ქირურგიის ეროვნული ცენტრი
ქირურგიის ეროვნული ცენტრი პროგრესულად მოაზროვნე მენეჯმენტის, უახლესი სამედიცინო აპარატურის და რაც მთავარია, უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალ ექიმთა მთელი თანავარსკვლავედის ერთობლიობაა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი ფუნქციონირებს 1946 წლიდან. აღნიშნული ხანგრძლივი პერიოდისა და გამოცდილების გათვალისწინებით, კლინიკა წარმოადგენს ერთ–ერთ ძირითად ნოვატორ და რიგ შემთხვევაში სამედიცინო სერვისების ფუძემდებელ სამედიცინო დაწესებულებას.
ბოლო წლების განმავლობაში კლინიკაში განხორციელდა მრავალმილიონიანი ქართული ინვესტიცია, შეძენილ იქნა ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურა, რომლის ანალოგიც რეგიონში არ მოიპოვება.
მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის წყალობით, კლინიკა იკავებს ერთ–ერთ მოწინავე პოზიციას სამედიცინო მომსახურების მიწოდების ბაზარზე.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით:
- კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინა;
- გადაუდებელი მედიცინა;
- ინტერვენციული კარდიოლოგია;
- ზოგადი ქირურგია;
- ანგიოქირურგია;
- ნეიროქირურგია;
- ენდოვასკულური ნეიროქირურგია;
- ენდოოვასკულური ანგიოქირურგია;
- ჩირქოვანი ქირურგია;
- პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია;
- ყბა–სახის ქირურგია;
- პროქტოლოგია;
- ტრავმატოლოგია;
- უროლოგია;
- გინეკოლოგია;
- ჰემოდიალიზი;
- ტრანსპლანტოლოგია;
- ოტო-რინო-ლარინგოლოგია;
- ნეფროლოგია;
- ალერგოლოგია;
- ენდოკრინოლოგია;
- თერაპია;
- კარდიოლოგია;
- ოფთალმოლოგია;
- სისხლის დაავადებები;
- ჰემოფილია;
- ტოქსიკოლოგია;
- ანესთეზიოლოგია;
- ფტიზიატრია;
- ონკოლოგია;
- ქიმიოთერაპია;
- სხივური თერაპია.
ეს სერვისები წარმოდგენილია, როგორც სტაციონალურ, ისე ამბულატორიულ რეჟიმში.
აღსანიშნავია ის ულტრათანამედროვე აპარატურა, რომლითაც აღჭურვილია ამბულატორიის დეპარტამენტი:
- კომპანია Toshiba-ს უახლესი თაობის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი Vantage Elan თავისი შესაძლებლობებით ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიო ბაზარზე. აპარატს გააჩნია მძლავრი ტექნოლოგიური პაკეტები და კვლევის უახლესი რეჟიმები, გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხით და უსწრაფესი ვიზუალიზებით. საუკეთესოა ნევროლოგიური, ორთოპედიული, ანგიოლოგიური, ონკოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებების გამოვლენისთვის. მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი ახლახანს იქნა უზრუნველყოფილი Software Upgrade Package for Vantage Elan V4–ვერსიით, ამ სიახლის საშუალებით მიიღება იდეალური გამოსახულება და გარდა ამისა შესაძლებელი ხდება მთელი სხეულის სკანირება რუტინული კვლევის ფასად, რაც დიდი შეღავათია პაციენტისთვის და პრიორიტეტია ჩვენი კლინიკისთვის;
- კლინიკაში მოსულ პაციენტებს ძალიან დიდ დახმარებას უწევს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი Toshiba Aquilion RXL. კლინიკის მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი თავის კლასში უპირობო ლიდერია. კომპიუტერული ტომოგრაფიის სისტემებში გამოსახულების მაღალი ხარისხი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს. ამისთვის Toshiba-მ შეიმუშავა რიგი ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლითაც სწორედ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კომპიუტერული ტომოგრაფია აღჭურვილი. აპარატი აღიჭურვა ახალი კტ–პერფუზიის ფუნქციით (CT Cerebral blood perfusion), რაც ფაქტობრივად განუყოფელი და მძლავრი იარაღია ჩვენი ნეიროქირურგიული სამსახურისთვის – ისინი ინსულტის მართვის კუთხით, ამ კვლევის თანხლებით, საუკეთესო შედეგს იღებენ, მარტივად გეგმავენ შემდგომი კვლევებისა თუ მკურნალობის ტაქტიკას;
- უახლესი ექოკარდიოგრაფიის აპარატის TOSHIBA Aplio 400–ის უპირატესობაა მაღალი ხარისხის გამოსახულება. Aplio 400 უზრუნველყოფს გამოკვლევის სიზუსტეს. აპარატს აქვს ყველა ფუნქცია ულტრასონოგრაფიული კვლევებისთვის, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია Speckle tracking – 2D Strain ექოკარდიოგრაფია, რომელიც ულტრაბგერითი კვლევის მეთოდია და მიოკარდის დეფორმაციის შესწავლით მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის პათფიზიოლოგიური მექანიზმების ახსნისა და ასიმპტომური სტადიის ნაადრევი გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. 2D strain ტექნოლოგია სამ სიბრტყეში – სიგრძივი, ცირკულარული და რადიალური მიმართულებით მიოკარდის დეფორმაციის შედეგების ანალიზითა და გულის შემობრუნებისა (Rotation) და შემოგრეხვა/გახსნის (Twisting/Untwisting) პროცესების აღწერით მიოკარდის სეგმენტური და გლობალური კუმშვადობის, ასევე მისი ბრუნვითი მექანიკის შეფასების შესაძლებლობას იძლევა;
- ულტრათანამედროვე ულტრაბგერითი აპარატი Toshiba Aplio 500 გამოირჩევა ვიზუალიზების თანამედროვე სისტემით, მაღალი სიზუსტისა და მგრძნობელობის პროგრამებით. მაღალი სიზუსტით ხდება მკურნალობის შედეგების მონიტორირება, რაც პაციენტთათვის უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიაა. აპარატის უპირატესობაა ელასტოგრაფიული რეჟიმი. ულტრაბგერითი ელასტოგრაფია ეს არის ფერად რეჟიმში კვანძოვანი წარმონაქმნების ან ჯირკვლოვანი ორგანოების, როგორიცაა ფარისებრი და სარძევე ჯირკვლები, აგრეთვე ღვიძლის და ელენთის სიმკვრივის განსაზღვრა. Fly Thru რეჟიმის მეშვეობით კი ხდება ადამიანის სისხლძარღვებსა და ღრუ ორგანოებში (ნაღვლისა და შარდის ბუშტი), 4D რეჟიმში გადამწოდით შეღწევა და მათი კედლებისა და ღრუს შიგთავსის დათვალიერება.
ონკოლოგიური დაავადებები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს გლობალური ჯანმრთელობისათვის და კვლავაც დიდ გამოწვევად რჩება მსოფლიოსა და საქართველოში.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს რადიოთერაპიის დეპარტამენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აძლევს იმის საშუალებას, რომ ქართველი და უცხოელი ექიმებისა და პროფესიონალი გუნდის დახმარებით მიიღონ ამერიკულ-ევროპული სტანდარტის მკურნალობა. ის მკურნალობა, რისთვისაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენას საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებს.
კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანიის Varian-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი 2018 წლის კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი) სხივური ამაჩქარებლებით Truebeam–ით და Vitalbeam–ით, რაც პაციენტების შეუფერხებელი მკურნალობის გარანტიას იძლევა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებისთვის ინდივიდუალიზირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის ჩატარებას უზრუნველყოფს. რადიოთერაპიის დეპარტამენტის გუნდის თითოეული წევრის მიზანია მზრუნველ გარემოში შეთავაზოს პაციენტებს უშუალოდ მათ მოთხოვნებსა და საჭიროებაზე მორგებული მკურნალობის კურსი.
რადიოთერაპიის დეპარტამენტში ტარდება: ცენტრალური ნერვული სისტემის, თავ-კისრის, ფილტვის, ძუძუს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, უროლოგიური და გინეკოლოგიური ონკოლოგიური დაავადებების, ლიმფომების და ჰემატოლოგიური სიმსივნეების, ძვლის და რბილი ქსოვილების, კანის, თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი მეტასტაზების რადიოთერაპია დასხივების თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით: 3DCRT 3 განზომილებიანი კონფორმული, IMRT ინტენსივობა-მოდულირებული, მოცულობა მოდულირებული VMAT (RapidArc), RGRT სუნთქვასთან სინქრონიზებული რადიოთერაპია.
უმნიშვნელოვანესია პაციენტის მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენა. ეს პროცესი მიმდინარეობს ჩვენი კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტისა და უცხოეთში მოღვაწე, ამ სფეროში წარმატებული ქართველი ექსპერტების ერთობლივი თანამშრომლობით. მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენაში მონაწილეობენ ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი, პროფესორი ნათია ესიაშვილი და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ჯუღაშვილი.
უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ 2 წამში ერთ ადამიანს ემართება ინსულტი, ხოლო ყოველ 5 წამში ამ პათოლოგიით ერთი ადამიანი იღუპება.
დღეს ინსულტიანი პაციენტები მთელ მსოფლიოში ინსულტის ცენტრებში გადაჰყავთ!
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ცენტრი უნიკალურია თავისი შესაძლებლობებით. აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, დაკომპლექტებულია გამოცდილი და პროფესიონალი ნეიროქირურგებითა და ნევროლოგებით.
კლინიკის ინსულტის ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მკურნალობას იმ თანამედროვე მეთოდებით, რაც დანერგილია ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში.
ინსულტის ცენტრს საფუძველი ჩაეყარა მას შემდეგ, რაც კლინიკა აღიჭურვა SHIMADZU-ს წარმოების ორმკლავიანი ანგიოგრაფით Trinias B12. მსგავსი აპარატი ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც პირველად გაიყიდა იაპონიის ფარგლებს გარეთ.
კლინიკის ინსულტის ცენტრში ხდება:
- მწვავე სტადიის პაციენტების ტრიაჟი;
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის აღდგენისა და პათოლოგიური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები – სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისი, ენდოვასკულური თრომბექტომია (ანგიოგრაფით);
- თავის ტვინში სისხლჩაქცევის, ანევრიზმის, არტერიო–ვენური მალფორმაციის, კაროტიდული და ვერტებრული არტერიების სტენოზის ქირურგიული მკურნალობა როგორც ღია, ასევე ენდოვასკულური მეთოდით (ანგიოგრაფით);
- ადრეული ნეირორეაბილიტაცია;
- მეორეული პრევენცია.
- პაციენტის ცენტრში მიყვანისთანავე პროფესიონალთა გუნდი ადგენს ინსულტის ტიპსა და გენეზს. იშემიური ინსულტის სამკურნალოდ, თანამედროვე გაიდლაინების დაცვით, ტარდება სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისი ან ენდოვასკულური თრომბექტომია. მეთოდს პაციენტის მდგომარეობისა და სათანადო ჩვენების მიხედვით ინდივიდუალურად არჩევენ.
თრომბოლიზისი
თრომბოლიზისი თრომბის დაშლას ნიშნავს. ამ მეთოდით იშლება თავის ტვინის სისხლძარღვში ჩაჭედილი თრომბი, ხდება სისხლძარღვის რეკანალიზება, ანუ სისხლის მიმოქცევის აღდგენა თავის ტვინის დაზიანებულ უბანში, რაც იწვევს ინსულტის შედეგად განვითარებული სიმპტომების სრულ ან ნაწილობრივ უკუგანვითარებას. მკურნალობისთვის გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორი – აქტილიზეს (ალტეპლაზა) სახელწოდებით, რომელსაც ინსულტის განვითარებიდან პირველი 4,5 საათის განმავლობაში შეუძლია თრომბის დაშლა, შემდეგ მისი გამოყენება აზრს კარგავს, ამიტომ აუცილებელია, პაციენტი რაც შეიძლება მალე მოხვდეს ინსულტის ცენტრში, რაც უფრო ადრე დაიწყება თრომბოლიზისი, მით უკეთესი იქნება შედეგი.
თრომბექტომია
ენდოვასკულური თრომბექტომია მცირეინვაზიური ჩარევაა. ბარძაყის არტერიიდან მიდგომით კაროტიდული აუზიდან აცილებენ თრომბს, რომლითაც კონკრეტული სისხლძარღვია დახშული. ამის შემდეგ სისხლის მიმოქცევა სრულფასოვნად აღდგება, ეს მეთოდი ინსულტის განვითარებიდან პირველი 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა ოქროს პერიოდად 6–8 საათი მიიჩნევა. პროცედურა SHIMADZU–ს ორმკლავიანი ანგიოგრაფით – Trinias B12-ით ტარდება, გამოიყენება Penumbra-ს სისტემა, რომელიც მთელ მსოფლიოშია აღიარებული.
ჩვენი კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე ორმკლავიანი ანგიოგრაფით Trinias B12–ით, რაც საშუალებას იძლევა აორტის პათოლოგიები ენდოვასკულურად (არა ღია წესით) იმართოს და ოპერაცია ჩატარდეს პაციენტისთვის მაქსიმალურად დამზოგველი და ეფექტური მეთოდით. ამავე დროს კლინიკაში ყოველთვისაა გულმკერდისა და მუცლის აორტისთვის საჭირო სტენტ–გრაფტების მარაგი, რაც მიღწეულია მწარმოებელ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაბამისად, 24 საათის განმავლობაში შეგვიძლია მოვემსახუროთ ურგენტულ პაციენტებს, დროულად ჩავატაროთ ოპერაცია და გადავარჩინოთ სიცოცხლე!
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გამოიყენება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები (სოფტები), რომლის დახმარებითაც შესაძლებელია აორტის გაზომვა, ოპერაციის დაგეგმარება ოპტიმალურ დროში. ქირურგები ამ სოფტებით ინდივიდუალურად არჩევენ პაციენტისთვის საჭირო კონკრეტული დიამეტრისა და სიგრძის სტენტ–გრაფტებს.
ენდოვასკულურ დეპარტამენტში ასევე წარმატებით ხორციელდება: პერიფერიული სისხლძარღვის ენდოვასკულური რეკონსტრუქციები, ჰიბრიდული (ღია და ენდოვასკულური) ოპერაციები.