სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„იდეალური დედა“ მიუნჰაუზენის სინდრომით: ბლანშარების შემზარავი ისტორია

„იდეალური დედა“ მიუნჰაუზენის სინდრომით: ბლანშარების შემზარავი ისტორია

მართალია, მარტოხელა დედის დი-დი ბლანშარის მკვლელობამ და მისი სნეული ქალიშვილის უკვალოდ გაუჩინარებამ მთელი ამერიკა შეძრა, მაგრამ სიმართლე, რომელსაც მოკლული ყველას და პირველ რიგში საკუთარ შვილს უმალავდა, ბევრად შემზარავი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

დი-დი ბლანშარი

48 წლის კლოდინ პიტრ-ბლანშარი, რომელსაც ყველა დი-დის ეძახდა, 2008 წელს გადაბარგდა სნეულ ქალიშვილთან ერთად, მისურის შტატის ქალაქ სპრინგფილდში, საქველმოქმედო ორგანიზაციის Habitat for Humanity-ს მიერ აშენებულ პატარა სახლში და სწრაფად იქცა ადგილობრივ სიამაყედ. გულღია და მუდამ მოღიმარ, ყველას მიმართ მეგობრულად განწყობილ დი-დის, რომელსაც ძალიან უყვარდა ჭრელი სამოსი და ფერადი ბაფთები, მეზობლები საოცრად კეთილ, გულისხმიერ ქალბატონად ახასიათებდნენ, რადგან არავის ეუბნებოდა უარს დახმარებაზე,  სწრაფად იძენდა მეგობრებს და ერთგულებით იმსახურებდა მათ ნდობას.

სამსახურის გარეშე დარჩენილი დი-დი მხოლოდ საქველმოქმედო ფონდების დახმარების ხარჯზე ცხოვრობდა, რადგან მთელ დროს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული შვილის მოვლას უთმობდა. ჯიფსი როუზი, რომელმაც „ბოშური ვარდის“ სახელი, ერთის მხრივ, ეგზოტიკის მოყვარული დედის, მეორეს მხრივ, ცნობილი ჯგუფის Guns and Roses-ის თავგადაკლული ფანი მამის წყალობით შეიძინა, სუსტი და ფერმკრთალი მოზარდი იყო სპეციალური საკვები მილით მუცელში და ნაზალური კანულით ყურების გარშემო, ჟანგბადის ბალონით, რომელსაც ყველგან თან დაატარებდა და უზარმაზარი სათვალით, რომელიც თითქმის მთელ სახეს უფარავდა. თმის ცვენას ჯიფსი ქუდით ან მოუხერხებელი პარიკით ნიღბავდა, მცირე ზომის იმპლანტებით ყურებში კი, გაციებისა და ინფექციისგან იცავდა თავს.

ჯიფსი როუზ ბლანშარი

მძიმე დაავადების მიუხედავად, საოცრად ხალისიანი ჯიფსი არასდროს კარგავდა ოპტიმიზმს და განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩეოდა, რაც სწორედ მზრუნველი დედის დამსახურებად მიაჩნდა ყველას. ის შვილის ერთადერთ კომპანიონად, მის მხსნელად იქცა და მაქსიმალურად ცდილობდა საბრალო გოგონასთვის მძიმე ცხოვრების შემსუბუქებას. თუმცა, უყურადღებოდ დი-დი არც მეზობლის ბავშვებს ტოვებდა, ზაფხულში ღია ცის ქვეშ აწყობდა კინოჩვენებას და მოძველებული პროექტორით უშვებდა ფილმებს საკუთარი სახლის კედელზე, მშობლები კი, რომელთაც ნაკლებად ჰქონდათ შვილების განებივრების საშუალება, სიამოვნებით უხდიდნენ მისის ბლანშარს სიმბოლურ თანხას, რომელიც ისევ ჯიფსის მკურნალობაზე იხარჯებოდა.

შეკითხვაზე, რით იყო მოზარდი ავად, დი-დის მთელი ნუსხა ჰქონდა მომზადებული – გოგონა  ქრომოსომური დეფექტებით დაიბადა, კუნთების დისტროფიით, მძიმე ასთმით, ძილის აპნოეთი იტანჯებოდა და მხედველობას უჩიოდა. მართალია, ადრეულ ასაკში ლეიკემიას სძლია, მაგრამ ტვინის დაზიანების შემდეგ სერიოზულად ჩამორჩა თანატოლებს განვითარებაში, ბევრად პატარად მიაჩნდა საკუთარი თავი, ვიდრე სინამდვილეში იყო და ნამდვილ საოცრებად იქცა, როცა მედიკოსების უიმედო პროგნოზის და მრავალრიცხოვანი დაავადების მიუხედავად მაინც აღნიშნა მე-16 დაბადების დღე.

გოგონას უცნაური ხმის ტემბრი და საოცრად გულუბრყვილო ღიმილი ჰქონდა, რაც მის გონებაშეზღუდულობაზე მიანიშნებდა, თუმცა, შესანიშნავად კითხულობდა და მსჯელობდა, რადგან დედა მთელი დღე წიგნების კითხვით ანებივრებდა. „ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილი და ერთმანეთის გარეშე აზრი არ აქვს ჩვენს ცხოვრებას”, – ხშირად იმეორებდა ჯიფსი ჟურნალისტებთან საუბრისას, რომლებიც ინტენსიურად სტუმრობდნენ დედა-შვილს უნიკალურ ადამიანებზე სიუჟეტების მზადებისას. დი-დი ბლანშარი მართლაც თავგანწირული დედის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელსაც ბევრი გმირადაც მიიჩნევდა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ გამოაშკარავებულმა სიმართლემ ყველას თავზარი დასცა.

საზარელი მკვლელობა და გამხელილი საიდუმლო

ოჯახური იდილია 2015 წლის ივნისში დაირღვა, როცა დი-დის ფეისბუქ-გვერდზე ყველასთვის მოულოდნელი შეტყობინება – „ალქაჯი მკვდარია!“ გამოჩნდა. შეშფოთებულმა მეზობლებმა სამართალდამცავებს მიმართეს, რომელთაც, მართალია, ცივი იარაღით მოკლული დი-დი საძინებელში იპოვეს, მაგრამ ვერსად მიაგნეს ჯიფსის. გოგონა მხოლოდ მოგვიანებით მოიძია პოლიციამ, როცა მისმა ახლო მეგობარმა ალია ვუდმენსმა  ხანგრძლივი ორჭოფობის შემდეგ აღიარა, რომ მოზარდს საიდუმლო რომანი ჰქონდა ვინმე ნიკოლას გოდჯონთან, რომელიც სოციალურ ქსელში გაიცნო და დედისგან ფარულად გააბა რომანტიკული ურთიერთობა.

სწორედ გოდჯონის IP-მისამართიდან აღმოჩნდა საზარელი ჩანაწერი გაკეთებული, რამდენიმე დღეში კი, სამართალდამცავებმა მისსავე სახლში მიაგნეს ჯიფსის, რომელიც  ნიკოლასთან შეუღლებას გეგმავდა და მომავალი შვილებისთვის სახელებს არჩევდა, დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა და სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა.

მეტიც, მშობლიური სახლის დატოვების შემდეგ ჯიფსი არც ეტლით სარგებლობდა, არც ჟანგბადის ბალონით, თავზე კი, მოკლე აბურძგნული თმა ეზრდებოდა, რომელსაც როგორც აღმოჩნდა დედა პარსავდა ავადმყოფური იერის შესაქმნელად. ამასთანავე გაირკვა, რომ ჯიფსი წლების მანძილზე ინტენსიურად ყლაპავდა გაურკვეველი შემადგენლობის და რაოდენობის მედიკამენტებს, რომელთა მიღებას დედა აიძულებდა სხვადასხვა დაავადების ხელოვნურად გამოსაწვევად.

თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ ბევრად საზარელი ფაქტებიც დაადგინა. ჯიფსი როუზის მკურნალი ექიმის განცხადებით, მან ჯერ თვალის და ყურის უმძიმესი ოპერაცია, მერე კი, აბსოლუტურად უსარგებლო ნერწყვის ჯირკვლებში ბოტოქსის ინიექცია გადაიტანა, რომელიც მოგვიანებით, საერთოდ ამოკვეთეს, რადგან დი-დის აზრით, ზედმეტად ბევრ ნერწყვს გამოყოფდა. გოგონა მთელი ცხოვრება მხოლოდ საკვების შემცვლელ იმ თხევად მასას მიირთმევდა სპეციალური მილით, რომელსაც კუჭის მძიმე დაავადებების დროს უნიშნავენ პაციენტებს. სავალალო მდგომარეობაში ჰქონდა ჯიფსის კბილებიც, რაც ცუდი მოვლის, ჭარბი მედიკამენტის და არასწორი კვების შედეგი აღმოჩნდა.

