საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ უცვლელი დარჩა — ეს გადაწყვეტილება TBC Capital-ისთვის მოსალოდნელი იყო, თუმცა საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ პოლიტიკის გამკაცრების სასარგებლო არგუმენტებიც საკმაოდ მყარია.
TBC Capital-ის უახლეს მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ინფლაციური ზეწოლის — განსაკუთრებით იმპორტული ინფლაციის — გაძლიერება, სხვა თანაბარ პირობებში, ლარის გამყარებისკენ მიმართულ ძალებს ამძაფრებს. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სებ მოკლევადიან პერიოდში სავალუტო რეზერვების შევსებას პრიორიტეტად ინარჩუნებს. ამ პირობებში ლარის საბაზო სცენარი კვლავ მიმდინარე ნიშნულთან ახლოს რჩება, თუმცა უფრო ძლიერი ლარის სცენარი სულ უფრო სარწმუნო ხდება.
სავალუტო შემოდინებების კუთხით ბანკი გარე კონტექსტის მნიშვნელოვანი გაუარესების გარეშე ამ მიმართულებით შესამჩნევ ვარდნას არ ელოდება, ვინაიდან ეწინააღმდეგე მიმართულებით მოქმედ ფაქტორებს დიდ ნაწილში ერთმანეთი ანეიტრალებს.
TBC Capital ასევე ყურადღებას ამახვილებს სასაქონლო სექტორის გავლენაზე. ნავთობპროდუქტებისა და ლითონების წარმოება — რომელსაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე გაზრდილი საერთაშორისო ფასები უმაგრებს ზურგს — სამრეწველო გამოშვებისა და საქონლის ექსპორტის ზრდის ძირითად ბერკეტად რჩება. თუმცა ეკონომიკაზე კუმულაციური ეფექტი ბევრად ზომიერია: შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი შუალედური, ხშირ შემთხვევაში იმპორტირებული, ნედლეულის შეძენას ხმარდება, ხოლო გაძვირებული იმპორტი საექსპორტო სარგებელს ნაწილობრივ ანეიტრალებს.
ამ ნიუანსს ციფრებიც ადასტურებს: პირველ კვარტალში მთლიანი გამოშვების ზრდის დაახლოებით მესამედი სამრეწველო სექტორზე მოდიოდა, თუმცა რეალური ეკონომიკური ზრდის წვლილი მხოლოდ 3.4%-ს შეადგენდა — ამის მიზეზი სწორედ შუალედური ხარჯების მაღალი წილია.
საექსპორტო სტატისტიკაც საყურადღებოა: იანვარ-ივლისში ნავთობპროდუქტებისა და ლითონების ექსპორტზე მთლიანი საექსპორტო ზრდის 100%-ზე მეტი მოდიოდა, რამაც სრულად გადაფარა ავტომობილების რეექსპორტის კლება. TBC Capital-ის შეფასებით, სასაქონლო ფასების ზრდამ ამ პერიოდში სავაჭრო ბალანსი 10-100 მილიონი აშშ დოლარით გააუმჯობესა, თუმცა კონკრეტული შედეგი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საფასო დაშვებებზე.
საკუთრივ სავალუტო ბაზარზე ჭარბ მიწოდებას სხვა წყაროებიც კვებავს: IT-სექტორის ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმის შემოსავლების მზარდი აღდგენა და, აგრეთვე, გააქტიურებული უცხოური ინვესტიციები სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში. ამ ფაქტორების ერთობლიობამ შედეგი გამოიღო: აგვისტოს ბოლოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებმა 8.1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის 2 მილიარდით მეტია.
Sheni Ambebi News
წყარო: bm.ge

