.“ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, აქონდროპლაზიის მკურნალობის მექანიზმის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული მოლოდინები გამართლდება.

“აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის ვოსორიტიდით მკურნალობის კურსი გასული წლის ბოლოდან დავიწყეთ. პირველი ჯგუფი ჩაერთო უკვე წლის ბოლოს და ბავშვებს კარგი შედეგები აქვთ. იყო ერთეული გვერდითი შემთხვევის ამბავი, რაც კლინიკაში იმართა და ახლა უკვე გადავედით დეცენტრალიზებულ მოდელზე. ანუ იაშვილის კლინიკაში იწყებს ყველა ბავშვი მკურნალობას და პირველი 90 დღის შემდეგ უკვე გადავდივართ ამბულატორიის დონეზე ბავშვის სახლთან ახლოს, რადგან მათ ყოველ დღე უწევთ ინიექციის ჩასატარებლად მისვლა. როგორც თბილისში, ასევე თბილისს გარეთ. ჯერჯერობით ეს მოდელი ასე მუშაობს. შედეგები კარგია და იმედი გვაქვს, რომ გაამართლებს მოლოდინს და იმ ძალისხმევას, რომელიც იქნა გაწეული ამ მედიკამენტის შეძენის დროს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანას წინ შესაბამისი დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების ხანგრძლივი პროტესტი და მოთხოვნა უძღოდა. საქართველოს მთავრობამ მედიკამენტის მწარმოებელ ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია BioMarin International Limited-თან 10.4 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გასული წლის ოქტომბერში გააფორმა. მედიკამენტ „ვოსორიტიდით“, აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამა, 2023 ნოემბერში ამოქმედდა და მასში, პირველ ეტაპზე, 6 ბენეფიციარი ჩაერთო.

„ვისაც 5 საათზე მეტი დროის განმავლობაში ჯდომა უწევს, არის რისკ ფაქტორი“ – ვენური დაავადებები

ვენური დაავადებები - რისკ ჯგუფები
#image_title

რა ნიშნებით ვლინდება ვენური დაავადებები, რა იწვევს მათ განვითარებას, ვინ არიან რისკ ჯგუფებში?

საუბრობს გადაცემაში „იმუნიტეტი“ ანგიოლოგი, ანგიოქირურგი გიგი ბრეგაძე

„ორგანოს ცხოველქმედებისთვის საკვები და ჟანგბადი სჭირდება. “ვიღაცას” უნდა მოჰქონდეს და პირიქით, მიჰქონდეს. გული ე.წ. პომპა, ძრავაა, რომელიც სისხლძარღვების საშუალებით ორგანოებს სისხლს აწვდის. იქ მისული სისხლი ვენური სისტემით ბრუნდება. ეს ცირკულაციაა. ვენური სისტემის ამოცანაა, სისხლი გულში დააბრუნოს. მაშინაც კი, როცა ვდგავართ. როდესაც პერიფერიული პომპა არ გვაქვს, ქვევიდან არანაირი წნევა არ იქმნება, რომ სისხლი გულისაკენ გადაჭირხნოს. ამ დროს ძალიან ფაქიზი მექანიზმია ჩართული, რომ გრავიტაცია გადალახოს. ზუსტად ამ მექანიზმების მოშლამ შეიძლება, კიდურებში ვენური სისხლის შეგუბება გამოიწვიოს.

“კაცობრიობის ხარკი ორ ფეხზე სიარულისთვის” – ასე ეძახდნენ ვენურ დაავადებებს. პრობლემაა, რომ ვენური სისხლი ორგანოდან არ გამოდის. ყველაზე პრობლემური ადგილები კი ქვედა კიდურებია. ადინამია, ცხოვრების უმოძრაო წესი, წონა – რისკ ფაქტორებად ითვლება. ვისაც 5 საათზე მეტი დროის განმავლობაში ჯდომა უწევს, არის რისკ ფაქტორი, რომ ვენური დაავადება განუვითარდეს.

პაციენტები ამბობენ, რომ აქვთ ქვედა კიდურებში სიმძიმის, შეშუპების, გადაჭიმვის შეგრძნება, გრძნობენ, თითქოს, გირები ჰკიდიათ. ასევე, გამოხატულია გაგანიერებული კანქვეშა ვენები.

ვენური დაავადების ძირითადი მიზეზი ზედაპირული ვენური სისტემაა. ანატომიაში ღრმა ვენური სისტემა და ზედაპირული ვენური სისტემა არსებობს. ძირითადი ღრმა ვენური სისტემა გახლავთ, სადაც დარღვევები იშვიათად ხდება. თუმცა, მათი დაზიანება გაცილებით უფრო რთულად სამკურნალოა. ზედაპირულ ვენურ სისტემაში პატარა ხარვეზიც კი შეიძლება, მთელი სისტემის პრობლემა გახდეს.“

 

ბავშვები და ჯანსაღი კვების ანბანი

ბავშვები - წვნიანი
#image_title

დღეს იშვიათად თუ გაიგონებთ ეზოდან პატარების ჟრიამულს. კომპიუტერების საუკუნეში ბავშვები მთელ თავისუფალ დროს ელექტრომოწყობილობებთან ატარებენ. ცხოვრების პასიურ წესს ტკბილეულისა და ფასტფუდის მრავალფეროვნებაც ემატება. რა გასაკვირია, რომ სიმსუქნე და მისი თანმხლები დაავადებები მთელ მსოფლიოში ჯანდაცვის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად იქცა.

