ამერიკელ ქალს, რომელმაც წლინახევრის შვილი 10 დღით მარტო დატოვა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
სასამართლო პროცესზე დამნაშავის მშობლებმა მოსამართლეს პატიება სთხოვეს, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისიწნა და განაჩენი მძიმე აღმოჩნდა – სამუდამო პატიმრობა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე.
შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა. 31 წლის კრისტელ კანდელარიო გასულ ზაფხულს სამოგზაუროდ წავიდა მზიან პუერტო რიკოში. 16 თვის ბავშვი კი სახლში, მანეჟში ჩასვა და რამდენიმე ბოთლი რძე დაუტოვა.
ამის შემდეგ კარი გაიხურა და შეყვარებულთან ერთად შვებულების გასატარებლად წავიდა – სანაპიროზე სეირნობდა და დროს მხიარულად ატარებდა. ამ დროს ბავშვი ასობით კილომეტრის მოშორებით ტიროდა და წყურვილისგან იტანჯებოდა. წლინახევრის გოგონას არც წყალი ჰქონდა, არც საჭმელი, არც ერთი სულიერი არ ჰყავდა სიახლოვეს.
“მიტოვების განცდა. შიმშილისა და უკიდურესი წყურვილით გამოწვეული ტკივილი – ეს არის ტანჯვის ტიპი, რომელსაც ვფიქრობ, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გაიგებს ბოლომდე, ჩვენ ვერ გავიგებთ, რა განიცადა გოგონამ“, – ამის შესახებ სამედიცინო ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
სახლში დაბრუნებულ დედას ქალიშვილი გარდაცვლილი დახვდა. უცნობია, მასში დედობრივმა გრძნობებმა გაიღვიძა, თუ დასჯის შეეშინდა, კრისტელი პანიკაში ჩავარდა და სასწრაფო გამოიძახა. ექიმების მოსვლამდე ქალმა გოგონას სუფთა ტანსაცმელი ჩააცვა, მაგრამ ამით ვერ დამალა ბავშვის მიერ განცდილი საშინელი ტანჯვის კვალი. გოგონა ძალაგამოცლილი იყო, ტუჩები წყურვილისგან დამსკდარი ჰქონდა. სასწრაფოს ექიმები ნანახით შოკში იყვნენ, მაგრამ ბავშვს ვერაფერი უშველეს.
უმკაცრესი განაჩენი
სასამართლო პროცესის დროს კანდელარიოს მშობლებმა მოითხოვეს, რომ მათ ქალიშვილს ლმობიერად მოპყრობოდნენ, რადგან მას ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მათი თქმით, ბოლო დროს ის ღრმა დეპრესიაში იყო, რის გამოც ვერ იღებდა ადეკვატურ გადაწყვეტილებებს და ვერ აცნობიერებდა საკუთარ ქმედებებს. მაგრამ ამან არ იმოქმედა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ცნობილია, რომ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე ქალმა ბავშვი 2 დღით დატოვა მარტო.
“დედასა და შვილს შორის კავშირი ყველაზე სუფთა და წმინდაა. ეს არის ურთიერთობა, რომელიც აგებულია სიყვარულზე, ნდობაზე და ურყევ დაცვაზე. ბრალდებულის ქმედება არის ღალატი”, – თქვა მოსამართლემ.
კანდელარიოს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა პირობითი გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე. მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულმა ქალმა აღიარა, რომ ინანიებს და მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყოველდღე ილოცებს ბავშვის სულის მოსასვენებლად.
მასალის გამოყენების პირობები