ცნობილი ქართველის სოპრანო თამარ ივერი, რომელმაც ახლახან მეუღლესთან ქორწინების 12 წლისთავი აღნიშნა, საკუთარ სიყვარულის ისტორიას ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს.
რუბრიკაში „სიყვარულის ამბავი“, მომღერალი ქორწილის დღეზეც საუბრობს და ამავე დღეს, მისი მეუღლისა და პატრიარქის დიალოგზაც იხსენებს.
– რა თვისებები აღმოაჩინეთ მასში, რომლის გამოც შეგიყვარდათ?
მზრუნველობა. კი არ თამაშობდა, ნამდვილად მზრუნველი იყო. შეხვედრისთანავე მკითხა, როგორ ვგრძნობდი თავს, როცა ფეხსაცმლის შესაკრავად დავიხარე, შემომთავაზა, რომ ჩანთას დამიკავებდა. მეკითხებოდა რაიმე დეტალი ხომ არ მიქმნიდა დისკომფორტს. ტაქსის მძღოლსაც კი სთხოვა, კონდიციონერისთვის ჩაეწია, მომღერალია და არ გაცივდესო. თავიდან ვიფიქრე, იქნებ თამაშობს, ცნობილი მომღერლის გვერდით გამოჩენა ხომ არ უნდა-მეთქი, მაგრამ არა! ის, უბრალოდ, ასეთი ადამიანია. იგივე დავინახე დედამისისადმი დამოკიდებულებაშიც. მუდამ ცდილობს, დედამ კარგად იგრძნოს თავი, კარგად გამოიყურებოდეს. აი, ეს იყო ის თვისება, რაც მასში ყველაზე მეტად შემიყვარდა. ვიცოდი, რომ დამჭირვებოდა, რაული ის ადამიანი იყო, ვინც სიბერეში „წყალს მომაწვდიდა“ და თან ჩემს თავისუფლებასაც არ შეზღუდავდა. რაული ვერონაში არ ცხოვრობდა, მხოლოდ ჩემ სანახავად იყო ჩამოსული და ორ დღეში სხვა ქალაქში, ფლორენციაში, ვარჯიშების გასაგრძელებლად უნდა დაბრუნებულიყო. სანამ წავიდოდა, მითხრა, რომ ჩემი სასტუმროს მისაღებში რაღაც დამიტოვა. ეს იყო მინდვრის დიდი, ლამაზი ყვავილი, რომელიც წერილში იდო. მასში ეწერა: „ეს ყვავილი მინდორში შევამჩნიე და მაშინვე შენ გამახსენდი. როგორც ეს ყვითელი ყვავილი განსხვავდებოდა ყველა სხვა დანარჩენისგან, ისე განსხვავდები შენ მთელი სამყაროსგან“. წერილი რომ წავიკითხე, ვუთხარი, ასე არ გააგრძელო, თორემ შემიყვარდები-მეთქი. ამან, როგორც ჩანს, ხელ-ფეხი გაუხსნა. როცა ვაცილებდი, ვუთხარი, რომ კვლავ მქონდა მისი ნახვის სურვილი და ჩამოსვლას თუ გადაწყვეტდა, სიამოვნებით მივიღებდი. სამ დღეში უკან დაბრუნდა. რამდენიმე თვეში კი მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა.
– ადვილი იყო ერთად ცხოვრების დაწყება, ხასიათების შეწყობა?
სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მარტივი არ იყო. ურთიერთობა, განსაკუთრებით ცოლქმრობა, უღელში შებმაა, თუმცა ჩემი მეუღლე ყოველთვის ცდილობდა, რომ გვერდით დამდგომოდა. როდესაც ოჯახს ვქმნიდით, საქართველოს პატრიარქმა ჰკითხა, ხომ იცი, ვის ირთავ ცოლადო. ჩემი მეუღლე დაიბნა, პატრიარქმა კი უთხრა, ამ ქალს სხვანაირი ხელის სჭირდება შეწყობა და ეს გაცნობიერებული უნდა გქონდესო.
– როგორი ქორწილი გქონდათ, გრანდიოზული?
დიახ. თბილისის ზღვაზე 500 ადამიანი იყო დაპატიჟებული. ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა. იცეკვეს „სუხიშვილებმა“, მთელი საღამო იყო სასცენო გამოსვლები. თამადა, ახლა უკვე გარდაცვლილი, ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი, მამუკა ონიანი, იყო. იმდენი ადამიანი მოდიოდა, რომ მანქანები არ გვყავდა საკმარისი. კურიოზს გავიხსენებ: სწორედ იმის გამო, რომ მანქანები არ იყო საკმარისი, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, თავად დავმჯდარიყავი საჭესთან დროებით, სანამ სასტუმროში ბოლომდე გამოსაწყობად დავბრუნდებოდი. წარმოიდგინეთ, ვზივარ გამოწყობილი, მაკიაჟით, თავზე დიდი დიადემა მადგას… ვჩქარობდი. ამ დროს ერთმა მძღოლმა ყვირილი დაიწყო, შენ ვის უბედავ წინ გადასწრებასო. რომ შემომხედა ოდრი ჰეპბერნის სტილში გამოწყობილს, საჭესთან დიადემით, გამიღიმა და მითხრა: „უი, შენ „მის საქართველო“ არ ხარ? რა გინდა „მის საქართველოს“ საჭესთან?!“. ძალიან გაკვირვებული იყო. სახეზე მიცნო, მაგრამ უცებ ვერ აღიქვა, რომ ოპერის მომღერალი ვიყავი“, – ამბობს თამარ ივერი.
თამარ ივერთან ინტერვიუს სრულად წაიკითხავთ ჟურნალ „სარკის“ 21-27 აგვისტოს ნომერშ
მასალის გამოყენების პირობები