ესპანეთის კანარის კუნძულ ტენერიფეზე 30 წლის ფეხბურთელის, ხესუს დე მიგელის გარდაცვალებამ დიდი ემოციური გამოხმაურება გამოიწვია. სპორტსმენის ხსოვნის პატივსაცემად გულშემატკივრები იმ სტადიონზე იკრიბებიან, სადაც მან ბოლო მატჩი ჩაატარა. მოედნის მიმდებარე ტერიტორია სამგლოვიარო სივრცედ იქცა — ადამიანები ფეხბურთელის მოსაგონებლად ყვავილებს, სანთლებს, ფოტოებს, კლუბის შარფებსა და ბავშვების მიერ შესრულებულ ნახატებს ტოვებენ.
მომხდარის შემდეგ დუმილი პირველად დაარღვია მეკარე ხესუს ოვონომაც, რომელიც იმ მატჩში მონაწილეობდა, რომლის დროსაც დე მიგელმა მძიმე დაზიანება მიიღო. მისი განცხადება ტრაგედიის გარშემო არსებულ ემოციურ ფონს კიდევ უფრო ამძაფრებს.

30 წლის ხესუს დე მიგელი ნოემბერს, “ტენერიფესა“ და “ანდორას“ მატჩის დროს მომხდარი მძიმე შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით გარდაიცვალა.
“ანდორას“ მეკარე ხესუს ოვონო ბურთის მოგერიებას ცდილობდა, თუმცა ფეხი ბურთს ასცდა და დარტყმა “ტენერიფეს“ თავდამსხმელს გულ-მკერდის არეში მიაყენა.
დე მიგელი მოედანზე უგონოდ დაეცა. მას გული გაუჩერდა. ექიმებმა მისი გადარჩენა სცადეს, თუმცა ფეხბურთელი მეორე დღეს, 3 ნოემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოვონოს მიმართ სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკა დაიწყო. მეკარეს ანგარიშების დროებით გაუქმებაც მოუხდა, რათა აგრესიული შეტყობინებებისა და ბრალდებებისგან თავი დაეცვა.
ოვონომ გარდაცვლილ ფეხბურთელს ემოციური პოსტი მიუძღვნა.
“ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეებია. მიჭირს სიტყვების მოძებნა და ძალიან რთულია მომხდარის გააზრება. ხესუსის გარდაცვალების გამო უდიდეს ტკივილს განვიცდი. მასზე, მის ოჯახსა და ყველა იმ ადამიანზე ვფიქრობ, ვისაც ის უყვარდა.
ვიცი, რომ ბევრი საკითხია გასარკვევი და ნებისმიერ შედეგს პატივისცემით მივიღებ. თუმცა ახლა, გულწრფელად რომ ვთქვა, ხესუსისა და იმ ტკივილის გარდა, რომელსაც ყველა განვიცდით, სხვა არაფერზე ფიქრი არ შემიძლია. განისვენე მშვიდად, ხესუს“, – წერს ოვონო.

QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). „ხესუსის გარდაცვალების გამო უდიდეს ტკივილს განვიცდი“ – რა ბედი ელის მეკარეს, რომელთან შეჯახების შემდეგაც ესპანელი ფეხბურთელი დაიღუპა. 5 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ხესუსის-გარდაცვალებ/

