1 ივნისიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგულაცია ამოქმედდა
2026 წლის 1 ივნისიდან საქართველოში ძალაში შევიდა არაერთი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცვლილება, რომლებიც ეხება როგორც მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას, ისე ჯანდაცვის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებს.
საჯარო განცხადებებზე მონიტორინგი დაიწყება
ახალი რეგულაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი საჯარო სივრცეში გაკეთებული შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახველი, სიძულვილის შემცველი ან ძალადობისკენ მოწოდების ნიშნების მქონე განცხადებების მონიტორინგს განახორციელებს.
დეპარტამენტს დაევალება შესაბამის ფაქტებზე დროული რეაგირება, სამართლებრივი შეფასება და საჭიროების შემთხვევაში გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
იცვლება მართვის მოწმობის გამოცდების ჩატარების წესი
მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პრაქტიკული გამოცდების ორგანიზების ახალი წესი უკვე ამოქმედდა.
ამიერიდან ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება, ხოლო არაგეგმური გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შაბათობით.
გარდა ამისა, 15 ივნისიდან დამატებითი ცვლილებები შევა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდებში.
B და B1 კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს 30-კითხვიან ტესტში მაქსიმუმ ხუთი შეცდომის დაშვების უფლება ექნება. გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად აუცილებელი იქნება მინიმუმ 25 სწორი პასუხის გაცემა 30 წუთის განმავლობაში. აქამდე სავალდებულო მინიმუმი 27 სწორი პასუხი იყო.
პრაქტიკული გამოცდის შეფასების პროცესშიც სიახლეებია. თუ კანდიდატი რომელიმე დავალებას პირველად არასწორად შეასრულებს, გამომცდელს ექნება უფლება დამატებითი შესაძლებლობა მისცეს შეცდომის გამოსასწორებლად.
ასევე იზრდება მსუბუქი შეცდომების დასაშვები რაოდენობა. ახალი წესის მიხედვით, კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაიჭრება, თუ 15 ან მეტ მსუბუქ შეცდომას დაუშვებს.
გამოცდის მეორე ეტაპზე ადგილების დაჯავშნის პროცედურაც იცვლება. სპეციალური ალგორითმი უზრუნველყოფს ადგილების უფრო სამართლიან და თანაბარ განაწილებას.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წესები მკაცრდება
1 ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ უწყვეტად ექვსი თვე ან მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, ასეთი პირების რეგისტრაცია პროგრამაში ავტომატურად შეჩერდება. ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მათ პროგრამაში ხელახლა ჩართვა მოქმედი წესების შესაბამისად შეეძლებათ.
გიდებისთვის სერტიფიცირება სავალდებულო გახდა
ტურიზმის სექტორში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდა. ივნისიდან სავალდებულო გახდა სერტიფიცირება იმ პირებისთვის, რომლებიც სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის ან ალპური გამყოლის საქმიანობას ეწევიან.
რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობა შესაბამის სანქციებსა და ადმინისტრაციულ ჯარიმებს ითვალისწინებს.
მთავრობის განმარტებით, ახალი მოთხოვნის მიზანია უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება და პროფესიული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ტურისტულ სექტორში.


