პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს:
ფასი მხოლოდ ლარში კი არ უნდა გადაიყვანოთ, ადამიანის ჯიბეშიც უნდა ჩაიხედოთ
იმ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ სავაჭრო სივრცეებში ფასებთან, საპენსიო სარგოსთან, შრომის ანაზღაურებასთან, ვალდებულებებთან, სამკურნალო საშუალებებთან, საცხოვრებლის ქირასთან და ოჯახის რჩენასთან ბრძოლა, თვალებში ნაცარს ნუ აყრით. ეს სახელმწიფო საკმარისად დაღლილია იმისთვის, რომ მის მოქალაქეს სატელევიზიო ეთერიდან კიდევ ერთხელ უქადაგონ, თითქოს სატკივარი მისი ფინანსური მდგომარეობა კი არა, მისივე აღქმაა.
ეს ხელწერა ჩვენ ერთხელ უკვე ვიხილეთ. წარსულშიც გვარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი ბრწყინვალედ იყო, რომ ქვეყანა ყვაოდა, რომ საზოგადოება უბრალოდ ვერ აფასებდა დიდ წარმატებებს. მაშინ ამ საქმეს სხვა ტელევიზიები ემსახურებოდნენ, დღეს კი, სამწუხაროდ, იგივე მეთოდი სხვა შეფუთვით ბრუნდება. იცვლება დეკორაცია, მაგრამ არსი უცვლელი რჩება: გაჭირვებულ ადამიანს სინამდვილის გააზრების ნაცვლად, სინამდვილეს ულამაზებენ.
აწ უკვე გვიმტკიცებენ, რომ საქართველოში გარკვეული სურსათი საფრანგეთსა და გერმანიასთან შედარებით იაფია. მაგალითად, ბრინჯი საქართველოში 2 კგ 4.80 ლარი ღირს, საფრანგეთში 4.39 ევრო, გერმანიაში კი 4.49 ევრო. შემდგომ ამ ფასებს ეროვნულ ვალუტაში გადაიყვანენ და გამოდის, რომ ევროპაში ბრინჯი დაახლოებით 14 ლარი ღირს. ფორმალურად არითმეტიკა შესაძლოა მართებულია. უცხოური ვალუტის ლარში გადაყვანა თავისთავად დაბრკოლებას არ წარმოადგენს. პრობლემა იწყება იქ, სადაც მხოლოდ საფასური გადმოგყავს და არ გადმოგაქვს შრომის ანაზღაურება, საპენსიო უზრუნველყოფა, სოციალური დაცვა, სამუშაო ბაზარი, ჯანმრთელობის დაცვის სისტემა და მოქალაქის რეალური მსყიდველობითი უნარი.
თუ ევროს ლარში გადაიყვან, მაშინ ევროპული შემოსავალიც გადმოიყვანე, ევროპული პენსიაც, ევროპული სოციალური შეღავათებიც, ევროპული შრომითი უფლებებიც, შრომის დაცვის სტანდარტიც და მომხმარებლის უფლებების მექანიზმებიც. მხოლოდ ფასის გადმოტანა ანალიტიკა არ არის. ეს მხოლოდ და მხოლოდ დეკორაციაა.
ეკონომიკაში ფუძემდებლური სხვაობაა ნომინალურ ღირებულებასა და რეალურ ხელმისაწვდომობას შორის. ნომინალური ფასი არის ის, რაც დახლზე წერია. რეალური ხელმისაწვდომობა კი განსაზღვრავს იმას, რამდენი წუთი, რამდენი საათი, რამდენი დღე უნდა იშრომო ამ პროდუქტის შესაძენად. ადამიანმა სურსათი ვალუტის კურსით კი არ უნდა შეიძინოს, არამედ საკუთარი გასამრჯელოთი.
საფრანგეთში 2026 წლის დასაწყისისთვის მინიმალური თვიური ანაზღაურება 1,823 ევროა, გერმანიაში კი 2,343 ევრო. შესაბამისად, როდესაც ფრანგი მინიმალური შემოსავლის მქონე მოქალაქე 4.39 ევროს იხდის 2 კგ ბრინჯში, ის არ იხდის 14 ლარს. ის იხდის თავისი შემოსავლის უმცირეს ნაწილს. გერმანელიც, რომელიც 4.49 ევროს იხდის, ამას აკეთებს არა ქართული, არამედ გერმანული ფინანსური რესურსით.
საქართველოში კი, როგორც თავად ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები გვამცნობს, 2025 წელს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2,282.7 ლარი იყო. კეთილი, გაგყვებით თქვენსავე მოცემულობაში. ვითომ ეს გასამრჯელო მართლა მასობრივად უდევს ხალხს ჯიბეში, ვითომ ყველგან სამუშაო ადგილებია, ვითომ რეგიონებში, სოფლებში, მცირე ქალაქებსა და რიგით ოჯახებში ეს თანხა რეალური ყოფითი ნორმაა. მაგრამ მაშინაც კი, მხოლოდ საშუალო ხელფასით აპელირება უკიდურესად არაკეთილსინდისიერია.
რატომ? იმიტომ, რომ საშუალო ანაზღაურება ხშირად სოციალური სინამდვილის შემალამაზებელი სარკეა. თუ მცირე ჯგუფს ძალზე მაღალი შემოსავალი აქვს, ის საშუალო მაჩვენებელს მაღლა სწევს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რიგითი მოქალაქე ამ თანხას გამოიმუშავებს. ამიტომ ფასების ხელმისაწვდომობაზე მსჯელობისას უფრო სამართლიანი საზომი მედიანური ხელფასია. ანუ ის ზღვარი, რომლის ქვემოთაც დასაქმებულთა ნახევარი იმყოფება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში მედიანური ხელფასი 1,332 ლარი იყო, რაც საშუალო ხელფასზე 32.4%-ით დაბალია. აი ეს გახლავთ რეალობასთან ბევრად ახლოს მდგომი მაჩვენებელი. და ესეც მხოლოდ დასაქმებულთა კატეგორიაა. სად არიან უმუშევრები? სად არიან თვითდასაქმებულები? სად არიან ის ადამიანები, რომლებსაც თვიური სტაბილური შემოსავალი საერთოდ არ გააჩნიათ? სად არიან პენსიონერები? სად არის ის საქართველო, რომელიც ტელევიზიის ეკრანებზე არ ჩანს?
თან ეს ციფრებიც, რომლებსაც ოფიციალური სტატისტიკა გვაძლევს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ადამიანის ხელში დარჩენილ რეალურ ფულს. ხელფასიდან არსებობს გადასახადი, საბანკო ვალდებულება, სესხი, ქირა, კომუნალური გადასახადი, ტრანსპორტი, წამალი და სხვა აუცილებელი ხარჯი. ამიტომ მოქალაქის რეალური მსყიდველობითი უნარი იწყება არა იქ, სადაც სტატისტიკური ხელფასი წერია, არამედ იქ, რაც ამ ყველაფრის შემდეგ ოჯახს ჯიბეში რჩება.
ამიტომ, როდესაც გვაჩვენებენ, რომ საფრანგეთში ბრინჯი ლარში სამჯერ ძვირი გამოდის, მთავარი კითხვა ასე ჟღერს: ვის უფრო მძიმე ტვირთად აწვება ეს ღირებულება — ფრანგს თავისი შემოსავლით თუ ქართველს თავისი შემოსავლით? თუ გერმანიაში სურსათი ლარში ძვირია, მაგრამ შემოსავალი მრავალჯერ აღემატება ჩვენსას, სად არის მომხმარებლისთვის უკეთესი გარემო? რიცხვი თავისთავად შესაძლოა სიმართლეს განასახიერებდეს, მაგრამ კონტექსტის გარეშე ის უკვე მიზანმიმართულ მანიპულაციად იქცევა.
მით უმეტეს, იმავე მაგალითში თავადვე ადასტურებენ, რომ მაკარონი საქართველოში 500 გრამი 2.99 ლარი ღირს, საფრანგეთში 1.40 ევრო (ანუ დაახლოებით 4.41 ლარი), გერმანიაში კი 0.69 ევრო (ანუ დაახლოებით 2.17 ლარი). აქ უკვე რა ვითარებასთან გვაქვს საქმე? გერმანული ფასი ეროვნულ ვალუტაში გადაყვანის შემდგომაც ქართულზე იაფი გამოდის. ანუ სადაც ევროპა ძვირი ჩანს, ამას ხმამაღლა გაჰყვირიან, ხოლო სადაც გერმანია საქართველოზე იაფია, იქ მთავარი სათქმელი უჩინარდება.
ეს ყოველივე ანალიტიკური კვლევა აღარ არის. ეს გახლავთ შერჩეული ფაქტებით პოლიტიკური შთაბეჭდილების ფორმირება.
მართებული შედარება ასე უნდა წარიმართოს: ერთი და იგივე პროდუქტი, ერთი და იგივე ხარისხი, ერთი და იგივე წონა, ერთსა და იმავე ტიპის სავაჭრო სივრცეში, ერთსა და იმავე დროის მონაკვეთში, ხელოვნური ფასდაკლებების გარეშე, ერთნაირი საგადასახადო და საცალო გარემოს გათვალისწინებით. შემდგომ კი ფასი უნდა შედარდეს არა მარტო ვალუტის კურსს, არამედ შემოსავალს, საპენსიო სარგოს, სოციალურ დაცვას, სამედიცინო დანახარჯებს, კომუნალურ ტვირთსა და ოჯახის მთლიან ბიუჯეტს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ერთი ადამიანი იღებს 400 ლარს და პურს ყიდულობს 2 ლარად, ხოლო მეორე იღებს 2,000 ევროს და პურს ყიდულობს 2 ევროდ, ეს ორი “ორი” ერთმანეთის თანაბარი ვერანაირად ვერ იქნება. რიცხვები ერთმანეთს კი ჰგავს, მაგრამ სოციალური სინამდვილე სრულიად განსხვავებულია.
სწორედ ამიტომ არსებობს ეკონომიკაში მსყიდველობითი უნარის თანაფარდობა. მისი მთავარი არსი გახლავთ ის, რომ სახელმწიფოები არ შევადაროთ მხოლოდ საბაზრო კურსით, არამედ იმითაც, თუ რეალურად რისი შეძენა ძალუძს მოქალაქეს საკუთარი შემოსავლით. ანუ მკვლევარმა უნდა იკითხოს არა მხოლოდ ის, თუ რამდენი ღირს, არამედ ვისთვის რამდენად მძიმეა ესა თუ ის საფასური.
აქვე შემოდის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი — კვების წილი ოჯახის ბიუჯეტში. რაც უფრო ღარიბია საზოგადოება, მით უფრო დიდი წილი მიაქვს კვებას ოჯახის შემოსავლიდან. შეძლებულ სახელმწიფოში საკვები ბიუჯეტის შედარებით მცირე ნაწილია. გაჭირვებულ ქვეყანაში კი კვება ხშირად ოჯახის მთავარი ფინანსური წნეხია. ამიტომ საფრანგეთში ბრინჯის ფასი და საქართველოში ბრინჯის ფასი სოციალური სიმძიმით ერთი და იგივე ვერასოდეს იქნება.
საქართველოში კვება ხშირად ოჯახის ბიუჯეტის ფუძეს ანადგურებს. ევროპაში ადამიანს შესაძლოა რომელიმე სურსათი ძვირი მოეჩვენოს, მაგრამ მისი შემოსავლის, სოციალური დაცვის, დაზღვევისა და სახელმწიფო სერვისების ფონზე ეს სრულიად სხვა მასშტაბის საკითხია. საქართველოში კი სურსათის ღირებულება პირდაპირ გადადის ოჯახურ ტრაგედიაში: წამალი შეიძინოს თუ პროდუქტი? კომუნალური გადასახადი დაფაროს თუ შვილს რამე უყიდოს? ვალდებულება მოისტუმროს თუ მაცივარი შეავსოს?
ახლა განვიხილოთ პენსიონერის მდგომარეობა. 2026 წლიდან საქართველოში საპენსიო სარგო 70 წლამდე პირებისთვის 370 ლარია, 70 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის კი 495 ლარი. ასეთ ადამიანს, რომელიც ისედაც გადაღლილი, გადაქანცული და არაერთგზის შეურაცხყოფილია ამ სოციალური ყოფით, როდესაც ეუბნები, თუ რას წუწუნებ, საფრანგეთში ბრინჯი ლარში უფრო ძვირი გამოდისო, ეს უკვე ეკონომიკური ანალიზი კი არა, სოციალური უგუნურებაა. პენსიონერს არ აინტერესებს, პარიზში ბრინჯი რამდენი ღირს. ის ცხოვრობს საქართველოში, იღებს ქართულ პენსიას, ყიდულობს წამალს საქართველოში, იხდის ქართულ კომუნალურ გადასახადს და დგას ქართულ მაღაზიაში ქართული ფასის პირისპირ.
არც იმის უარყოფა იქნება მართებული, რომ მსოფლიოში რთული ეკონომიკური ვითარებაა. ფასების საყოველთაო ზრდა, შეიარაღებული კონფლიქტები, ლოგისტიკა, ენერგეტიკული რესურსები, იმპორტის ჯაჭვები, გლობალური კრიზისები, ეს ყოველივე უდავოდ მოქმედებს ფასებზე. არც ის არის სერიოზული, განვაცხადოთ, რომ რომელიმე უწყებას მართლა აქვს ჯადოსნური ჯოხი და ხვალ დილით ყველა პროდუქტი გაიაფდება. სახელმწიფოსაც აქვს შეზღუდვები, ბიზნესსაც აქვს ხარჯები, იმპორტიორსაც აქვს რისკები, ვალუტასაც აქვს თავისი გავლენა.
მაგრამ ზუსტად ამიტომ ესაჭიროება სახელმწიფოს პატიოსანი საუბარი და არა იდეოლოგიური შედარებები.
თუ ხელისუფლებას არ აქვს ჯადოსნური ჯოხი, ეს სავსებით გასაგებია. მაგრამ მაშინ საზოგადოებასაც ნუ მოექცევიან ისე, თითქოს მას ელემენტარული არითმეტიკის გააზრება არ ხელეწიფება. თუ ფასების კლება რთულია, თქვით, რომ რთულია. თუ ბაზარზე კონკურენციის პრობლემაა, თქვით, რომ შესამოწმებელია. თუ იმპორტის ჯაჭვში ზედმეტი შუამავალია, თქვით, რომ გამოსაკვლევია. თუ საცალო ქსელებში მაღალი ფასნამატია, ესეც ღიად უნდა ითქვას. თუ სახელმწიფო მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს, მაშინ ისიც უნდა განიმარტოს, რა ძალა აქვს ამ რეკომენდაციებს და ვინ აგებს პასუხს, თუ ბაზარზე რეალურად არაფერი შეიცვალა.
საპარლამენტო კომისიის მოვალეობა ის კი არ უნდა იყოს, ხალხს უმტკიცოს, რომ ევროპაში უფრო ძვირია. მისი უპირველესი საქმე უნდა იყოს, შეამოწმოს ბაზრის სტრუქტურა. რამდენად კონკურენტულია იმპორტი? რამდენი შუამავალია პროდუქტის გზაზე? რამდენად გამჭვირვალეა ფასნამატი? ხომ არ არის გარკვეულ კატეგორიებში შეზღუდული კონკურენციის გარემო? რამდენად მარტივად შედის ახალი მოთამაშე ბაზარზე? რატომ არის ზოგიერთი პროდუქტი ჩვენთან ძვირი მაშინაც კი, როცა ევროპის იაფფასიან ქსელებში იგივე გაცილებით იაფია?
ცალკე განხილვის საგანია მაღაზიის ტიპებიც. თუ გერმანულ ქსელს, რომელიც ფასდაკლების მოდელით ოპერირებს, ადარებ ქართულ საცალო ქსელს, მაშინ უნდა აუხსნა მაყურებელს, რა სხვაობაა ამ მოდელებს შორის. იაფფასიანი ქსელი ხშირად მუშაობს საკუთარი ბრენდებით, მცირე მოგების წილით, შეზღუდული ასორტიმენტითა და სრულიად სხვა ბიზნესლოგიკით. ასეთი შედარება დასაშვებია მხოლოდ მეთოდოლოგიურად სუფთად, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ანალიტიკა კი არა, ტელევიზიური ფოკუსია.
