კვირა არ გავა, რომ შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მორიგი მოქალაქე არ დაატყვევონ და ოკუპირებულ ცხინვალში არ წაიყვანონ, რუსი ოკუპანტების სასაზღვრო სამსახურის მესაზღვრეებმა…
გუშინაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
ძალაუნებურად ჩნდება კითხვა – საოკუპაციო ხაზის სიგრძე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 350 კმ-ზე მეტია (ოკუპირებულ აფხაზეთში 149 კმ) და ნუთუ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურს იმდენი მესაზღვრე ჰყავს ჩასაფრებული ყველა ბუჩქის ქვეშ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რომ იქ გამოჩენილ საქართველოს ყველა მოქალაქეს მაშინვე ქეჩოში წაავლებენ ხელს და ცხინვალისკენ წააჩანჩალებენ?
რა თქმა უნდა, არა! აგვისტოს ომიდან რამდენიმე წელში საოკუპაციო ხაზების გასწვრივ, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსეთმა „ეფ-ეს-ბეს“ სტრუქტურაში შემავალი მესაზღვრეები ჩააყენა, თითოეულ მიმართულებაზე, დაახლოებით, 1 200 კაცის შემადგენლობით.
რუსული „მურომის“ სადაზვერვო „თვალები“…
ცხინვალის რეგიონში 350 კმ-ის სიგრძის საოკუპაციო ხაზის სრული ვიზუალური გაკონტროლება 24 საათის განმავლობაში 1 200-მდე რუს მესაზღვრეს, უბრალოდ, არ შეეძლება, მით უმეტეს, რომ მათი ნაწილი ეხლა უკრაინის ომშია გაწვეული. მაშინ, როგორ ახერხებენ რუსი ოკუპანტები ასე ოპერატიულად რეაგირებას და ქართველების დაკავებას ან სულაც – მკვლელობას, როგორც ეს სოფელ კირბალთან თამაზ გინტურის შემთხვევაში მოხდა?
რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ მესაზღვრეებს საოკუპაციო ხაზების გასწვრივ, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ისე – ცხინვალის რეგიონში, დამონტაჟებული აქვთ სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები, მათ შორის – Муром-П…
Муром-П არის ვიდეოთბოვიზური დაკვირვების ავტონომიური მობილური კომპლექსი, რომელიც გამოიყენება დიდი ღია სივრცის მუდმივად გასაკონტროლებლად და, პერიმეტრის დარღვევის შემთხვევაში, განგაშის გამოსაცხადებლად.
სამ კაცს ორ საათში შეუძლია, სრულიად უკაცრიელ ადგილას, ანძაზე დაამონტაჟოს ვიდეო და თბური კამერები, ასევე – მცირეგაბარიტიანი რადიოლოკატორი და მათი ენერგოკვება უზრუნველყოს ავტომობილის აკუმულატორებითა და მზის ენერგიის პანელებით, ხოლო ოპერატორი, სულაც, 8 კმ-ის რადიუსში, უფრო კომფორტულ მდგომარეობაში დაბანაკდეს.
„მურომის“ აპარატურა ავტომატურ რეჟიმში აღმოაჩენს სათვალთვალო პერიმეტრზე მოძრაობის დაწყებას და განგაშის სიგნალს, ვიდეოკადრების თანხლებით, ოპერატორს გადასცემს.
„მურომის“ ვიდეოკამერას ავტომობილისა და ადამიანის აღმოჩენა დღისით 10 კმ-ის სიშორეზე შეუძლია, ხოლო თბოვიზორი ღამით ადამიანს 4 კმ-ზე, ავტომობილს კი – 8 კმ-მდე სიშორეზე აფიქსირებს.
წვიმისა და ძლიერი ნისლის დროს, როდესაც თვით თბოვიზორიც კი უძლური ხდება, მაშინ უკვე კომპაქტურ რადიოლოკატორს შეუძლია მოძრავი ობიექტების დაფიქსირება.
