„მომხმარებლების წინაშე პასუხისმგებლობას დიდი ხანია იზიარებენ დიდი მწარმოებლები და სახელმწიფო ერთად. ძალიან დიდი შრომის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოში არსებული რძის პროდუქტები ევროპული სტანდარტებით იწარმოება; ეს შეეხება როგორც ნედლეულის ბაზას, ასევე საბოლოო პროდუქტს; ქართული რძის პროდუქტები, ინდუსტრიული წარმოება მაქვს მხედველობაში. სახელმწიფოს დახმარებით და მწარმოებლების დიდი შრომის შედეგად, პროდუქცია მართლაც ევროპული სტანდარტებით იწარმოება. სწორედ ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ პასუხისმგებლობით ეკიდება როგორც ინდუსტრია, ისე სახელმწიფო, რომ საბოლოოდ მომხმარებელმა მიიღოს მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტის პროდუქცია. დღეს ეს პროცესი გრძელდება, სახელმწიფო აგრძელებს, როგორც კონტროლს, ასევე აგრძელებს კომუნიკაციას უშუალოდ პირველად მწარმოებლებთან, გადამმუშავებლებთან, რის შედეგადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მშვიდად გააგრძელონ ქართული პროდუქციის მოხმარება“, – განაცხადა რძის პროდუქტების ასოციაციის პრეზიდენტმა ერეკლე გამყრელიძემ დღეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას, რომელშიც სექტორის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, ხაზი გაესვა ბიზნესოპერატორისა და სააგენტოს ვალდებულებებს, თანამშრომლობასა და საერთო ძალისხმევას, რაც უზრუნველყოფს სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის პროდუქტების უვნებლობასა და საიმედოობას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე 2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა;
დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა. გასულ, 2024 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 17 ათასი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა 3,2% შეადგინა, მათ შორის, „სანტე ჯი ემ თი პროდუქტებში“ 2024 წელს განხორციელდა 20 სახელმწიფო კონტროლი, დარღვევა არ გამოვლინდა.