აშშ-ში, ფლორიდაში ქარიშხალი „მილტონი“ მძვინვარებს. სტიქიისთვის შტატში რამდენიმე დღე ემზადებოდნენ. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნებოდა ბოლო წლების განმავლობაში.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში სტიქიის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა.
გამოცემის ცნობით, შერიფის ოფისს არ დაუზუსტებია, რამდენი ადამიანი დაიღუპა, თუმცა განაცხადა, რომ არის დაღუპვის „მრავლობითი შემთხვევა“.
„მილტონს აქვს პოტენციალი იყოს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი დასავლეთ-ცენტრალურ ფლორიდაში“, – განაცხადა აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა.
ქარიშხალმა მთელ შტატში ტორნადოები გამოიწვია, ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ეროვნული გვარდიის ათასობით წევრი ქარიშხლის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მზად არის. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ წინასწარ განალაგა რესურსები და ასობით პერსონალი.
ბაიდენმა ფლორიდა კატასტროფის ზონად გამოაცხადა, რათა სტიქიაზე რეაგირება გაადვილდეს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). VIDEO: დანგრეული სახლები და წყალში მოცურავე ავტომობილები, არიან გარდაცვლილები – ქარიშხალი ფლორიდაში. 10 ოქტომბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/video-დანგრეული-სახლები-და-წყა/

