გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის საქმეზე სასამართლო გაიმართა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
რაც შეეხებათ ადვოკატებს, ისინი დაკავებული არასრულწლოვანების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდნენ.
იმნაძეს ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე, ბერუაშვილს კი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს.
პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, მოკლული მასწავლებლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებში ნია იმნაძისა და მისი მამის, ვალერ იმნაძის, საუბარია ასახული. მისი თქმით, ისინი განიხილავენ ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
პროკურორმა განმარტა, რომ ჩანაწერში ვალერ იმნაძე შვილს ეუბნება, ალექსანდრე გაბაშვილის ქმედება მიუღებელი იყო და ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. ნია იმნაძე კი პასუხობს, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა და აღნიშნავს, რომ დღევანდელ რეალობაში გადაწყვეტილებების მიღების პრინციპები განსხვავდება უფროსი თაობის ხედვებისგან. ამ საკითხზე მამასა და შვილს შორის კამათი ვითარდება.
ქეთევან სონიძის ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერები მიმდინარე წლის თებერვალში მოიპოვეს. მისივე განმარტებით, მსგავსი ფარული საგამოძიებო მოქმედებები გასული წლის ოქტომბერშიც ტარდებოდა, თუმცა იმ ეტაპზე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოვლენილა.
პროკურორის თქმით, საუბარში ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებიან, თუმცა ძირითადი დიალოგი ნია იმნაძესა და მის მამას შორის მიმდინარეობს. მისი განცხადებით, ნია იმნაძე არა მხოლოდ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას მომხდართან დაკავშირებით, არამედ გამოხატავს დამოკიდებულებას, რომელიც, გამოძიების შეფასებით, საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს შეიცავს.
ამასთან, ქეთევან სონიძემ აღნიშნა, რომ გამოძიებამ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კომპანია „მეტას“ კიდევ ერთხელ მიმართა. მისი თქმით, შესაბამის შუამდგომლობაზე კომპანიის პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ და გამოძიება კვლავ ელოდება ოფიციალურ რეაგირებას.
ცნობისთვის, გიგა ავალიანი 2025 წლის ოქტომბერში სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად, გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმა.
2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც ჩასაფრდნენ და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.
2025 წლის 1-ელ ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება) და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ, 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ ცნეს 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


