29 სექტემბერი — გულის მსოფლიო დღე
გულის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 29 სექტემბერს აღინიშნება. დღესასწაულის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკების შესახებ. იგი პირველად 1999 წელს აღინიშნა და დაავადებათა პრევენციის თემა მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებაში დღესაც უაღრესად აქტუალურია.
სახელმწიფო დაფინანსება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ
სახელმწიფო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ არაერთ სამედიცინო მომსახურებას აფინანსებს. 2022 წლიდან კარდიოქირურგიისა და ინტერვენციული კარდიოლოგიის სფეროში სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმები განხორციელდა.
კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებზე ხელმისაწვდომობა
2022 წლიდან კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უფასო მიღებაზე დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა გაუქმდა. რეფორმამდე ეს ძვირადღირებული იმპლანტირებადი მოწყობილობა უფასოდ მხოლოდ განსაზღვრული კატეგორიების პაციენტებს გადაეცეოდა — პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, სტუდენტებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. დღეისათვის აპარატი საყოველთაო ჯანდაცვის ყველა ბენეფიციარისთვის უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი.
საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეებს სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა მოეთხოვებათ, რომლის ოდენობა საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის შესაბამისად 0-დან 30%-მდე განისაზღვრება.
გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა
2022 წლიდან გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა, ოპერაციების დაფინანსების გამარტივების მიზნით, რეფერალური პროგრამიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადავიდა, რის შედეგადაც ბენეფიციართა დაფინანსების პროცესი გახდა უფრო მარტივი და სწრაფი.
მკურნალობა 100%-ით ფინანსდება შემდეგი კატეგორიებისთვის:
18 წლამდე პირები, სოციალურად დაუცველები, დევნილები, საპენსიო ასაკის ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები და მიზნობრივი ჯგუფები. სხვა მოქალაქეებისთვის დაფინანსება პაკეტის შესაბამისად 70–90% შეადგენს.
გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა ორ მიმართულებას მოიცავს — კათეტერიზაციას და ქირურგიას. დაფინანსება ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, მათ შორის კერძო სადაზღვევო პროგრამაში ჩართულ პირებზე. რეფორმის შემდეგ უკვე ჩატარებულია 125 ოპერაცია, რომლებიც სახელმწიფომ ერთ მილიონ ლარზე მეტი ოდენობით დააფინანსა.
აბლაციის დაფინანსება და მედიკამენტების უზრუნველყოფა
2022 წლიდან აბლაციის სახელმწიფო დაფინანსებაზე არსებული შეზღუდვებიც გაუქმდა. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა პაციენტთა რიცხვი, ვისაც სახელმწიფოს ხარჯზე შეუძლია ამ პროცედურის ჩატარება, რაც მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას ზრდის და პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას უწყობს ხელს. სახელმწიფო ასევე აფინანსებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო ქრონიკულ მედიკამენტებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: youtube.com/@drpkhakadze
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). 29 სექტემბერი გულის მსფოლიო დღეა ამ დღის მიზანია…. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/29-seqtemberi-gulis-mspholio-dghea-am-dghis-mizania/