მიუნჰაუზენის სინდრომი

საზოგადოების ინტერესს, რომელიც დიდხანს ვერ გაერკვა მომხდარში, მერე კი, უამრავი ვერსია და ვარაუდი გამოთქვა, პასუხი ფსიქიატრებმა გასცეს. სავარაუდოდ, ქალბატონი ბლანშარი დელეგირებული მიუნჰაუზენის სინდრომით – საკმაოდ იშვიათი ფსიქიკური დაავადებით იტანჯებოდა, რომელიც გარშემომყოფთა ყურადღების მიქცევისა და მათი თანაგრძნობის მოპოვების სურვილით, სხვადასხვა ავადმყოფობის სიმულირებას გულისხმობს. პირველად დაავადება ფსიქიატრმა რიჩარდ აშერმა აღწერა 1950-იან წლებში, 20 წლის შემდეგ კი, პედიატრმა როი მედოუმ გამოყო სინდრომის დელეგირებული ფორმა – როცა ფსიქიკურად აშლილი პაციენტი არა თვითონ სიმულირებს, არამედ ახლობლებში, მეტწილად შვილებში პოულობს დაავადებებს, რათა მათზე მზრუნველობით მოიპოვოს გარშემომყოფთა კეთილგანწყობა და თანაგრძნობა. როგორც ჩანს, სწორედ დელეგირებული მიუნჰაუზენის სინდრომით იტანჯებოდა დი-დი, საბრალო ჯიფსი კი, მის ფსიქიკურ აშლილობას ემსხვერპლა.

„სამწუხაროდ, ექიმები ხშირად ვერ ახერხებენ მსგავსი სინდრომის ამოცნობას, რადგან პაციენტის მკურნალობა პირველ რიგში ურთიერთნდობას ემყარება. მაშინაც კი, როცა ექიმს ეჭვი უჩნდება, ის ვალდებულია დაეხმაროს პაციენტს, რადგან ყოველთვის შეიძლება მისი ეჭვი მცდარი აღმოჩნდეს”, – აღნიშნა ფლორიდის კლინიკის ექიმმა კეროლინ ბერტონმა, რომელიც სწორედ მიუნჰაუზენის დელეგირებულ სინდრომს იკვლევს ზრდასრულ პაციენტებში.

მართალია, დი-დი არასდროს აკეთებდა ჩანაწერებს, მაგრამ სპეციალურმა საქაღალდემ ჯიფსის ანამნეზითა და ექიმებთან ვიზიტების დოკუმენტებით, სწორედ აღნიშნული სინდრომი დაადასტურა. ექთნის კურსებზე შეძენილი გამოცდილების წყალობით ბლანშარი ყოველთვის მოხერხებულად გაურბოდა უხერხულ შეკითხვებს, რადგან კარგად ერკვეოდა სამედიცინო ტერმინოლოგიაში და სხვებთან ერთად ექიმებსაც არწმუნებდა შვილის ავადმყოფობაში, მათ კი, ვისაც ეჭვი შეჰქონდა, სკანდალით ტოვებდა და არასდროს უბრუნდებოდა. ფსიქიატრების მტკიცებით, ადამიანებს მიუნჰაუზენის სინდრომით ყოველთვის კარგად გამოსდით სხვების დარწმუნება და მათი ემოციებით მანიპულირება.

როდ ბლანშარი

ნაცნობებს დი-დი ყოველთვის დრამატული ისტორიებით უჩუყებდა გულს, რადგან გაუთავებლად ჰყვებოდა კონფლიქტზე ოჯახის წევრებთან და განსაკუთრებით საკუთარ მამასთან, რომელიც სასტიკად ექცეოდა სნეულ შვილიშვილს, თუმცა, არც ჯიფსის ლოთი და ნარკომანი მამა აღმოჩნდა უკეთესი, რომელიც არსად მუშაობდა, მთელი დღე უსაქმოდ დაეხეტებოდა და არც მანამდე, მით უფრო არც დაშორების შემდეგ არ ეხმარებოდა შვილს ფინანსურად.

დი-დის რომანი როდ ბლანშართან მაშინ დაიწყო, როცა თვითონ 24 წლის, მომავალი მამა კი, 17 წლის იყო, თუმცა  ჯიფსის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე როდმა შეცდომა აღიარა, დანიშნული ქორწილი გააუქმა და საცოლე მიატოვა. მართალია, დი-დი ირწმუნებოდა, თითქოს როდმა უარი თქვა დახმარებაზე, მაგრამ სინამდვილეში, მისტერ ბლანშარი წლების მანძილზე პატიოსნად იხდიდა ალიმენტს – ყოველ თვე 1 200 დოლარს და ძვირადღირებული საჩუქრებითაც ანებივრებდა ქალიშვილს. მეტიც, 10 წლამდე რეგულარულად ურთიერთობდა ჯიფსისთან, ლუიზიანადან გადაბარგების შემდეგ კი, მუდმივად ცდილობდა მის ნახვას, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით, დი-დი ყოველთვის ცვლიდა გეგმებს და მოულოდნელად აუქმებდა დაგეგმილ შეხვედრას.

როდის განცხადებით, ჯიფსი დღენაკლული, თუმცა აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა, სამი თვისას კი, დი-დიმ პირველი ავადმყოფობა – ძილის აპნოე ანუ სუნთქვის დარღვევა დაუდგინა და ექიმთან გააქანა. მართალია, კვლევამ მისი შიში არ დაადასტურა, მაგრამ ბლნშარს არც უფიქრია დამშვიდება, პირიქით, იშვიათი სიჯიუტითა და მუდმივად ახალი დიაგნოზებით მოუხშირა ექიმებთან ვიზიტს.

რამდენად აცნობიერებდა ჯიფსი, რომ დედა მასაც და საკუთარ თავსაც ატყუებდა – არავინ იცის, რადგან გოგონამ, რომელსაც ბავშვობიდან შთააგონებდნენ მძიმე ავადმყოფობას, საკუთარი ასაკიც არ იცოდა. მართალია, დი-დის განცხადებით ჯიფსი მხოლოდ 19 წლის იყო, მაგრამ დაბადების მოწმობამ დაადასტურა, რომ გოგონას მთელი 23 წელი შესრულებოდა. როგორც აღმოჩნდა, ბლანშარი სხვებთან ერთად, ქალიშვილსაც უმალავდა საკუთარ ასაკს, რაც ზოგმა იმავე მიუნჰაუზენის სინდრომს, ზოგმა კი, სიხარბეს მიაწერა, რადგან სრულწლოვანი შვილის მშობელი ვალდებული არაა იხადოს ალიმენტი, დი-დის შემოსავლის მთავარ წყაროს კი, სწორედ როდის მატერიალური დახმარება წარმოადგენდა.

ნიკოლას გოდჯონი

დაკავების შემდეგ ნიკმა და ჯიფსიმ სწრაფად აღიარეს დანაშაული. მართალია, დანის ოთხი დარტყმით დი-დი სწორედ გოდჯონმა გამოასალმა სიცოცხლეს, როცა ჯიფსი აბაზანაში იყო და მხოლოდ დედის განწირული ყვირილი ესმოდა, მაგრამ უსაზღვროდ შეყვარებულ ნიკოლასს, რომელიც ადვოკატის განცხადებით აუტისტური სპექტრის აშლილობითა და  შეზღუდული ინტელექტით იტანჯებოდა, სწორედ ჯიფსიმ აიძულა დანაშაულის ჩადენა. მეტიც, ძიებისას გაირკვა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მთელი ორი წელი ურთიერთობდნენ სოციალურ ქსელში დი-დისგან ფარულად, დიდხანს განიხილავდნენ საკუთარ გეგმას, რადგან ჯიფსი გაცნობის დღესვე გამოტყდა დედის მოკვლის სურვილში.

თუმცა, ნიკი ერთადერთი არ იყო, ვისი წყალობით ჯიფსი ტირანი დედისგან განთავისუფლებას ცდილობდა. 2011 წელს სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმების ფესტივალზე გოგონამ 35 წლის მამაკაცი გაიცნო და სასტუმროს ნომერშიც სიამოვნებით გაჰყვა, თუმცა მცდელობამ არ გაამართლა და მხოლოდ მოულოდნელად თავსდამტყდარი დედის რისხვა გამოიწვია, რომელმაც ჯიფსის პირადი კომპიუტერი ჩამოართვა და მკაცრად აუკრძალა პაემნებსა და ახალ ნაცნობებზე ფიქრი.

დედის ტყვეობიდან გათავისუფლება

სასამართლო პროცესი, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა, ყველასთვის დამაკმაყოფილებელი შედეგით დასრულდა. ნიკ გოდჯონს, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, ჯიფსიმ კი, მინიმალური – 10-წლიანი სასჯელი მიიღო, თუმცა 2023 წელს, 32 წლის ასაკში, ვადაზე ადრე გათავისუფლდა ციხიდან. მანამდე კი, მრავალგზის უმასპინძლა ჟურნალისტებს, რომლებიც არა მხოლოდ ბრწყინვალე ინტელექტით, არამედ შესანიშნავი განწყობითაც გააოცა. ჯიფსის განცხდებით, ციხეში უფრო თავისუფლად და კომფორტულად გრძნობდა თავს, ვიდრე საკუთარ სახლში, „მზრუნველი“ დედის გვერდით, არასდროს უჩიოდა ჯანმრთელობას და პროფილაქტიკური მედიკამენტების მიღებაზეც უარს ამბობდა. მეტიც, პატიმრობაში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ ჯიფსი მთელი ექვსი კილოგრამით მოსუქდა, მაშინ როცა მსჯავრდებულები ჩვეულებრივ წონაში იკლებენ.

პასუხისმგებლობა ჩადენილზე ჯიფსიმ სრულად გაიაზრა, თუმცა საკუთარი საქციელი ძალადობისა და კოშმარული ცხოვრებისგან გათავისუფლების სურვილით გაამართლა, „ვიცი, რომ საზარელი რამ ჩავიდინე და დანაშაულის გრძნობით მომიწევს ცხოვრება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. დი-დი ყველას მზრუნველი დედა ეგონა და არავინ იცოდა სინამდვილეში რამდენ ტკივილს მაყენებდა. ვფიქრობ, ის მართლაც საუკეთესო მშობელი იქნებოდა სნეული ბავშვისთვის, მაგრამ არა ჩემთვის, რადგან მე ყოველთვის ჯანმრთელი ვიყავი“, – სინანულით აღნიშნა ჯიფსიმ, რომელმაც საპატიმროს დატოვების შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყება და იმ დანაკლისის ანაზღაურება გადაწყვიტა, რომელსაც მთელი 32 წელი განიცდიდა.

„უბრალოდ მინდა ვიყო კარგი დედა“

გათავისუფლებული ჯიფსი დიდხანს ცდილობდა ცნობისმოყვარე პუბლიკის ინტერესის დაკმაყოფილებას, 2024 წლის დასაწყისში კი, საკუთარი რეალითი შოუ წამოიწყო Lifetime-ის არხზე და ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ მალე დედა გახდებოდა. ბავშვის მამა ვინმე კენ უოკერი აღმოჩნდა, ვისთანაც ყოფილ მეუღლესთან სკოტ ანდერსონსთან დაშორების შემდეგ გააბა რომანი. აღსანიშნავია, რომ ანდერსონი ჯერ კიდევ საპატიმროში გაიცნო სპეციალური პროგრამის „მიმოწერით მეგობრობის“ წყალობით და ცოლადაც გაჰყვა, თუმცა ციხიდან გათავისუფლებულს ძალიან გაუჭირდა მასთან საერთო ენის გამონახვა და მალევე დაშორდა.

ხანმოკლე აღმოჩნდა რომანი უოკერთანაც, რისი მიზეზი თავად როუზის განცხადებით, საკუთარი თავით უკმაყოფილება და თვითრწმენის არ არსებობა გახდა. ბლანშარმა კოსმეტოლოგებს, პლასტიკურ ქირურგებს მიმართა დახმარებისთვის, აპრილის თვეში კი, მოწესრიგებულმა და გარეგნული ცვლილებებით კმაყოფილმა, საჯაროდ განაცხადა უოკერთან ურთიერთობის აღდგენის შესახებ და სიხარულით დაამატა, რომ 2025 წლის იანვარში პირველი შვილის შეძენას ელოდა, „ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, თუმცა, ძალიან მიხარია იმ ახალი გამოცდილების შეძენა, რასაც დედობა ჰქვია. რა თქმა უნდა, ბევრი ჩათვლის, რომ მზად არ ვარ ამგვარი პასუხისმგებლობისთვის, მაგრამ თვითონ ასე არ ვფიქრობ. უბრალოდ მინდა კარგი დედა ვიყო ჩემი შვილისთვის, ვიყო ისეთი, როგორიც ვერ გახდა დედაჩემი“, – აღნიშნა ჯიფსიმ საკუთარ შოუში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი