27 წლის უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშინა, რომელიც გასულ წელს რუსეთის ტყვეობაში დაიღუპა, მედია-ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, აწამეს, მოკლეს, ხოლო შემდეგ სხეულიდან ორგანოები ამოაცალეს. გამოძიება არაკომერციულმა ორგანიზაცია Forbidden Stories-მა 30 აპრილს 12 გამოცემასთან ერთად გამოაქვეყნა.
როშინა რუსმა ოკუპანტებმა 2023 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც ჟურნალისტი აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონში, ზაპოროჟიეში ჩავიდა რუსული ძალების მიერ უკრაინელების უკანონო დაკავებისა და წამების შემთხვევების გამოსაძიებლად.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ომის დანაშაულების განყოფილების უფროსის, იური ბელოუსოვის განცხადებით, ახალგაზრდა ქალის ცხედრის სასამართლო ექსპერტიზამ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კვალი გამოავლინა, მათ შორის, “ნაწიბურები და სისხლჩაქცევები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, მოტეხილი ნეკნი, კისრის დაზიანებები და შესაძლო ელექტროშოკის ნიშნები მის ტერფებზე”.
ბელოუსოვის ცნობით, ექსპერტიზამ ასევე აჩვენა, რომ ცხედარი უკრაინაში დაბრუნებამდე გაკვეთეს. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ როშინას სხეულიდან რამდენიმე ორგანოა ამოღებული, მიუთითებს, რომ რუსეთმა ჟურნალისტის სიკვდილის მიზეზის დამალვა სცადა, რათა მისი კიდევ ერთი ომის დანაშაული არ გამომჟღავნებულიყო.
როშინა, ამ დროისთვის ცნობილი პირველი უკრაინელი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში დაიღუპა, რამდენიმე დამოუკიდებელი გამოცემისთვის მუშაობდა, მათ შორის, Ukrainska Pravda და რადიო თავისუფლება.
“ვიქტორია ერთადერთი რეპორტიორი იყო, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობდა. მისთვის ეს მისია იყო”. – Forbidden Stories-ს უთხრა როშინას ედიტორმა Ukrainska Pravda -ში, სევგილ მუსაიევამ.
ვიქტორია როშინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობდა. ის პირველად 2022 წლის მარტში, 10 დღით დააკავეს. 2023 წლის აგვისტოში ჟურნალისტი გაუჩინარდა