დღეს გრანდიოზული ქორწილით, ორიგინალური ხელისმოწერით თუ ხელის თხოვნით, ძნელად გააკვირვებ ვინმეს. მაგრამ ქორწინებიდან 10 წლის თავზე, უკვე შვილების მონაწილეობით ხელახლა დაქორწინება და სიყვარულისა და ერთგულების ფიცის კიდევ ერთხელ დადება, მართლაც ემოციურია. სწორედ ამ ემოციური წარმოდგენის მთავარ გმირებზე გიამბობთ, რომელთა ქორწილის ვიდეოსა და ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
ანანო თავხელიძე, “წისქვილი ჯგუფის” მარკეტინგის ხელმძღვანელი, და მისი მეუღლე დავით გელოვანი – კოკა-კოლას ბრენდ მენეჯერი, 10 წლის წინ დაქორწინდნენ და ახლა, სულ სხვა განცდებითა და გამოცდილებით, კვლავ იქორწინეს.
ანანო თავხელიძე:
– 10 წელი გავიდა, რაც ვიქორწინეთ. ძალიან პატარები ვიყავით, გამოუცდელები, მაგრამ შევძელით, რომ ერთმანეთის სიყვარული და მხარდაჭერა არ შეგვეწყვიტა. არ ვგეგმავდით წელს რამე განსაკუთრებულის გაკეთებას, მაგრამ ერთ საღამოს, როდესაც ჩვენს მეგობრებთან ერთად ვისხედით და უამრავი მოგონება და კარგი ისტორია გაგვახსენდა, მივხვდით, რომ რეალურად ასეთი პატარა ამბებისგან შედგება ცხოვრება, რომელსაც მერე სულ ვიხსენებთ დადებითად. ჰოდა, გადავწყვიტეთ, 10 წლის, 20 წლის, 30 წლის და 40 წლის მერე გასახსენებელი დღე შეგვექმნა.
ვერაფერს ვიზამდით, რომ არა ჩვენი საოცარი მეგობრები, ჩემი და დავითის თანამშრომლები და ოჯახის წევრები. აბსოლუტურად ყველა ჩაერთო, ვისაც რისი დაორგანიზება შეეძლო, ყველაფერში დაგვეხმარნენ. 200-სტუმრიანი წვეულება, 10 დღეში დავგეგმეთ. წარმოუდგენელი მეგონა, ძალიან ვნერვიულობდით, უკვე სტანდარტული ქორწილის მზადებას დაემსგავსა… მინდა აღვნიშნო დავითის ჩართულობა, რადგან 10 წლის წინ, როდესაც დავქორწინდით, ეს რიტუალები დიდად არ აინტერესებდა, არაფრის მენეჯმენტში მაშინ არ მიუღია მონაწილეობა, რასაც ვერ ვიტყვით 10 წლის იუბილეზე. ამჯერად მთავარი ორგანიზატორი ის იყო. რაც მთავარია, ბავშვების მოგონებებს ერთი უმაგრესი დღე შეემატა, რასაც ალბათ სულ გაიხსენებენ. ისედაც გული წყდებოდათ, რომ ჩვენს ქორწილში არ იყვნენ და ეს ოცნებაც აუხდათ.
მასალის გამოყენების პირობები