როგორ გამოიმუშავებს თავის კარმას ამქვეყნად მამაკაცი და რატომ სჭირდება ქალს იგივესთვის წარსულში ჩადენილი საქციელის გამოსყიდვა

0
189

იცოდით, რომ კარმა ქალისა და მამაკაცის ცხოვრებაში, ბედში სხვადასხვაგვარად ვლინდება? – ანუ, კარმად წოდებულ, გლობალური სისტემის მიზეზშედეგობრივ კავშირს ქალისა და მამაკაცის ხორცშესხმულ სხეულებში სხვადასხვა პოლუსები აქვს. თუ რა სახის განსხვავებაა მათ შორის, რომელს რა ფუნქცია აკისრია, სამართლიანია თუ არა სამყარო იმათ წინაშეც კი, ვისაც ცხოვრებაში ბევრი ტკივილისა და ტანჯვის გადატანა მოუწია და რას ნიშნავს, იმუშაო საკუთარ კარმაზე, ამ ყოველივეზე გვესაუბრება ეზოტერიკოსი, ქალბატონი ლეილა ბ.

– განსხვავება სქესის მიხედვით კარმათა შორის ნამდვილად არის, რის დასტურადაც წარმოგიდგენთ ამ თეორიის ერთ-ერთ ვერსიას – მამაკაცის სხეულში ჩასახული სულის მისია ამქვეყნად კარმის შემუშავებაა (შექმნა მიზეზებისა, რომელიც სულის შემდგომი გარდასახვისას გამოიღებს შედეგს); როცა ამავდროულად, ქალის სხეულში ჩასახული სული იმისთვის მოევლინა ქვეყანას, რომ კარმა გამოისყიდოს (იმ შედეგებზე აგოს პასუხი, რომელიც წარსულში, სულის გარდასახვის დროს გაჩენილ მიზეზთა გამო იშვა).

– მაინც რა არის კარმა?

– მიზეზშედეგობრივი კავშირის გაუცნობიერებელი რეზულტატი. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა – კარმას ყველაზე ხშირად ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებენ: როგორც ფატალურ, გარდაუვალ მოვლენას, სასჯელს, სინამდვილეში კი, საქმე სულ სხვაგვარადაა. თავის არსით კარმა სასწორის პინასავით გაწონასწორებული, დაცული ბალანსი და სამართლიანობაა. სამყარო სამართლიანია და მივიღოთ ეს როგორც პოსტულატი, რომელიც დამტკიცებას აღარ საჭიროებს. რაც შეეხება იმას, რომ ქალი მხოლოდ, როგორც იტყვიან, კარმულ ვალს იხდის, ხოლო მამაკაცი მას გამოიმუშავებს, რა თქმა უნდა, ქალის მხრიდან არასამართლიანად ჩანს. თუმცა, კარმა ხომ ჩვენგან თავმდაბლობასა და შემგუებლობას მოითხოვს. ქალი კი (მათი უმეტესობა) მამაკაცთან შედარებით, უფრო თმენისკენ მიდრეკილი, თავმდაბალი და შემგუებელია, ვიდრე მებრძოლი. ქალი ღვთისმოსავია და ცდილობს, იყოს სუფთა, წმინდად შეინახოს თავი (როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად). აბა, დაფიქრდით, რაღა მაინცდამაინც ქალის პასუხისმგებლობაა დალაგება და სისუფთავის დაცვა? დალაგებისას გარემომცველი სივრცის მოწესრიგებით, ჩვენ არა მარტო ფიზიკურ დონეზე ვსუფთავდებით, არამედ გაცილებით ნატიფ ენერგეტიკულ დონეზე ვიწმინდებით. თვეში ერთხელ ხომ ისედაც იწმინდება ქალის ორგანიზმი, რაც მოცემული თეორიის კიდევ ერთი პლუსია და მაინც… ქალი გამოიმუშავებს თავის კარმას ძირითადად ოჯახისა და ოჯახური ურთიერთობების ხარჯზე, როგორც მშობლებთან, ისე საკუთარ ოჯახში – მამაკაცთან და შვილებთან ურთიერთობით. აი, ეს არის ძირითადი ველი საკუთარი კარმის გამოსამუშავებლად.

– რატომ ხდება, რომ გოგონები ხშირად დედის ბედს იზიარებენ პირად და ოჯახურ ცხოვრებაში?

– დიახ, ეს ხშირია და ნაწილობრივ იმიტომ, რომ დედამ ქალიშვილი თავის მსგავსად აღზარდა. თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. თუ უფრო ჩავუღრმავდებით, ქალს გოგონა იმიტომ უჩნდება, რომ მას თავისი გამოუმუშავებელი კარმა გაუზიაროს. ამიტომაცაა, რომ გოგონას დაბადების შემდეგ ქალის ცხოვრებაში აყვავების ხანა დგება და ის ნაკლებად ქაოტურია. ამ შემთხვევაში ისმის კითხვა: და გოგონას სული? – ისიც ხომ ამქვეყნად საკუთარი კარმის გამოსამუშავებლად მოვიდა და რა შუაშია დედის კარმა? დაბადებისთვის სული შემთხვევით კი არ ირჩევს ამა თუ იმ ოჯახსა და გვარს. გვარისა და დედის კარმა ანალოგიურია ახალშობილი გოგონას კარმისა. თუმცა გოგონას დაბადების შემდეგ დედა კვლავაც აგრძელებს საკუთარი კარმის გამომუშავებას – აუმჯობესებს ბედს, რითაც ქალიშვილსაც იცავს მისი მწარე გაკვეთილებისგან.

– რას ნიშნავს საკუთარ კარმაზე მუშაობა და როგორია ეს ქალისთვის?

– ასეთი მუშაობის ეტაპობრივი რეცეპტი არსებობს, რომელიც საკმაოდ სწრაფად აუმჯობესებს ცხოვრებას. პირველ ყოვლისა – მიიღეთ თქვენი ბედი ისეთი, როგორიც არის ის და ამისთვის სამყაროს მადლობა გადაუხადეთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გულწრფელობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბევრი ტანჯვისა და ტკივილის გადატანა მოგიხდათ, როცა ღმერთს ეკითხებოდით: რისთვის ეს ყველაფერიო და მიგაჩნდათ, რომ ასეთი რამ არ დაგიმსახურებიათ… უბრალოდ, გაითავისეთ ფაქტი, რომ სამყარო სამართლიანია და თქვენი უკვდავი სულისთვის ყველა მტკივნეული გაკვეთილი და დარტყმა ბედისგან აუცილებელი იყო. უთხარით მადლობა სამყაროს დედამიწაზე ცხოვრების ბედნიერებისთვის და იმისთვის, რომ ხართ ქალი და გაქვთ შესაძლებლობა, სული ცოდვებისა და მძიმე კარმისგან გაიწმინდოთ. მეორეა – მოინანიეთ ყველაფერი, რაც კი როდისმე ჩაგიდენიათ – რაც იცით და არ იცით. კარგი ბედი შესთხოვეთ სამყაროს თქვენთვის და თქვენი ქალიშვილისთვის. მონანიება, ბედთან შეგუება და დახმარების გულწრფელად თხოვნა (სამყაროს უსამართლობაზე მოთქმისა და ბედთან ბრძოლის ნაცვლად) საუკეთესო წამალია: სასწაულმოქმედი და სწრაფი.

– მაგრამ, რაც შეეხება მამაკაცებს, ესე იგი წარსულის გამო მათ არაფერზე პასუხი არ მოეთხოვებათ და ჩადენილის საზღაურს მხოლოდ შემდეგ ცხოვრებაში მიიღებენ?

– რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე არ არის. არსებობს კარმის სხვადასხვა სახეობა და მისი გაკვეთილებისგან არც მამაკაცები არიან დაზღვეულნი. თავიანთ კარმას მამაკაცები გამოიმუშავებენ სოციალურად რეალიზების, მატერიალური შემოსავლების, კარიერაში წინსვლისა და საზოგადოებისგან აღიარებული სტატუსის მოპოვების გზით. ეს გახლავთ მამაკაცისთვის ამქვეყნიური ბრძოლის ველი. თუმცა ის რჩეულ ქალსაც ეხმარება კარმის გამომუშავებაში. ქალის კარმა ძლიერ გავლენას ახდენს მამაკაცის კარმაზე, რადგან ერთად ყოფნისა და ინტიმური ურთიერთობისას პარტნიორთა შორის ენერგიის ინტენსიური გაცვლა მიმდინარეობს, რის შედეგადაც მამაკაცი ქალის კარმის ნაწილს თავის თავზე იღებს. ამიტომ, პარტნიორის შერჩევისა და მასთან ურთიერთობის დაწყებამდე, კარგად დაფიქრდით, გაიაზრეთ მასშტაბი თუნდაც ერთჯერადი, მსუბუქი ინტრიგის შედეგებისაც კი.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