2027 წლიდან ბიზნესისთვის ახალი ტიპის სალარო აპარატები ამოქმედდება
პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოში სავაჭრო და მომსახურების სექტორს გადახდების მიღება ახალი სისტემით მოუწევს. დაგეგმილია უნივერსალური სალარო აპარატების დანერგვა, რომლებიც ერთ მოწყობილობაში გააერთიანებს როგორც სალარო აპარატის, ისე საბანკო ტერმინალის ფუნქციებს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ცვლილებების მიზანია ბიზნესისთვის საოპერაციო ხარჯების შემცირება და გადახდების სისტემის გამარტივება.
ინიციატივის მიხედვით, 2027 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციას მხოლოდ ახალი თაობის უნივერსალური საკონტროლო-სალარო აპარატები გაივლის. არსებული მოწყობილობების გამოყენება კი ბიზნესს გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, 2028 წლის 1 მაისამდე შეეძლება.
ახალი მოდელი ითვალისწინებს ერთიანი სისტემის შექმნას, რომლის ფარგლებშიც შერჩეული კომპანია უზრუნველყოფს როგორც უნივერსალური სალარო აპარატების, ასევე ელექტრონული კომერციის ტერმინალების მიწოდებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას. შედეგად, დღეს მოქმედი ცალკეული სალარო აპარატები და პოსტერმინალები ერთი მრავალფუნქციური მოწყობილობით ჩანაცვლდება.
კანონპროექტის თანახმად, მომსახურების გამწევ კომპანიას სპეციალური კომისია შეარჩევს. კომისიაში წარმოდგენილი იქნებიან როგორც შემოსავლების სამსახურის, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.
მთავრობას 2027 წლის 1 იანვრამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის დარეგულირება მოუწევს. მათ შორისაა მომსახურების მიმწოდებლის შერჩევის წესის განსაზღვრა, მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენა და გადახდის პირობების განსაზღვრა.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებების მთავარი მიზანია სალარო აპარატებისა და გადახდის სისტემების ადმინისტრირების გამარტივება. მოქმედი მოდელისგან განსხვავებით, სადაც ბიზნესს ხშირად ორი სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება უწევს, ახალი სისტემა ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მონაცემებს ერთიანად აღრიცხავს და შესაბამის ინფორმაციას ავტომატურად გადასცემს საგადასახადო ორგანოს.
რეფორმა გავლენას მოახდენს იმ კომპანიებზეც, რომლებიც ამჟამად სალარო აპარატებისა და მათი ტექნიკური მომსახურების ბაზარზე ოპერირებენ, რადგან არსებული მოწყობილობების ეტაპობრივი ჩანაცვლება კონკურენტულ გარემოს მნიშვნელოვნად შეცვლის.
კანონპროექტი ასევე ეხება საბარათე ოპერაციებზე დაწესებულ ურთიერთგაცვლის საკომისიოს. ცვლილებების მიხედვით, მისი მაქსიმალური ოდენობა თითოეული ტრანზაქციის ღირებულების 0.3%-ით განისაზღვრება. დოკუმენტი კრძალავს ამ შეზღუდვის გვერდის ავლის მიზნით საკომისიოების ხელოვნურ გადანაწილებას, გადაკლასიფიცირებას ან დამატებითი გადასახადების დაწესებას.
ინიციატორების შეფასებით, ცვლილებები ხელს შეუწყობს საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტიანობის ზრდას, უნაღდო ანგარიშსწორების სრულ აღრიცხვას და ბიზნესისთვის მომსახურების ხარჯების შემცირებას.


