ძვირფასი ქვები, რომელთაც ზოგჯერ კეთილ, ზოგჯერ საზარელ, თუმცა აუცილებლად მისტიკურ თვისებებს მიაწერენ, უძველესი დროიდან აღაფრთოვანებენ ადამიანებს. თუმცა, მრავალრიცხოვან ბუნებრივ მინერალებს შორის, განსაკუთრებული პატივისცემით მაინც ალმასი სარგებლობს, რომელსაც ბევრი ძვირფასი ქვების მეფესაც უწოდებს, რადგან ყველაზე მყარი, ძვირფასი და კეთილშობილი ქვა თითქოს სამეფო ტახტზე დაბრძანებული ბრწყინავს დანარჩენების ფონზე.
ალმასის ასაკს, რომელმაც ყველა მინერალის მისტიკური თვისებები საკუთარ თავში გააერთიანა, მეცნიერები 4,2 მილიარდი წლით განსაზღვრავენ, ბრილიანტის ტარებას კი, მხოლოდ ძლიერ, შეძლებულ მამაკაცებს და დაბრძენებულ, ასაკოვან ქალბატონებს ურჩევენ, რადგან რაც უფრო მსხვილია თვალი, მით უფრო მომთხოვნია მფლობელის მიმართ, სუსტი ენერგეტიკის პატრონი კი, მისი შეძენით მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობით და ჯანმრთელობით რისკავს.
ჰოლკონდის განძი
ძვირფას კრისტალებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ “ჰოუპის” ბრილიანტია, რომელსაც ხან „იმედის ქვას“ და „ლურჯ ფრანგს“, ხან „რამას თვალს“ ან „ლუდოვიკოს წყეულ ალმასს“ უწოდებდნენ და მონარქებთან ერთად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებიც ცდილობდნენ მის ხელში ჩაგდებას. უცნაურია, მაგრამ ბრილიანტის მფლობელებს არა თუ აშინებდათ მისი საზარელი წარსული, პირიქით, სწორედ მისტიკური ისტორია იზიდავდა და თითქოს საოცარი ბრწყინვალებით მონუსხული, ცდილობდნენ ალმასის ნებისმიერ ფასად შეძენას.
სხვა ძვირფასი ქვების მსგავსად ლეგენდარული ბრილიანტიც ინდოეთიდან მოხვდა შუასაუკუნეების ევროპაში, რადგან სწორედ ინდოეთის სამხრეთში, უძველესი ციხესიმაგრის – ჰოლკონდის მაღაროში მოიძიეს მოცისფრო-ლურჯი, განსაკუთრებით მსხვილი ალმასი, რომელმაც ბრაჰმანების გადაწყვეტილებით წმინდა ქვის სტატუსი შეიძინა, ინდუისტური ღმერთის – ვიშნუს ერთ-ერთი ავატარის – რამას სტატუა დაამშვენა და ადგილობრივთა თაყვანისცემაც დაიმსახურა.
რა თქმა უნდა, ძვირფასი ქვით სხვებზე ადრე მძარცველები დაინტერესდნენ, რომელთაც მართალია, ალმასი გაიტაცეს, მაგრამ ძალიან გაუჭირდათ მისი გაყიდვა, რადგან ლეგენდის თანახმად, სწორედ მაშინ დაწყევლა განრისხებულმა რამამ მძარცველები და მათთან ერთად ალმასის ყველა მფლობელი, რომელთაც უბედურება და ტანჯვით სიკვდილი უწინასწარმეტყველა.
ინდოელებისგან განსხვავებით, რამას რისხვის მიმართ გულგრილი აღმოჩნდა ცნობილი ფრანგი მოგზაური და ძვირფას ქვებზე მონადირე ჟან-ბატისტ ტავერნიე, რომელმაც ბრილიანტი „მეფე-მზედ“ წოდებულ ლუდოვიკო ХIV-ს უსახსოვრა, სანაცვლოდ კი, აზნაურის ტიტული მიიღო. სწორედ ასე შეიძინა „რამას თვალმა“ ჯერ „ლურჯი ტავერნიეს“, მერე „ლუდოვიკოს ცისფერი თვალის“ სახელი და მოურიდებლად დაატეხა ფრანგებს თავს შურისმაძიებელი ღმერთის რისხვა, როცა ქვეყანაში გავრცელებულმა შავი ჭირის ეპიდემიამ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, ეკლესიის მსახურებმა კი, სწორედ დაწყევლილი ალმასი დაადანაშაულეს საზარელ ტრაგედიაში.
ლუდოვიკოს „დაწყევლილი თვალი“
ლუდოვიკოს ბრძანებით უზარმაზარი ბრილიანტი რამდენიმე ნაწილად გაიყო, ყველაზე მსხვილი კი, რომელიც გულის ფორმით დაწახნაგდა და 69 კარატი შეადგინა, მონარქმა ერთ-ერთ ფავორიტს მარკიზა დე მონტესპანს (ფრანსუაზა ათენა დე როშეშუარს) მიუძღვნა, თუმცა დიდი სიყვარულის მიუხედავად, სწორედ ბრილიანტის დამუშავების შემდეგ მოიძულა მონარქმა ყოფილი საყვარელი, რომელსაც მისივე ბრძანებით აიძულეს ვერსალის დატოვება და მონასტერში გადასახლება, თავად „მეფე-მზემ“ კი, ჯერ რამდენიმე სამარცხვინო მარცხი იწვნია ბრძოლის ველზე, მერე კი, მეჯლისზე ცეკვისას შემთხვევით დაადგა ფეხი ჟანგიან ლურსმანს და სისხლის მოწამვლით, საშინელ ტანჯვაში გარდაიცვალა. ვერ დააღწია თავი სასჯელს ვერც ტავერნიემ, რომელიც ისტორიული ქრონიკის თანახმად, რუსეთში მოგზაურობისას დაგლიჯეს მგლებმა.
მართალია, სამეფო კარის იუველირების მიერ დანაწევრებულმა და ბრწყინვალედ დამუშავებულმა ალმასმა, რომლისგანაც დე მონტესპანის სამშვენისი დამზადდა, საგრძნობლად მოიკლო წონაში, მაგრამ მისი გაყოფის შემდეგ ერთმა ნაწილმა რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ II-ის მეუღლის ალიქს ფონ ჰესენ-დარმშტადტის ბეჭედი დაამშვენა, მეორე კი, თავად ლუდოვიკო XIV-ს მოოქროვილ კულონად იქცა, რომელიც ჯერ ლუდოვიკო XV-მ მიიღო მემკვიდრეობით და მალევე გარდაიცვალა დაუდგენელი ავადმყოფობით, მერე ლუდოვიკო XVI-მ, რომელმაც „საფრანგეთის გვირგვინის ლურჯი ბრილიანტი“ საყვარელ მეუღლეს მარია-ანტუანეტას უსახსოვრა, თუმცა ვერც ულამაზესმა ქალბატონმა დააღწია თავი საბედისწერო წყევლას. მეტიც, დედოფალი უახლოეს მეგობარს – პრინცესა ლამბალსაც ხშირად აძლევდა საკუთარი სამკაულით სარგებლობის უფლებას, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ვერც მონარქის ღალატში დადანაშაულებული მარია-ანტუანეტა გადაურჩა გილიოტინაზე თავის მოკვეთას, ვერც მისი მეგობარი პრინცესა, რომელსაც აჯანყებული ფრანგები გაუსწორდნენ.
მართალია, 1790-იანი წლების რევოლუციასა და საერთო ქაოსში დაწყევლილი ბრილიანტი, საფრანგეთის იმპერიის განძთან ერთად გაუჩინარდა – სავარაუდოდ, მრავალჯერ გაიყიდა და გაჩუქდა, მაგრამ ნახევარი საუკუნის შემდეგ, ისევ გამოჩნდა.
ჰოუპის ბრილიანტი
1839 წელს ფრანგი ლუდოვიკოების ბრილიანტის მფლობელი ბრიტანელი არისტოკრატი, ბანკირი ჰენრი ფილიპ ჰოუპი გახდა, რომელმაც წონაში კიდევ უფრო მოკლებულს და 45,52 კარატად ქცეულს საკუთარი სახელი უწოდა და ამჯერად „იმედის ბრილიანტად“ აქცია. ახალი მფლობელი ძალიან ამაყობდა და უფრთხილდებოდა უძვირფასეს შენაძენს, თუმცა კმაყოფილება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ბანკირმა ლუდოვიკო XV-ს ბედი გაიზიარა და ყველასთვის მოულოდნელად, დაუდგენელი სენით გარდაიცვალა, არ გაუმართლა არც მის მემკვიდრეებს – შვილი, მასავით წარმატებული ბანკირი კონკურენტებმა მოწამლეს, გაკოტრებულმა შვილიშვილებმა კი, სასწრაფოდ მიჰყიდეს ბრილიანტი თურქ კოლექციონერს, თუმცა სიცოცხლე მაინც სიღატაკეში დაასრულეს. ვერ მოასწრო შენაძენით დატკბობა ვერც თურქმა ბატონმა, რადგან მორიგი მოგზაურობისას, მისმა გემმა კატასტროფა განიცადა და წყნარ ოკეანეში ჩაიძირა, “ჰოუპმა“ კი, ეგვიპტისა და ოსმალეთის იმპერიის სულთნის აბდულ ჰამიდ მეორეს ჰარამხანაში დაიდო ბინა და ჯერ აღმოსავლელი მმართველის ხარჭას აუსრულა წყევლა, მერე თავად სულთანს, რომელიც დამხობის შემდეგ საკუთარ ციხეში გამოამწყვდიეს და წამებით ამოხადეს სული. საბედისწერო ალმასმა კი, მოგზაურობა გააგრძელა და რუს თავადს ივან კანდოვიცკის „გადაეყარა“, რომელმაც ბრილიანტი რჩეულს – ფრანგ მოცეკვავეს ლედუს უსახსოვრა. თუმცა, ყოველთვის მშვიდი და თვინიერი კანდოვიცკი ერთ დღეს ისე გაცხარდა, რომ ჯერ საყვარელი ქალი გამოასალმა სიცოცხლეს, მერე თავი მოიკლა, „წყეული თვალი“ კი, ლედუს ნათესავებმა მიიღეს მემკვიდრეობით, რომელთაც არ მოისურვეს მისი ფლობა და სასწრაფოდ გაყიდეს.
მართალია, ახალი მფლობელის ვინაობა უცნობი დარჩა, რადგან რამდენიმე ათწლეულით ბრილიანტი ისევ „მიიმალა“, მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა და მხოლოდ საოცრების წყალობით ისევ ჰენრი ჰოუპის მემკვიდრის – პელჰამ კლინტონ ჰოუპის მფლობელობაში აღმოჩნდა. უძვირფასესმა ქვამ არც ამჯერად დაინდო ჰოუპები, რადგან ერთ დროს უმდიდრესი ლორდი ჯერ გაკოტრდა, მერე მძიმედ გახდა ავად, ბოლოს კი, მეუღლე გაექცა და ბრილიანტიც თან გაიყოლა. ნაძარცვი მისის ჰოუპმა ნაკლებად ცნობილ ბრიტანელ იუველირს მიჰყიდა, რომელმაც დიდხანს ვერ დათმო ძვირფასი შენაძენი, თუმცა, მოულოდნელად თავსდამტყდარი უსიამოვნებებით დამფრთხალი, საბოლოოდ მაინც შეელია უბედურების მომტან ქვას.
პიერ კარტიე
ახალი მფლობელი მისტიკურ ბრილიანტს 1910 წელს გამოუჩნდა, როცა მისით იუველირთა ცნობილი დინასტიის წარმომადგენელი, მსოფლიო ბრენდის Cartier-ს შემქმნელი პიერ კარტიე დაინტერესდა და ძვირფასი ქვა იმ პერიოდისთვის საკმაოდ სოლიდურ ფასად – 550 000 ფრანკად შეიძინა. ნიჭიერმა იუველირმა და გამოცდილმა ბიზნესმენმა უარი თქვა „ჰოუპის“ საკუთარ კოლექციაში დატოვებაზე, კიდევ ერთხელ დააწახნაგა და 16 შედარებით მცირე ზომის თეთრი ბრილიანტით გაფორმებულ უძვირფასეს ყელსაბამად აქცია, მერე კი, ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე გახსნილი ბუტიკის ვიტრინაში გამოფინა მდიდარი პუბლიკის თვალის მოსაჭრელად.
ეველინ მაკლინის თილისმა
რა თქმა უნდა, კარტიეს ჩანაფიქრმა გაამართლა და „ჰოუპსაც“ სწრაფად გამოუჩნდა ახალი თაყვანისმცემელი – მსხვილი ამერიკული გაზეთის Washington Post-ის მფლობელის ქალიშვილი ეველინ უოლშ-მაკლინი, რომელიც სწორედ ბრილიანტებს თვლიდა „საუკეთესო მეგობრებად“. ექსტრავაგანტურობით ცნობილი მაკლინი ყოველთვის ძვირფასი ქვებით გაწყობილი სამოსით, უძვირფასესი სამაჯურებითა და ყელსაბამებით დახუნძლული სტუმრობდა ელიტარულ წვეულებებს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ „მოსიარულე განძს“ 15 პირადი მცველი მეთვალყურეობდა.
მართალია, ეველინს არც „დაწყევლილი ქვის“ გარეშე აკლდა უსიამოვნებები, რადგან არასდროს უმართლებდა პირად ცხოვრებაში, „უკანასკნელმა მცდელობამ“ – არისტოკრატმა მეუღლემ კი, საბოლოოდ გაუცრუა ბედნიერი ოჯახის შექმნის იმედი, მაგრამ რწმენით, რომ უარესი ვერაფერი დაემართებოდა, მაინც გადაწყვიტა ბრილიანტის შეძენა, თუმცა თადარიგი დაიჭირა და ქვა ტაძარში აკურთხებინა.
ეველინი თითქოს შეპყრობილი იყო ძვირფასი ქვით, წუთითაც არ იშორებდა და ხან თვითონ ატარებდა, ხან მცირეწლოვან შვილებს ამშვენებდა, ამიტომ რამას წყევლაც მთელ ოჯახზე გაავრცელა. მაკლინს ჯერ ალკოჰოლიკი მეუღლე დაეღუპა, მერე ვაჟიშვილი ემსხვერპლა ავტოკატასტროფას, ქალიშვილის თვითმკვლელობას კი თვითონ ვერ გაუძლო და სულით ავადმყოფთა სახლში გარდაიცვალა. თავქარიანმა ეველინმა არც შვილიშვილები დაინდო, რომელთაც მემკვიდრეობით გადასცა „წყეული ბრილიანტი“, თუმცა უმცროსი მაკლინები ბევრად პრაგმატულები აღმოჩნდნენ და სწრაფად გადაულოცეს ძვირფასი ქვა ცნობილ იუველირს ჰარი უინსტონს.
უინსტონის გზავნილი
საოცრად მდიდარმა ჰარი უინსტონმა არა მხოლოდ საიუველირო ოსტატობით, არამედ ალმასების პომპეზური მეჯლისების მოწყობითაც გაითქვა სახელი, სადაც ელიტური საზოგადოება საიუველირო სიახლეებს ეცნობოდა და უძვირფასეს ექსპონატებს ათვალიერებდა. სწორედ ამგვარი მეჯლისების „საპატიო სტუმრად“ ითვლებოდა „ლურჯი იმედი“ 1958 წლამდე, სანამ სოლიდურ თანხად შეძენილი ბრილიანტი უინსტონმა სმითსონის ინსტიტუტს არ უსახსოვრა.
აღსანიშნავია, რომ თავად იუველირს არასდროს სჯეროდა ძვირფასი ქვის დაწყევლილი ბედის და შესაძლოა, სწორედ ამიტომ დააღწია თავი მის რისხვას, ან იქნებ იმიტომ, რომ საოცრად ძლიერი ხასიათის, ნებისყოფის პატრონი, არასდროს იწონებდა თავს საკუთარი განძით, რომელსაც სიამოვნებით სთავაზობდა საერთაშორისო გამოფენებს, მიღებულ თანხას კი, ყოველთვის ქველმოქმედებას სწირავდა. სხვათა შორის, საჩუქარი ინსტიტუტს უინსტონმა ჩვეულებრივი საფოსტო ამანათით გაუგზავნა, რომელიც ადრესატს რიგითმა ფოსტალიონმა ჩააბარა. სამწუხაროდ, სწორედ ფოსტალიონი აღმოჩნდა ბრილიანტის უკანასკნელი მსხვერპლი, რომელსაც სატვირთო დაეჯახა.
სამუზეუმო ექსპონატი
დღეს ყველაზე ძვირფასი – 350 მილიონ დოლარად შეფასებული ლურჯი ბრილიანტი ვაშინგტონში, სმითსონის ამერიკული ხელოვნების მუზეუმის ექსპოზიციის ნაწილია და ტყვიაგაუმტარი შუშით დაცული, რიგით მნახველებთან იწონებს თავს. ინსტიტუტის თანამშრომლების განცხადებით, „სქელი შუშით არა ალმასს იცავენ მძარცველებისგან, არამედ მრავალრიცხოვან დამთვალიერებელს ალმასისგან“, რადგან არავინ იცის, როდის გაიღვიძებს მასში ავი ზნე, მით უფრო, რომ მეცნიერებმა, რომლებიც წლების მანძილზე იკვლევდნენ მის ფიზიკურ მახასიათებლებს, ვერაფრით დაადგინეს მინერალის წარმომავლობა და იმ საოცარი ნათების მიზეზი, რომლითაც ქვა ულტრაიისფერი სხივებით დამუშავების დროს გაბრწყინდა.