ასაკობრივი სხვაობა წყვილებს შორის ყოველთვის განსჯის საგანი იყო: არავის მოსწონს, როცა ახალგაზრდა ქალის რჩეული მამისტოლა კაცია, მაგრამ პატრიარქალურ საზოგადოებაში განსაკუთრებული გაკიცხვის საგანია ქალი, რომელსაც თავისზე უმცროსი კაცი შეუყვარდება. ასეთი წყვილების ერთი ნაწილი საზოგადოებრივ წნეხს ვერ უძლებს და მალე იშლება, თუმცა მათ შორის არიან ბედნიერი გამონაკლისებიც, რომლებსაც ჰარმონიული და ხანგრძლივი ურთიერთობის ისტორია აქვთ. ალბათ, მკითხველსაც დააინტერესებს, რას ფიქრობენ ამ საკითხზე „კვირის პალიტრის“ რესპონდენტები:
გია ჯაჯანიძე, ტელეწამყვანი: – ჩემი მეუღლე 6 წლით უფროსი იყო, მაგრამ ძალიან ჰარმონიული და კარგი ურთიერთობა გვქონდა. მოგვიანებით 20 წლით უფროსი ქალი მიყვარდა, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა! ჩვენ საერთო ინტერესები და ინტელექტუალური სფერო გვაერთიანებდა, ასეთი ურთიერთობა კი ყოველთვის მტკიცეა. ბევრს ებადება კითხვა, რატომ მოსწონთ ახალგაზრდებს უფროსი ქალები? – ვფიქრობ, ეს სერიოზულ, თავის ასაკთან შედარებით განვითარებულ ადამიანს ემართება, რომელსაც მეორე ადამიანში ყველაზე მეტად გამოცდილება იზიდავს. მეც ასე ვიყავი – ჩემთვის გამოცდილებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს, რომლებიც ქალში ჭკუას, განათლებასა და ინტელექტს აფასებენ და მხოლოდ ამის შემდეგ აკვირდებიან მის გარეგნობას. სამწუხაროდ, საზოგადოება ასეთ ადამიანებს ხშირად კიცხავს და მიაჩნია, რომ ბედი შეუფერებელ ადამიანს დაუკავშირეს. სიტყვა “შეუფერებელი” ამ დროს სრულიად უადგილოა. ასაკითა და გარეგნობით “შეფერებული” წყვილები არ გინახავთ, ერთმანეთს საშინელ დღეში რომ აგდებენ? როცა სიყვარული მოდის, არც ასაკს გეკითხება და არც სხვა რამეს. მთავარია, ურთიერთობაში ანგარება არ იყოს გარეული – როცა ქალი უფროსია და ახალგაზრდა კაცი მასთან მხოლოდ ანგარების გამო ცხოვრობს, ეს სულ სხვა რამეა.
მასალის გამოყენების პირობები