რამდენიმე მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აკრძალული აქვთ საქმიანობა. კანონმდებლობაში საკმაოდ მკაცრი მიდგომები გავითვალისწინეთ ჯარიმებისა და ქვეყნიდან გაძევების სახით, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულებაზე ისაუბრა.
„უცხო ქვეყნის მოქალაქეების რეგისტრაცია დავიწყეთ ჩვენს სისტემაში. მათზე უკვე შრომის უფლება გაცემულია. ლეგალურად შეუძლიათ საქართველოში იმუშაონ. უმეტესად ეს თვითდასაქმებულ უცხოეთის მოქალაქეებს შეეხება. მთელი წლის მანძილზე მოვემსახურებით თვითდასაქმებულებსაც და იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლამდე ჩვენს რეესტრში ისედაც დარეგისტრირებულები იყვნენ. ასეთი უცხო ქვეყნის 62 ათასი მოქალაქე გვყავს. 2026 წლის 1 მაისიდან უკვე ამოქმედდა გარკვეული აკრძალვები. რამდენიმე მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აკრძალული აქვთ საქმიანობა. კანონმდებლობაში საკმაოდ მკაცრი მიდგომები გავითვალისწინეთ ჯარიმებისა და ქვეყნიდან გაძევების სახით. ჯარიმები 2000 ლარიდან იწყება და ჯარიმდება როგორც დამსაქმებელი, ისე დასაქმებული. იქნება მკაცრი მონიტორინგი.
არავინ ხელოვნური ბარიერის აღმართვას არ აპირებს. ჩვენ გვჭირდება უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათი გამოცდილება, მათი აქტიურობა საქართველოს შრომის ბაზარზე, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ლეგალიზებული, კანონის ჩარჩოებში მოქცეული, ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ “, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
დღეიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულება იწყება. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციები.


