უაღრესად ვაფასებთ ქართული ეკლესიის როლს ქვეყნის, ქართველი ხალხის იდენტობისა და თავისუფლების დაცვაში, – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა საპატრიარქოში, ეუფე შიოს, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან შეხვედრის დროს.
„ჩემთვის დიდი პატივია თითოეულ თქვენთაგანთან შეხვედრა და საუბარი. საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას ნამდვილად ხანგრძლივი ისტორია აქვს. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ ელჩს, ელჩის მოვალეობის შემსრულებელს თუ საელჩოს წარმომადგენელს ჰქონია შეხვედრები თქვენთან და უთანამშრომლია, ამ ყველაფერს ძალიან ვაფასებთ. უაღრესად ვაფასებთ ქართული ეკლესიის როლს ქვეყნის, ქართველი ხალხის იდენტობისა და თავისუფლების დაცვაში. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი უდიდესი მოკითხვა და პატივისცემა მის უწმინდესობას, საქართველოს პატრიარქს“, – განაცხდა ალან პერსელმა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი საპატრიარქოს ეწვია.
მეუფე შიომ, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი მიიღო. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მიტროპოლიტმა შიომ ილაპარაკა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მომავალ წელს საიუბილეო თარიღია ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების და იმედი გამოთქვა, რომ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას საელჩოც მიიღებს.
მღვდელმთავრებმა დააფიქსირეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა – დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და მადლობა გადაუხადეს შეერთებულ შტატებს არაღიარების პოლიტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მღვდელმთავრებს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
„ჩემთვის, როგორც ამერიკელისთვის გასაოცარი რამაა, როდესაც ვსაუბრობთ 1 700 წელზე. ჩემი ცხოვრების 5 წელი გავატარე საქართველოში. ბევრი მიმოგზაურია, წამიკითხავს წიგნები, გაზეთები, სტატიები და.ა.შ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ქვეყნის ისტორია იმდენად დიდი და იმდენად ღრმაა, მე ალბათ მხოლოდ ზედაპირი ვიცი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საზეიმო წლისთავები, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს ამის წარმოჩინება და აღნიშვნა. ვამაყობ, რომ ჩვენი საელჩოს ბევრი პროგრამა წლების განმავლობაში ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას“, – აღნიშნა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.


