გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება – ავიაკომპანია 2026 წლის 15 ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე 2022 – 2023 წლებში ოპერირებდა და ფრენებს ფრანკფურტი – თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ ასრულებდა. ორწლიანი ინტერვალის შემდეგ Condor Airlines-ის საქართველოში დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური ტრანზიტული ფრენების მიმართულებით.
ტურიზმისა და ავიასექტორების განვითარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, გერმანია კი ამ კუთხით მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარი. შესაბამისად, ფრანკფურტი, როგორც მსხვილი საავიაციო ჰაბი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ტურისტული ნაკადების, ასევე საავიაციო დაკავშირებადობის ზრდას.
ავიაკომპანია Condor Airlines 1955 წელს დაფუძნდა, მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია დღეისათვის 81 მიმართულებით ასრულებს ფრენებს როგორც ევროპის, ისე აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მიმართულებით, ასევე ოპერირებს კარიბის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში.
ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია.
მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია


