კიდევ ერთი სიახლე Starring Georgia-ს ეკოსისტემაში – მალე საქართველოში ყველაზე დიდი დინო პარკი „დინოტოპია“ გაიხსნება, სადაც 50-ზე მეტი დინოზავრი და პრეისტორიული ხანის ქმნილება იქნება წარმოდგენილი.
„დინოტოპია“ შეკვეთილში, „ციცინათელას“ პარკის მიმდებარედ განთავსდება და იქნება თანამედროვე, შემეცნებით – გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და შავიზღვისპირეთის დამსვენებლებისთვის.
ამ მიზნით, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა” და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, „ციცინათელას“ პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შპს „აკვა ცენტრისგან” შეიძინა ფონდმა “ქართუმ” და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ეს ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება. შედეგად კი, შეიქმნება ერთიანი, მასშტაბური ტურისტული კომპლექსი.
„სთარინგ ჯორჯიას“ მიზანია, „დინოტოპიამ“ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი მოიზიდოს. გარდა ამისა, ეს იქნება საუკეთესო სივრცე ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებისთვის.


