საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სოციალ ქსელში აქვეყნებს.
„ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას საქართველოში თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ადამიანთა დაღუპვის გამო. ამ თავზარდამცემმა ტრაგედიამ უკიდურესად დაგვამწუხრა და რა თქმა უნდა, უმძიმეს წუთებში, თურქი ხალხის გვერდით ვართ“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა. პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.
ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X“-ზე აღნიშნავს, რომ საქართველო, ამ რთულ დროს, სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ მეგობრებს.
„გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო. ამ რთულ დროს, საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ მეგობრებს. ჩვენი ფიქრები მიმართულია დაღუპულებისკენ, მათი ახლობლებისა და ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ყველა პირისკენ,“ – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
შალვა პაპუაშვილი საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.
„ღრმად ვარ დამწუხრებული თურქეთის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის საქართველოში ტრაგიკული კატასტროფის გამო. ჩემი ფიქრები ეკიპაჟის იმ წევრების ოჯახებთანაა, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს ამ მწუხარების ჟამს“, – წერს პაპუაშვილი.
თბილისის მერი კახა კალაძე თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი გზავნილი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ვწუხვარ მომხდარი ტრაგედიის გამო – თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს და თურქეთის ხელისუფლებას“, – წერს კალაძე.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა.
მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია უკვე გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


