5 საინტერესო ფაქტი მეხსიერების შესახებ
ადამიანებს ყოველთვის სურდათ არა მხოლოდ მეხსიერების გაუმჯობესება, არამედ მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარებაც.
უძველესი დროიდან ამ მიზნით გამოიყენებოდა ნახატები, მოგვიანებით კი დამწერლობა. მეხსიერება არის საოცარი და მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ადამიანს გამოარჩევს სხვა სახეობებისგან. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სამეცნიერო საზოგადოება მიუახლოვდა მეხსიერების მანიპულირების უნარს საჭირო დეტალების ამოჭრით, ჩანაცვლებით ან დამატებით.
1) ცრუ მოგონებანი
2018 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, ადამიანთა 40%-ს ცრუ მოგონებები აქვს ცხოვრების პირველი წლის შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დარჩენილ 60%-ს ასეთი მეხსიერება საერთოდ არ აქვს.
ზოგი ამტკიცებს, რომ სამშობიარო განყოფილება და ექიმების სახეებიც კი ახსოვს, თუმცა, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან ახალშობილს ამის უნარი იმ დროს პრაქტიკულად არ აქვს, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ იწყებს მისგან ნახევარ მეტრამდე მანძილზე არსებული რამდენიმე ობიექტისა და ფერის გარჩევას.
პირველი რეალური მოგონებები ფორმირდება იმ მომენტში, როდესაც ადამიანი პირველად შეიცნობს თავის თავს. ეს ხდება 2-დან 3 წლამდე ასაკში და განპირობებულია მეტყველების განვითარებით, ასევე გადაადგილების მეტი თავისუფლებით. ადამიანი იწყებს გარე სამყაროსთან კონტაქტს, თანდათან გამოყოფს თავის თავს გარემოდან. არსებობს ის და მის გარშემო ბევრი რამ, ანუ ყველაფერი ის, რაც ის არ არის. ეს საოცარი შეგრძნებაა! მაგრამ ადამიანს ამის დამახსოვრება თავიდანვე, ერთბაშად არ შეუძლია.
სიცოცხლის პირველი წლის შესახებ ცრუ მოგონებების ჩამოყალიბების რამდენიმე მიზეზი არსებობს. შეიძლება მშობლების მონაყოლიდან და გადმოცემებიდან წარმოსახვითა და ფანტაზიით რაღაც გადმოიტანოს მოგონებებში ადამიანმა. შესაძლებელია, სხვა ცრუ მოგონებები შეიქმნას, ფორმირდეს ფოტოების ნახვის შემდეგ, ან თავისი თავისა და ცნობიერების წარმოშობის პოვნის მომენტში, ან ამის მცდელობისას, გამოიგონოს.
2) მეხსიერების მოცულობა
ადამიანის ტვინი ბუნების ყველაზე რთული და, შესაბამისად, სამყაროს საოცარი ქმნილებაა. მან მისცა ადამიანს საშუალება, გამოსულიყო ცხოველური მდგომარეობიდან, დაემარცხებინა ყველა კონკურენტი და ბუნებრივი მტერი, ყოფილიყო მრავალი გამოგონებისა და აღმოჩენის ავტორი, შეექმნა ცივილიზაცია. ტვინი პასუხისმგებელია მრავალ ფუნქციაზე; მის გარეშე შეუძლებელია ხელოვნება და მეცნიერება, ანალიტიკა და წარმოსახვა, რაც სამყაროსავით უსასრულოა. გარდა ამისა, ტვინს აქვს უნიკალური ფუნქცია – მეხსიერება, მასში ინახება ყველა დაგროვილი ინფორმაცია და მოგონება. ჩვენი მეხსიერების მოცულობის საკითხი დიდი ხანია აწუხებს სამეცნიერო საზოგადოებასა და ფილოსოფოსებს.
კვლევებისთვის გამოიყენება ვირთაგვების ტვინი, რადგან მას აქვს მსგავსი ფორმა და ნეირონებს შორის კავშირების ანალოგიური სტრუქტურა. ქსოვილის ნიმუშმა, რომელიც 287 უჯრედისგან შედგება და ადამიანის თმაზე 20-ჯერ უფრო თხელია, აჩვენა, როგორ ფუნქციობს ქსელი. თითოეულ ნეირონს შეუძლია გამოიყენოს კოდირების 26 ვარიანტი. ეს შეიძლება შევადაროთ ერთგვარ არქივს, რომლიდანაც კონკრეტული მეთოდის შერჩევა ხდება იმის მიხედვით, თუ რისი დამახსოვრებაა საჭირო. მიღებული მონაცემების ადამიანის ტვინის ზომაზე გადატანით (განზოგადებით), მეცნიერებმა მიიღეს საშუალო მაჩვენებელი – ერთი პეტაბაიტი. ამასთან, არანაკლებ გასაოცარია ენერგოეფექტურობა. ტვინის ფუნქციობისთვის მთელი მისი საცავით (მოცულობით), გამოთვლებითა და სხვა ფუნქციობებით, საჭიროა დაახლოებით 20 ვატი, იმდენივე, რაც ჩვეულებრივი ნათურისთვის, რომელიც უბრალოდ ანათებს.
3) ჰიპნოპედია რეალურია, მაგრამ არის ნიუანსები
საუკუნეების განმავლობაში ჰიპნოპედიას ფსევდომეცნიერების, ცრუ სწავლების სტატუსი ჰქონდა ან რაღაც მაგიად აღიქმებოდა. მისი არსი ისაა, რომ რაღაცის გაგება, სწავლა, შესაძლებელია პასიურადაც (პასიურ რეჟიმში). ჰიპნოპედია (ბერძნულიდან ჰყპნოს – ძილი + პედეია – ვარჯიში, განათლება) – სწავლა ბუნებრივი ძილის დროს.
ძილი, საზოგადოდ, ღვიძილივით აქტიური ფიზიოლოგიური პროცესია. ძილის დროს ტვინი მთლიანად არ „ითიშება“, ის რეაგირებს სტიმულებზე და უცნაურ სურათებსაც კი „აგდებს“, რომ გარკვეულწილად არ მოვიწყინოთ.
50-იანი წლების შუა ხანებში ჰიპნოპედიამ ზოგიერთი სადაზვერვო სააგენტოს ყურადღება მიიპყრო. გაჩნდა სურვილი, შეუმჩნეველი გავლენა მოეხდინათ სასურველ ადამიანებზე, თუმცა, ექსპერიმენტები ჩაიშალა.
აღმოჩნდა, რომ ჰიპნოპედია რეალურია, მაგრამ აქვს მთელი რიგი მნიშვნელოვანი შეზღუდვები. სიზმარში ადამიანი ვერ იმახსოვრებს გარკვეულ ფაქტებს, ცალკეულ სიტყვებს ან ბრძანებებს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ძილის დროს ადამიანი მოუსმენს უცხო ენას, ვერ დაისწავლის მას. თუმცა, ტვინს შეუძლია დაიმახსოვროს მარტივი პატერნები (ნიშნები), როგორიცაა, მაგალითად, კავშირი გარკვეულ ხმასა და სუნს შორის. ამ გზით ისრაელელი მეცნიერები ცდილობდნენ ნიკოტინდამოკიდებული სუბიექტების განკურნებას. იყო გარკვეული წარმატება, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ პირები უბრუნდებოდნენ მოწევას. კვლევის დროს გაირკვა ისიც, რომ ღრმა ძილის ფაზაში ტვინს უმარტივესი ნიმუშებისა და სქემების დამახსოვრებაც კი არ შეუძლია.
4) ანტიმეხსიერება
ადამიანს ყველა მოგონება თავში აქვს და სურვილისამებრ შეუძლია ამოიღოს ნებისმიერი მათგანი. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ყველაფერი უკონტროლოდ, ქაოსურად რომ იყოს ტვინში „ჩაყრილი“ და, რაც მთავრია, ასე კანონზომიერების გარეშე არეულად განიცდიდეს „ამოყრა-ამოტივტივებას!“
ფაქტია, რაღაც აკავებს მოგონებებს, არის რაღაც მექანიზმი, რომელიც ხელს უშლის მათ აურზაურს, რომელიც, ალბათ, გააგიჟებდა ადამიანს. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ უნდა არსებობდეს ანტიმატერიის ნევროლოგიური ეკვივალენტი (ანალოგი), რომელსაც ისინი მეხსიერების საწინააღმდეგო ცნებას – ანტიმეხსიერებას უწოდებენ.
ახალი მოგონების ჩაწერის დროს ნეირონებს შორის კავშირი მყარდება. ამ მექანიზმმა უნდა გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია, რომელშიც მოგონებები განუწყვეტლივ იწვევენ ერთმანეთს, რაც ადამიანს შიზოფრენიულ მდგომარეობამდე მიიყვანს. თუმცა, ეს ასე არ ხდება: ანტიმეხსიერება ინარჩუნებს თავის ტვინში ელექტრული აქტივობის ბალანსს, თითქოს აფერხებს (ეწინააღმდეგება) ზოგიერთ კავშირს ნეირონებს შორის. ამიტომ, ცალკეული მოგონებების ამოტივტივება, „ამოყრა“ (გახსენება) არც ისე ადვილია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მაინც ინახება ყოველგვარი ცვლილების გარეშე.
5) მეხსიერების გაზიარება-გაცვლა
ლოს-ანჯელესის ბიოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა, დევიდ გლანცმანმა, განაცხადა, რომ მან შეძლო მოგონებების გადაცემა. მართალია, საუბარია არა ადამიანებზე, არამედ ზღვის ლოკოკინებზე – აპლიზიებზე. ექსპერიმენტის არსი მოიცავდა გაძლიერებული თავდაცვითი რეფლექსის გამოწვევას რეგულარული ელექტროშოკით. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველ ოც წუთში ლოკოკინას კუდზე დენს ურტყამდნენ, რის შემდეგაც ის ნიჟარაში იმალებოდა. თავდაპირველად საცდელი ლოკოკინები მხოლოდ 1-2 წამით იკუმშებოდნენ, მაგრამ საკმარისი გამოცდილების მიღების შემდეგ, სახლში (ნიჟარაში) 40-50 წამის განმავლობაში იმალებოდნენ. ამის შემდეგ, უკვე „გამოცდილი“ ლოკოკინებიდან ამოიღეს რნმ-ი და შეუყვანეს ის ახალ საცდელ ინდივიდებს, რომლებსაც ჯერ არ ჰქონდათ ტრავმული გამოცდილება.
რეალური გამოცდილების არქონის მიუხედავად, ლოკოკინების ახალი ჯგუფი (პარტია) მაშინვე პასუხობდა დენით დარტყმებს გაძლიერებული თავდაცვითი რეფლექსით, თითქოს ახალი პარტიის წარმომადგენლებმა იცოდნენ ან ახსოვდათ, რა დაემართათ სხვა ლოკოკინებს ექსპერიმენტის დროს.
ცხადია, ადამიანებთან მსგავსი ექსპერიმენტების გამოყენება ასე მარტივი არაა და ანალოგიური არსის კვლევებამდე ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ მომავალში ეს აღმოჩენა შეიძლება ალცჰეიმერის დაავადების ან პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენონ. მეცნიერთა აზრით, ტრავმული მოგონებები შეიძლება არა მხოლოდ მოიხსნას, არამედ შეიცვალოს რაღაც უფრო სასიამოვნოთი ან ნეიტრალურით.
წყარო: მედიცინის ენციკლოპედია
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.


