განათლების სამინისტროს “საგანმანათლებლო რესურსებმა” სკოლის ფორმების შესაკერად გამოცხადებული ₾44.9-მილიონიანი ტენდერიდან წინადადება გაიხმო.
- იქამდე უწყება 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის დაახლოებით 1.8 მილიონი სასკოლო ფორმის შეძენას გეგმავდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 44.9 მილიონ ლარს შეადგენდა.
შემდეგი სასწავლო წლიდან ტესტურ რეჟიმში, ყველა საჯარო სკოლაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები.
სასკოლო ფორმების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე.
სწორედ აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, “საგანმანათლებლო რესურსებმა” 29 აპრილს გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, სადაც წერდა, რომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის მიწოდების ვადა განსაზღვრული იყო ეტაპად: I ეტაპი საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდება არაუგვიანეს 31 ივლისისა, II ეტაპი ეტაპი საქონლის დარჩენილი რაოდენობა არაუგვიანეს 20 აგვისტოს ჩათვლით.
“2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შესაკერი ერთეულების რაოდენობა ჯამში შეადგენს 1 801 000 ცალს;
სავარაუდო ღირებულების დასადგენად, 2026 წლის 3 აპრილს გამოცხადდა ბაზრის კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებით, შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა 44 900 000 ლარით”.
კვლევის მიხედვით, დაგეგმილი შესასყიდი რაოდენობები ასეთი იყო:
- პიჯაკი (გოგო) – 292,000 ცალი;
- პიჯაკი (ბიჭი) – 308,000 ცალი;
- შარვალი (გოგო) – 438,000 ცალი;
- შარვალი (ბიჭი) – 616,000 ცალი;
- ქვედაკაბა მუხლამდე – 146,000 ცალი;
- ქვედაკაბა გრძელი ცალი – 1,000 ცალი.
განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ 17 აპრილს განაცხადა, რომ სასკოლო ფორმა დაახლოებით 100 ლარი ეღირება, მაგრამ დასძინა ისიც, რომ ეს თემა მისი საკურატორო არ არის.



