ცნობილი ხდება როგორ, რით და რა ვითარებაში მოკლეს “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერი

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
"ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი

პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა ჰამასმა განაცხადა, რომ თავისი პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ამაოდ არ ჩაივლის. ამის შესახებ CNN-ი იუწყება ჰამასის პოლიტბიუროს წევრ მუსა აბუ მარზუკის განცხადებაზე დაყრდნობით. მან ჰანიეს მკვლელობას ლაჩრული აქტი უწოდა.

BBC-ს ცნობით, ჰამასის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჰანიეზე თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება და რეგიონში კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას ნიშნავს.

პალესტინური სააგენტო WAFA-ს ცნობით, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა დაგმო პალესტინის ავტონომიის მეთაურმა მაჰმუდ აბასმა. სხვადასხვა პალესტინურმა ორგანიზაციამ ჰანიეს მკვლელობის გამო პალესტინელებს მოუწოდა მასობრივი დემონსტრაციებისა და გაფიცვისკენ.

დღეს, 31 ივლისს, ჰამასმა და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადეს, რომ თეირანში მოკლულია ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე და თავდასხმაში ისრაელი დაადანაშაულეს. ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

- Advertisement -
Ad imageAd image

ჰამასის პოლიტიკური ლიდერი 30 ივლისს თეირანში ესწრებოდა ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას.

ჰამასის ცნობით, ისმაილ ჰანიე დაიღუპა თეირანის შტაბ-ბინაზე დარტყმის შედეგად. რა სახის დარტყმა იყო, ჰამასს არ დაუკონკრეტებია. ზოგიერთი არაბული მედიასაშუალების ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით ჯერ დადასტურებული არ არის, შენობაზე, სადაც ჰანიე იმყოფებოდა, სარაკეტო შეტევა იყო.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მოკლულია ჰანიეს ერთ-ერთი მცველიც, დაწყებულია გამოძიება.

ისრაელმა ჰამასის და მისი ლიდერების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250 მძევლად აიყვანეს.

ისმაილ ჰანიემ ღაზის სექტორი ჯერ კიდევ 2019 წელს დატოვა და კატარში ცხოვრობდა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ცნობილი ხდება როგორ, რით და რა ვითარებაში მოკლეს “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერი. 31 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ცნობილი-ხდება-როგორ-რით-დ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi