საფლავი მეფეთ მეფისა თამარისი!
მრავალი წლის წინ, ერთ მოხუც ბერს გადავაწყდით იერუსალიმის მახლობლად, რომელმაც გასაიდუმლოვებულ მიწისქვეშა შესასვლელზე გვიამბო. როდესაც ის ჯერ კიდევ უფრო ახალგაზრდა ღვთისმსახური იყო, მისი მსახურების ადგილიდან ჩადიოდა ვიწრო ჩასასვლელი ერთ გამოქვაბულში, რომლის მახლობლადაც იყო კრიპტა, თუმცა ყველა ოფიციალური ცნობებით, ეს ჩასასვლელი არც არსებობდა და არც არსებობს.
ჩვენ, როგორც ჩვენი საქმის პროფესიონალები, ამ მცირე მინიშნებითაც მივხვდით, რა უნდა გვეძებნა და სად. გამოხდა ხანი და მცველებს იერუსალიმში ხატი გვაჩუქეს, ხატს მცირე სანაწილე ჰქონდა, რომელშიც მიწა ეყარა, საჩუქრის ავტორი მიხვდა, რომ ცოტა გაურკვევლად დავხედეთ ამ სანაწილეს, რადგან ვერ მივხვდით შიგნით რა იყო, მან კი დასძინა, ეს წმინდა მიწაა, მამაო წელიწადში ერთხელ ჩადის პატარა ჩასასვლელით წმინდა ადგილზე, რათა ეს მიწა ამოიტანოსო.
ჩვენ მადლობა გადავუხადეთ და ლამის ფრენით წამოვედით, უკვე ზუსტად ვიცოდით, ვინ სად ჩადიოდა და საიდან. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ სწორ კვალს დავდგომოდით და იმდენი მოვახერხეთ, რომ პირდაპირ იმ ჩასასვლელისთვის მიგვეგნო, თითქმის ყველაფერი მოვაგვარეთ ჩასასვლელად, მაგრამ დრო აღარ გვეყო და თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით,ფრენა მეორე დღეს გვქონდა. შემდეგ გამოჩნდა უამრავი ხელისშემშლელი გარემოება და დაფინანსების არ ქონის გამო ეს ექსპედიცია ვეღარ ჩავატარეთ. ასე დავკარგეთ შანსი, გვენახა „მზე იგი მიწად დაფლული“.
მოდით ისტორია ერთი წერილით დავიწყოთ, ეს გახლავთ ფრანგი რაინდის გ. დე ბუას მიერ, სირია-პალესტინიდან საფრანგეთში, ბეზანსონის არქიეპისკოპოსის ამადეო დე ტრემლესათვის გაგზავნილი წერილი. წერილში ვკითხულობთ „ღირსსა, ქრისტეს მიერ მამასა და მეუფეს საყვარელსა ამადეოს, ღვთის განგებით ბეზანსონის არქიეპისკოპოსს – მორჩილი მსახური გ. დე ბუა, ამინ. უკეთუ ჯერ არს შეგაწუხოთ ჩემი კეთილად ყოფნის ამბით, იცოდეთ, რომ მეცა და ჩემი მეუღლეც ღვთის წყალობით ჯანსაღად და უვნებლად გახლავართ. „ წერილი შემდგომ გრძელდება სადა გ.დე. ბუა არქიეპისკოპოს აცნობებს იერუსალიმის გარშემო შექმნილ ვითარებას და შემდეგ აგრძელებს, „გავიგეთ და სანდო მაცნეთა წყალობით ჭეშმარიტად მივითვალეთ, რომ ვიღაც ქრისტიანები იბერიიდან, რომელთაც გეორგენებს უწოდებენ, ღვთის შემწეობით შეგონებულნი, უთვალავი მეომრით უშიშრად აღდგნენ ურწმუნოთა წინააღმდეგ, აიღეს 300 ციხე სიმაგრე და 9 დიდი ქალაქი, ამათგან უმტკიცესნი ხელუხლებლად დატოვეს და თვითონ დაიკავეს, დანარჩენნი კი ნაცარტუტად აქციეს. დასახელებულ ქალაქთაგან ერთ-ერთი მდინარე ევფრატზე მდებარე, ურწმუნოთა ქალაქებს შორის ყველაზე ცნობილი და დიდი იყო. მბრძანებელი ამა ქალაქისა- ბაბილონის სულთნის ძე ზემოხსენებულმა ქრისტიანებმა შეიპყრეს და თავი მოკვეთეს, თუმცა იგი მათ აურაცხელ ოქროს ფულს აღუთქვამდა. კიდევ რა უნდა ვთქვა დაწვრილებით? ისინი, რომლებიც მოვიხსენიე, მოვლენ წმინდა იერუსალიმის გასათავისუფლებლად და დაიმორჩილებენ ურწმუნოთ, სახელგანთქმული მათი თექვსმეტი წლის მეფე, მსგავსია ალექსანდრესი (მაკედონელისა) შემართებითა და მოკრძალებულობით, რწმენით კი-არა. (ლათინებს მართლმადიდებლები მწვალებლებად მიაჩნდათ) ამ ახალგაზრდას მიაქვს დედამისის – უძლიერესი დედოფლის თამარის ძვლები, ვინაიდან (თამარს) მისთვის სიცოცხლეში ანდერძად დაუტოვებია, როცა მოკვდებოდა იერუსალიმში წასულიყო და მისი ძვლები უფლის საფლავის ახლოს დაეკრძალა. დედის სურვილის ღრმად პატივისმცემელს, მას გადაუწყვეტია დანაბარების აღსრულება და დედის ნეშტის წმინდა ქალაქში დამარხვა, ურწმუნოთა ნება-სურვილის მიუხედავად“. არსებობს კიდევ სხვა წერილი, რომლის შესახებაც ვიგებთ ჟაკ დე ვიტრისგან. პაპის ლეგატის, პელაგიუსის წერილი ლაშა-გიორგის „….. მოწონებას იმსახურებს თქვენი განზრახვა, აღასრულოთ თქვენი ნეტარსახსენებელი დედის ანდერძი“. არსებობს ამავე პელაგიუსის მეორე წერილი დათარიღებული 1220 წლით, რომელშიც კვლავ საუბარია თამარის ნეშტის იერუსალიმში გადასვენებაზე.
ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, თამარი დაიკრძალა გელათში, მაგრამ იყო კი ეს მისი საბოლოო განსასვენებელი?! ლაშა გიორგის გარდაცვალებაზე ვკითხულობთ, რომ „იგი დამარხეს საფლავსა მამისა მისისასა“. ანუ ლაშა-გიორგი არ დაუმარხავთ გვირგვინოსანი დედის გვერდით. გიორგი-ლაშა ხომ თამარის ძე ოყო და არა დავითის ძე?! ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით ლაშა-გიორგის მიერ პაპის ლეგატის კარდინალ პელაგიუსისადმი გაგზავნილ წერილს, თამარის ანდერძის მიხედვით, მეფის იერუსალიმში გადასვენებასთან დაკავშირებით და ვაგრძელებთ კვლევას. ისტორია რომ ძალიან არ გავწელოთ, ქართველებისთვის თამარის ნეშტის გადასვენების ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი მაინც 1218-1220 წლებია, რადგან ქართველთა გავლენა ახლოაღმოსავლეთზე ძალიან დიდიდია, ხოლო ახლოაღმოსავლეთის ისლამურ სამყაროშიც სიტუაცია შესაბამისად ხელსაყრელი. სიტუაციური სურათის შესწავლისას დგინდება, რომ ქართველები იერუსალიმში ჩასასვლელად იყენებდნენ როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო გზას, რის გამოც მარშრუტი უფრო მეტად უსაფრთხო და რაც მთავარია მიზანი მიღწევადი ხდებოდა. ცხადია ისტორიაში არსებობს კიდევ სხვა წყაროებიც, რომელნიც თამარის ნეშტის იერუსალიმში გადასვენების ჰიპოთეზას ამყარებს, მაგრამ ჩვენ ამ მცირე მონათხრობით, შემდგომ მოვლენებს გადავხედოთ.
თავად გ.დე ბუას წერილების რამოდენიმე ინტერპრეტაცია არსებობს, ცნობილ ქართველ კათოლიკე მოღვაწეს და მეცნიერ მ. თარხნიშვილს ვატიკანის ფონდებში უნახავს უცნობი ჯვაროსანი მხედრის მიერ შედგენილი დოკუმენტი (ვარაუდობენ რატომღაც, რომ ეს უცნობი გ.დე ბუაა) წერილში ასევე ვკითხულობთ „…. იერუსალიმში გადაასვენეს თამარ მეფის ნეშტი და წაიღეს სამეფო სახლის განძეულობა. ნეშტს მიასვენებდა ქართველთა ლაშქარი ახალგაზრდა უფლისწულის წინამძღოლობით, ჯვაროსანთა ტერიტორიაზე მისულ პროცესიას და ლაშქარს წინ შეეგებნენ ჯვაროსნები, მიუსამძიმრეს და პატივით გააცილეს . ქართველებმა უხიფათოდ მიაღწიეს იერუსალიმს და თამარის ნეშტი დაკრძალეს ქართველთა მონასტერში“. აქვე აღვნიშნავთ, რომ არსებობს გ.დებუას წერილის კიდევ ერთი ინტერპრეტაცია, რომელიც კვლავ თამარის ნეშტის იერუსალიმში შებრძანებაზე და დაკრძალვაზე საუბრობს. აქვე ძალიან მოკლედ მაგრამ მაინც გვინდა ვახსენოთ, იერუსალიმის მახლობლად ვირჯილიო კორბოს მიერ აღმოჩენილი ბირ ელ კუტის ქართული მონასტერი. ჩვენ ბირ ელ კუტის ქართულ მონასტერზე, არაერთი ფილმი შემოთავაზეთ და თავად ამ მონასტრის აღმოჩენაც, სწორედ თამარის საფლავის ძიებას უკავშირდება. მ. თარხნიშვილის რჩევით თამარის საფლავის საძიებლად, კორბომ გათხრები ბეთლემის სიახლოვეს დაიწყო და ასე აღმოაჩინეს სრულიად უნიკალური ქართული მონასტერი, სადაც ჩვენთვის უძვირფასესი, უძველესი დამწერლობის ნიმუშები აღმოჩნდა.
