ჩინეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ლიუჯოუში დაიწყო ექსპერიმენტი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ფანტასტიკის ჟანრის ფილმის სცენარი გვეგონებოდა – Dongfeng Liuzhou Motor-ის ქარხნის ბაზაზე UBTech Walker S1 მოდელის ადამიანის მსგავსი 120-მდე რობოტი „სტაჟირებას“ გადის. ისინი სპეციალურად გამოყოფილ, 200 კვადრატული მეტრის ფართობის სატრენინგო ზონაში, ინსტრუქტორების მითითებით, ააქტიურებენ ვიზუალური ნავიგაციის სისტემებს და სწავლობენ საწარმოო სივრცეში ორიენტირებას დეტალების დახარისხებას, კონტეინერების გადატანას. ეს ის რუტინული სასაწყობო და ლოგისტიკური ოპერაციებია, რომლებსაც ქარხნებში ადამიანები ასრულებენ – ხშირად მძიმე პირობებში და მიყოლებით რამდენიმე საათის განმავლობაში.
Walker S1 წარმოადგენს 172 სმ სიმაღლისა და 76 კგ წონის ჰუმანოიდ რობოტს. ის გადაადგილდება 0.83 მ/წმ სიჩქარით, შეუძლია კიბეებზე ასვლა და ერთი ხელით 15 კგ-მდე ტვირთის აწევა. მაგრამ რობოტს არ გააჩნია „კუნთოვანი მეხსიერება“ ან ინტუიცია ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც გამოცდილებასა და ინსტინქტებს ეყრდნობა, რობოტი სრულად არის დამოკიდებული ალგორითმებზე. ეფექტური სწავლებისთვის აუცილებელია მოწყობილობის სახსრების მოძრაობის დინამიკისა და გარემოს ვიზუალური ინტერპრეტაციის ზუსტი ანალიზი, რაც ინსტრუქტორებს მართვის მეთოდების დახვეწის საშუალებას აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ Walker S1 განვითარების ადრეულ ეტაპზეა, მისი ეტაპობრივი ინტეგრაცია მიზნად ისახავს ტრადიციული წარმოების ტრანსფორმაციას.
Dongfeng Liuzhou Motor-ის გენერალური დირექტორი ლინ ჩანბო რობოტებს „შეგირდებს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ კომპანია მათგან ეფექტურობის ზრდას, ხარჯების შემცირებასა და ფიზიკურად მძიმე ან საშიშო სამუშაოების შესრულებას მოელის.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, სამრეწველო ჰუმანოიდი რობოტის ფასი 40-დან 50 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს, მაშინ როცა ჩინეთში კვალიფიციური მუშის საშუალო წლიური ანაზღაურება ავტოინდუსტრიაში, დაახლოებით, 180 000 იუანია (26 ათასი აშშ დოლარი).


