85 წლის ციცო კამკამიძეს მაღალმთიანი იმერეთიდან დღეს უკვე ყველა იცნობს. ხარაგაულის სოფელ საბედან გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც ციცო ბებო დიდთოვლობას საკუთარი ძალისხმევით უმკლავდება და სახურავსაც კი უშიშრად თოვლავს, მთელი სოციალური ქსელი მოიცვა.
ელექტროენერგიის აღდგენის შემდეგ, სრულიად უცნობი ადამიანების დადებით კომენტარებს, ახლა უკვე თავადაც ეცნობა, განცდილ ემოციებს კი „ფორტუნას“ მკითხველს უზიარებს. „ყველას დიდი მადლობა გადაეცით ჩემი დაფასებისთვის, გისურვებთ, ორი ჩემი წელი იცოცხლეთ თქვენ… სახლი უკვე გადავთოვე, დაბლა ვეღარ გავჩერდი, ან რა გამაჩერდება, შრომას ისედაც მიჩვეული ვარ“, – ასე დაიწყო 85 წლის ციცო კამკამიძემ „ფორტუნასთან“ საუბარი.
ამბობს, რომ სიმამაცე და შრომის სიყვარული ობლად გაზრდილს ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოჰყვება. თეთრად დაფარულ სოფელ საბეში მზის ამოსვლას გაღვიძებას ასწრებს და დღესაც, გაუკვალავ თოვლშიც პირველ ნაფეხურებს ტოვებს. შრომობს თავდაუზოგავად. ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში კი სიმღერა ეხმარება. სოფელში მარტო მცხოვრებს, მძიმე ფიზიკური საქმის შემდეგ, სიმღერის განწყობა ხშირად იპყრობს და როგორც თავად გვიყვება, უფრო მეტ სიმხნევესაც მმატებს.
„ლაღი ბავშვობა მე არ მქონია, მამა მე არ მახსოვს, დედამ ორი ბავშვი ობლად გაგვზარდა. ბავშვობიდან მოყოლებული სრულ შრომაში ვარ და ასე მომყვება სიმამაცე და სითამამეც, ხეებზეც დავძვრებოდი, ნიგვზებსაც ვბერტყავდი, რას არ ვაკეთებდი, ყველაფერს მიჩვეული ვარ. ადრე ბევრი საქონელი მყავდა, ახლა ერთი ძროხა მყავს. იცით, წლებს მაინც თავისი მიაქვს… იმდენი ხომ აღარ შემიძლია, ხოდა, შევამცირე საქონელიც. მეტი ჯანი, რომ მქონდეს ბევრი რამის გაკეთებას შევძლებდი. ბავშვური ხალისი უნდა შეინარჩუნო და თუ ხალისი გაქვს, ყველაფერს გააკეთებ ადამიანი. არ შეუშინდეთ სიბერეს, კეთილი გული უნდა ჰქონდეთ და ყველაფრის გაკეთების სურვილი გექნებათ. ნახეთ ვრცლად
მასალის გამოყენების პირობები