ტელეწამყვანი მერიკო კარტოზია უკვე რვა თვეა, ამერიკაშია და ქართველი მაყურებლისთვის მუშაობას იქიდან აგრძელებს. რა გეგმით წავიდა ის შტატებში და როგორ ცხოვრობს იქ, ამაზე თავად მოგვიყვება.
მერიკო კარტოზია: ამერიკაში 2023 წლის მაისში ჩამოვედი. ჩემი ვიზა ერთწლიანია. ამერიკა კი იმდენად დიდი და ამოუწურავია, რომ უკან დაბრუნება აღარ ვიჩქარე. აქ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და შემდეგ ჩემს მაყურებელს გავაცანი. ბევრი თბილისიდან ჩამოსული ვარსკვლავი აქ ჩავწერე. მაგალითად: გიორგი წერეთელი, დათო როსტომაშვილი, გია სურამელაშვილი, გოგიტა გოგიძე, ნუგზარ ერგემლიძე. შერეული გადაცემები გამომდის, ანუ მხოლოდ ემიგრანტულ ამბებს არ ვეხებით.
ამერიკა ძალიან საინტერესო ქვეყანაა. ბოლომდე კიდევ ვერ გავიცანი, თუმცა, ვხედავ, რომ შტატები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. თითქოს ერთი ქვეყნის შტატებში კი არა, სხვადასხვა ქვეყნებში ვმოგზაურობ და ჯერ კიდევ აღმოჩენების პროცესში ვარ.
ახლახან ჩავწერე გადაცემა და იცით სად ვიყავი? რიჩარდ გირის სახლთან (იცინის). ეს იყო ულამაზესი ადგილი, სადაც „ჰოლივუდის“ ვარსკვლავები ცხოვრობენ. ისეთი ლამაზი გარემო, სახლები თუ ბუნება იყო, რომ აღფრთოვანებული დავრჩი. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, თუ რიჩარდ გირის კართან მოვხვდებოდი. ჯერჯერობით შიგნით შესვლა არ მიცდია, მაგრამ ნელ–ნელა ამასაც ვუახლოვდები (იცინის). ერთ–ერთ პრესტიჟულ კინოფესტივალზეც ვარ დაპატიჟებული და ვიცი, რომ იქაც ძალიან კარგი ამბები მოხდება. აქ მართლა ბევრი კარგი ამბავი ხდება, რამდენჯერაც დავაპირე საქართველოში დაბრუნება, იმდენჯერვე ისეთი საინტერესო ზარი შემომივიდა და ისეთი საქმე გამოჩნდა, რომ ვერა და ვერ წამოვედი.
– ანუ, ამდენი ხნით წასვლა არ გქონდა გეგმაში?
– ვიცოდი, რომ ცოტა ხანი გავჩერდებოდი. წლებია, აქ ჩემი ტყუპისცალი და ცხოვრობს შვილთან ერთად, უკვე მოქალაქეობა აქვთ. მინდოდა, ზაფხული ოჯახურ გარემოში გამეტარებინა და საქართველოში სექტემბერში დავბრუნებულიყავი, მაგრამ აქ იმდენი მასალა დამიგროვდა, ვეღარ მოვახერხე. მერე რეიტინგებს რომ გადავხედეთ, ვნახეთ, რომ აქედან მომზადებულ მასალებს კიდევ უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა და ამიტომაც აღარ ვიჩქარე.
ემიგრანტებისგანაც გამიგია და ახლა უკვე ჩემი თვალით ვნახე, რომ ამ ქვეყანაში შენ წინ ნელ-ნელა იხსნება ფანჯრები. მართალია, მე აქ არ ვმუშაობ, ისევ საქართველოში და საქართველოსთვის ვმუშაობ, ანუ, ემიგრანტული ცხოვრებით არ ვცხოვრობ, არც სამსახურის ძებნა დამჭირვებია, საკუთარი საქმე გავაგრძელე, მაგრამ მაინც ვგრძნობ, რომ ჩემ წინაშე სულ ახალ-ახალი და საინტერესო ფანჯრები იხსნება. გუშინ თუ რიჩარდ გირის კართან აღმოვჩნდი, ხვალ შესაძლოა, მასთან ინტერვიუ ჩავწერო. ბევრს რომ შრომობ, უცებ შეიძლება, ისეთი ზარი შემოვიდეს, საერთოდ რომ არ ელოდები ან ისეთ ადგილას მიგიწვიონ, სულ რომ ვერ წარმოიდგენ.
– დარჩენაზეც ხომ არ ფიქრობ?
– არა, ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, პირიქით – ყველას ვუსურვებ, რომ მალე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. მე არ შემიძლია საქართველოს გარეშე და არც ვაპირებ ცხოვრების წესის შეცვლას. ალბათ, ასაკსაც მნიშვნელობა აქვს, 20-25 წლის რომ ვიყო, შეიძლება, მეფიქრა აქ განვითარებაზე, მაგრამ 45 წლის ასაკში ცხოვრების ნულიდან დაწყება ძალიან რთულია. ამის არც ძალა მაქვს და არც სურვილი.
ჩემი ამერიკაში წამოსვლა სამ დღეში გადაწყდა. ვიზის თაობაზე გასაუბრებაზეც კი ძალიან ნაუცბადევად შევედი. 15- ში ვიყავი საელჩოში და 24-ში – უკვე ამერიკაში. 26 მაისის ღონისძიებაზე ვიყავი მოწვეული და ამიტომ ვჩქარობდი. თან გადაცემები წინასწარ მქონდა მოსამზადებელი წამოსვლამდე და გამოფრენამდე სამონტაჟოში ვიჯექი. ორ საათში ჩავალაგე ჩემოდანი და წამოვედი. ჩემი მიზანი ამ კონკრეტული თემის გადაღება და ოჯახის მონახულება იყო, რაც ცოტა გაგრძელდა, თუმცა, მაისამდე აუცილებლად დაგიბრუნდებით. საერთო ჯამში, ამერიკაში დაახლოებით, ერთ წელს გავატარებ.
– სხვა ქვეყანაში ამდენი ხანი გიცხოვრია?
– არასდროს. ეგ კი არა, რომელიმე ქვეყანაში 4-5 დღე რომ ვჩერდები, უკვე ერთი სული მაქვს ხოლმე, უკან დავბრუნდე. ახლაც მიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტი არ ვარ. თბილისში მართლა ყველაფერი მენატრება. მაძლებინებს ის, რომ აქ ჩემები არიან და თან, ისეთი აქტიური ტემპით ვმუშაობ, რომ დრო ძალიან სწრაფად გარბის. სულ შტატიდან შტატში ვმოგზაურობ და მგონია, რომ რვა თვე კი არა, ერთი კვირაა, რაც აქ ვარ. თბილისში უფრო ვახერხებდი დასვენებას, აქ სულ მუშაობის პროცესში ვარ.
– ყველაზე მეტად რა გენატრება?
– რა თქმა უნდა, დედა მენატრება ყველაზე მეტად. მენატრება ჩემი ახალგარემონტებული სახლი, რომელიც ჯერ ვერ შევირგე გემრიელად (იცინის). ჩემი ოთახი მენატრება „პოსტივიში“, რადგან ეს ჩემი მეორე სახლია. მენატრებიან ჩემი გუნდის წევრები, ვისთანაც მთელ დღეს ვატარებდი, თუმცა, აქედანაც მაქვს კომუნიკაცია და ახლა კიდევ უფრო მეტად ვაფასებ ამ ურთიერთობებს.
– რა მოგწონს ამერიკული ცხოვრების სტილში?
– მოგზაურობის დროს სულ ვფიქრობ ამ საკითხებზე და ახლახან ამერიკელებთანაც მქონდა საუბარი აქაურობასთან დაკავშირებით. მითხრეს, ძალიან სწორად აფასებ ამ ქვეყანასო და ჩემი აზრით, ერთი სიტყვით რომ ვთქვა, ამერიკა ძალიან მკაცრი ქვეყანაა, რომელიც არ გპატიობს არცერთ შეცდომას და უსაქმურობას. ბევრი ტიპის ადამიანი გავიცანი და მათ ცხოვრებაზე დაკვირვებით ვამბობ, რომ ეს ქვეყანა არის მკაცრი „უფროსი“, რომელიც შენი მიზნის მისაღწევად კონკრეტულ დავალებებს გაძლევს. ერთი პატარა შეცდომა და ერთი დღე მოშვება არ გეპატიება. ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, ეს შრომა-გასწორების ქვეყანაა-მეთქი. მართლა ასეა, აქ ყველაფერს თავის ფასი აქვს. გააჩნია, ასი დოლარის შოვნა გინდა თუ მილიონის, ის შენგან შესაბამის შრომას მოითხოვს. აქ რესტორნის მფლობელი შეიძლება, მუშაობდეს სამზარეულოშიც, მენეჯერად და მიმტანად. ეს ამათთვის ჩვეულებრივი ამბავია. წარმოგიდგენიათ, საქართველოში ადამიანს ბანკის ანგარიშზე რომ მილიონი დოლარი ედოს, ის, თუნდაც, საკუთარ რესტორანში ოდესმე მიმტანის პოზიციაზე იმუშავებს? არა მგონია, ასეთი რამ ჩვენთან მოხდეს. აქ სხვა დამოკიდებულებები აქვთ. მე აქ მინახავს რესტორნის მფლობელი, რომელსაც საჭირო დროს ხელში ცოცხი უჭირავს და სისუფთავეზე ზრუნავს. ეს ყველაფერი ამ ადამიანებისთვის ძალიან ორგანულია.
გულახდილი ვიქნები, თავიდან ეს ცოტა არ მომწონდა, ახლაც ვერ ვიტყვი, რომ მივეჩვიე, რადგან მე მაინც მგონია, რომ ადამიანი ბევრი შრომით რომ რაღაცას მიაღწევ, მერე შეიძლება, ცოტა დაისვენო და პასუხისმგებლობები გადაანაწილო. მე ჯერ მაინც ქართულად ვფიქრობ (იცინის).
მითია, რომ ამერიკული ოცნებები ხდება. ოცნებები, ამერიკული იქნება ის თუ ქართული, ხდება მაშინ თუ ადამიანი ოცნებებში არ დაიღლები და შენი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ყველაფერს აკეთებ. თორემ, თუ მოეშვი, გამორიცხულია. ძალიან ბევრი გაცრუებული იმედი და დაკარგული ოცნებები ვნახე აქ და იმასაც მივხვდი, რომ თუ ერთხელ მაინც მოდუნდი, დამთავრებულია შენი ოცნებები. ძალიან მკაცრი წესებია. უხეშად რომ ვთქვათ, აქ თითქოს „ციხის კანონებია“.
ამერიკაში ერთი ძალიან სახიფათო ამბავიც შემემთხვა: სამ იანვარს, ჩქაროსნულ, 95-ე მაგისტრალზე მანქანა შემომასკდა. საშინელ ავარიაში მოვყევი. საჭესთან მე ვიჯექი, მანქანაში ბავშვი მყავდა. იმ ტერიტორიაზე კრიმინალური უბნებია, ეს ცნობილი ამბავია. თეთრი „რენჯროვერი“, რომელიც მე შემომასკდა, ერთ-ერთ ქურდს ჰყოლია გატაცებული და სრულიად შეგნებულად შემომასკდა. ისეთი ძლიერი შეჯახება იყო, მოდრიფტავესავით სამი წრე გავაკეთე და მართლა ღმერთის წყალობით გადავრჩი. მაგისტრალზე, სადაც ავტომანქანები საათში, მინიმუმ, 100-120 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობენ, ტრაილერები დადიან და თან სულ გადატვირთულია, მანქანამ ისეთი ძალით გამიქნია, დღემდე ვერ ვხვდები, კიდევ სხვა მანქანა როგორ არ შემომასკდა ან მე როგორ არ დავეჯახე სხვას. ბოლოს ბარდიურს შევასკდი და ამან გამაჩერა. ღმერთი რომ ჩამოდის და გზას გითავისუფლებს, მართლა ეს შეგრძნება მქონდა. სხვათა შორის, ეს ძალიან გახმაურებული ავარია იყო, „იუთუბიზეც“ დევს ვიდეო. ამ ქურდს ეკიპაჟი მოსდევდა, ზემოდან დრონებით იღებდნენ. მე რომ დავბზრიალდი, მოძრაობა შეჩერდა, მათ შორის სამართალდამცველების მანქანებიც, თვითონ მანქანა მიატოვა და პოლიციას გაექცა. მართლა არ ვიცი, როგორ გადავრჩით, დღემდე ძალიან მიკვირს. მარტო მე კი არა, როცა მანქანის მდგომარეობა ნახეს და გაიგეს ეს სად მოხდა, ყველას უკვირდა ჩვენი გადარჩენა. მანქანა ისეთ დონეზე დაზიანდა, რომ ჯართში ჩავაბარეთ. ამ დღეს ხილული სასწაული დავარქვი, რადგან ეს მართლა სასწაული იყო. მადლობა ღმერთს, ჩქარა არ მივდიოდი და არც მერე დავბნეულვარ. წყარო
მასალის გამოყენების პირობები