გაერთიანებულმა სამეფომ მკაცრი აკრძალვა დააწესა: ევროკავშირის ქვეყნებიდან ბრიტანეთში ჩასულ მგზავრებს არ შეეძლებათ პირადი მოხმარებისთვის ხორცისა და რძის პროდუქტების შეტანა. მიზეზი – ვირუსული დაავადება თურქული (ფეხისა და პირის დაავადება), რომლის გავრცელების საფრთხე ევროპაში მატულობს.
რას უკავშირდება აკრძალვა?
მედია გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, შეზღუდვების მიზანია თურქულის გავრცელების შეჩერება. ეს დაავადება ადამიანებისთვის საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა ძალიან საშიშია ცხოველებისთვის და ბრიტანეთის სოფლის მეურნეობას სერიოზულ ზიანს უქმნის.
ვის ეხება აკრძალვა?
ახალი წესებით, აკრძალულია ბრიტანეთში შემოტანა შემდეგი პროდუქტებისა:
- საქონლის ხორცი
- ცხვრის, თხისა და ღორის ხორცი
- ყველი, რძე და რძის სხვა პროდუქტები
აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასულ მგზავრებზე, გარდა შემდეგი რეგიონებისა:
- ჩრდილოეთ ირლანდია
- ჯერსი
- გერნსი
- მენის კუნძული
თუ საზღვარზე მსგავსი პროდუქტები აღმოაჩნდება, ისინი კონფისკაციას დაექვემდებარება და განადგურდება.
რატომ მიიღეს ასეთი მკაცრი ზომები?
ბრიტანეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დეივიდ ცაიხნერმა განაცხადა:
„მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა “თურქულისგან” ბრიტანელი ფერმერების დასაცავად. სწორედ ამიტომ ვაწესებთ ამ აკრძალვას, რათა ავიცილოთ დაავადების გავრცელება.“
უკვე აკრძალული იყო გარკვეული ქვეყნები
ახალ წესებამდე დიდმა ბრიტანეთმა უკვე აკრძალა ხორცპროდუქტების შემოტანა გერმანიიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან და ავსტრიიდან, რადგან ამ ქვეყნებში თურქულის დადასტურებული შემთხვევები ფიქსირდებოდა.
ფერმერთა კავშირიც შეშფოთებულია
ბრიტანეთის ფერმერთა კავშირის პრეზიდენტმა ტომ ბრედშოუმ განაცხადა, რომ საჭიროა მკაცრი საზღვრის კონტროლი და მგზავრების ინფორმირებულობა ახალი წესების შესახებ.
„მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზღვრის კონტროლის სისტემები მზად იყოს ახალი გამოწვევებისთვის.“
მასალის გამოყენების პირობები