თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, გასულ წელს დაფინანსების ზედა ზღვარი 20 000 ლარი იყო, წელს მეწარმეებს უკვე 50 000 ლარამდე თანხის მიღება შეუძლიათ.
„პროგრამა, რომელიც 2025 წელს პირველად ამოქმედდა, მიმდინარე წელს კიდევ უფრო მასშტაბური გახდა — გაიზარდა როგორც საერთო ბიუჯეტი, ისე თითოეული მეწარმისთვის გათვალისწინებული დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროექტებზე, რომლებიც გულისხმობს პროდუქციის დამუშავებას, დამატებითი ღირებულების შექმნას და ხარისხის გაუმჯობესებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ ყველა მოქმედ მიკრო და მცირე მეწარმეს, რომელიც ბაზარზე მინიმუმ ორი წელია უწყვეტად ოპერირებს.
„უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ რეალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნესგეგმებს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, მათი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო აღჭურვილობა ტექნოლოგიები და დანადგარები შეიძინონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, თანადაფინანსებას განსაზღვრული პირობები აქვს, დეტალური ინფორმაცია და განაცხადის პროცედურები კი ხელმისაწვდომი იქნება თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
„მერიის მხრიდან თანადაფინანსების პირობები შემდეგნაირად განისაზღვრა: 5 000 ლარამდე — 90%; 5 001-დან 20 000 ლარამდე — 85%; 20 001 ლარიდან – 30 000 ლარამდე — 80%; 30 001-დან 70%“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება 1-ელ ივნისს დასრულდება. თანადაფინანსება არ ვრცელდება მომსახურებასა და სწრაფი კვების ობიექტებზე.



