შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიშესაძლოა, წითელას ვირუსი ორგანიზმის იმუნურ მეხსიერებას ზიანს აყენებდეს - კვლევა

შესაძლოა, წითელას ვირუსი ორგანიზმის იმუნურ მეხსიერებას ზიანს აყენებდეს – კვლევა

უსინათლობა, პნევმონია, დიარეა და ზოგჯერ სიკვდილი – ესაა ის სავალალო შედეგები, რომლებიც, შესაძლოა, წითელას ვირუსმა გამოიწვიოს. საბედნიეროდ, მისგან დასაცავად უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა გვაქვს. მან მხოლოდ 2000-დან 2023 წლამდე პერიოდში ამ ინფექციით სიკვდილიანობა 60 მილიონით შეამცირა.

ბოლო დროს წითელას შემთხვევები მთელ მსოფლიოში მკვეთრად იზრდება, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი და ყველაზე მთავარი ვაქცინაციის მიმართ უნდობლობაა, რაც ბევრ ბავშვს დაუცველს ხდის.

ახალი კვლევები აჩვენებს, რომ წითელას ვაქცინას შეიძლება დამატებითი სარგებელიც ჰქონდეს. აღმოჩნდა, რომ აცრილ ბავშვებში სხვა ინფექციების განვითარების რისკიც დაბალია. ასეთი დაცვის ერთი შესაძლო ახსნა “წითელას ამნეზიაა”. ეს გულისხმობს ვირუსის უნარს, რომ ორგანიზმის იმუნური მეხსიერება დააზიანოს.

ჩვენი იმუნური სისტემა უჯრედებისგან შედგება, რომლებიც ინფექციებისგან გვიცავს. ზოგი ანტისხეულებს წარმოქმნის, რომლებიც ვირუსებს ანეიტრალებს; სხვები ინფიცირებულ უჯრედებს პოულობენ და ანადგურებენ. იმუნური მეხსიერება ორგანიზმს საშუალებას აძლევს, გადატანილი ინფექციები “დაიმახსოვროს” და მომავალში მათზე სწრაფი რეაქცია ჰქონდეს.

წითელას ინფექცია იმუნური მეხსიერების უჯრედების რაოდენობასა და მრავალფეროვნებას ამცირებს. ამის შედეგად ბავშვები ისევ დაუცველები ხდებიან იმ დაავადებების მიმართ, რომლებზეც იმუნიტეტი უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვირუსი მხოლოდ დროებით ავადობას არ იწვევს, არამედ, შესაძლებელია, წლების განმავლობაში შეძენილი იმუნური დაცვაც “წაშალოს”.

ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ წითელათი დაავადებულ აუცრელ ბავშვებში სხვა ინფექციების მიმართ გამომუშავებული ანტისხეულების 11-დან 73%-მდე დაიკარგა. ვაქცინირებულ ბავშვებში მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა, რაც მიუთითებს, რომ აცრა ამ მავნე ეფექტს გვაცილებს თავიდან.

შესაძლოა, ეს ხსნიდეს, თუ რატომ მოჰყვება წითელას პერიოდულ გავრცელებებს სხვა ინფექციური დაავადებების შემთხვევების ზრდაც. ამჟამად კვლევები დასავლეთ აფრიკაში მიმდინარეობს. მეცნიერებს სურთ, გაარკვიონ, როგორ მოქმედებს წითელას ამნეზია ისეთ რეგიონებში, სადაც წითელა და სხვა ინფექციები კვლავ ფართოდაა მოდებული.

ვაქცინის ფართო სარგებლის შესახებ სხვა თეორია “არა-სპეციფიკური ეფექტის” სახელითაა ცნობილი. წითელას ამნეზიისგან განსხვავებით, მასში ნავარაუდებია, რომ წითელას ვაქცინა სხვადასხვა პათოგენის წინააღმდეგ იმუნურ სისტემას აძლიერებს. ბოლო კვლევებიც აჩვენებს, რომ ის იმუნური უჯრედების ფუნქციას აუმჯობესებს. შესაბამისად, ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ვაქცინირებული ბავშვების უკეთესი ჯანმრთელობის მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ეს გავლენა იყოს.

  როგორ დაგეხმარებათ სუნამო ალცჰაიმერის დაავადების ამოცნობაში - ახალი კვლევა

1960-იან წლებში, სანამ ვაქცინაცია ფართოდ დაინერგებოდა, წითელას შედეგად მსოფლიოში წელიწადში დაახლოებით 2.6 მილიონი ადამიანი კვდებოდა. ვინაიდან წითელა იშვიათად გვხვდება, საზოგადოებამ მისი სერიოზულობა დაივიწყა და ადამიანების ნაწილს აცრის მიმართ უნდობლობა გაუჩნდა.

განურჩევლად იმისა, არის თუ არა ვაქცინა დამატებითი დაცვა იმუნური ამნეზიისგან, აუცილებელია, რომ ყველა აიცრას. ასე თავს არა მხოლოდ წითელასგან დავიცავთ, არამედ, შესაძლოა, კიდევ ბევრი სხვა საფრთხეც მოვიშოროთ.

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი