საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ ისტორია დაწერა. ქართველი ფეხბურთელები “ერთა ლიგის” ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდნენ და 4:2 დაამარცხეს. დაძაბული და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, სანუკვარი ოცნება ახდა და ისტორიაში პირველად, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
გუშინ, ნაკრების არცერთ ფეხბურთელს, შეიძლება ითქვას, თავი არ დაუზოგავს, თუმცა მთავარი გმირი მაინც გამოიკვეთა და ის ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო.
“ეროვნული გმირს” და “გამარჯვების მთავარ არქიტექტორს” – უწოდებს მამარდაშვილს ვალენსიური სპორტული გაზეთი “სუპერდეპორტე”, რომელიც დღეს გარეკანზე ქართველი გოლკიპერის ფოტოთი გამოვიდა.
„პენალტების სერიაში გიორგის ფიგურა გამოიკვეთა. 23 წლის მეკარემ ბერძნების მიერ შესრულებული პირველი პენალტი მარცხენა ხელით, კატისებური რეაქციის წყალობით მოიგერია. ბაკასეტას გაგზავნილი დაბალი ბურთი ქართველმა მეკარემ აიღო… შეიძლება ითქვას, რომ ეს იქცა საკვანძო მომენტად, რამაც ქართველებს გამარჯვება მოუტანა“, – წერს გამოცემა.
გიორგის თამაში გუშინდელ მატჩში მართლაც შთამბეჭდავი და გადამწყვეტი იყო. მან ბერძენი ფეხბურთელის მიერ დარტყმული პირველი 11-მეტრიანი მოიგერია და მატჩის ბოლოს აღნიშნა, რომ იცოდა, მეტოქე რა მიმართულებით დაარტყამდა.
“ვიცოდი პირველ პენალტს სადაც დაარტყამდა, იმიტომ რომ აქამდე ოთხი პენალტი ჰქონდა დარტყმული ზუსტად მაგ კუთხეში, როდესაც გუნდს ძალიან სჭირდებოდა. ემოციური თამაში იყო, გვინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა იმიტომ, რომ ისინი იმსახურებენ ამას. მათი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვართ და მიხარია მათთვის, რომ ისინი გავაბედნიერეთ, გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ოცნება ავიხდინეთ”, – თქვა მამარდაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები