ოსტეოპოროზი — ძვლების პროგრესული დასუსტების დაავადება — 50 წელს გადაცილებული ქალების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ყოველ მესამე ქალს ამ ასაკის შემდეგ ოსტეოპოროზთან დაკავშირებული გართულებები ემუქრება. სწორედ ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის ახალი კვლევა, რომელიც გამოჩნდა სამეცნიერო ჟურნალ Nutrients-ში და ამ დაავადებასთან მებრძოლ ქალებს ახალ პერსპექტივას სთავაზობს.
მეცნიერებმა ათი წლის განმავლობაში 65 წელს გადაცილებული თითქმის 10 000 ქალი დააკვირდნენ. კვლევის მიზანი იყო გარკვეულიყო, ახდენს თუ არა გავლენას ჩაისა და ყავის ყოველდღიური მოხმარება ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე — მაჩვენებელზე, რომელიც ოსტეოპოროზის შეფასებისთვის გამოიყენება. მონაწილეები რეგულარულად აფიქსირებდნენ, რამდენ ფინჯანს სვამდნენ, ხოლო სპეციალიატები მაღალტექნოლოგიური ვიზუალიზაციის მეთოდებით ადევნებდნენ თვალს ძვლის სიმკვრივის ცვლილებებს.
შედეგები ორ სხვადასხვა სურათს ქმნის. ჩაის მომხმარებელ ქალებს მენჯ-ბარძაყის არეში ძვლის შედარებით მაღალი სიმკვრივე დაუფიქსირდათ იმ ქალებთან შედარებით, ვინც ჩაის საერთოდ არ სვამდა. მეცნიერები ამ ეფექტს ხსნიან ჩაიში შემავალი კატექინებით — ნაერთებით, რომლებიც ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებას უწყობს ხელს და მის დაშლას ანელებს. საინტერესოა, რომ ეს სარგებელი განსაკუთრებით შესამჩნევი აღმოჩნდა ჭარბი წონის მქონე ქალებში.
ყავის შემთხვევაში სიტუაცია უფრო დიფერენცირებულია. 2-3 ფინჯანი დღეში — ანუ ის რაოდენობა, რასაც ბევრი ჩვეულებრივ სვამს — ძვლებზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას არ ახდენს. თუმცა, ვინც დღეში 5 ფინჯანზე მეტს მოიხმარს, ძვლის სიმკვრივის შემცირების რისკის წინაშე დგება. ამის მიზეზი ყავაში შემავალი კოფეინია, რომელიც კალციუმის ათვისებას და ძვლის მეტაბოლიზმს აფერხებს. რძის დამატება ნაწილობრივ ანეიტრალებს ამ ეფექტს, მაგრამ რისკი სრულად არ ქრება. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ყავის უარყოფითი ზემოქმედება კიდევ უფრო მწვავდება იმ ქალებში, რომლებიც ალკოჰოლსაც მოიხმარენ.
კვლევის ავტორები ფრთხილ დასკვნებს აკეთებენ. მათი განცხადებით, მიღებული მონაცემები არ ნიშნავს იმას, რომ ყველამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს ჩვეულებები — ყავაზე გამოემშვიდობოს ან ჩაი ულიმიტოდ დაიწყოს. ძვლების ჯანმრთელობის ქვაკუთხედი კვლავ კალციუმი და D ვიტამინია, ფიზიკური აქტიობა და დაბალანსებული კვება. მაგრამ ერთი ფინჯანი ჩაი დღეში, მეცნიერთა თქმით, შეიძლება გახდეს ის პატარა, მარტივი ჩვევა, რომელიც ხანდაზმულობაში ძვლების სიჯანსაღეს ემსახურება.
Sheni Ambebi News
წყარო: on.ge

