ნაწლავები თითქმის ყველა ასპექტზე მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაში. მისი დაბალანსებული და მრავალფეროვანი მიკრობიომი ძლიერი იმუნიტეტის საფუძველია და ორგანიზმს ასაკთან დაკავშირებული დაავადებებისა და დაბერების ნიშნებისგან იცავს. გასტროენტეროლოგი, მედიცინის დოქტორი და წიგნის „ნაწლავების განახლება“ ავტორი როშინი რაჯი აღნიშნავს, რომ ამ ორგანოზე ზრუნვა არც ისე რთულია. ის თავად ყოველდღიურად ამ ოთხ მეთოდს იყენებს:
სანელებლები დილის ყავაში
ყავაში დარიჩინის ან ჯანჯაფილის დამატება ყველაზე მარტივი გზაა კვების რაციონში ფიტონუტრიენტების რაოდენობის გასაზრდელად, განმარტავს დოქტორი რაჯი. „ეს ნაერთები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც უჯრედებს აზიანებენ და დაბერებას აჩქარებენ, გარდა ამისა, ისინი ნაწლავებში „კარგი“ ბაქტერიების რაოდენობას ზრდიან“ — ამბობს ექიმი.
ფეხების დამხმარე საყრდენი ტუალეტში
დოქტორი რაჯის პაციენტების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა შეკრულობაა. ის განმარტავს, რომ თუ ადამიანი ტუალეტში კვირაში სამჯერ ან უფრო იშვიათად მიდის, ეს შეიძლება იყოს სიგნალი, რომ ნაწლავების მუშაობა შეფერხებულია.
თუ თქვენ საკმარისი რაოდენობით სვამთ წყალს, იღებთ ბოჭკოვან პროდუქტებს და ფიზიკურად აქტიური ხართ, მაგრამ მაინც გაწუხებთ შეკრულობა, ექიმი გირჩევთ, გამოიყენოთ ფეხების დამხმარე საყრდენი ტუალეტში. მაღლა აწეული მუხლები ამცირებს დაძაბულობას და ხელს უწყობს ნაწლავების სწრაფ და მარტივ დაცლას.
მეტი ჯანსაღი ცხიმი
დოქტორ რაჯის თქმით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ნაწლავებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საკვებია. ისინი ხელს უწყობენ „კარგი“ ბაქტერიების გამრავლებას და ნაწლავების მიკრობიომის გაჯანსაღებას.
ამიტომ ექიმი რეკომენდაციას უწევს ავოკადოს, ისპანახის, კაკლისა და ცხიმიანი თევზის რეგულარულად მიღებას.
დოქტორი რაჯი თავის პაციენტებს ურჩევს, გადამუშავებული ხორცპროდუქტები — სოსისი, ძეხვი და შებოლილი ხორცი რაც შეიძლება ნაკლებად მიირთვან. „ისინი შეიცავენ ნიტრიტებს, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში არ არის, ნაწლავების „კარგი“ ბაქტერიებისთვის ტოქსიკურია“ — აღნიშნავს ექიმი.
რა თქმა უნდა, ერთჯერადი მიღება დიდ ზიანს არ მოგაყენებთ, მაგრამ ასეთ პროდუქტებს არ უნდა დაუთმოთ მთავარი ადგილი თქვენს რაციონში.