რას ნიშნავს ფული პაატა თედიაშვილისთვის, როგორი მხარჯველია ის და დიდი გაჭირვების მიუხედავად, როგორ მოახერხა მან და მისმა დამ, განათლების მიღება – ამას პაატასგან შევიტყობთ.
პაატა თედიაშვილი: ფული არის შესაძლებლობა, რომელიც ძალიან ბევრ კარს გიხსნის და საშუალებას გაძლევს, გამოხატო საკუთარი თავი. ცხოვრებისთვის თუ პროფესიული განვითარებისთვის მატერიალური სახსარი მაინც გადამწყვეტი ხდება. განათლების მიღება ავიღოთ, მატერიალური სახსარი ამისთვისაც აუცილებელია. მატერიალური სარგებელი, როგორი იდეალისტებიც არ უნდა ვიყოთ, ძალიან ბევრ რამის საშუალებას გვაძლევს. ყოველთვის ვერ იტყვი, რომ ფული არ გჭირდება და მის გარეშეც ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია. კი, ფულის გარეშეც ბევრი გაგვიკეთებია, თუმცა, დასაწყისისთვის ყველაფერი მაინც გარემომცველ წრესა და მატერიალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ვინმე ან რამე ზურგის ქარივით უნდა მოგეწიოს, ან ვინმემ უნდა გაგიწიოს რეკომენდაცია, სიტყვა შეგაწიოს ან მატერიალური სახსარი უნდა გქონდეს, რომ რამის კეთება დაიწყო. ეს რომ მნიშვნელოვანია, ვერ უარვყოფთ. მით უმეტეს, დღეს ვეღარც ვირით დავდივართ და ვეღარც ქოხში ვიცხოვრებთ.
ფული რომ მქონდეს, უკეთეს კონცერტს ჩავატარებ, უკეთეს კლიპს გადავიღებ, სხვა ნიჭი თუ მაქვს, მის განვითარებასა და გამომზიურებასაც შევუწყობ ხელს. ხშირ შემთხვევაში უსახსრობა გბლოკავს, მაგრამ იმედით ვცხოვრობთ.
– ფულის სიყვარული სირცხვილია?
– შეიძლება, რაღაც წილად უხერხული იყოს. თუ ადამიანის ცხოვრების მთავარი კრედო ფულის სიყვარულია, მაშინ ის ძალიან ბევრ უხერხულობას წააწყდება. მეგობრებისა და ოჯახის წრეში. შენს შინაურებთან ვერ გამოხატავ ფულის სიყვარულს და მხოლოდ მატერიალურ სახსარზე ორიენტირებას, ეს უხერხულიცაა და დამამცირებელიც. მეგობრობა, ძმაკაცობა, უჯახური ურთიერთობები – ამ ყველაფერზე მაღლა ფულს ვერ დააყენებ. თუმცა, არიან ანგარიშიანი ადამიანები და ყველაფერს ამ თვალით უყურებენ.
როდესაც სიმღერა დავიწყე, დედა მეუბნებოდა, ჰონორართან დაკავშირებით რომ გკითხავენ, შენ არასდროს მოითხოვო რაღაც კონკრეტული თანხა, ხელოვანისთვის მთავარია სულიერი საზრდო, მაყურებელს სიამოვნებით უნდა უმღეროო. ეს მესმის და ხშირ შემთხვევაში, ასეც ვიქცეოდი, მაგრამ არაერთხელ აღმოვჩენილვარ უხერხულ მდგომარეობაში. ისეც მომხდარა, რომ ჩემით პროდიუსერს „გაუკეთებია“ ფული და მე, ჰონორარის სახით, 80 ლარი ჩამიდეს კონვერტში. რა თქმა უნდა, ის თანხა მაშინვე უკან დავუბრუნე, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.
ერთხელ, ერთ პატარა გოგონას ჩააწერინეს ჩემთან დუეტი, რომლის ოჯახსაც, თურმე, ძალიან დიდი თანხა გამოართვეს. საქართველო პატარაა, არაფერი იმალება. ამ ოჯახის დიასახლისმა, ერთ-ერთ ჩემს მეგობართან ისე, რომ არ იცოდა, თუ ჩემი მეგობარი იყო, შემთხვევით თქვა, პაატა თედიაშვილი რა პრეტენზიული და მეძვირე ყოფილა, ამხელა თანხა მოითხოვა, რომ ჩემს შვილთან ემღერაო. სახტად დავრჩი ეს რომ გავიგე. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და აქეთ გამიხდა ბოდიშები სახდელი იმ ოჯახთან, არადა, მე არაფერი ვიცოდი. ჩემი სახელი გამოიყენეს ფულის საშოვნელად.
– ამ გამოცდილებების შემდეგ, დღეს როგორია ფულთან დამოკიდებულება?
– ახლახან პარიზში ვიყავი. 31 დეკემბერს ქართული რესტორანი გაიხსნა და შემოქმედებითი აქტივობისთვის პირველი მე მიმიწვიეს მრავალფეროვანი რეპერტუარის გამო. რომ დამირეკეს, მათაც, როგორც ყველას, ვუთხარი, გადახედეთ თქვენს ბიუჯეტს და ისე შევთანხმდეთ, რომ თქვენც სარგებელი გქონდეთ და მეც-მეთქი. მოჭრით რამე თანხის თქმა ძალიან რთულია. რომ ჩავედი, მითხრეს, რომ ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას დაუკავშირდნენ და იმხელა თანხები მოგვთხოვეს, ვერაფრით ვჯდებოდით ბიუჯეტშიო. ყოფილა მსგავსი საუბრები სხვა დროსაც. მე ყოველთვის ვითვალისწინებ სხვის ბიუჯეტს. ამ ტიპის მოლაპარაკებით ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი პარიზიდან და სხვა ქვეყნებიდანაც ყოველთვის კმაყოფილი მოვდივარ ხოლმე. ასეთ დამოკიდებულებას რომ ხედავენ, უფრო მეტ ყურადღებას გამოხატავენ, ამბობენ, ეკრანიდან სხვაგვარად ჩანხარ და ურთიერთობაში სხვანაირი ყოფილხართო. მიხარია ამის მოსმენა. გვინახავს ძალიან შეძლებული ადამიანები, რომლებსაც სანაგვეზე დაუსრულებიათ ცხოვრება. ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ ურთიერთობაში ყველაფერს ფულით ვერ გადავწყვეტთ… სრულად