ჯვარის მონასტერში მეოცე საუკუნეში ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ექსპედიცია ჩატარდა რომელსაც ხელმძღვანელობდა ათანასიოს იკონომოპულოსი. ამ არქეოლოგიური კვლევის მასალების უდიდესი ნაწილი გასაიდუმლოვებული დარჩა, თუმცა ცნობილი არის ჩვენთვის მთავარი საკითხი, საკურთხევლიდან მარცხენა სვეტის ქვეშ აღმოჩნდა ორი საფლავი დიდებული ქალბატონებისა, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა თამარ მეფე ყოფილიყო. მამათა მონასტერში ქალის დაკრძალვა არ ხდებოდა, ეს შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანდილოსანი მონარქი იქნებოდა. იკონომოპულოსის განმარტებით, ეს ორი ქალბატონი ერთმანეთის სისხლით ნათესავები უნდა ყოფილიყვნენ. თუ დაახლოებით ორმიცი წლის ქალის ნეშტი თამარს ეკუთვნის, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, უფრო ხანდაზმული, დაახლოებით 75 წლის ქალბატონი?! შესაძლოა ეს ყოფილიყო მეთორმეტე საუკუნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი, დემეტრე პირველის ასული, ხორასნის სულთნის ცოლყოფილი, თამარის აღმზრდელი რუსუდანი.
ცხადია თუ ზუსტად არ მოხდა ამ საფლავების ხელახალი მიკვლევა ეს ისტორია მაინც დარჩება ჰიპოთეზად. დაზუსტებით ისიც არ ვიცით, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გაიტანა საფლავები თუ ის ადგილზე დარჩა, თუიმცა იკონომოპულოსის თქმით, მან ზედაპირულად შეისწავლა საფლავები და სიღრმეში არც ჩასულა, ამიტომ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს საფლავები ისევ არსებობს. ამ ჰიპოთეზას ქართველ ისტორიკოსებში მხარდამჭერებიც ჰყავდა და მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ, ყველაზე მეტად ჩვენ ბატონ რიონ მეტრეველის ადრე გამოთქმულ მოსაზრებას ვემხრობით. რ. მეტრეველმა ბრძანა, რომ ხელთ არსებული მასალების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე არც უარყოფა იქნება სწორი თამარის ნეშტის გადასვენებისა და არც სრულიად უტყუარ ამბად ცნობა, რადგან ჩვენთვის ხელმისაწვდომი ჯერ არ ყოფილა ამ ფაქტების შესწავლა და შესაბამისად ბოლომდე დადასტურებაც იქნება რთული.
ჩვენ, მცველებმა ბევრი ვიმუშავეთ ამ თემაზე და ასეთი რამ შეგვიძლია ვთქვათ ბოლოში. ჩვენ შევხვედრივართ ადამიანს, რომელიც დანამდვილებით ადასტურებდა, რომ შოთა რუსთაველის საფლავიც ნამდვილად იქ არის და მისი მდებარეობაც გაგვანდო. ჩვენ შევისწავლეთ კარგად იერუსალიმი და შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჯვარის მონასტრის მდებარეობას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ქართველთა ეს ბასტიონი და მთავარი დასაყრდენი არის ძველი ქალაქის გარეთ, საკმაოდ მოშორებით, რაც მის უსაფრთხოებას ხელს უწყობდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ძველ ქალაქში მრავალ მონასტერს ფლობდნენ, ძირითადი მონასტერი, მაინც ჯვარის მონასტერი იყო, რადგან მისი გადარჩენა ბევრად იოლი იყო ქალაქის გარეთ მდებარეობის გამო, თუმცა მთავარი არის კიდევ უფრო სხვა რამ. ჯვარის მონასტერი მრავალ საიდუმლოს ინახავს და ეს საიდუმლოებებიც ერთგვარი გარანტი გახდა იმისა, რომ საბოლოოდ ის მაინც ხელშეუხებლად დარჩა და დღემდე ამაყად დგას! თამარ მეფის საფლავის მთავარ გასაღებს, ჩვენ რამოდენიმე წლის წინ მივაგენით იერუსალიმში, თუმცა ამას საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსი სჭირდება, რომ ერთ დღეს მოვახერხოთ და იქნებ შევძლოთ ვიხილოთ „მზე იგი მიწად დაფლული“.
წყარო: დედოფალი