მაინც რა არის ბავშვისთვის სასარგებლო და რა – მავნებელი? რას გულისხმობს ჯანსაღი კვება და როგორ ჩამოვუყალიბოთ სწორი კვების კულტურა ჩვენს პატარას? ამ საკითხებზე სასაუბროდ “ავერსის კლინიკის” ექიმს, პედიატრ ნინო არაბიძეს ვესტუმრეთ.

ქალბატონო ნინო, რას გულისხმობს რაციონალური, დაბალანსებული კვება და რატომ არის ის ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
კვება ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია  და გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე მოზრდილ ასაკში. სწორედ საკვებიდან იღებს ორგანიზმი იმ ნივთიერებებს, რომლებიც მას მეტაბოლური ცვლისთვის, ახალი უჯრედებისა და ქსოვილების შენებისთვის სჭირდება, იღებს კალორიებს, რომლებიც შემდგომ ორგანიზმის ენერგეტიკულ ხარჯებს უზრუნველყოფს. ჯანსაღი კვება კი სხვა არაფერია, თუ არა ნუტრიენტების – ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების – დაბალანსებული და ოპტიმალური ოდენობით მიღება ასაკისა და სქესის მიხედვით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხეულის ზრდისა და განვითარების პერიოდში.

ადრეულ ასაკში არარაციონალურმა და არასრულფასოვანმა კვებამ შესაძლოა შეაფერხოს სხეულის ზრდა, გონებრივი, ინტელექტუალური და მოტორული უნარების განვითარება, გაზარდოს ავადობისა და სიკვდილიანობის რისკი. ზრდასრულ ასაკში განვითარებული დაავადებების, მათ შორის – ქრონიკულის, ერთ-ერთი მიზეზი ხშირად სწორედ ადრეულ ასაკში არაჯანსაღი კვებაა.

ბუნებრივი კვება, საუკეთესო შემთხვევაში – ორ წლამდე, დამატებითი კვების დროული დაწყება, ასაკის შესაბამისი საკვების მიწოდება ბავშვის ჯანმრთელობას მტკიცე საფუძველს უყრის.

როგორ იცვლება კვების მოდელი ასაკის მიხედვით? რომელი ასაკია განსაკუთრებით საყურადღებო?
კვების ტიპი, საკვების მოცულობა და შემადგენლობა, კვების ჯერადობა ასაკსა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

ექვს თვემდე ჩვილი (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) მხოლოდ ძუძუთი უნდა იკვებებოდეს და საკვებს მოთხოვნისამებრ იღებდეს. დედის რძე შეიცავს ჩვილისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას – ცილას, ცხიმს, ნახშირწყლებს, მიკრო- და მაკროელემენტებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, ჰორმონებს, ანტისხეულებს, წყალს, თანაც ამ ყველაფერს – ოპტიმალური რაოდენობით.

გარდა ამისა, დედის რძე სტერილური და ადვილად მოსანელებელია. მისი შემადგენლობა, ენერგეტიკული ღირებულება და ოდენობა ბავშვის ასაკის შესაბამისად იცვლება. დედის რძე ჩვილს იცავს ისეთი დაავადებებისგან, როგორიც არის ნაწლავის და სასუნთქი გზების ინფექციები, ოტიტი, ბაქტერიული მენინგიტი, უეცარი სიკვდილის სინდრომი, ხელს უწყობს მის ფსიქომოტორულ განვითარებას. კვლევებით დადგენილია, რომ მოზრდილებს, რომლებიც ჩვილ ასაკში ძუძუს წოვდნენ, საშუალოდ უფრო მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვთ, ვიდრე ხელოვნური საკვებით გაზრდილებს. ექსკლუზიურად ძუძუთი კვებას შეუძლია, თავიდან აგვაცილოს ალერგიული დაავადებების, პუბერტატულ და ზრდასრულ ასაკში სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა, და გასტროენტეროლოგიური დაავადებების, ასევე – ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების განვითარება.

დაბოლოს, ძუძუთი კვება კომფორტული და ხარჯეფექტურია.

ჰიპოგალაქტიისა (რძის გამოყოფის შემცირება) და აგალაქტიის (მშობიარობის შემდეგ რძის სეკრეციის შეწყვეტა) დროს შეიძლება როგორც დონორის რძის, ისე რძის ფორმულის (ხელოვნური ნარევის) გამოყენება. დონორის რძის მიცემამდე დონორს უნდა ჩაუტარდეს კვლევები აივ ინფექციაზე, ადამიანის თ-უჯრედოვანი ლეიკემიის ვირუს ტიპ 1-ზე.

ძუძუთი კვება, როგორც ვთქვით, სასურველია ორ წლამდე გაგრძელდეს. თუმცა 6 თვიდან ჩვილს დამატებითი საკვებიც უნდა მივცეთ. დამატებითი კვების დაწყების დრო ინდივიდუალურია. გასათვალისწინებელია, რამდენად არის ჩვილი მზად ნახევრად მყარი საკვების მისაღებად (კარგად უნდა იჭერდეს თავს, შეეძლოს სავარძელში დამოუკიდებლად ჯდომა, კოვზით საკვების მიღება).

ერთი წლის ბავშვს უკვე აქვს კბილები. მისი საღეჭი კუნთები საკმაოდ განვითარებულია, იხვეწება გემოს შეგრძნება. ამ პერიოდში საჭმლის მომნელებელი ტრაქტი მზად არის უფრო მრავალფეროვანი საკვების გადასამუშავებლად. უკვე შეგვიძლია, ნახევრად მყართან ერთად მყარი საკვებიც მივცეთ პატარას და ნელა-ნელა საერთო სამზარეულოზე გადავიყვანოთ.

დამატებითი კვება თანდათანობით, მონოკომპონენტური საკვებით იწყება. განსაზღვრული პერიოდულობით ვამატებთ ახალ ინგრედიენტებს, საბოლოოდ კი, მოზრდილ ასაკში, დღიურ რაციონს ისე ვანაწილებთ, რომ პროდუქტების ნახევარი მოდიოდეს ხილისა და ბოსტნეულის წილად, ამ უკანასკნელის უპირატესობით, მეორე ნახევარი კი – ცილისა და მარცვლეულისა.

რითია საშიში მონოკომპონენტური კვება მოზრდილ ასაკში?
მართალია, კვების საკითხში ბავშვების უმრავლესობა ჭირვეულია, მაგრამ აუცილებელია, ბავშვის რაციონი მრავალფეროვანი იყოს, რათა ენერგიასთან ერთად ორგანიზმმა საჭირო ამინმჟავები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ფერმენტები და მიკრო- თუ მაკროელემენტები მიიღოს.

პროდუქტებს ოთხ ძირითადად ჯგუფად ყოფენ:

1. ხორცი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, პარკოსნები, თესლეული, თხილეული;

2. რძე, რძის ნაწარმი;

3. მარცვლეული, ბურღულეული;

4. ხილი, ბოსტნეული.

პირველი ჯგუფი მოიცავს ცხოველის (საქონლის, ღორის, კურდღლის) ხორცს, ფრინველის (ქათმის, ინდაურის) ხორცს, ზღვის პროდუქტებს (თევზეული), კვერცხს, თხილეულს და თესლეულს (გოგრის თესლს, სეზამს, მზესუმზირას). ამ ჯგუფის პროდუქტები ენერგიის, ცილების, ცხიმების (ხორცი უმთავრესად – ნაჯერის, ზღვის პროდუქტები და თხილეული – უჯერის), ნახშირწყლების (განსაკუთრებით პარკოსნები), ვიტამინების (B12, ნიაცინი, თიამინი) და მინერალების (რკინა, თუთია, სელენი, მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი) წყაროა.

რძე და რძის ნაწარმი კალციუმის მნიშვნელოვან წყაროდ მიიჩნევა. გარდა ამისა, მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით და მაღალი ხარისხის ცილებით. ამ ჯგუფის საკვებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძვალსახსროვანი სისტემის, ჯანსაღი კბილების ჩამოყალიბებისთვის, სისხლწარმოქმნისთვის და სხვა.

რძისა და მისი ნაწარმის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ ცხიმისა და შაქრის შემცველობას. უპირატესობა მიანიჭეთ უცხიმო და ნაკლებცხიმიან პროდუქტებს შაქრის შემცველი დანამატების გარეშე.

იმისთვის, რომ ბავშვმა ადეკვატური ოდენობის ვიტამინები და მინერალები მიიღოს, დღეში სულ მცირე, სამი ულუფა ბოსტნეული და ორი ულუფა ხილი უნდა შეჭამოს. ხილ-ბოსტნეული უჯრედისის მნიშვნელოვანი წყაროც არის, უჯრედისი კი დიდ როლს ასრულებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართულ მუშაობაში, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ნაკლებკალორიულია, აჩენს დანაყრების შეგრძნებას და ხელს უწყობს ჯანმრთელი წონის შენარჩუნებას.

პური, მაკარონი, ბრინჯი ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა. ამასთან, მთლიანი, გაუფცქვნელი და დაუმუშავებელი მარცვლეული და მისი ნაწარმი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, უჯრედისით, უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რასაც ბავშვები თეთრი ფქვილისა და მისი პროდუქტებისგან ვერ იღებენ.

კვებას მონოკომპონენტურს ვუწოდებთ, როდესაც რაციონი ერთფეროვანია და ბავშვი ვერ იღებს ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას. მაგალითად, თუ ბავშვს არ უყვარს რძე და რძის ნაწარმი, ის ვერ მიიღებს საკმარისი რაოდენობის კალციუმს და ფოსფორს, რამაც შესაძლოა ძვლოვანი სისტემის განვითარების დარღვევაც კი გამოიწვიოს. თუ მენიუდან ამოვიღებთ ხორცს, შესაძლოა, ანემია განუვითარდეს და ასე შემდეგ. განვითარების დარღვევების აღმოსაფხვრელად ზოგჯერ საჭირო ხდება კვებითი დანამატების გამოყენება, თუმცა მათი საჭიროებაც და ოდენობაც პედიატრმა უნდა განსაზღვროს.

რამდენჯერ უნდა მიიღოს საკვები ბავშვმა დღის განმავლობაში და რა ინტერვალით? უნდა ჭამოს თუ არა ძილის წინ?
ასაკთან ერთად იცვლება რაციონიც და კვების რეჟიმიც. ექსკლუზიურად ძუძუთი კვების დროს ექვს თვემდე ჩვილს თავისუფალი რეჟიმით, მისივე მოთხოვნის შესაბამისად ვაწოვებთ. ამ დროს ღამით კვებაც მნიშვნელოვანია.

ექვსი თვიდან, დამატებითი კვების დაწყებისას, საჭიროა რეჟიმის დაგეგმვაც. კვებათა შორის ინტერვალი, სასურველია, 3,5-4 საათი იყოს. შუალედებში ერთ-ორჯერ შეიძლება ხილფაფით წახემსება.

1-1,5 წლის ასაკში რეკომენდებულია დღე-ღამეში შვიდ-ათჯერ კვება. კვებათა შორის ინტერვალი არ უნდა აღმატებოდეს 3 საათს. წოვა გრძელდება 15-30 წუთს, იშვიათად – 40 წუთს. ხელოვნური კვების დროს ვიცავთ კვებათა შორის ინტერვალს, განსაკუთრებით – ღამით, მინიმუმ 6 საათს.

ორი წლიდან რეკომენდებულია დღეში სამი ძირითადი კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი, – შეიძლება ოთხიც, – და ერთი ან ორი წახემსება.

სასურველია, დავიცვათ კვების რუტინა. ამ დროს ბავშვს ერთსა და იმავე დროს შივდება და საჭმლის მომნელებელი ტრაქტი ერთსა და იმავე დროს ემზადება საკვების მისაღებად. ასეთი ბავშვები ზრდასრულ ასაკშიც უფრო ორგანიზებულები არიან, მოწესრიგებულ კვებასთან ერთად ისინი სწორად ანაწილებენ მეცადინეობისა და გართობის დროს.

ერთი წლიდან სასურველია, ბავშვს დაძინებამდე 2-3 საათით ადრე ვაჭამოთ.

რისგან უნდა შედგებოდეს დღიური რაციონი?
დღის განმავლობაში ბავშვმა პროდუქტების ოთხივე ჯგუფიდან უნდა მიიღოს საკვები.

ძალიან მნიშვნელოვანია საუზმე, რადგან მის წილად დღიური კალორაჟის 30% მოდის. საუზმეზე კარგია ნახშირწყლებით (წიწიბურას, შვრიის ფაფა) და ცილებით (რძე, რძის პროდუქტები) მდიდარი საკვების მიღება.

სადილზე ბავშვმა უნდა მიიღოს ბოსტნეული, ხორცი, თევზი, პარკოსნები. თუ წვნიანი არ უყვარს, შეიძლება, მის ნაცვლად ბოსტნეულის პიურე მივცეთ.

კვირაში სამ-ოთხჯერ სასურველია საქონლის, კურდღლის, ინდაურის, ქათმის, ღორის მოხარშული ხორცის მიცემა. თუ ბავშვი უარს ამბობს ხორციან კერძზე, შეგვიძლია, ის ცილით მდიდარი პარკოსნებით – ლობიოთი, ბარდით, ოსპით – ჩავანაცვლოთ.

თევზი და ზღვის პროდუქტები, სასურველია, მენიუში 8 თვიდან ჩავრთოთ კვირაში ორჯერ მაინც.

ვახშამი უნდა იყოს ნაკლებკალორიული და ადვილად გადასამუშავებელი პროდუქტებისგან (ხაჭო, მაწონი,) მომზადებული.

პური საჭირო და სასარგებლო პროდუქტია, რადგან სახამებელს, მინერალებს, B ჯუფის ვიტამინებს და უჯრედისს შეიცავს. შეგვიძლია, ბავშვს ის 8-10 თვიდან მივცეთ. თუმცა მაღალი ხარისხის თეთრი ფქვილისგან გამომცხვარ პურს დაბალი ბიოლოგიური ღირებულება აქვს, რადგან თითქმის არ შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს და უჯრედისს, ხოლო სახამებლით მდიდარია, ამიტომ მალე ანაყრებს. უკეთესია, ბავშვს ხორბლის, ჭვავის, ქერის ან ქატოს დაუცეხვავი მარცვლისგან მომზადებული დამზადებული პური შევთავაზოთ.

კარტოფილი, ბრინჯი თუ მაკარონი?
კარტოფილი, ბრინჯი და მაკარონი ძალიან მდიდარია ნახშირწყლებით, ამიტომ მათი ზომიერი და გონივრული გამოყენება გვმართებს.

კარტოფილი შეიცავს C, B6 ვიტამინებს, ასევე – კალიუმს, ქოლინს, რომლებიც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციობას. მასში არ შედის ცილა გლუტენი, ამიტომ მშვენიერი არჩევანია მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემა, მაგალითად, ცელიაკია აქვს. კარტოფილში მაღალია წყლის და დაბალია ცხიმის შემცველობა, ამიტომ მოხარშული ან ორთქლით დამუშავებული კარტოფილი დაბალკალორიული და სასარგებლოა, რასაც ვერ ვიტყვით შემწვარზე. მართალია, შემწვარი კარტოფილი მოხარშულთან შედარებით მეტ კალიუმს შეიცავს, მაგრამ მაღალკალორიულია, რადგან ცხიმით არის გაჯერებული. იგივე შეიძლება ითქვას კარტოფილის ჩიპსებსა და ფრიზე. ამიტომ მათ მიმართ უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.

ბრინჯი შესანიშნავი გარნირია. ის ნახშირწყლების, ცილების, მინერალების (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი) წყაროს წარმოადგენს, მაგრამ მხოლოდ დაუმუშავებელი, ყავისფერი ბრინჯი. თეთრი ბრინჯის გლიკემიური ინდექსი გაცილებით მაღალია, ამიტომ ისიც ზომიერად უნდა მივიღოთ. არც ბრინჯი შეიცავს გლუტენს.

მაკარონი, ისევე როგორც პური, ფქვილისგან მზადდება. მისი ღირებულება იმაზეა დამოკიდებული, როგორი ფქვილისგან იწარმოება. უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული მაკარონი ღარიბია ვიტამინებითა და მინერალებით, აქვს მაღალი გლიკემიური ინდექსი, ამიტომ ამ პროდუქტთანაც სიფრთხილეა საჭირო.

ცხიმები
ცხიმები სხვადასხვა სახისაა – უჯერი (კარგი ცხიმები), ნაჯერი და ტრანსცხიმები (ცუდი ცხიმები).

უჯერი ცხიმებით მდიდარია მცენარეული ზეთები: ზეითუნის, კანოლას, მზესუმზირას, სოიის და სიმინდის. ასევე – თევზი, თხილეული და თესლეული. საკვებში მათი გამოყენება ამცირებს ზოგიერთი ქრონიკული დაავადების განვითარების რისკს.

