კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ახლობლებს მიმართავს.
„[მზია ამაღლობელის] ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველა ის სიმპტომი, რაც ახასიათებს ამ პერიოდის განმავლობაში შიმშილობას. მინდა მივმართო მის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ მზია, რომ სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია. ეს პირველ რიგში ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი. ჩვენი სურვილია, სრულად დაექვემდებაროს ჩვენს რეკომენდაციებს. ეს მოგვცემს საშუალებას, აცილებული იყოს ლეტალური გამოსავალი”, — განუცხადა ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ პაციენტის მონახულების შემდეგ.
მზია ამაღლობელი 37 დღეა, შიმშილობს. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით, მზია ამაღლობელის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი დიდია.
ექიმების განცხადებით, ამ დროს ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე.
მასალის გამოყენების პირობები