რა ტიპის ვირუსებია გავრცელებული და როგორია ინფიცირების სიმპტომები
საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე:
„შემოდგომის დასაწყისი ყოველთვის მზადების პერიოდია. იმ სტატისტიკის მიხედვით, რასაც გვაწვდის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, სწორედ დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, – ეს სამი თვეა მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების და განსაკუთრებით გრიპის ყველაზე მაღალი აქტიურობის ფაზა.
ის ვირუსები, რომლებიც ახლაც ცირკულირებენ, განეკუთვნებიან შედარებით ნაკლებად ძალიან მსუბუქი ვირუსების კატეგორიას. ძირითადი ვირუსი, რომელიც ახლა ქვეყანაში ფიქსირდება, ბოლო მონაცემებით, სექტემბრის ბოლო კვირაში, ეს არის რინოვირუსი.
რინოვირუსი გაციების გამომწვევი ვირუსია. მას არ ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, მძიმე მიმდინარეობა და საერთოდ ყველა ის ვირუსი, რომელიც ქვეყანაშია, მათ შორის, კორონავირუსიც, წარმოადგენს მხოლოდ გაციების მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობის განმაპირობებელ ვირუსულ ინფექციებს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა კორონავირუსის ხვედრითი წილი
„ერთი თავისებურება აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა კორონავირუსის ხვედრითი წილი. თუ აგვისტოს მეორე ნახევარში 70% იყო, ყველა ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის კორონავირუსის ხვედრითი წილი ახლა სამჯერ ნაკლებია და სულ 20%-ს შეადგენს“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ პრევენციის გზებზე და ვაქცინაციაზეც ისაუბრა.
„პრევენციის გზა არის ორი ტიპის, – ვაქცინაცია და ის ღონისძიებები, რომლებიც ეფექტური იყო კორონავირუსის პანდემიის დროს: ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ჰიგიენა, საცხოვრებელი და საოფისე ფართის ხშირი განიავება და ზედაპირების სველი წესით დამუშავება.
საქართველოში მომდევნო კვირიდან ოფიციალურად გამოცხადდება გრიპის ვაქცინაციის კამპანია. ეს მხოლოდ და მხოლოდ გრიპის ვირუსის წინააღმდეგ მუშაობს და რაიმე ზეგავლენა სხვა ვირუსულ ინფიცირებაზე ამ ვაქცინას არ გააჩნია.
რისკჯგუფებისთვის ოქტომბრის ბოლო არის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, ვინაიდან ეს ის პერიოდია, როდესაც იწყება რისკჯგუფებისთვის ვაქცინაცია, ესენი არიან ორსული ქალები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, სამედიცინო მუშაკები.
იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ყოველწლიურად მოიმატებს იმ ადამიანების რაოდენობა და წელსაც იქნება უფრო მეტი აქტიურობა, ვიდრე წინა წელს, ვინაიდან 200 ათასი დოზა ვაქცინა, რომელიც შარშან შემოვიტანეთ ქვეყანაში, ბოლომდე გამოყენებული არ ყოფილა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
არის თუ არა რამე განსხვავება კორონავირუსის წინა ვარიანტებსა და ახლანდელ შტამს შორის, ჩხაიძემ აღნიშნა, რომ განსხვავება მხოლოდ და მხოლოდ ნიუანსებია, ერთ-ერთი არის ყელის ძლიერი ტკივილი, ხმის ჩახლეჩა და გარკვეულ შემთხვევებში ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა…