მაია ჯორჯაძე ნანატრი შვილიშვილის ბებია გახდა. გიო ხუციშვილი უმცროსი – მათი ოჯახის ახალი წევრი სულ ცოტა ხნის წინ დაიბადა და ყველას ცხოვრება უზომო სიხარულით აავსო.
მაია ჯორჯაძე: პატარა გიოს დაბადება უდიდესი ბედნიერებაა, მან ჩვენს ოჯახში ყველაფერი შეცვალა. ჩვენი ცხოვრება სულ სხვანაირი გახდა. გაგვახალისა, გაგვაბედნიერა, გათენება გვიხარია, დაძინება გვიხარია და საერთოდ, ყველაფრის კეთება გვაბედნიერებს. თან, ძალიან კარგი ბიჭია. საოცრად ტკბილი.
– როგორი იყო პირველი ემოცია, როდესაც გაიგეთ, რომ მალე ბებია გახდებოდით?
– ვაიმე, კინაღამ გავგიჟდი სიხარულისგან, გადავირიე. ვერ გადმოვცემ, ეს რა ემოცია იყო. უდიდესი სიხარულით ველოდებოდით და ეს დღეც დადგა. უკვე მართლა ყველა გაგვაგიჟა და მერე რა იქნება, წარმომიდგენია (იცინის).
– როგორი ბიჭია?
– თავის შვილიშვილი ყველას უყვარს და ყველასთვის კარგია. ჩემთვისაც ასეა. ძალიან კარგი ბიჭია, ხასიათიც უსაყვარლესი აქვს. მშვიდია. ხომ პატარაა, მაგრამ თავის ხასიათი უკვე ეტყობა. თითქოს, უკვე დიდია (იცინის). რომ შეხედავ, ისეთი ხასიათი იგრძნობა, რომ კითხვა არ დაგჭირდება, გოგოა თუ ბიჭიო, ისედაც გასაგებია. პატარა კაცია (იცინის).
– დედას ჰგავს თუ მამას?
– ყოველდღე იცვლება, მაგრამ მამას ძალიან ჰგავს. ჯერჯერობით ასეა და ვნახოთ, მერე რა იქნება. ჯერ პატარაა, ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მართლა ყველა ამბობს, რომ ზუკას ჰგავს.
– თქვენ როგორი აღმოჩნდით ბებიის ამპლუაში?
– ჯერ ცოტა შიშები მაქვს. ნელ-ნელა ვეჩვევი. დედამ და მამამ ივაჟკაცეს ძალიან. ისე უვლიან ბავშვს, თითქოს პირველი კი არა, მეხუთე შვილი იყოს და ყველაფერში ძალიან გამოცდილები იყვნენ. თან, ყველაფერი ისე კარგად გამოსდით, რომ ამის ყურება ერთი ბედნიერებაა. რაც შემიძლია, მეც ვაკეთებ. მეც ჩართული ვარ და მგონი, ნერვებსაც ვუშლი, ესენი ზემოთ ცხოვრობენ და დღე-ღამის განმავლობაში უამრავჯერ ავდივარ. მაგრამ, რა ვქნა, სხვანაირად არ შემიძლია და არა უშავს (იცინის).
– ხშირად, ბებოებს შენიშვნების მიცემა უყვართ ხოლმე ახალგაზრდა მშობლებისთვის…
– არა, ვცდილობ, ამ მხრივ, არაფერში ჩავერიო, როგორც თვლიან სწორად, ისე უვლიან. მე თვითონ მეშლებოდა ნერვები, თუ ჩემი დედამთილი ან დედაჩემი რამეს მეტყოდნენ, ამიტომ მე ასე არასდროს მოვიქცევი. თვითონ იციან თავის საქმე. შეიძლება, ჩემი აზრი გამოვთქვა, მაგრამ იმწუთასვე ვჩერდები, მახსენდება, როგორ არ მიყვარდა ასეთი რამეები, ამიტომ იმას არ გავაკეთებ, რაც თვითონ არ მომწონდა. ასეც უნდა იყოს. მშობლებმა ყველაზე უკეთ იციან, რა სჭირდება ბავშვს. რამეში თუ მოვეხმარები, გამიხიარდება, თუ დავჭირდები, სულ მზად ვარ ყველაფრის გასაკეთებლად, მაგრამ ინიციატივების აღებას არ ვაპირებ.
– გაანებივრებთ შვილიშვილს?
– ალბათ, ძალიან გავანებივრებ, ვფიქრობ, რომ ყველაფერს შევუსრულებ (იცინის).
– პატარა როგორია, უყვარს ხალხთან ყოფნა?
– ყველასთან მიდის, უკარება ბიჭი არ ჩანს (იცინის). ვცდილობთ, 40 დღემდე მნახველები ნაკლებად ჰყავდეს. ამიტომ, ძირითადად, დედასთან და მამასთან არის. უკვე ძიძაც გვყავს, რომელიც მართლა აუცილებელი იყო; ჩვენს გარემოში გაუცხოება არ აქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, დედისა და მამის გულზე ყველაზე მშვიდადაა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან პატარაა, მეორე დღიდან ისე აზრიანად იყურება, გგონია, რომ შენ გიყურებს. ახლა მართლა სულ სხვანაირი ბავშვები იბადებიან. უკვე თავიც ისე კარგად უჭირავს, რომ არ გეშინია. არ ჰგავს დღეების ბავშვს. ნახეთ სრულად