ევროპასთან შედარება თუ გვსურს, მაშინ სრულფასოვნად შევადაროთ. შევადაროთ ფასები, მაგრამ შევადაროთ ხელფასებიც. შევადაროთ პენსიებიც. შევადაროთ სოციალური უზრუნველყოფაც. შევადაროთ ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობაც. შევადაროთ უმუშევრობის დახმარებაც. შევადაროთ მომხმარებლის უფლებებიც. შევადაროთ შრომის ბაზარიც. მხოლოდ ბრინჯის საფასურის შედარება და შემდგომ გამარჯვებული ტონით განცხადება, რომ საქართველოში იაფია, არის სურათის მხოლოდ ნახევრის წარმოჩენა.
ნახევარი სიმართლე კი ხშირად ყველაზე კომფორტული ტყუილია.
ამ სიუჟეტის მთავარი ხარვეზი ის კი არ გახლავთ, რომ ყველა რიცხვი აუცილებლად ყალბია. საქმე ის არის, რომ რიცხვები კონტექსტის გარეშეა დალაგებული. სინამდვილიდან ამოგლეჯილი რიცხვი ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე პირდაპირი ტყუილი, რადგან გარეგნულად ის სიმართლეს განასახიერებს. სწორედ ეს არის პროპაგანდის ყველაზე მოხერხებული ფორმა: არ თქვა ყველაფერი, წარმოაჩინე მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შენს ნარატივს ემსახურება.
მოქალაქეს არანაირად არ შველის ის, რომ პარიზში ბრინჯი ძვირია, თუ თბილისში მისი შრომის ანაზღაურება მიზერულია.
ბოლოს, უმთავრესი. ხელისუფლების კრიტიკა არ ნიშნავს სახელმწიფოს მტრობას. ფასებზე საუბარი არ ნიშნავს ეკონომიკის ჩამოშლის სურვილს. ხალხის გაჭირვებაზე საჯაროდ მსჯელობა არ ნიშნავს ვინმესთვის პოლიტიკური ქულების დაწერას. პირიქით, ჯანსაღ სახელმწიფოში სწორედ ეს არის უმაღლესი პასუხისმგებლობა, რეალობას თავისი ნამდვილი სახელი დაარქვა.
შესაძლოა ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა. შესაძლოა ინვესტიციების სიმწირეა. შესაძლოა ეკონომიკას უჭირს. შესაძლოა გლობალური გარემოც რთულია. ეს ყოველივე გასაგებია. მაგრამ ერთი რამ არ არის გასაგები და არც მისაღები: გაჭირვებულ ადამიანს ნუ უმტკიცებ, რომ არ უჭირს. მშიერ ადამიანს ნუ უხსნი, რომ სადღაც სხვაგან სურსათი უფრო ძვირია. პენსიონერს ნუ ეუბნები, რომ სტატისტიკურად კარგად უნდა გრძნობდეს თავს.
მეტი ადამიანობაა საჭირო.
საზოგადოება სასწაულს არ ითხოვს. ისედაც გადაღლილი, გადაქანცული და არაერთგზის შეურაცხყოფილი ქართული საზოგადოება ითხოვს მხოლოდ იმას, რომ არ დაამცირონ. არ აუხსნან, თითქოს მისი გაჭირვება სტატისტიკური გაუგებრობაა. არ უთხრან, რომ რადგან საფრანგეთში ბრინჯი ლარში უფრო ძვირი გამოდის, ამიტომ საქართველოში ცხოვრება იაფია. ეს არ არის ეკონომიკა. ეს ადამიანების მოთმინებაზე თამაში გახლავთ.
ფასი მხოლოდ დახლზე არ წერია. ფასი წერია ადამიანის ხელფასში, პენსიაში, ვალდებულებაში, წამალში, მაცივარში, კომუნალურ ქვითარსა და თვის ბოლოს დარჩენილ ცარიელ საფულეში.
ვისაც ეს ელემენტარული ჭეშმარიტება არ ესმის, ის ფასებზე საინფორმაციო გამოშვებას კი არ ამზადებს, არამედ პირდაპირ დასცინის საკუთარ მოქალაქეებს და ხალხის უმძიმეს სოციალურ რეალობაზე უაღრესად ცინიკურ და ყალბ დეკორაციას აშენებს!“
ირაკლი ყიფიანი
30.04.2026


