ვიოლინოს ჯადოქრის თავბრუდამხვევმა ცხოვრებამ 78 წელში ჩაიქროლა და ხუთ ივლისს დასრულდა… სცენასა და საზოგადოებას მეუღლის გარდაცვალებისთანავე გამოეთხოვა. ცხოვრების კულისებს, უკანასკნელი შვიდი წელი შეაფარა თავი. უარი თქვა ყველაფერზე. მარადიულ სიყვარულს ასე უდარაჯა, შერყეული ჯანმრთელობით, მარტოსულმა და ხალისდაკარგულმა.
***
ეს 2009 წელს აღებული ინტერვიუა. სრულიად ფანტასტიკური, რადგანაც მსოფლიო ლეგენდა თავის ცხოვრებას იხსენებს… ასეთი მასშტაბური ადამიანები, პირადზე ბევრს არაფერს ამბობენ. ამიტომაც, ბედნიერი ვარ, რომ გაზეთი “პრაიმტაიმისთვის” ასე გულახდილად მესაუბრა.
მახსოვს, ცხელოდა. აბანოთუბანში, ქალბატონ ლიანასთან სახლში, ცელქი კოკერ-სპანიელი დარბოდა. ჩემი რესპონდენტი კი იყო ისეთივე შარმიანი, როგორც სცენაზე. მაყვალივით შავად მოელვარე თვალებითა და საინტერესო თხრობის მანერით. ამგვარი ინტერვიუების დროს, დრო და სივრცე ერთიანდება და მოგზაურობ.
ბავშვობა დიდუბეში
“ჩემი თავი მრგვალი და მსუქანი მახსენდება. მენატრებიან ჩემი მშობლები და ძმა, რომლებიც ცოცხალნი აღარ არიან, მაგრამ ყოველდღე ჩემთან ცხოვრობენ, ჩემს გულში სხედან. მახსენდება ჩემი პირველი სახლი დიდუბეში… იცით, რა კარგი იყო?! სასწაული ადგილი იყო. საერთოდ, დიდუბიდან გამოვიდა ყველა უნიჭიერესი ადამიანი. იქ ხალხი, როგორც ერთი ოჯახი, ისე ცხოვრობდა. ყველას ერთმანეთი უყვარდა, ერთმანეთს ეფერებოდა, ეხმარებოდა. ბაბუაჩემის ხელით აშენებულ სახლში, სულ ორი ოთახი იყო, მაგრამ ბევრი ვცხოვრობდით, ბებია, მამიდები…
ეზო გვქონდა, გვერდით ბიძაჩემი ცხოვრობდა, ვალოდია ისაკაძე. მამაჩემი ამბობდა, კიტრი არ უნდა ჭამო, წყალია და არაფერი სარგებელი არ არის მასშიო. ბიძა გადმოუგდებდა კიტრს, მამა აქედან უკან გადაუგდებდა და ასე ხუმრობდნენ. სიმსუქნის გამო ვალოდია ბიძია “ჯირკვას” მეძახდა. ქათმები მიყვარდა. დედას არ ვაძლევდი დაკვლის საშუალებას. მერე, მე რომ არ დამენახა, ჩუმად კლავდნენ. რა საკვირველია ვტიროდი, როდესაც რომელიმე ქათამს ვეღარ დავინახავდი. უამრავი ფოტოები მაქვს დედლებთან გადაღებული.”
ვიოლინო
“ფორტეპიანოზე უნდა შევსულიყავი იმიტომ, რომ სამი წლიდან ვუკრავდი და ვწერდი პიესებს, რომლებსაც დედა იწერდა. მაგრამ ჩემს მშობლებს ურჩევდნენ, ასეთი ნიჭიერი რომ არის, ვიოლინოზე ჩააბაროსო. ფორტეპიანოს გამოცდის დროს, ავად გავხდი. 7 წლის ვიყავი და ერთი წელი რომ არ დამეკარგა, შემდეგი მისაღები გამოცდა ვიოლინოზე იყო და იქ შემიყვანეს…
ბედისწერასავით გამოვიდა… მამაჩემი, როგორც მღეროდა, ეს ღმერთის სიმღერა იყო, რაღაც სასწაული… მთელი ცხოვრება ყურში მაქვს მისი ხმა და ნამღერი. სულ ვფიქრობ, ნეტა ისე ავამღერო ვიოლინო, როგორც ამას მამა აკეთებდა.
ძალიან ჩუმი ბავშვი ვიყავი. მუსიკალურ ათწლედში გაკვეთილზე შეცდომას თუ დავუშვებდი და ორჯერ გამიმეორებდნენ ერთსა და იმავეს, ვტიროდი, ესე იგი მე უნიჭო ვარ, ვერ ვიგებ, აბა, ორჯერ რატომ გამიმეორა მასწავლებელმა-მეთქი? სხვათა შორის, ეს თვისება მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლის დროსაც გამყვა. ჩუმი და კისკისა ვიყავი. კისკისა, „ხახატუნიაც“ მოსკოვში შემარქვეს.
ათი წლის რომ ვიყავი, მოსკოვის საერთაშორისო კონკურსზე პირველად გამგზავნეს და კონკურსის გარეშე დამაკვრევინეს (17 წლიდან უშვებდნენ ამ კონკურსზე). კონკურსის პრეზიდენტი დავიდ ოიშტრახი იყო. ათი წლის სასწაული ბავშვი რომ დამინახა საქართველოდან, დაიჟინა, რომ მასთან უნდა ჩავსულიყავი სასწავლებლად. მე არ შემეძლო დამეტოვებინა პროფესორი ლეო შიუკაშვილი, ჩემი პირველი მასწავლებელი, რომელიც ძალიან მიყვარდა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში. მერე იმავე კონკურსზე, 14 წლის ასაკში, ისევ გამგზავნეს. ისევ ოიშტრახი იყო ჟიურის თავმჯდომარე. მეორე პრემია ავიღე. უკვე ოიშტრახმა დაჟინებით თქვა, რომ მოსკოვის კონსერვატორიაში უნდა ჩამებარებინა, არადა, ერთი წელი მქონდა დარჩენილი თბილისის ნიჭიერთა ათწლედში (თერთმეტი წელი უნდა მესწავლა), მაგრამ ერთი წლით ადრე დამამთავრებინეს… განაგრძეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


