საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ როსტომ მაზმიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
სხდომა საქალაქოს სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროკურატურის ინფორმაციით, როსტომ მაზმიშვილი 20 მაისს, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. “შლაგბაუმი”, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა. შემდეგ კი ის ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა.
როსტომ მაზმიშვილს ბრალდება სხვის ნივთის დაზიანებისა და ხულიგნობის მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ორივე მუხლი არის რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით წარდგენილი. ამასთან დაკავშირებითაც, ვნახეთ ვიდეო კამერები რომელიც გავრცელდა და ის ქმედება, რაც განზრახ საქართველოს საპატრიარქოს მიმართ ჰქონდა განხორციელებული. წარსულში არის ნასამართლევი, კერძოდ 2025 წელს, სადაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჰქონდა დანიშნული ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა. შესაბამისად, გაცემული იქნა შესაბამისი დასკვნა, რომელიც მდგომარეობდა შემდგომში, რომ ის იყო შეზღუდული შეურაცხადი. მეორე მხრივ, ჩვენს სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული ქმედებიდან გამომდინარე და მას შემდეგ, რაც აღნიშნული ქმედებიდან გამომდინარე ის შესახლებული იქნა წინასწარი დაკავების იზოლატორში, იქიდან რამდენიმე ხანში გადაყვანილი იქნა სპეციალურ დაწესებულებაში. გამომდინარე აქედან, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზეც დანიშნულიყო ფსიქიატრიული ექსპერტიზა,” – აცხადებს პროკურორი, ირაკლი ყვავაძე.
იმის ახსნა მინდა, რატომ ჩავიდინე ეს ქმედება და ამ კითხვას ველოდები,- ამის შესახებ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულმა როსტომ მაზმიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მას მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ განუმარტა, რომ დღეს მისი ბრალეულობის საკითხი არ განიხილებოდა.
„ვსვამ კითხვას, რატომ ჩავიდინე და პასუხს მე ვცემ.
დავიწყოთ იქიდან, 3 წლის განმავლობაში ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას, ხან ნომერი დავტოვე, ხან რა დავტოვე, სამებაში ვიყავი წყნარად, დაცვას ვთხოვე მოსაყდრე შიოსთვის გადაეცათ, რომ შეხვედრა მსურდა, საპატრიარქოში მივედი, გამომიშვეს”,- განაცხადა ბრალდებულმა, რა დროსაც მას მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ გამოძიების ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებდა ის, შესაბამისად, მისი უფლება რომ არ დარღვეულიყო, პოზიცია ადვოკატთან შეეთანხმებინა.
პროკურატურის ინფორმაციით, როსტომ მაზმიშვილი 2026 წლის 20 მაისს, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა.
შემდგომ კი ის ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა,
როსტომ მაზმიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“კურიერმა” მოიპოვა კადრებიც, რომელიც საპატრიარქოსთან მომხდარ ინციდენტს ასახავს. კადრებში ჩანს, როგორ გადავიდა მსუბუქი მანქანის მძღოლი გზის საპირისპირო მიმართულებით, დააზიანა შლაგბაუმი, შეანგრია ჭიშკარი და აღმოჩნდა საპატრიარქოს ეზოს ტერიტორიაზე. მძღოლი სამართალდამცველებმა გუშინვე დააკავეს. თვითმხილველების განცხადებით, ის ეკლესიის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