Муром-П ტიპის ვიდეოთბოვიზური დაკვირვების ავტონომიური მობილური კომპლექსი, სრული შემადგენლობით
ანძაზე აღმართული „მურომის“ ვიდეოკამერა, თბოვიზორი და რადიოლოკატორის ანტენა ისეთი მცირე გაბარიტებისაა, რომ მათი შემჩნევა, მით უმეტეს – ტყეში ან შენობის სახურავზე, კარგად შენიღბვის შემთხვევაში, შეუიარაღებელი თვალით ძალიან რთულია.
სამაგიეროდ, რუსი ოკუპანტების მესაზღვრეებს საოკუპაციო ხაზის ჩვენს მხარეს მიმდინარე ცხოვრებაზე თითქმის ამომწურავი ინფორმაცია გააჩნიათ, რადგან ამ საოკუპაციო ხაზის შიგნით, თითქმის ათიოდე კმ-ის სიღრმეში შეუძლიათ, „შემოიჭყიტონ“ და დღე და ღამე სრულად გააკონტროლონ, მაგალითად, თბილისი-გორის ავტომაგისტრალზე გამავალი სატრასპორტო ნაკადი.
შესაბამისად, ვინმე ადგილობრივი მიუახლოვდება თუ არა საოკუპაციო ხაზს, ჩვენი მხრიდან, „ მურომის“ სათვალთვალო კომპლექსი ავტომატურ რეჟიმში აფიქსირებას მოძრაობას და განგაშის სიგნალს გადასცემს ოპერატორს შტაბში, პარალელურ რეჟიმში, ასევე ავტომატურ რეჟიმში, განგაშის სიგნალი მისდით იმ მონაკვეთში მორიგე რუსი მესაზღვრეების ჯგუფს და ისინიც მაშინვე აწყობენ ჩასაფრებას, მორიგი საქართველოს მოქალაქის გასატაცებლად, თუნდაც მას არ ჰქონდეს გადალახული ეს წარმოსახვითი საოკუპაციო ხაზი – რუსი ოკუპანტები ავტომატებს უმიზნებენ ჩვენს მოქალაქეს და უბრძანებენ მათთან მიახლოებას, რა დროსაც მოქალაქე ძალაუნებურად „გადადის“ ამ წარმოსახვით ხაზზე და ოკუპანტებსაც ეს უნდათ…
უბრალოდ, ყველამ, ვინც ცხოვრობს და საქმიანობს ამ ჩვენი დიდი ტკივილის -საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ ხაზიდან რამდენიმე კმ-ის სიღრმეშიც რუსი მესაზღვრეები ვიდეოკამერებით, თბოვიზორებითა და რადიოლოკაციური სადგურებით მუდმივ კონტროლს ახორციელებენ და იქ მიახლოება გინდ ღამით და გინდაც წვიმის დროს, შეუმჩნეველი არ დარჩებათ, მაშინვე მორიგე სასაზღვრო ჯგუფს გამოაგზავნიან დასაკავებლად…
უკრაინულმა FPV-დრონმა აღმოაჩინა სახლის სახურავზე მალულად დაყენებული რუსი ოკუპანტების „მურომი“ და წამში მას გაანადგურებს…
P.S. რუსეთის საოკუპაციო ძალები Муром-П ტიპის ვიდეოთბოვიზური დაკვირვების ავტონომიურ მობილურ კომპლექსებს ასევე ფართოდ იყენებენ უკრაინის ფრონტზეც, რითაც შეუძლიათ, ნაადრევად აღმოაჩინონ შეტევაზე გადასული მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა. უკრაინის დამცველები კი FPV-დრონებით ნადირობენ მათზე -რუსული სადაზვერვო „მურომის“ აღმოჩენა და განადგურება უკრაინის არმიაში არანაკლებ წარმატებად ითვლება, ვიდრე მორიგი რუსული T-72-ის აფეთქება…
P.P.S. ჯერ კიდევ 2012 წლის აგვისტოს ბოლოს, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ,ქართულმა მხარემ გამოიყენა დასავლური წარმოების მობილური ვიდეოთბოვიზორული სადაზვერვო კომპლექსი… წყარო
მასალის გამოყენების პირობები