ნაჯერ ცხიმებს შეიცავს წითელი ხორცი, კარაქი, ყველი, ნაყინი, ზოგიერთი მცენარეული ცხიმი, მაგალითად, ქოქოსისა და პალმის ზეთები. რეკომენდებულია ასეთი საკვების შეზღუდვა.

ტრანსცხიმები (მავნე ცხიმები) – მარგარინი და სხვა კულინარიული ცხიმები – უმთავრესად დამუშავებულ საკვებში გვხვდება: ნამცხვრებში, პოპკორნში, ჩიპსებში, კრეკერებში, ცომის ფირფიტებში… ბუნებრივი სახით მათ მცირე რაოდენობით შეიცავს ხორცი და რძის პროდუქტები. ეს ცხიმები ზრდის ათეროსკლეროზის, ძუძუსა და პროსტატის კიბოს, ჭარბი წონის, დიაბეტის განვითარების რისკს, ამიტომ შეძლებისდაგვარად უნდა უნდა ამოვიღოთ კვების რაციონიდან.

ტკბილეული
საკონდიტრო ნაწარმის, ჯემებისა და მურაბების, შოკოლადისა და სხვა კანფეტების, ტკბილი სასმელებისა და ყოველივე იმის წილი, რაც შაქარს შეიცავს, არ უნდა აღემატებოდეს დღიური კალორაჟის 10%-ს. ასეთი პროდუქტების ყოველდღიური ოდენობა დაახლოებით ბავშვის ერთ მუჭს უნდა შეესაბამებოდეს.

სითხე
რამდენი სითხე უნდა მიიღოს ბავშვმა?
ექვს თვემდე ჩვილს წყალი არ სჭირდება, რადგან სითხის მოთხოვნილებას სავსებით აკმაყოფილებს დედის რძე ან ხელოვნური საკვები, ექვსი თვიდან კი დამატებით საკვებთან ერთად წყალიც უნდა მივაწოდოთ. ბავშვმა უნდა მიიღოს იმდენი სითხე, რამდენიც ფიზიკური აქტივობის, შარდვისა თუ დეფეკაციის დროს დაკარგა.

სითხის მოთხოვნილება ასაკთან ერთად იცვლება. ერთ წლამდე რეკომენდებულია 1 კგ-ზე 10-15 მლ, ზაფხულის ცხელ თვეებში – შედარებით მეტიც, 1-დან 3 წლამდე – 100 მლ, შეიძლება ცოტა მეტიც. სკოლამდელ და სასკოლო ასაკში, რაც უფრო იმატებს ფიზიკური აქტიურობა, მით უფრო მეტი სითხე უნდა მიიღოს ბავშვმა. სითხის მიღება აუცილებლად უნდა აკონტროლოს მშობელმა.

სითხის უდიდესი ნაწილი წყალი უნდა იყოს. შეზღუდული ოდენობით შეიძლება მივცეთ უგაზო მინერალური წყალი, ახალგამოწურული ხილის წვენი, ჩირის თერმულად დაუმუშავებელი კომპოტი დამატკბობლის გარეშე.

მაქსიმალურად შეზღუდეთ გაზიანი, ტკბილი სასმელები, ჩაი, რომელიც შეიცავს ტანინებს და ხელს უშლის რკინისა და სხვა ელემენტების ათვისებას.

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ჯანსაღ კვებას?
თუ თქვენი შვილი არ ჭამს ბოსტნეულს ან რძის ნაწარმს, ნუ დანებდებით, ხშირ-ხშირად შესთავაზეთ, ოღონდ ეცადეთ, არ დააძალოთ.

• შვილთან ერთად მოიფიქრეთ, რას მოამზადებთ სადილად ან ვახშმად, ისე, რომ ჯანსაღი კვების პრინციპებს არ გადაუხვიოთ. შვილი მომზადების პროცესშიც ჩართეთ.

• თუ თქვენი შვილი უარს ამბობს ხორცზე, გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან, რადგან როცა საქმე მოზარდს ეხება, ვეგეტარიანული კვების დროს ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი.

• სწორი კვების კულტურა ბავშვს დაბადებიდანვე უნდა ჩამოვუყალიბოთ. შეიძინეთ მხოლოდ ჯანსაღი საკვები, შესთავაზეთ პატარას მხოლოდ დაბალანსებული რაციონი. კონტროლის ნაცვლად აჩვენეთ პირადი მაგალითი – მცირეწლოვანი ბავშვები ბევრ რამეს მიბაძვით სწავლობენ.

როცა მშობლები ჯანსაღად იკვებებიან, შვილებიც იმავეს ეჩვევიან და პირიქით, ბავშვობაში ჯანსაღი კვების წესების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი საფუძველია იმისთვის, რომ დიდობაშიც ჯანსაღად ვიკვებოთ.

წყარო: ჟურნალი “ავერსი”

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

რძე – ჯანმრთელობის თეთრი ელექსირი

რძე – თეთრი ელექსირი
#image_title

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მრავალი საუკუნით ადრე ეგვიპტელები, ბერძნები და რომაელები რძეს არა მარტო სასმელად, არამედ სამკურნალოდაც იყენებდნენ. კლეოპატრას რძის აბაზანების ამბავი, დარწმუნებული ვარ, ყველას გაგიგონიათ. შუა საუკუნეების არაბ ექიმს იბნ სინას (ავიცენას) რძის ნაწარმი ხანში შესულთათვის საუკეთესო საკვებად მიაჩნდა. კავკასიის მთიელთა დღეგრძელობას მრავალი მეცნიერი სწორედ რძის ნაწარმით მდიდარ რაციონს უკავშირებდა. რძით მკურნალობდნენ ნერვულ და ფსიქიკურ დაავადებებს.

მედიცინის განვითარებასთან ერთად მრავალი შეხედულება მოძველდა და გადაიხედა. აღმოჩნდა, რომ რძესაც, ისევე როგორც ყველა სხვა საკვებს, ღირსებებთან ერთად ნაკლოვანებებიც ჰქონია. მათ უნდა ვიცნობდეთ, რათა რძისგან, ამ სრულიად განსაკუთრებული სუბსტანციისგან, მაქსიმალური სარგებლობა მივიღოთ.

იდეალური საკვები
უამრავი კვლევა მოწმობს, რომ ჩვილისთვის დედის რძეზე სასარგებლო საკვები არ არსებობს. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მისი ზუსტი ანალოგი მეცნიერებს დღემდე ვერ შეუქმნიათ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ექსკლუზიური ძუძუთი კვება სიცოცხლის პირველ 6 თვეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პედიატრიის ამერიკული აკადემიის რეკომენდაციის თანახმად კი ძუძუთი კვების გაგრძელება სასურველია, სულ მცირე, 12 თვე. ექსკლუზიური ძუძუთი კვება ნიშნავს ჩვილის კვებას მხოლოდ დედის რძით, ინდივიდუალური რეჟიმით, მოთხოვნილებისამებრ, დღე-ღამეში 8-12-ჯერ, სხვა საკვებისა და სასმლის (მათ შორის – წყლის) დამატების გარეშე. ქალის რძე საუკეთესო, განუმეორებელი, სტერილური და ცოცხალი ბიოლოგიური საკვებია, რომლის შემადგენლობა ბავშვის ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით იცვლება. ის ადვილი მოსანელებელია და ოპტიმალური თანაფარდობით შეიცავს მაღალი ხარისხის ნუტრიენტებს. ჩვილ ასაკში ძუძუთი კვება ჯანსაღი ფიზიკური და გონებრივი განვითარების საფუძველია. ქალის რძე ეხმარება ბავშვის ორგანიზმს იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში და მნიშვნელოვნად ამცირებს მრავალი დაავადების განვითარების რისკს.

ცვალებადი შემადგენლობა
დედის რძე ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და ნახშირწყლების უნიკალური კომბინაციით გამოირჩევა. მისი კიდევ ერთი დიდი ღირსებაა ანტისხეულების, ცოცხალი უჯრედების, ენზიმებისა და ჰორმონების შემცველობა. დედის იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები (რომლებიც ხელოვნურ ნარევში არ არის) ჩვილს არაერთი დაავადებისგან იცავს.

რძე ორი ტიპის ცილას შეიცავს: რძის შრატსა და კაზეინს. მათი თანაფარდობა სხვადასხვა ფაზაში (ხსენი, წინა რძე, უკანა რძე) სხვადასხვაა. ცილების ასეთი ბალანსი დედის რძის ადვილ და სწრაფ მონელებას განაპირობებს. ხელოვნურ ნარევში კაზეინის შემცველობა მეტია, ამიტომ ის შედარებით ძნელი მოსანელებელია. დედის რძეში არსებული ცილების ნახევარზე მეტი რძის შრატია, თუმცა მის შემადგენლობაში კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი კომპონენტი შედის:

• ლაქტოფერინი ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კოლიფორმული ბაქტერიებისა და საფუარი სოკოების ზრდა-გამრავლებას. ეს ცილა თავისუფალი რკინის სეკვესტრაციას ახდენს, რითაც ბაქტერიებს ზრდა-გამრავლებისთვის საჭირო აუცილებელი სუბსტრატის გარეშე ტოვებს. ხსენი (ადრეული რძე, რომელიც სარძევე ჯირკვლებში ბავშვის დაბადების შემდეგ ან ორსულობის მიწურულს წარმოიქმნება) 7-ჯერ მეტ ლაქტოფერინს შეიცავს, ვიდრე მწიფე რძე.

• ლიზოციმი ცილაა, რომელიც ჩვილს ნაწლავის ჩხირისა და სალმონელასგან იცავს და, ამრიგად, ჯანსაღი ნაწლავური ფლორის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ბაქტერიოციდული პროტეინი ქალის რძეში ბევრია, განსხვავებით ძროხის რძისგან, რომელშიც მისი შემცველობა მინიმალურია.

• სეკრეტორული იმუნოგლობულინი A (IgA) დედის რძის შემადგენლობაში შემავალი მთავარი ანტისხეულია, რომელიც ჩვილის სასუნთქ სისტემას და ნაწლავებს მიკრობებისგან იცავს. ახალშობილი IგA-ს დაბალი დონით იბადება, უმწიფარი იმუნური სისტემა მცირე რაოდენობით წარმოქმნის დამცავ მოკლეკულას და ჩვილს პათოგენებთან გამკლავებაში უმეტესად დედის რძით მიღებული სეკრეტორული იმუნოგლობულინი ეხმარება.

• ქალის რძეს შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვილის მსხვილ ნაწლავში ბიფიდობაქტერიების გამრავლებას და მათი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას. ეს ბაქტერიები კი ნაწლავის ინფექციების მიმართ ორგანიზმის რეზისტენტობას უზრუნველყოფენ. დღემდე ჩვილ ბავშვთა საკვებ ფორმულებში ბიფიდოგენური ფაქტორის დამატების ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

• დედის რძეში შემავალ ცხიმებს ბავშვის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ეს ცხიმები მხოლოდ ენერგიის მთავარ წყაროს კი არ წარმოადგენს, არამედ ცხიმში ხსნადი ვიტამინების ასათვისებლადაც აუცილებელია. გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები საჭიროა ბადურასა და ნერვული სისტემის სრულფასოვანი განვითარებისთვის.

გახსოვდეთ, ქალის რძის ფერი მის ცხიმიანობაზე არ არის დამოკიდებული და არც მის კვებით ღირებულებას განსაზღვრავს!

• ლაქტოზა რძის მთავარი ნახშირწყალია. მის წილად მოდის რძის ენერგეტიკული ღირებულების 40-მდე პროცენტი. ადამიანის რძე შეიცავს 100 მლ-ზე დაახლოებით 7,5 გ ლაქტოზას, ძროხისა და სხვა ძუძუმწოვრების რძისთვის კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5 გ-ია. დროულ ახალშობილს დღეში 60-70 გ ლაქტოზის (1 ლ დედის რძე) მონელება შეუძლია.

მიჩნეულია, რომ დედის რძეში შემავალი ლაქტოზა კალციუმის შეწოვას უწყობს ხელს, თუმცა თავად ნახშირწყალს ჩვილები სრულფასოვნად ვერ ითვისებენ (ლაქტოზის ფიზიოლოგიური მალაბსორბცია). აუთვისებელი შაქარი მოქმედებს როგორც პრებიოტიკი ანუ იწვევს ლაქტობაქტერიებისა და მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციის ზრდას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსისა და იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას.

• ერთადერთი ვიტამინი, რომელიც შეიძლება ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილს საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდებოდეს, D ვიტამინია. მხოლოდ დედის რძით კვებისას ბავშვი ვერ იღებს მის ადეკვატურ დოზას და დანამატის სახით მიღება სჭირდება, ამიტომ, თანამედროვე რეკომენდაციების თანახმად, ძუძუთი კვებაზე მყოფ ყველა ბავშვს ერთი თვიდან აღნიშნული ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზა ენიშნება. რაც შეეხება ხელოვნურ ნარევს, თუ ბავშვი დღე-ღამის განმავლობაში 500 მლ ფორმულას იღებს, დამატებით ვიტამინის მიღება აღარ სჭირდება, რადგან D ვიტამინი ყველა ნარევს წარმოების პროცესშივე ემატება.

ცხოველური წარმოშობის რძე
ერთ წლამდე ბავშვის მენიუში ძროხის რძის ჩართვა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მასში ცილა დედის რძესთან შედარებით 3-ჯერ, ხოლო ხელოვნურ ნარევთან შედარებით 2-ჯერ მეტია. 3-ჯერ მეტს შეიცავს კალციუმს, ფოსფორსა და სხვა მინერალურ ნივთიერებებსაც, ზედმეტი ცილა და მინერალური ნივთიერებები კი ჩვილის ორგანიზმისთვის საზიანოა.

ძროხის რძის კიდევ ერთი ნაკლი რკინის დაბალი შემცველობაა, რამაც შეიძლება რკინადეფიციტური ანემიის განვითარებამდეც კი მიგვიყვანოს.

თხის რძე კვებითი ღირებულებით ძროხისას წააგავს, თუმცა შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავა და ადვილად ასათვისებელი ცხიმი მასში უფრო მეტია. თხის რძესაც აქვს ნაკლი – ერითროციტების წარმოქმნისთვის რკინაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფოლიუმის მჟავას დაბალი შემცველობა, რის გამოც ამ რძით ნაკვებ ჩვილებს ფოლიუმდეფიციტური ანემია უვითარდებათ.

ამრიგად, ბავშვის რაციონში ძროხისა და თხის რძე შეგიძლიათ ერთი წლიდან ჩართოთ. მაწვნის მიცემა კი 9 თვიდან არის ნებადართული – მაწონი რძემჟავა პროდუქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში შემავალი რძის ცილა მაღალი ათვისებადობით გამოირჩევა, ხოლო ლაქტოზის შემცველობა დაბალია.

ცხოველური წარმოშობის რძეს მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. ის წარმოადგენს კალციუმისა და B2 ვიტამინის, ცილებისა და ადვილად ასათვისებელი ცხიმების წყაროს, რომელთა საკმარისი ოდენობით მიღება ძვალკუნთოვანი სისტემის ჯანსაღი ფორმირების, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. თანამედროვე რეკომენდაციების თანახმად, ერთიდან ორ წლამდე ბავშვებს მხოლოდ მოუხდელი რძე უნდა მივცეთ, რათა საჭირო ვიტამინები და ენერგია მიიღონ. მოხდილი, უცხიმო რძის მიცემა მხოლოდ ორი წლიდან შეიძლება, ისიც მაშინ, თუ ბავშვის რაციონი დაბალანსებული და მრავალფეროვანია. ორ წლამდე ასაკის პატარებისთვის რძის დღიური ნორმა დაახლოებით 700 მლ-ია.

ფრთხილად, საშიშია!
ცხოველური წარმოშობის რძეზე საუბრისას აუცილებლად უნდა განვმარტოთ რამდენიმე ტერმინი, მით უმეტეს, დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 65% ლაქტოზის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩივის, ბავშვების 1-2%-ს კი აღენიშნება რძის ალერგია, რომელიც ზოგჯერ ასაკთან ერთად თავისთავად გაივლის.

რძის ალერგია ორგანიზმის იმუნური პასუხია რძის ცილებზე (კაზეინი და შრატი) და, ჩვეულებრივ, ადრეულ ასაკში, რძის სმის დაწყებისთანავე იჩენს თავს. რძის ნაწარმის მიღების შემდეგ განვითარებული ჩივილები უმთავრესად დაკავშირებულია რძის ნახშირწყლოვანი კომპონენტის (ლაქტოზის) ათვისების ნაწილობრივ ან სრულ შეუძლებლობასთან და ლაქტოზის აუტანლობა ეწოდება. მის გამოსავლენად მეტი დროა საჭირო და არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილებისთვისაც აქტუალური პრობლემაა.

რძის ალერგია გაცილებით ყურადსაღებია, ვიდრე ლაქტოზის აუტანლობა, რადგან ამ უკანასკნელის სიმპტომები კუჭ-ნაწლავით შემოიფარგლება. რაც შეეხება ალერგიას, ორგანიზმის პასუხი შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშიც აღმოჩნდეს. სწრაფი დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია ვლინდება რძის პროდუქტის მიღებიდან არა უმეტეს ორი საათის შემდეგ და მისი მთავარი სიმპტომია ჭინჭრის ნასუსხისმაგვარი გამონაყარი. რძის თერმული დამუშავება ამცირებს შრატის ცილების, განსაკუთრებით კი ბეტა-ლაქტალბუმინის ალერგენულობას. საინტერესოა ისიც, რომ რძის მიმართ ალერგიულები არცთუ იშვიათად კარგად იტანენ რძემჟავა პროდუქტებს, მაგალითად, მაწონს. სპეციალისტების აზრით, ძროხის რძეზე ალერგიის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია თხის რძე, რადგან, კვლევების თანახმად, ძროხის რძის ალერგიის მქონე პირთა დაახლოებით 40% ყოველგვარი სირთულის გარეშე ითვისებს თხის რძეს. მისი ზოგიერთი ფიზიკურ-ქიმიური თვისება, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ცხიმის მცირე ზომის მოლეკულები ან მოკლე და საშუალოჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების მაღალი კონცენტრაცია, თხის რძეს ადვილად მოსანელებელ პროდუქტად აქცევს.

როგორ მოვიქცეთ
ადრეული ასაკის ბავშვებსა და მოზარდებთან ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში საჭიროა რძის წილის შემცირება ან მისი სრულიად ამოღება კვების რაციონიდან. რძემჟავა პროდუქტების (ყველის, ხაჭოს, მაწვნის, ბიფიდობაქტერიების შემცველი იოგურტის), მცენარეული (მაგალითად, ქოქოსის) რძის მიღება ნებადართულია – მათ მიმართ ტოლერანტობა უფრო ადვილად ვითარდება, ოღონდ ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს მკურნალობის სქემაში D ვიტამინისა და კალციუმის პრეპარატების ჩართვა. თუ ბავშვი ძუძუს წოვს, დედის რძის შეზღუდვა არ არის სასურველი. ამ დროს უმჯობესია გამოვიყენოთ ლაქტაზა, რომელიც რძეში იხსნება და ყოველი კვების დროს ეძლევა ჩვილს. ორგანიზმში მოხვედრილი ფერმენტი შლის ლაქტოზას და ჩივილებიც ქრება. როცა ეს პრეპარატი ხელმისაწვდომი არ არის, დაისმის ლაქტოზის დაბალი შემცველობის ხელოვნურ ნარევებზე გადაყვანის საკითხი.

რძის ალერგიის მკურნალობის ერთადერთი მეთოდია სწორი კვების შერჩევა კლინიკური სიმპტომების მიხედვით. რაციონი ამ შემთხვევაში ძირითადად ღრმად ჰიდროლიზებული ან ამინმჟავებზე დაფუძნებული ნარევებისგან შედგება. რძესთან შემთხვევითი კონტაქტისგან არავინ არის დაზღვეული, ამიტომ მშობელს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს ადრენალინის ავტოინექტორი, სტეროიდი და ანტიჰისტამინური პრეპარატები.

მცენარეული რძე
ბოლო ხანს პოპულარული გახდა ცხოველური რძის ჩანაცვლება მცენარეული ალტერნატივით (ქოქოსის, ნუშის, სოიის, ბრინჯის, კაკლის, შვრიის), რომელიც გაცილებით ძვირი ღირს და არც ეკომეგობრულობით გამოირჩევა. ამ პროდუქტის მომხმარებელთა უმეტესობა ვეგეტარიანელია ან მცენარეულ რძეს გარემოს დაცვის მიზნით ირჩევს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ძროხის რძის ალტერნატივა ნებისმიერ შემთხვევაში დაბალი კვებითი ღირებულებისაა, რადგან ნაკლებ ცილას და კალორიას შეიცავს. ასეთი პროდუქტების უმეტესობას ხელოვნურად აქვს დამატებული D ვიტამინი და კალციუმი. გარდა ამისა, ძროხის რძის შემცვლელები ძირითადად არომატიზებული სახით გვხვდება დახლზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი შაქრისა და კალორიების წყაროა. ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული ტკბილი სასმელების მიღება, მოზარდ ასაკში კი მსგავსი პროდუქტების გამოყენება მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი.

წყარო: ჟურნალი “ავერსი”

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

ეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს

მიქსედემა – ენდოკრინული დაავადება
#image_title

ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს. მათ სიმსივნის უჯრედებს ინფრაწითელი სხივი მიანათეს, შედეგად მოლეკულებმა სინქრონულად ვიბრირება დაიწყეს და მათი მემბრანები განადგურდა.

რაისის უნივერსიტეტის და ტეხასის უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ეს მიდგომა მოლეკულური მანქანის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედების სტრუქტურას ანადგურებს და კიბოს ამარცხებს.

მეცნიერებმა ლაბორატორიაში გამოყვანილი სიმსივნური უჯრედების 99%-ის განადგურება შეძლეს. ექსპერიმენტები თაგვებზე ჩაატარეს და მათი 50% სიმსივნისგან განიკურნა.

 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights