უნგრეთში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობები დასრულდა. ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს პირველობაზე ოთხი მედალი მოიპოვეს. საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) მოუტანა. ფინალში მან იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა. ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა, ფინალური შეხვედრა ქართველმა ძიუდოისტმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვთან დათმო. ვერცხლის მედალი მოიპოვა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ), ფინალი მან ასევე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ინალ ტასოევთან დათმო. ლუკა მაისურაძე (-90 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, სპორტსმენმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელი კენი კომი ბედელი დაამარცხა.
20 ივნისს მსოფლიოს პირველობაზე გუნდურ ჩემპიონატში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები იასპარეზებს. გუნდურ ასპარეზობაში ნაკრებს დაემატებიან მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, საბა ინანეიშვილი და მარიამ ჭანტურია.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.